მარია ბერძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარია ბერძენი
Princess Maria of Greece and Denmark (Grand Duchess Maria Georgievna of Russia).jpg
წოდებები
რუსეთის დიდი მთავარი
საბერძნეთისა და დანიის პრინცესა
დაიბადა 3 მარტი, 1876
ათენი, საბერძნეთი
გარდაიცვალა 14 დეკემბერი, 1940, (64 წლის)
ათენი, საბერძნეთი
საგვარეულო გლუქსბურგები
მეუღლე(ები) გიორგი მიხაილოვიჩი, რუსეთის დიდი მთავარი
(ქ. 1900 - გარდ. 1919)
პერიკლე იოანიდისი
(ქ. 1922)
შვილ(ებ)ი ნინა
ქსენია
მამა გეორგიოს I, საბერძნეთის მეფე
დედა ოლღა კონსტანტინოვნა რომანოვა
რელიგია მართლმადიდებლობა

მარია ბერძენი (ბერძ. Μαρία της Ελλάδας; დ. 3 მარტი, 1876, ათენი, საბერძნეთი — გ. 14 დეკემბერი, 1940, ათენი, საბერძნეთი) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას ასული. რუსეთის დიდ მთავარ გიორგი მიხაილოვიჩის მეუღლე 1900 წლიდან მის გარდაცვალებამდე. საბერძნეთის მეფე კონსტანტინოს I-ის და, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ბიძაშვილი და ედინბურგის ჰერცოგ ფილიპეს მამიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა მარია დაიბადა 1876 წლის 3 მარტს ათენში. იგი იყო საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნა რომანოვას შუათანა შვილი და უმცროსი ქალიშვილი. ვინაიდან მამამისის მამა დანიის მეფე კრისტიან IX იყო, მარიას დაბადებიდანვე ჰქონდა საბერძნეთისა და დანიის პრინცესის წოდება. დედის გავლენით იგი სხვა დედმამიშვილების მსგავსად მართლმადიდებლად მოინათლა.

პრინცესა მარია და დიდი მთავარი გიორგი მიხაილოვიჩი, 1896 წელი.

მშობლიური ბერძნულის გარდა პრინცესა მარიას თავისუფლად შეეძლო საუბარი ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე, მოგვიანებით, ქორწინებასთან დაკავშირებული საჭიროებების გამო იგი იძულებული გახდა რუსულიც ესწავლა. მას ასევე ასწავლიდნენ ხატვას, ეტიკეტს, გეოგრაფიას, ისტორიას, მათემატიკასა და ლიტერატურას. გარდა ამისა, მას შეეძლო ფორტეპიანოზე დაკვრა, ცხენით ჯირითი და სიმღერა.

1882 წელს იგი ოჯახთან ერთად მოგზაურობდა გერმანიაში, 1886 წელს კი პირველად ეწვია რუსეთს. შემდეგი ორი წელი მან პაპა-ბებიასთან გაატარა დანიის სამეფო კარზე, სადაც იგი თავის მამიდაშვილებს, რუსეთის დიდ მთავარ ქსენია ალექსანდროვნასა და ბრიტანეთის პრინცესა ვიქტორიას ძალიან დაუახლოვდა.

1896 წლის აპრილში 20 წლის მარიამ ათენის ოლიმპიურ თამაშებზე სერბეთის მეფე ალექსანდრე I გაიცნო. იგი მისით მალევე მოიხიბლა და პრინცესას ხელი სთხოვა, თუმცა მარიას აზრით იგი „მახინჯი“ იყო, ამიტომაც უარი უთხრა. ამასთან, 1895 წლის შემოდგომაზე იგი რუსეთს მეორედ ესტუმრა, სადაც გაიცნო თავისი ბიძაშვილი, დიდი მთავარი გიორგი მიხეილის ძე რომანოვი, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილიშვილი. ნათესაური კავშირის მიუხედავად, მათ ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ და 1896 წლის 4 აპრილს ნიშნობის შესახებაც გამოაცხადეს. 1900 წლის 12 მაისს კუნძულ კორფუზე მდებარე ვენეციურ ციხესიმაგრეში მარია და გიორგი საბოლოოდ დაქორწინდნენ, ამ დროს იგი 24 წლის იყო, ხოლო მისი ქმარი 37-ის.

წყვილმა თაფლობის თვე იტალიასა და ავსტრია-უნგრეთში მოგზაურობაში გაატარა. ჯერ ნეაპოლში ჩავიდნენ, შემდეგ ვენაში, იქიდან ვარშავაში გადავიდნენ, საბოლოოდ კი სანქტ-პეტერბურგსაც მიადგნენ, სადაც ისინი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის კარზე დასახლდნენ. ცნობილია, რომ ამ პერიოდში მარია ნუმიზმატიკით დაინტერესდა და მონეტების შეგროვება დაიწყო, რომელიც დღეისათვის ალექსანდრე III-ის მუზეუმში ინახება. მოგვიანებით მარიამ ქმართან ერთად იმოგზაურა დანიაში, ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. მალევე მათ ყირიმში შავი ზღვის ნაპირას პატარა სახლი შეიძინეს და მარიას თხოვნით, იგი ინგლისურ სტილში გააფორმეს.

პრინცესა მარია დედასა და მეორე ქმართან ერთად 1920 წელს

1913 წელს შეთქმულებმა მარიას მამა, მეფე გეორგიოსი მოკლეს, რამაც საშინლად იმოქმედა მარიაზეც და მთელს მის ოჯახზეც. ამ ფაქტის შემდეგ მარიას დედამ დატოვა საბერძნეთი და მშობლიურ რუსეთს დაუბრუნდა, სადაც იგი მარიამ შეიფარა. ამ ამბებიდან სულ მალე, 1914 წელს იწყება პირველი მსოფლიო ომიც და ვითარება საშინლად იძაბება რუსეთშიც, სადაც 1917 წელს რევოლუციონერებმა დაამხეს იმპერატორი ნიკოლოზ II, რომელიც მარიას მამიდაშვილად ერგებოდა. ისიც და სხვა წარჩინებულებიც თავიდან უარს აცხადებდნენ რუსეთის დატოვებაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში ბოლშევიკები მოდიან სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. 1918 წელს მათ დახვრიტეს იმპერატორი ნიკოლოზი, მისი ცოლი, ხუთი შვილი და მისი ძმაც. ამ ფაქტის შემდეგ მარიამ დედასთან, ქალიშვილებთან და მამიდასთან, იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნასთან ერთად სასწრაფოდ დატოვა რუსეთი, თუმცა სამშობლოს დატოვებაზე უარი თქვა მისმა ქმარმა, რომელიც 1919 წლის 28 იანვარს ბოლშევიკებმა დახვრიტეს. მარიამ ოჯახის წევრებთან ერთად თავი თავის მამიდაშვილთან, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-თან შეაფარა, სადაც იგი დიდი პატივით მიიღო მისმა მამიდამ, დედოფალმა ალექსანდრა დანიელმა.

მარია იძულებული გახდა ბრიტანეთში დარჩენილიყო, რამეთუ საბერძნეთში ვერ ბრუნდებოდა იმიტომ, რომ 1917 წელს დაამხეს მისი ძმის მმართველობაც, ტახტზე კი მისი ძმისწული ალექსანდროსი დასვეს, რომელიც მხოლოდ მარიონეტის როლს ასრულებდა პრემიერ-მინისტრ ვენიზელოსის ხელში, რომელმაც სამეფო ოჯახის ყველა წევრი გააძევა ქვეყნიდან (მათ შორის მარიაც) გარდა თავად მეფისა და მისი ცოლისა. 1920 წელს ალექსანდროსი უბედური შემთხვევისას დაიღუპა და ვინაიდან მას ვაჟი არ დარჩა, ტახტზე ისევ მარიას ძმა, კონსტანტინოსი ავიდა, რის შემდეგაც მარია და მისი ოჯახი ათენს უბრუნდება.

საბერძნეთში დაბრუნებული მარია იცნობს ბერძენ ადმირალ პერიკლე იოანიდოსს, მასთან დაახლოვებას იწყებს და 1922 წლის 16 დეკემბერს ქორწინდება კიდეც მასზე. წყვილმა თაფლობის თვე ფრანკფურტში, გერმანიაში გაატარა, რის შემდეგაც საბერძნეთში დაბრუნდნენ, მაგრამ 1924 წელს ათენში კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რის გამოც იძულებულები გახდნენ კვლავ ემიგრაციაში წასულიყვნენ. ისინი ამჯერადაც ბრიტანეთში გაემგზავრნენ.

1926 წლიდან პრინცესა მარია ქმართან ერთად საცხოვრებლად რომში გადავიდა, სადაც ცხოვრობდნენ სამეფო ოჯახის სხვა გამოძევებული წევრებიც. აქ იგი მებაღეობითა და მემუარების წერით იყო დაკავებული. 1933 წელს იგი შეერთებულ შტატებსაც ეწვია. მოგვიანებით, საბერძნეთში მონარქია კვლავ აღდგა, რის გამოც მას სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს. იგი გარდაიცვალა 1940 წლის 14 დეკემბერს ათენში, 64 წლის ასაკში, საბერძნეთ-იტალიის ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. დაკრძალულია ათენში, ტატოის სასახლეში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიას პირველი ქმრისაგან სულ ორი გოგონა შეეძინა:

  1. ნინა (დ. 20 ივნისი, 1901 ― გ. 27 თებერვალი, 1974), ცოლად გაჰყვა პავლე ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძეს, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, დავითი;
  2. ქსენია (დ. 22 აგვისტო, 1903 — გ. 17 სექტემბერი, 1965), ცოლად გაჰყვა უილიამ ლიდს უმცროსს, რომელთანაც შეეძინა ერთი გოგონა, ნენსი. საბოლოოდ იგი ქმარს გაეყარა და მეორედ დაქორწინდა ჰერმან ჯუდზე, თუმცა მასთან შვილები აღარ ჰყოლია;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chavchavadze, David. The Artistic Legacy of Two Grand Mothers. Published in Royalty Magazine. 2005.
  • Hall, Coryne. Danish efforts to Help the Imprisoned Romanovs. Published in Royal Russia N 6. 2014. ISBN 1927604079.
  • Hall, Coryne & Beéche, Arturo. The Romanovs: An Imperial Tragedy. Eurohistory.com. 2018. ISBN 978-194420707-6
  • King, Greg & Hall, Coryn. A Fragment of England in the South: Harax. Published in: Imperial Crimea: Estates, Enchantment & The Last of the Romanovs. Self-published, 2017. ISBN 9781981436828
  • King, Greg & Wilson, Penny. The Romanovs Adrift: The Russian Imperial Family in 1913–1919. Eurohistory and Kensington House Books. 2018. ISBN 978-1944207106
  • Korneva, Galina & Cheboksarova, Tatiana. Russia & Europe: Dynastic Ties . Eurohistory, 2013. ISBN 978-0-9854603-2-7
  • Marie Georgievna, Grand Duchess of Russia. A Romanov Diary: The Autobiography of the Grand Duchess Marie Georgievna of Russia. Gilbert's Books, 2012. ISBN 978-09865310-6-4
  • Mateos Sainz de Medrano, Ricardo. La Familia de la Reina Sofia: La Dinastia Griega, La casa de Hanover y Los Reales primos de Europa.La Esfera de los libros, 2006. ISBN 84-9734-195-3.
  • Palmer, Alan & Michael, Prince of Greece. The Royal House of Greece. Weidenfeld Nicolson Illustrated, 1990 (ISBN 0297830600).
  • Stoeckl, Agness Baroness de. Not All Vanity. Published by John Murray, 1950. ASIN: B001PN8UYE.
  • Vickers, Hugo. Alice: Princess Andrew of Greece. Londres, Hamish Hamilton, 2000 ISBN 0-241-13686-5.
  • Van der Kiste, John. Kings of the Hellenes: The Greek Kings, 1863–1974. Sutton Publishing, 1994. ISBN 0750921471.
  • Zeepvat, Charlotte. The Camera and the Tsars. Sutton Publishing, 2004. ISBN 0-7509-3049-7.
  • Zeepvat, Charlotte. A True Daughter of Greece: Princess Maria of Greece and Denmark. Part I : A Marriage of Inconvenience. Royalty Digest Quarterly. 2014 N 2. ISSN 1653-5219
  • Zeepvat, Charlotte. A True Daughter of Greece: Princess Maria of Greece and Denmark. Part II: From Harax to Harrogate and beyond. Royalty Digest Quarterly. 2014 N 3. ISSN 1653-5219