ჟოზეფინა ლოიხტენბერგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჟოზეფინა ლოიხტენბერგელი
Josephine of Sweden & Norway c 1858 by Axel Nordgren.jpg
შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 8 მარტი, 1844
მმართ. დასასრული: 8 ივლისი, 1859
წინამორბედი: დეზიდერია კლარი
მემკვიდრე: ლუიზა ნიდერლანდელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 მარტი, 1807
დაბ. ადგილი: მილანი, იტალია
გარდ. თარიღი: 7 ივნისი, 1876, (69 წლის)
გარდ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
მეუღლე: ოსკარ I, შვედეთის მეფე
შვილები: კარლ XV, შვედეთის მეფე
გუსტავი, აპლანდის ჰერცოგი
ოსკარ II, შვედეთის მეფე
ევგენია
ავგუსტი, დალარნის ჰერცოგი
სრული სახელი: ჟოზეფინა მაქსიმილიანა ევგენია ნაპოლეონა დე ბოარნე
მამა: ევგენი დე ბოარნე
დედა: ავგუსტა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჟოზეფინა ლოიხტენბერგელი (შვედ. Josefina av Leuchtenberg, ფრანგ. Joséphine de Leuchtenberg; დ. 14 მარტი, 1807, მილანი, იტალია — გ. 7 ივნისი, 1876, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ბოარნეების საგვარეულოს წარმომადგენელი. ბოლონიისა და გალიერას ჰერცოგინია დაბადებიდან 1813 წლამდე. საფრანგეთის იმპერატრიცა ჟოზეფინ ბოარნეს შვილიშვილი. შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი 1844-1859 წლებში როგორც ოსკარ I-ის მეუღლე. შვედეთისა და ნორვეგიის ორი მეფის: კარლ XV-ისა და ოსკარ II-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟოზეფინა დაიბადა 1807 წლის 14 მარტს მილანში. იგი იყო იტალიის მეფისნაცვალ ევგენი დე ბოარნესა და მისი ცოლის, ავგუსტა ბავარიელის ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი იყო საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის პირველი ცოლის, დედოფალ ჟოზეფინ ბოარნეს (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი), ხოლო დედის მხრიდან ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის შვილიშვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი და, ამელია ლოიხტენბერგელი იყო ბრაზილიის იმპერატრიცა, როგორც იმპერატორ პედრუ I-ის მეორე მეუღლე.

პრინცესა ჟოზეფინა 1835 წელს

1814 წელს, მამის მამინაცვლის ჩამოგდების შემდეგ მისმა ოჯახმა ძალაუფლება დაკარგა, რის გამოც ბოარნეები ჟოზეფინას დედის სამშობლოში, ანუ ბავარიაში გაიქცნენ, სადაც ევგენი ბოარნეს სიმამრმა ლოიხტენბერგის ჰერცოგობა უბოძა. 1823 წლის 22 მაისს მიუნხენში იგი ცოლად შერთეს შვედეთის მეფე კარლ XIV-ის უფროს ვაჟს, კრონპრინც ოსკარ ბერნადოტს. ამ ქორწინებას შვედების მხრიდან მიზეზად მათი მემკვიდრეობის ლეგიტიმაცია ედო საფუძვლად, რამეთუ ბერნადოტებს ტახტი არანაირად ერგებოდათ, ჟოზეფინა კი დედის მხრიდან შვედეთის მეფეთა შთამომავალი იყო, ე.ი. მათი შვილები გარკვეულწილად იქნებოდნენ ტახტის კანონიერი მემკვიდრეები. აღსანიშნავია ისიც, რომ რეალურად ჟოზეფინას არა შვედი, არამედ დანიის მეფე კრისტიან II-ის სისხლი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წელს მართავდა შვედეთს და ქვეყანაში არაპოპულარული მონარქი იყო.

შვედეთში ჩასვლისთანავე მას მისი მესამე სახელი: ნაპოლეონა გაუუქმეს, რადგან იმ დროში უკვე ნაპოლეონი მეტად უარყოფით ასოციაციებს იწვევდა ევროპელ მონარქებში, შვედეთის მომავალ დედოფალს კი ეს სახელი არ შეშვენოდა. მან მზითვში მხოლოდ ბებიისგან დანატოვარი რამდენიმე სამკაული წაიღო, რომლებიც პარიზის განთქმული იულველირების მიერ იყო დამზადებული. ეს სამკაულები დღემდე შვედეთის სამეფო ოჯახის წევრებს ეკუთვნით.

ჟოზეფინა 1837 წელს

თაფლობის თვეში წყვილი ნორვეგიაში, კერძოდ კი ოსლოში გაემგზავრა, საიდანაც მხოლოდ 1824 წელს დაბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ ქორწინების შემდეგ ჟოზეფინა ასრულებდა დედოფლის წოდებრივ-წარმომადგენლობით მოვალეობებს, რადგან მისი დედამთილი არ იყო დაინტერესებული ასეთი საქმეებით და სამეფო კარისგან მოშორებით, მარტო ცხოვრობდა.

1844 წელს, მეფე კარლ XIV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი ოსკარ I-მა დაიკავა, რითაც ჟოზეფინა შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი გახდა. მან თავისი დარჩენილი ცხოვრება ძირითადად საქველმოქმედო საქმიანობას მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მთელი ცხოვრება კათოლიკე იყო, ხალხის გულის მოსაგებად შვილებს ლუთერანული მოძღვრებით ზრდიდა. სწორედ მისი დამსახურებით, 1860 წელს შვედეთში საბოლოოდ გამოცხადდა რელიგიური თავისუფლება

1859 წელს იგი დაქვრივდა, რის გამოც ტახტი მისმა ვაჟმა, კარლ XV-მ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის რძალთან, დედოფალ ლუიზა ნიდერლანდელთან, რომელიც ახალ ქვეყანას რთულად შეეგუა. დედოფალი ჟოზეფინა აღშფოთებული იყო, როდესაც თავისი ვაჟისა და ერთ-ერთი მსახიობი ქალის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ შეიტყო. რამდენადაც ცნობილია, იგი ღიად მოუწოდებდა შვილს „უღირსი ქმედებებისათვის“ თავის დანებებაზე.

შვედეთის სამეფო ოჯახი

1872 წელს მისი ვაჟი კარლ XV უძეოდ აღესრულა, ამიტომაც ტახტი ჟოზეფინას მეორე ვაჟმა, ოსკარ II-მ დაიკავა. თავად დედოფალი ჟოზეფინა 1876 წლის 7 ივნისს, სტოკჰოლმში გარდაიცვალა, 69 წლის ასაკში. იგი ქმრის გვერდით, კათოლიკური წესების სრული დაცვით დაკრძალეს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კარლ XV (1826-1872), შვედეთისა და ნორვეგიის მეფე 1859-72 წლებში. ცოლად შეირთო ლუიზა ნიდერლანდელი, რომელთანაც შეეძინა დანიის დედოფალი ლუიზა შვედი;
  2. გუსტავი (1827-1852), აპლანდის ჰერცოგი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. ოსკარ II (1829-1907), შვედეთის მეფე 1872-1907 წლებში და ნორვეგიის მეფე 1872-1905 წლებში. ცოლად შეირთო სოფია ნასაუელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე გუსტავ V;
  4. ევგენია (1830-1889), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
  5. ავგუსტი (1831-1873), დალარნის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ტერეზა საქსენ-ალტენბურგელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lars O. Lagerqvist (1979). Bernadotternas drottningar (The queens of the Bernadotte dynasty) (in Swedish). Albert Bonniers Förlag AB. ISBN 91-0-042916-3.
  • Lars Elgklou (1978). Bernadotte. Historien – eller historier – om en familj. (Bernadotte. The History – or histories – of a family) Stockholm: Askild & Kärnekull Förlag AB. (Swedish)
  • Gunnel Becker & Kjell Blückert, red (2007). Drottning Josefina av Sverige och Norge. (Queen Josefina of Sweden and Norway) Stockholm: Veritas Förlag. ISBN 978-91-89684-44-7 (Swedish)
  • Robert Braun (1950). Silvertronen, En bok om drottning Josefine av Sverige-Norge. (The Silver Throne. A Book about Queen Josefine of Sweden-Norway) Stockholm: Norlin Förlag AB. (Swedish)