ელენე ბერძენი
ელენე ბერძენი | |
---|---|
წოდებები
რუმინეთის დედა-დედოფალი საბერძნეთისა და დანიის პრინცესა | |
დაიბადა |
2 მაისი, 1896 ათენი, საბერძნეთი |
გარდაიცვალა |
28 ნოემბერი, 1982, (86 წლის) ლოზანა, შვეიცარია |
საგვარეულო | გლუქსბურგები |
მეუღლე(ები) |
კაროლ II, რუმინეთის მეფე (ქ. 1921 - განქ. 1928) |
შვილ(ებ)ი | მიჰაი I, რუმინეთის მეფე |
მამა | კონსტანტინოს I, საბერძნეთის მეფე |
დედა | სოფია პრუსიელი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
ელენე ბერძენი (ბერძ. Ελένη της Ελλάδας), აგრეთვე ცნობილია, როგორც დედა დედოფალი ელენა (რუმ. Regina mamă Elena; დ. 2 მაისი, 1896, ათენი, საბერძნეთი ― გ. 28 ნოემბერი, 1982, ლოზანა, შვეიცარია) ― გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთის მეფე კონსტანტინოს I-ისა და დედოფალ სოფია პრუსიელის ქალიშვილი. საბერძნეთისა და დანიის პრინცესა დაბადებიდან. რუმინეთის მეფე კაროლ II-ის მეუღლე 1921-1928 წლებში. რუმინეთის უკანასკნელი მეფის, მიჰაი I-ის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრინცესა ელენე დაიბადა 1896 წლის 2 მაისს ათენში. იგი იყო საბერძნეთის დიადოქოს კონსტანტინოსისა და მისი მეუღლის, პრინცესა სოფია პრუსიელის უფროსი ქალიშვილი და შუათანა შვილი. მამის მხრიდან იგი საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ის, ხოლო დედის მხრიდან გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ III-ის შვილიშვილი იყო. ცნობილია, რომ ღრმა ბავშვობაში იგი დედასთან ერთად ხშირად სტუმრობდა ბებიას, ქვრივ იმპერატრიცა ვიქტორია ბრიტანელს, რომლის გავლენითაც ელენე ანგლოფილად იზრდებოდა.
1913 წელს ელენეს პაპა, გეორგიოს I მოკლეს, რის გამოც ტახტს მამამისი, მეფე კონსტანტინოს I იკავებს. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, 1914 წელს იწყება პირველი მსოფლიო ომიც, რომელში განცდილი წარუმატებლობების გამოც 1917 წელს პრემიერ-მინისტრმა ვენიზელოსმა მეფე კონსტანტინოსი ჩამოაგდო და ტახტზე ელენეს ძმა, ალექსანდროსი დასვა, სამეფო ოჯახის ყველა დანარჩენი წევრი კი საბერძნეთიდან გააძევა. ამის გამო ელენე მშობლებთან და და-ძმებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა შვეიცარიაში.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1920 წელს მეფე ალექსანდროსი უძეოდ დაიღუპა, რის გამოც მეფე კონსტანტინოსი ახერხებს ტახტის დაბრუნებას და ელენეც ოჯახთან ერთად უბრუნდება საბერძნეთს. ამ ამბიდან მალევე მისმა მშობლებმა მის გათხოვებაზე დაიწყეს ფიქრი. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მმართველობის გამყარებისათვის საბერძნეთისა და რუმინეთის სამეფო ოჯახები უნდა დანათესავებულიყვნენ ორმაგი დინასტიური ქორწინებით. საბერძნეთის პრინცესა ელენე ცოლად გაჰყვებოდა რუმინეთის კრონპრინც კაროლს, ხოლო კაროლის და, რუმინეთის პრინცესა ელიზაბეტა ცოლად გაჰყვებოდა ელენეს უფროს ძმას, დიადოქოს გეორგიოსს. აღსანიშნავია, რომ ელენეს დედა, დედოფალი სოფია და კაროლის დედა, დედოფალი მარია ედინბურგელი ღვიძლი ბიძაშვილები და დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილები იყვნენ.
უკვე 1921 წლის 10 მარტს ათენის სამეტროპოლიტო კათედრალში ელენე და კაროლი დაქორწინდნენ, რითაც იგი რუმინეთის კრონპრინცესა გახდა და ქმართან ერთად გადასახლდა ბუქარესტში, რუმინეთის სამეფო კარზე. ქორწინებიდან მალევე ელენე დაორსულდა და იმავე წლის 25 ოქტომბერს ქალაქ სინაიაში მდებარე პელეშის სასახლეში თავისი ერთადერთი ვაჟი, პრინცი მიჰაი გააჩინა. იმავე წლის დეკემბერში წყვილი ათენში ჩავიდა თავიანთ ახალშობილ ვაჟთან ერთად, რათა მეფე კონსტანტინოსისათვის თანადგომა გამოეხატათ არსებულ კრიზისში და თან მათთვის შვილიშვილიც ეჩვენებინათ. 1922 წლის თებერვალში კაროლს ათენის დატოვება მოუხდა, რათა თავისი დის, პრინცესა მარიასა და იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I-ის ნიშნობას დასწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ელენე მას არ გაჰყოლია და შვილთან ერთად მშობლებთან აპრილამდე დარჩა, მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა იგი რუმინეთში. 1922 წლის სექტემბერში ელენეს მამა მეორედ და საბოლოოდ გადადგა ტახტიდან, რის შემდეგაც საბერძნეთის მეფე ელენეს ძმა, გეორგიოს II ხდება. ამის შემდეგ ელენე დაესწრო თავისი დედამთილ-მამამთილის კორონაციას, რის შემდეგაც რუმინეთი ისევ დატოვა და იტალიაში გაემგზავრა მშობლებთან, სადაც 1923 წლამდე, ანუ მამის გარდაცვალებამდე დარჩა.
1925 წლის თებერვლიდან კრონპრინცმა კაროლმა რომანი გააბა მაგდა ლუპეშკუსთან, რომელიც მალე მისი ოფიციალური საყვარელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ქორწინების პერიოდში ეს მისი პირველი რომანი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ოჯახის წევრები ცდილობდნენ კაროლისა და მაგდას დაშორებას, თუმცა ამაოდ. 1925 წლის დეკემბერში კაროლი დიდ ბრიტანეთში გააგზავნეს რათა დედა-დედოფალ ალექსანდრას დაკრძალვაზე რუმინეთის სამეფო ოჯახი წარმოედგინა, თანაც იმედოვნებდნენ, იქ მაგდას დაივიწყებდა. იმავდროულად, 1926 წელს, მისი მამამთილისთვის კიბოს დიაგნოზის დასმამდე ცოტა ხნით ადრე, ელენემ დატოვა რუმინეთი და იტალიაში გაემგზავრა რათა დასწრებოდა თავისი ბებიის, დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას დაკრძალვას, რის შემდეგაც იგი კიდევ დიდი ხნით დარჩა იქ.
განქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1927 წლის დამლევს კრონპრინცესა ბუქარესტში ბრუნდება და ცდილობს, რომ ქმარი მაგდა ლუპეშკუს ჩამოაშოროს, თუმცა იგი ფარ-ხმალს მალევე ყრის და პრემიერ-მინისტრ ბარბუ შტირბის განქორწინების თხოვნით მიმართავს. 1928 წლის 21 ივნისს ელენე და კაროლი ოფიციალურად განქორწინდნენ, რის შემდეგაც მას ჩამოერთვა რუმინეთის კრონპრინცესის წოდება და მეტიც, მისმა დედამთილმა, დედოფალმა მარიამ მას გაუუქმა რუმინეთის მოქალაქეობა, რის გამოც იგი იძულებული გახდა საბერძნეთში დაბრუნებულიყო, შვილი კი ბუქარესტის სამეფო კარზე დაეტოვებინა.
1930 წელს რუმინეთის მეფე ფერდინანდ I გარდაიცვალა და ტახტს ელენეს ყოფილი ქმარი, კაროლ II იკავებს. აღსანიშნავია, რომ მან ყოფილ მეუღლეს კვლავ მისცა რუმინეთის მოქალაქეობა და 1930 წლის 7 ივნისს ქვეყანაში დააბრუნა, რათა ვაჟზე ეზრუნა. აღსანიშნავია, რომ განქორწინების შემდეგ მათ მოახერხეს ახლო და კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. როგორც ცნობილია, მეფე ელენესთან ყოველ დღე სვამდა ჩაის და საუბრობდა სხვადასხვა თემაზე, პრინცესა ელენე ასევე ესწრებოდა მეფე ფერდინანდის დაკრძალვასაც. 1930 წლის აგვისტოში მთავრობამ ელენეს ნება დართო, რომ წერილებზე ხელმოწერისას გამოეყენებინა „მისი უდიდებულესობა, რუმინეთის დედოფლის“ სახელი. ცნობილია ისიც, რომ კაროლმა მას ყოველწლიურ პენსიად შვიდი მილიონი ლეი გამოუყო. 1931 წელს ელენემ დატოვა რუმინეთი და გერმანიაში გაემგზავრა, რათა თავის დედაზე ეზრუნა, რომელიც იმ დროს კიბოთი იტანჯებოდა. 1932 წლის 13 იანვარს დედამისი, დედოფალი სოფია გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტოსკანაში მდებარე ფიეზოლეს სახლი, რომელიც მის რეზიდენციად იქცა. ამის გარდა დედისაგან მას მემკვიდრეობით ერგო საბერძნეთში მდებარე უზარმაზარი სახლი ვილა-სპარტა. აღსანიშნავია, რომ 1935 წელს ასევე განქორწინებით დამთავრდა ელენეს ძმის, მეფე გეორგიოსისა და მისი მულის, დედოფალ ელიზაბეტას ქორწინებაც.
რუმინეთის დედა დედოფალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედის გარდაცვალების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ელენე ტოსკანის რეზიდენციაში მშვიდად, ფუფუნებაში ცხოვრობდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ სიტუაცია შეცვალა. გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით, სსრკ-მ მოახდინა რუმინეთის შემადგენლობაში მყოფი ბესარაბიისა და ბუკოვინის ოკუპაცია, რა დროსაც უნგრელებმა დაიკავეს ნახევარი ტრანსილვანია, ბულგარელებმა კი სამხრეთი დობრუჯა. ამგვარ პირობებში 1940 წელს მეფე კაროლ II ტახტიდან გადადგა და მეფე ელენეს შვილი, მიჰაი I გახდა, რომელიც მსგავს სიტუაციას ვერ უმკლავდებოდა, ამიტომაც დასახმარებლად ელენეს რუმინეთში დაბრუნება მოუწია, სადაც იგი უკვე დედა-დედოფლის წოდებით სარგებლობდა.
მეორე მსოფლიო ომი მათთვის განსაკუთრებით რთული გადასატანი აღმოჩნდა, თუმცაღა 1945 წელს, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა, რუმინეთს დაუბრუნდა უნგრელებისა და ბულგარელების მიერ დაკავებული ტრანსილვანია და დობრუჯა, თუმცა ბესარაბია და ბუკოვინა სსრკ-ს დარჩა. ასევე, მთელს რუმინეთში განლაგდა საბჭოთა კომუნისტური ჯარები, რაც რუმინეთის სამეფო ხელისუფლებისათვის კარგს არაფერს მოასწავებდა, რამეთუ მათ მთელს ქვეყანაზე დაკარგეს კონტროლი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, 1947 წლის 30 დეკემბერს მიჰაი I იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო, რითაც რუმინეთში მონარქია დაემხო და კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, სამეფო ოჯახი კი ემიგრაციაში წავიდა.
მონარქიის დამხობა, უკანასკნელი წლები და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიჰაის გადადგომის შემდეგ ის და ელენე ემიგრაციაში იტალიაში წავიდნენ, სადაც მალევე, 1948 წელს მან ცოლად შეირთო ადგილობრივი პრინცესა, ანა დე ბურბონ-პარმელი, რომელიც იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა ზიტას, ბულგარეთის ცარიცა მარია ლუიზასა და ლუქსემბურგის პრინც ფელიჩეს ძმისწული. ამის შემდეგ ელენემ გადაწყვიტა, რომ თავის მძახალ მარგრეტე დანიელთან ერთად რომში წასულიყო და თავად პაპ პიუს XII-ს შეხვედროდა, რომელიც უკმაყოფილო იყო კათოლიკე პრინცესისა და მართლმადიდებელი მონარქის შეუღლებით. ვინაიდან პაპის კურთხევა ვერ მიიღეს, ისინი იძულებულები გახდნენ ჯვრისწერა ათენში, ელენეს ძმის ხელშეწყობით ჩაეტარებინათ.
ამის შემდეგ ელენე ვილა-სპარტაში დაბრუნდა, სადაც ცხოვრობდა დარჩენილი წლების განმავლობაში. იგი ძირითადად თავისი შვილიშვილების აღზრდით იყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მათგანს, პრინცესა ელენას სახელი მის პატივსაცემად დაარქვეს. 1954 წელს ელენე მონაწილეობდა „მეფეების კრუიზში“, 1962 წელს კი დაესწრო თავისი ძმისწულის, პრინცესა სოფიასა და ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის ქორწილსაც.
ცნობილია ისიც, რომ 1968-1973 წლებში ელენეს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა შვედეთის ორჯერ დაქვრივებულ მეფე გუსტავ VI ადოლფთან, რომელიც მხოლოდ გუსტავის გარდაცვალების გამო დასრულდა. ცნობილია, რომ ელენეს მან ხელიც სთხოვა და სკანდინავიის სხვა მონარქებმაც მოუწოდეს პრინცესას, რომ გუსტავზე ექორწინა, თუმცა მან თავად თქვა უარი.
1979 წელს ელენემ საბოლოოდ დატოვა ვილა-სპარტა და შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში სახლი იყიდა, იქ გადავიდა და დარჩენილი ცხოვრებაც სწორედ აქ გაატარა. ცნობილია, რომ მან ამ სახლზე არჩევანი იმიტომ შეაჩერა, რომ თავისი ვაჟისა და რძლის სახლიდან 45 წუთის სავალზე მდებარეობდა. იგი სწორედ აქ, 1982 წლის 28 ნოემბერს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Besse, Jean-Paul (2010), Ileana, l'archiduchesse voilée, Versailles, Via romana ISBN 978-2916727745
- Gelardi, Julia (2006), Born to Rule : Granddaughters of Victoria, Queens of Europe, Headline Review ISBN 0755313925
- Gould Lee, Arthur Stanley (1956), Helen, Queen Mother of Rumania, Princess of Greece and Denmark: An Authorized Biography, London: Faber and Faber
- Marcou, Lilly (2002), Le Roi trahi : Carol II de Roumanie, Pygmalion ISBN 2857047436
- Mateos Sainz de Medrano, Ricardo (2004), La Familia de la Reina Sofía : La Dinastía griega, la Casa de Hannover y los reales primos de Europa, Madrid, La Esfera de los Libros ISBN 84-9734-195-3
- Pakula, Hannah (1996), The Last Romantic : A Biography of Queen Marie of Roumania, Weidenfeld & Nicolson History ISBN 1-8579-98162
- Porter, Ivor (2005), Michael of Romania. The King and the Country, Phoenix Mill: Sutton Publishing
- "Queen Helen of Rumania", The Times (30 November 1982): 12.
- Van der Kiste, John (1994), Kings of the Hellenes : The Greek Kings, 1863–1974 ISBN 0750921471
|
|