ვილჰელმინა ერნესტინა დანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილჰელმინა ერნესტინა დანიელი
პფალცის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 28 აგვისტო, 1680
მმართ. დასასრული: 26 მაისი, 1685
წინამორბედი: შარლოტა ფონ ჰესენ-კასელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 ივნისი, 1650
გარდ. თარიღი: 22 აპრილი, 1706, (55 წლის)
მეუღლე: კარლ II, პფალცის კურფიურსტი
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: ფრედერიკ III, დანიის მეფე
დედა: სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ვილჰელმინა ერნესტინა დანიელი (დან. Vilhelmine Ernestine af Danmark, გერმ. Wilhelmine Ernestine von Dänemark; დ. 20 ივნისი, 1650 — გ. 22 აპრილი, 1706) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ქალიშვილი. პფალცის კურფიურსტ კარლ II-ის მეუღლე 1680-85 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილჰელმინა ერნესტინა დაიბადა 1650 წლის 20 ივნისს. იგი იყო დანიისაა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის შუათანა ქალიშვილი. მისი დაბადებიდან რამდენიმე წელიწადში, ჰანოვერის დედოფალმა სოფია პფალცელმა მისი ძმისწულის, კურფიურსტ კარლ II-ის საქორწინო მოლაპარაკებები წამოიწყო დანიელებთან. საქორწინო მოლაპარაკებები 1669 წელს დაიწყო და კარლისთვის ვილჰელმინას მითხოვება გადაწყდა. 1671 წლის 24 ივნისს, ამალიაბორგის სასახლეში შედგა ვილჰელმინასა და კარლის ნიშნობა. ამავე წლის 14 აგვისტოს, ვილჰელმინამ თავისი დიდი ამალით დატოვა დანია და ჰაიდელბერგში გაემგზავრა, სადაც 1671 წლის 20 სექტემბერს იგი კარლზე დაქორწინდა.

ვილჰელმინა ერნესტინას დანიელებმა უძვირფასესი მზითვი გაატანეს, რომელშიც შედიოდა ქალაქები: გერმენჰაიმი და ოპენჰაიმი. 1679 წელს, დანიასა და შვედეთს შორის მიმდინარე ომის დროს, ვილჰელმინა თავის ძმას ფულით ეხმარებოდა.

ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. კარლი ვილჰელმინაზე რეალურად მხოლოდ მამამისის დაძალების გამო დაქორწინდა, რის გამოც მისდამი თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი. ერნესტინას მორცხვი ხასიათისა და არც ისე ბრწყინვალე გარეგნობის გამო, კარლი სულ უფრო უკმაყოფილო იყო მისით. აქტიური ცხოვრების მოყვარული კარლი ზედაც არ უყურებდა მას. ვილჰელმინა დიდად არ ცდილობდა ქმრის გულის მოგებას, რასაც ისიც დაერთო, რომ წყვილს შვილი არ უჩნდებოდა, რასაც რაღათქმაუნდა მას მიაწერდნენ. 1677 წლიდან, კარლი მასთან განქორწინებას გეგმავდა, თუმცა მისი „ოცნება“ არასდროს ასრულებულა.

1680 წელს კარლ II პფალცის კურფიურსტი გახდა. ტახტზე ასვლისთანავე, მან უამრავი საყვარელი გაიჩინა, რომლებთან რომანსაც არასდროს მალავდა. კარლი 1685 წელს ისე გარდაიცვალა, რომ შვილი არ ჰყოლია. დაქვრივებული ვილჰელმინა თავის დასთან, საქსონიის კურფიურსტის ქვრივ ანა სოფია დანიელთან ერთად დასახლდა ლიხტენბურგის სასახლეში, სადაც გარდაიცვალა 1706 წელს. აქვე გარდაიცვალა ანა სოფიაც 1717 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dirk Van der Cruysse: Madame sein ist ein ellendes Handwerck. Liselotte von der Pfalz. Eine deutsche Prinzessin am Hof des Sonnenkönigs. Aus dem Französischen von Inge Leipold. 14. Auflage, Piper, München 2015, ISBN 3-492-22141-6, S. 104.
  • Wilhelmine Ernestine von Dänemark. In: Carl Frederik Bricka (Hrsg.): Dansk biografisk Lexikon. Tillige omfattende Norge for Tidsrummet 1537–1814. 1. Auflage. Band 18: Ubbe–Wimpffen. Gyldendalske Boghandels Forlag, Kopenhagen 1904, S. 593 (dänisch, runeberg.org).