შინაარსზე გადასვლა

ფრედერიკა ბადენელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრედერიკა ბადენელი
შვედეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 31 ოქტომბერი, 1797
მმართ. დასასრული: 29 მარტი, 1809
წინამორბედი: სოფია მაგდალენა დანიელი
მემკვიდრე: ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 მარტი, 1781
დაბ. ადგილი: კარლსრუე, გერმანია
გარდ. თარიღი: 25 სექტემბერი, 1826, (45 წლის)
გარდ. ადგილი: ლოზანა, შვეიცარია
მეუღლე: გუსტავ IV, შვედეთის მეფე
შვილები: გუსტავი, ვაზას პრინცი
სოფია, ბადენის მარკგრაფინია
კარლ გუსტავი
ამალია
სესილია, ოლდენბურგის ჰერცოგინია
სრული სახელი: ფრედერიკა დოროთეა ვილჰელმინა
დინასტია: ცერინგენები
მამა: კარლ ლუდვიგ ბადენელი
დედა: ამალია ჰესენ-დარმშტადტელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ფრედერიკა ბადენელი (გერმ. Frederike von Baden, შვედ. Fredrika av Baden; დ. 12 მარტი, 1781, კარლსრუე, ბადენის დიდი საჰერცოგო, გერმანია — გ. 25 სექტემბერი, 1826, ლოზანა, შვეიცარია) — ცერინგენების დინასტიის წარმომადგენელი. ბადენის პრინცესა როგორც პრინც კარლ ლუდვიგის ასული. შვედეთის დედოფალი 1797-1809 წლებში როგორც მეფე გუსტავ IV ადოლფის მეუღლე.

ფრედერიკა 1781 წლის 12 მარტს დაიბადა კარლსრუეში. იგი იყო ბადენის პრინც კარლ ლუდვიგისა და მისი მეუღლის, ამალია ჰესენ-დარმშტადტელის ქალიშვილი. მისი მრავალი და-ძმიდან აღსანიშნავია რუსეთის იმპერატრიცა ლუიზა ბადენელი (იგივე ელისაბედ ალექსანდროვნა), ბავარიის დედოფალი კაროლინა ბადენელი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია მარია ბადენელი და ბადენის დიდი ჰერცოგი კარლ I.

მეფე გუსტავი და დედოფალი ფრედერიკა

1797 წლის 31 ოქტომბერს ფრედერიკა ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფე გუსტავ IV ადოლფს. საინტერესოა ის გარემოება, რომ შეუღლებამდე ფრედერიკაცა და გუსტავიც რუსეთის იმპერატორის ოჯახის წევრებზე აპირებდნენ დაქორწინებას. ფრედერიკას მოლაპარაკებები მალევე ჩაიშალა, ამიტომაც მისი უფროსი და, ლუიზა მიათხოვეს იმპერატორ ალექსანდრე I-ს, ხოლო გუსტავისათვის ალექსანდრეს დის, იმპერატორ პავლე I-ის ასულის, ალექსანდრა პავლოვნას მითხოვებას გეგმავდნენ, მაგრამ შვედეთის მეფემ მასზე ქორწინებაზე უარი თქვა და ცოლად ფრედერიკა შეირთო, რადგან ლამაზი დედოფალი სურდა.

ჩვეულებრივ გუსტავისა და ფრედერიკას ქორწინება შეფასებულია როგორც ბედნიერი და ჰარმონიული, თუმცა მეფეს მასთან ინტიმური ურთიერთობა უფრო აინტერესებდა, ვიდრე მისი პიროვნება. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ მეფე დედოფალთან ყოველ დილით კავდებოდა სქესობრივი აქტით, რის გამოც გამუდმებით აგვიანდებოდა საპარლამენტო სხდომაზე, რომელის მის გარეშე ვერ იწყებოდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პარლამენტარებმა მეფეს ოფიციალურად სთხოვეს „დედოფლის ჯანმრთელობა დაეზოგა“ და სახელმწიფო მართვის საკითხებისათვის უფრო მეტი დრო დაეთმო. კონსერვატიულად აღზრდილი ფრედერიკა ძალიან კომპლექსდებოდა იმით, რომ მთელი ქვეყანა მის სექსუალურ ცხოვრებაზე საუბრობდა, ამიტომაც მალევე იხელთა დრო და ხალხს ყურადღება თავისი მაზლის ცოლის, ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელზე გადაატანინა, რომელსაც ბისექსუალობას სდებდნენ ბრალად.

1809 წლის 29 მარტს, შვედეთში განვითარებული რევოლუციის შემდეგ დაემხო მისი მეუღლის მმართველობა, რის გამოც ფრედერიკა თავის ქმართან და შვილებთან ერთად გაიქცა მშობლიურ ბადენში. ფრედერიკას მოუსვენარი ქმარი ვერ იტანდა ერთფეროვან და პატარა ბადენს, რის გამოც მეუღლის სამშობლოში თავს უბედურად გრძნობდა. როგორც ცნობილია, ბადენში ჩასვლის შემდეგ გუსტავი ფრედერიკასთან სარეცელს აღარ იყოფდა. 1812 წლიდან წყვილი საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს, თუმცა მაინც ქორწინებაში დარჩნენ. თავისი ძმის ზურგს უკან ფრედერიკა ჩუმად ეხმარებოდა გუსტავს, რომელსაც ჩამოგდების შემდეგ ფინანსური კუთხით ძალიან გაუჭირდა. საბოლოოდ ფრედერიკა 1826 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა ლოზანაში, 45 წლის ასაკში. ამის შემდეგ გუსტავმა კიდევ თერთმეტი წელი იცოცხლა და 1837 წელს აღესრულა.

  1. გუსტავი (1799-1877), ვაზას ჰერცოგი. ცოლად შეირთო ლუიზა ამალია ბადენელი, რომელთანაც შეეძინა ორი ქალიშვილი, მათ შორის საქსონიის დედოფალი კაროლა შვედი;
  2. სოფია ვილჰელმინა (1801-1865), ცოლად გაჰყვა ბადენის დიდ ჰერცოგ ლეოპოლდ I-ს, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი;
  3. კარლ გუსტავი (1802-1805), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ამალია (1805-1853), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  5. სესილია (1807-1844), ცოლად გაჰყვა ოლდენბურგის დიდ ჰერცოგ ავგუსტ I-ს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა. იგი აგრეთვე იყო საბერძნეთის დედოფალ ამალია ოლდენბურგელის დედინაცვალი;
  • Fredrika Dorothea Wilhelmina, Svenskt biografiskt lexikon (art av Sten Carlsson), hämtad 2016-03-26.
  • Charlottas, Hedvig Elisabeth (1939) [1807–1811]. af Klercker, Cecilia (ed.). Hedvig Elisabeth Charlottas dagbok [The diary of Hedvig Elisabeth Charlotte] (in Swedish). VIII 1807-1811. Translated by Cecilia af Klercker.
  • Cecilia af Klercker (1927). Hedvig Elisabeth Charlottas dagbok VI (1797–1799). Stockholm: Norstedt & Söners förlag. Libris 8207715