ლუიზა ავგუსტა დანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუიზა ავგუსტა დანიელი
Louise Augusta.jpg
წოდებები
შლეზვიგ-ჰოლშტაინ-სონდერბურგ-ავგუსტენბურგის ჰერცოგინია
დაიბადა 7 ივლისი, 1771
გარდაიცვალა 13 იანვარი, 1843, (71 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) ფრიდრიხ კრისტიან II, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი კაროლინა ამალია, დანიის დედოფალი
კრისტიან ავგუსტ II, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგი
ფრიდრიხი, ნოერის მთავარი
მამა კრისტიან VII, დანიის მეფე
დედა კაროლინა მატილდა ბრიტანელი
რელიგია ლუთერანიზმი

ლუიზა ავგუსტა დანიელი (დან. Louise Augusta af Danmark, გერმ. Louise Auguste von Dänemark; დ. 7 ივლისი, 1771 — გ. 13 იანვარი, 1843) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VII-ისა და დედოფალ კაროლინა მატილდა ბრიტანელის ასული. შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგინია 1794-1814 წლებში როგორც ფრიდრიხ კრისტიან II-ის მეუღლე. დანიის დედოფალ კაროლინა ამალია შლეზვიგ-ჰოლშტაინელის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზა ავგუსტა დაიბადა 1771 წლის 7 ივლისს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VII-ისა და მისი ცოლის, დედოფალ კაროლინა მატილდა ბრიტანელის ნაბოლარა და მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. მას სახელი ბებიების: დანიის დედოფალ ლუიზა ბრიტანელისა და უელსის პრინცესა ავგუსტა საქსენ-გოთელის პატივსაცემად დაარქვეს. ხშირ შემთხვევაში, მის ბიოლოგიურ მამად სამეფო კარის ექიმი — იოჰან ფრიდრიხ სტრუენზე მოიაზრება, რომელსაც დედოფალთან რომანი 1769-72 წლებში ჰქონდა. ამ ამბის გამჟღავნების შემდეგ, კაროლინა მატილდა ცელიეში გადაასახლეს, სადაც 1775 წელს გარდაიცვალა, სტრუენზე კი მაშინვე სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ ლუიზა ავგუსტა და მისი ძმა, კრონპრინცი ფრედერიკი იზრდებოდნენ ისეთი ქვეყნის სამეფო კარზე, რომელსაც მამის, ჭკუიდან შეშლილი მეფე კრისტიან VII-ის დედინაცვალი, დედოფალი იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი მართავდა.

1784 წელს მისმა ძმამ, კრონპრინცმა ფრედერიკმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი გახდა. 1786 წელს, ლუიზა ავგუსტა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ცოლად გაჰყვა თავის გარე ბიძაშვილს, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგ ფრიდრიხ კრისტიან II-ს. წყვილი ავგუსტენბურგის სასახლეში ცხოვრობდა, სადაც სამი შვილი გააჩინეს. 1808 წელს მეფე ლუიზა ავგუსტას ძმა, ფრედერიკ VI გახდა, რის გამოც ისინი სამეფო კარზე დაბრუნდენენ. 1839 წელს, ფრედერიკის გარდაცვალების შემდეგ, ლუიზა ავგუსტამ დატოვა სამეფო კარი და კვლავ ავგუსტენბურგში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა 1843 წლის 13 იანვარს, 71 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კაროლინა ამალია (1796-1881), ცოლად გაჰყვა დანიის მეფე კრისტიან VIII-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. კრისტიან ავგუსტი (1798-1869), შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგი;
  3. ფრიდრიხ ემილი (1800-1865), ნოერის მთავარი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Per Olov Enquist: Livläkarens Besök. Norstedts, Stockholm 1999. Deutsche Ausgabe: Der Besuch des Leibarztes. Aus dem Schwedischen übersetzt von Wolfgang Butt. Hanser, München Wien 2001 ISBN 3-446-19980-2