ალექსანდრა ბერძენი (1870-1891)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრა ბერძენი
Alexandra Georgievna.jpg
წოდებები
საბერძნეთისა და დანიის პრინცესა
რუსეთის დიდი მთავარი
დაიბადა 30 აგვისტო, 1870
კორფუ, საბერძნეთი
გარდაიცვალა 24 სექტემბერი, 1891, (21 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
საგვარეულო გლუქსბურგები
მეუღლე(ები) დიდი მთავარი პავლე ალექსანდროვიჩი
შვილ(ებ)ი მარია
დიმიტრი
მამა გეორგიოს I, საბერძნეთის მეფე
დედა ოლღა კონსტანტინოვნა რომანოვა
რელიგია კათოლიციზმი

ალექსანდრა ბერძენი (ბერძ. Αλεξάνδρα της Ελλάδας), აგრეთვე ცნობილია როგორც ალექსანდრა გიორგიევნა (რუს. Александра Георгиевна; დ. 30 აგვისტო, 1870, კორფუ, საბერძნეთი — გ. 24 სექტემბერი, 1891, მოსკოვი, რუსეთი) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას უფროსი ქალიშვილი. მეფე კონსტანტინოს I-ის უმცროსი და. რუსეთის დიდ მთავარ პალვე ალექსანდროვიჩის მეუღლე და მისი ორი შვილის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრა დაიბადა 1870 წლის 30 აგვისტოს კორფუზე, საბერძნეთში. იგი იყო საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას რიგით მესამე შვილი და პირველი ქალიშვილი. ვინაიდან მამამისი დანიის მეფე კრისტიან IX-ის ვაჟი იყო, ალექსანდრას საბერძნეთთან ერთად დანიის პრინცესის წოდებაც ჰქონდა.

ალექსანდრას დედა, დედოფალი ოლღა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილიშვილი იყო და სურდა, რომ თავისი ქალიშვილები რუსეთში გათხოვილიყვნენ. ამ მიზნით ალექსანდრა 1889 წლის ივნისში, სანქტ-პეტერბურგში ცოლად შერთეს რუსეთის დიდ მთავარ პავლე ალექსანდროვიჩს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ძმას, იმპერატორ ალექსანდრე II-ისა და იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას ნაბოლარა ვაჟს.

1890 წლის 18 სექტემბერს ალექსანდრამ თავისი პირველი ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც ბებიის პატივსაცემად მარია დაარქვეს. მშობიარობიდან რამდენიმე თვეში იგი მეორედ დაორსულდა და შვიდ თვეში, მოსკოვში ვიზიტისას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ბავშვის გაჩენა საშინლად გართულდა, თუმცა ალექსანდრამ 1891 წლის 18 სექტემბერს ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა. მშობიარობა იმდენად გართულდა, რომ ალექსანდრა კომაში ჩავარდა და ამ ამბიდან ექვს დღეში, 1891 წლის 24 სექტემბერს, 21 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თავდაპირველად იგი პეტერბურგში დაკრძალეს, თუმცა 1940 წელს მისმა ძმისწულმა, საბერძნეთის მეფე გეორგიოს II-მ იგი ათენში გადაასვენა და ტატოის სამეფო მავზოლეუმში, ოჯახის სხვა წევრების გვერდით დაკრძალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარია (1890-1958), პირველად იქორწინა სოდერმანლანდის ჰერცოგ ვილჰელმზე, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, მასთან განქორწინების შემდეგ კი ცოლად გაჰყვა პრინც სერგეი მიხაილოვიჩ პუტიატინს, რომელთანაც ასევე ერთი ვაჟი შეეძინა და მალევე მასაც გაეყარა;
  2. დიმიტრი (1891-1942), ცოლად შეირთო ამერიკელი ქალი ოდრი ემერი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mager, Hugo (1998). Elizabeth: Grand Duchess of Russia. Carroll and Graf Publishers Inc. ISBN 0-7867-0678-3
  • Zeepvat, Charlotte (2004). The Camera and the Tsars: A Romanov Family Album. Sutton Publishing Inc. ISBN 0-7509-3049-7