ფრედერიკა ამალია დანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრედერიკა ამალია დანიელი
წოდებები
ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია
დაიბადა 11 აპრილი, 1649
კოპენჰაგენი, დანია
გარდაიცვალა 30 ოქტომბერი, 1704, (55 წლის)
კილი, გერმანია
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) კრისტიან ალბერტი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ფრედერიკ IV, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
კრისტიან ავგუსტი
მარია ელიზაბეთი
მამა ფრედერიკ III, დანიის მეფე
დედა სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
რელიგია ლუთერანიზმი

ფრედერიკა ამალია დანიელი (დან. Frederikke Amalie af Danmark; დ. 11 აპრილი, 1649 — გ. 30 ოქტომბერი, 1704) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ასული. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ კრისტიან ალბერტის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრედერიკა ამალია დაიბადა 1649 წლის 11 აპრილს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიის მეფე ფრედერიკ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის შუათანა ქალიშვილი. მის გაჩენამდე სულ ხუთი თვით ადრე, მამამისი, 1648 წლის 23 ნოემბერს დანიის მეფედ ეკურთხა.

1667 წლის 24 ოქტომბერს, გლიუქსბურგის სასახლეში შედგა ფრედერიკა ამალიასა და მისი ბიძაშვილის, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ კრისტიან ალბერტის ქორწინება. ეს ქორწინება მიმართული იყო დანიისა და ჰოლშტაინ-გოტორპის ურთიერთობების დათბობისკენ, რაც არ მომხდარა. ამასთან, ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. ამის გამო, ფრედერიკა ამალია ხშირად სტუმრობდა მის ძმას, მეფე კრისტიან V-სა და მის ცოლს. როგორც ცნობილი გახდა, იგი არაერთხელ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მისი ქმრის მხრიდან, რის გამოსასწორებლადაც მისმა ოჯახმა ფრედერიკას პრივილეგიები და ცალკე ცხოვრების უფლება მისცა.

ფრედერიკა და მისი ქმარი მის დას, შვედეთის დედოფალ ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელსაც ეწვივნენ. მისი ვიზიტი შვედეთში, ცნობილი გახდა მის მიერ მოწყობილი საოცარი ბანკეტით სტოკჰოლმში, როგორიც აქამდე არასდროს ენახათ მკაცრ სამეფო კარზე მცხოვრებ შვედებს. იგი 1695 წელს დაქვრივდა, თუმცა მეორედ აღარ გათხოვილა. მისმა ვაჟებმა ანტი-დანიური პოლიტიკის გატარება განაგრძეს, რამაც დაამძიმა მისი, როგორც ქვრივის მდგომარეობა. ამის გამო მან დატოვა გოტორპი და კილში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა 1704 წელს, 55 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სოფია ამალია (1670-1710), ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ ავგუსტ ვილჰელმს;
  2. ფრედერიკ IV (1671-1702), ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ჰედვიგ სოფია შვედი, იგი იყო რუსეთის მონარქთა წინაპარი;
  3. კრისტიან ავგუსტი (1673-1726), ცოლად შეირთო ალბერტინა ფრედერიკა ბადენელი, რომელთა შთამომავლებიც შვედეთის მონარქები გახდნენ;
  4. მარია ელიზაბეთი (1678-1755), კიდლინბურგის აბატისა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lindqvist, Herman. Storhet och fall. Sweden: Bokförlaget Pan, 2000 (1997). Vol 4 of Historien om Sverige. 10 vols. 1992-2002. ISBN 91-7263-092-2.