კატარინა სტენბოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კატარინა სტენბოკი
Catherine of Sweden (1552) c 1565.jpg
დაქვრივებული კატარინა 1565 წელს
შვედეთის დედოფალი
კორონაცია: 23 აგვისტო, 1552
მმართ. დასაწყისი: 22 აგვისტო, 1552
მმართ. დასასრული: 29 სექტემბერი, 1560
წინამორბედი: მარგარეტა ლეიონჰაფვუდი
მემკვიდრე: კარინ მაანსდოტერი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ივლისი, 1535
გარდ. თარიღი: 13 დეკემბერი, 1621, (86 წლის)
დაკრძ. ადგილი: უფსალის საკათედრო ტაძარი, შვედეთი
მეუღლე: გუსტავ I, შვედეთის მეფე
დინასტია: სტენბოკები
მამა: გუსტავ ოლოფსონ სტენბოკი
დედა: ბრიტა ერიკსდოტერ ლეიონჰაფვუდი
რელიგია: ლუთერანიზმი

კატარინა გუსტავსდოტერ სტენბოკი (შვედ. Katarina Gustavsdotter Stenbock; დ. 22 ივლისი, 1535 — გ. 13 დეკემბერი, 1621) — შვედი დიდგვაროვანი და შვედეთის დედოფალი 1552-1560 წლებში როგორც გუსტავ I-ის მესამე ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატარინა დაიბადა 1535 წლის 22 დეკემბერს შვედეთში. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნის, გუსტავ ოლოფსონ სტენბოკისა და მისი მეუღლის, ბრიტა ერიკსდოტერ ლეიონჰაფვუდის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ დეიდამისი იყო შვედეთის მეფე გუსტავ I-ის მეორე ცოლი, დედოფალი მარგარეტა ლეიონჰაფვუდი.

მას შემდეგ, რაც 1551 წელს დედოფალი მარგარეტა გარდაიცვალა, გუსტავმა მესამე ცოლის შერთვა განიზრახა. მან თვალი თავიდანვე დაადგა სილამაზიც სახელგანთქმულ კატარინას, რომელზეც სულ ერთ წელიწადში, 1552 წლის 22 აგვისტოს დაქორწინდა სტოკჰოლმში. ქორწილის მეორე დღეს, 23 აგვისტოს შედგა კატარინას შვედეთის დედოფლად კორონაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია მათ ქორწინებას ნათესავური კავშირის გამო აპროტესტებდა, იგი საკმაოდ იღბლიანი იყო და რვა წელს გაგრძელდა. გუსტავს დედოფალ კატარინასთან შვილები არ ჰყოლია, თუმცა წინა ცოლებისგან საკმაო რაოდენობის ტახტის მემკვიდრეები დარჩა, რის გამოც ამაზე არავინ ღელავდა.

1560 წლის 29 სექტემბერს გუსტავ I გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მისმა ვაჟმა, ფსიქიკურად არასტაბილურმა ერიკ XIV-მ დაიკავა, რომელიც მეფეს თავის პირველ ცოლთან, დედოფალ კათარინა საქსენ-ლაუენბურგელთან ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ ერიკ XIV კატარინას ნათლული იყო, რის გამოც მეფეს ძალიან უყვარდა თავისი დედინაცვალი. ამის გამო, კატარინამ ქვრივობის შემდეგაც შეინარჩუნა დიდი გავლენა. იგი განაგრძობდა დედოფლის მოვალეობების შესრულებას, რის გამოც სამეფო კარზე ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. დიდი საქვრივო პენსია, მას საშუალებას აძლევდა მთელი დარჩენილი ცხოვრება საოცარ ფუფუნებაში გაეტარებინა. მოგვიანებით იგი ერიკის უკანონო შვილების ნათლულიც გახდა.

1568 წელს ერიკ XIV ტახტიდან მისმა ნახევარ-ძმამ, იოჰან III-მ ჩამოაგდო და მოაწამვლინა. აღსანიშნავია, რომ ახალი მეფე კატარინას არა მხოლოდ გერად, არამედ ღვიძლ დეიდაშვილადაც ერგებოდა, თუმცა ერიკის გარდაცვალების შემდეგ დედოფალმა დატოვა შვედეთის სამეფო კარი და საცხოვრებლად საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგ მაგნუს II-თან გადავიდა, რომელსაც ცოლად მისი დეიდაშვილი და იოჰანის და, პრინცესა სოფია ჰყავდა.

1570 წლიდან კატარინა დაქორწინებაზე ფიქრობდა, მის საქმროებად კი საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგ მაგნუს II-ის ძმა, ფრანცი მოიაზრებოდა, თუმცა ეს იდეა ვერ განხორციელდა.

1574 წელს კატარინამ დაარწმუნა მეფე იოჰანი, რომ მისი ძმა, ერიკ სტენბოკი გაენთავისუფლებინა, რომელიც თავისი საყვარლის, მარტა ლეიონჰაფვუდის რჩევით დააპატიმრა მეფემ.

1592 წელს იოჰან III გარდაიცვალა და ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა, სიგიზმუნდ I-მა დაიკავა, რომლის რეგენტიც იოჰანის ძმა, კარლი გახდა. ამის შემდეგ დედოფალი კატარინა დაბრუნდა შვედეთის სამეფო კარზე, სადაც მასა და კარლს შორის მრავალი კონფლიქტი მოხდა. კარლი სრულიად ღიად უპირისპირდებოდა თავისი დედინაცვლის გავლენას სამეფო ხელისუფლებაზე. 1599 წელს სიგიზმუნდ I პოლონეთის ტახტის სანაცვლოდ გადადგა შვედეთის ტახტიდან, რის გამოც ტახტი კარლ IX-მ დაიკავა, რის გამოც კატარინა იძულებული გახდა დაეტოვებინა სტოკჰოლმი და მშობლიურ ვასტერგოტლანდში გადასახლებულიყო.

დარჩენილი ცხოვრება მან სწორედ აქ გაატარა. აღსანიშნავია, რომ იგი 1611 წელს მოესწრო კარლ IX-ის გარდაცვალებასა და მისი ვაჟის, გუსტავ II ადოლფის გამეფებასაც. თავად კატარინა სტენბოკი გარდაიცვალა 1621 წლის 13 დეკემბერს ვასტერგოტლანდში, 86 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს უფსალის საკათედრო ტაძარში, ქმრისა და მისი ცოლების გვერდით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lars-Olof Larsson: Gustav Vasa - Landsfader eller tyrann? (Gustav Vasa - Father of a country or a tyrant?) (Prisma)
  • Wilhelmina Stålberg, P. G. Berg : Anteckningar om svenska qvinnor (Notes of Swedish women)
  • Karin Tegenborg Falkdalen (2010). Vasadöttrarna (utgåva 2). Falun: Historiska Media. ISBN 978-91-85873-87-6
  • Malin Grundberg: Ceremoniernas makt: maktöverföring och genus i vasatidens kungliga ceremonier
  • Tegenborg Falkdalen, Karin, Vasadrottningen: en biografi över Katarina Stenbock 1535-1621 [The Vasa Queen: A biography of Catherine Stenbock, 1535-1621], Historiska media, Lund, 2015
  • Katarina Stenbock 1535-1621 [The Vasa Queen: A biography of Catherine Stenbock, 1535-1621], Historiska media, Lund, 2015
  • Sture Arnell: Karin Månsdotter, Wahlström & Widstrand, Stockholm 1951. ISBN.