რიჩეზა დანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რიჩეზა დანიელი
Richeza of Sweden (1210) effigy (drawing c 1860).jpg
შვედეთის დედოფალი
მმართ. წლები: 1210-1216
წინამორბედი: ინგეგერდ ბირგერსდოტერი
მემკვიდრე: ელენა პედერსდოტერი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1190/1191
დანია
გარდ. თარიღი: 1220
დანია
მეუღლე: ერიკ X, შვედეთის მეფე
შვილები: სოფია
მართა
ინგებორგი
მარიანა
ერიკ XI, შვედეთის მეფე
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: ვალდემარ I, დანიის მეფე
დედა: სოფია მინსკელი
რელიგია: კათოლიციზმი

რიჩეზა დანიელი (დან. Richeza af Danmark, შვედ. Rikissa av Danmark; დ. 1190/1191 — გ. 1220) — ესტრიდსენების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ვალდემარ I დიდის ქალიშვილი. შვედეთის დედოფალი 1210-1216 წლებში როგორც ერიკ X-ის მეუღლე. მეფე ერიკ XI-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩეზა დაიბადა დაახლოებით 1190-1191 წლებში. იგი იყო დანიის მეფე ვალდემარ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ სოფია მინსკელის ნაბოლარა ქალიშვილი. მას სახელი ბებიის, შვედეთის დედოფალ რიჩეზა პოლონელის პატივსაცემად დაარქვეს. რიჩეზას და-ძმები იყვნენ: დანიის მეფე კნუდ VI, დანიის მეფე ვალდემარ II, საფრანგეთის ორგზის დედოფალი ინგებორგ დანიელი და ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია ელენა დანიელი.

1210 წელს შვედეთის მეფე შვერკერ II ერიკ X-მ ტახტიდან ჩამოაგდო. მან მეფე ვალდემარს სასწრაფოდ სთხოვა რიჩეზას ხელი, რადგან თავისი მმართველობის გასამყარებლად ძალიან სჭირდებოდა ისეთი ძლიერი მოკავშირე, როგორიც დანია იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნორვეგიელები შვერკერს ემხრობოდნენ. იმავე წელს რიჩეზა ერიკ X-ზე დაქორწინდა, რითაც იგი შვედეთის ახალი დედოფალი გახდა. მისი ქორწინება მისმა ძმამ, ვალდემარ II-მ მოაწყო, რომელიც ასევე ახალი გამეფებული იყო და შვედეთის მეფესთან დაახლოვება ხელს აძლევდა.

წყვილი ქორწინების შემდეგ რამდენიმე თვეს დანიაში დარჩა. როდესაც რიჩეზა შვედეთის სანაპიროზე გადავიდა, შვედური ხალხური სიმღერის თანახმად დედოფალმა ტირილით შეაბიჯა თავის ახალ ქვეყანაში, რადგან ისტორიული ცნობებით იგი დანიაში დაფეხმძიმდა და შვედეთისკენ მიმავალ გზაზე მოეშალა მუცელი. ამას ისიც დაერთო, რომ რიჩეზას ჩამოაშორეს მისი დანიელი მეგობრები და სულ შვედი სეფექალები დაუნიშნეს, რაც მას ძალიან არ მოსწონდა. მიუხედავად ყველაფრისა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დედოფალმა მოახერხა ახალ ქვეყანაში ადაპტირება.

დედოფალმა რიჩეზამ სულ ოთხი ჯანმრთელი ქალიშვილი გააჩინა. მეუღლის ნებართვით რიჩეზამ თავისი ქალიშვილები დიდ ხანს არ გაათხოვა და თავისთან დაიტოვა. 1216 წელს ერიკ X გარდაიცვალა, რა დროსაც დედოფალი კვლავ ორსულად იყო. სულ რამდენიმე თვეში მან ვაჟი გააჩინა, რომელსაც განსვენებული მამის პატივსაცემად ერიკი დაარქვა. ვინაიდან რიჩეზას ოთხი გოგონა ჰყავდა გაჩენილი, შვედებმა მიიჩნიეს, რომ ჯერ არ დაბადებული ბავშვიც აუცილებლად გოგონა იქნებოდა, რის გამოც ტახტზე შვერკერის ვაჟი, მეფე იოჰან I დასვეს, რომელმაც ჯერ კიდევ ორსული რიჩეზა და მისი ქალიშვილები შვედეთიდან გააძევა. დედოფალი რიჩეზა შვილებთან ერთად დაბრუნდა დანიაში და სწორედ აქ გააჩინა ერიკიც. იგი სულ მალე, 1220 წელს გარდაიცვალა, ისე, რომ ვერ მოესწრო ვერც თავისი ვაჟის, ერიკ XI-ის გამეფებას (1222) და ვერც ერთი ქალიშვილის დაქორწინებას.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სოფია (?-1241), ცოლად გაჰყვა როსტოკის მთავარ ჰაინრიხ III-ს;
  2. მართა, ცოლად გაჰყვა მარშალ ნილს სიქსტენსონს;
  3. ინგებორგი (?-1254), ცოლად გაჰყვა შვედეთის რეგენტ ბირგერ იარლს;
  4. მარიანა, ცოლად გაჰყვა პომერანიის ჰერცოგს;
  5. ერიკ XI (1216-1250), შვედეთის მეფე 1222-1229 და 1234-1250 წლებში. ცოლად შეირთო კატარინა იმზებორგი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lars O. Lagerqvist & Nils Åberg Litet lexikon över Sveriges regenter Vincent förlag, Boda kyrkby 2004 ISBN 91-87064-43-X s. 16
  • Wilhelm Karl von Isenburg Stammtafeln zur Geschichte der Europäischen Staaten II Marburg 1965 tabell nr 77
  • Åke Ohlmarks : Alla Sveriges drottningar