ულრიკა ელეონორა შვედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ულრიკა ელეონორა შვედი
შვედეთის დედოფალი
კორონაცია: 17 მარტი, 1719
მმართ. დასაწყისი: 5 დეკემბერი, 1718
მმართ. დასასრული: 29 თებერვალი, 1720
წინამორბედი: კარლ XII
მემკვიდრე: ფრედრიკ I
შვედეთის დედოფალ-კონსორტი
მმართ. დასაწყისი: 29 თებერვალი, 1720
მმართ. დასასრული: 24 ნოემბერი, 1741
წინამორბედი: ფრიდრიხ ფონ ჰესენ-კასელი
(როგორც პრინც-კონსორტი)
მემკვიდრე: ლუიზა ულრიკა პრუსიელი
ჰესენ-კასელის ლანდგრაფინია
მმართ. დასაწყისი: 23 მარტი, 1730
მმართ. დასასრული: 24 ნოემბერი, 1741
წინამორბედი: მარია ამალია კურლანდიელი
მემკვიდრე: მერი ბრიტანელი
სხვა წოდებები: ვერდენისა და ბრემენის ჰერცოგინია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 იანვარი, 1688
დაბ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდ. თარიღი: 24 ნოემბერი, 1741, (53 წლის)
გარდ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
მეუღლე: ფრედრიკ I, შვედეთის მეფე
დინასტია: პფალც-ცვაიბრიუხენელები
მამა: კარლ XI, შვედეთის მეფე
დედა: ულრიკა ელეონორა დანიელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ულრიკა ელეონორა შვედი (შვედ. Ulrika Eleonora av Sverige; დ. 26 იანვარი, 1688, სტოკჰოლმი, შვედეთი — გ. 24 ნოემბერი, 1741, სტოკჰოლმი, შვედეთი) — პფალც-ცვაიბრიუხენელთა საგვარეულოს წარმომადგენელი. შვედეთის პრინცესა, როგორც მეფე კარლ XI-ისა და დედოფალ ულრიკა ელეონორა დანიელის ასული. მეფე კარლ XII-ის და. შვედეთის დედოფალი 1718-20 წლებში და შვედეთის დედოფალ-კონსორტი 1720-41 წლებში როგორც ფრედრიკ I-ის მეუღლე. გარდა ამისა, იგი იყო ბრემენისა და ვერდენის ჰერცოგინია, ასევე ჰესენ-კასელის ლანდგრაფინია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ულრიკა ელეონორა დაიბადა 1688 წლის 26 ივნისს სტოკჰოლმში. იგი იყო შვედეთის მეფე კარლ XI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ულრიკა ელეონორა დანიელის (ვის პატივსაცემადაც დაერქვა სახელი) მეშვიდე და ნაბოლარა შვილი. 1693 წელს დედა, ხოლო 1697 წელს ულრიკა ელეონორას მამა გარდაიცვალა. ამის გამო ტახი მისმა უფროსმა ძმამ, კარლ XII-მ დაიკავა. 1708 წელს გარდაიცვალა მისი უფროსი დაც, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია ჰედვიგ სოფია შვედი.

1713 წლიდან მოყოლებული ულრიკა ელეონორა ძმასთან ერთად ესწრებოდა სენატის შეხვედრებს, ხოლო მეფის საზღვარგარეთ, ან შეუძლოდ ყოფნის დროს ყველა საბუთს თავისი ძმის სახელით აწერდა ხელს და თავისუფლად აგვარებდა სახელმწიფო საქმეებს.

დედოფალი ულრიკა ელეონორა 1718 წელს

1714 წლის 23 იანვარს ულრიკა ელეონორა დაინიშნა გერმანელ პრინც ფრიდრიხ ფონ ჰესენ-კასელზე, რომელთა ქორწინებაც 1715 წლის 24 მარტს შედგა სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში. ამ დროს სიძე 38 წლის იყო, ხოლო პატარძალი 27-ის. აღსანიშნავია, რომ დის ამ ნაბიჯს კარლ XII არ მიესალმა და ქორწილში ასეთი რამ თქვა: „ამაღამ ჩემი და გვირგვინის ხელიდან გაშვებას ეცეკვება.“ აღასნიშნავია ისიც, რომ ფრიდრიხისთვის ეს მეორე ქორწინება იყო, რადგან მისი პირველი ცოლი, პრინცესა ლუიზა დოროთეა პრუსიელი 1705 წელს დაიღუპა უშვილოდ.

1718 წელს, კარლ XII-ის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ ტემპერამენტულმა ულრიკა ელეონორამ პირდაპირ მოსთხოვა სენატს თავისი თავის მონარქად აღიარება. იმის გამო, რომ ამ დროს შვედეთის სამეფო ოჯახის ყველა წევრი უკვე გარდაცვლილი იყო, სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი მისი დედოფლად დასმას. ზოგიერთი მინისტრი მაინც ცდილობდა ქალის მმართველობა თავიდან აეცილებინათ და ამბობდნენ, რომ შვედეთის ტახტზე არა მემკვიდრეობის, არამედ არჩევნების გზით უნდა ასულიყო, თუმცა საბოლოოდ ტახტი მაინც დაიკავა ულრიკამ. 1719 წლის 23 იანვარს, მის დაბადების დღეზე მთავრობამ იგი ოფიციალურად გამოაცხადა დედოფლად, 17 მარტს კი შედგა ულრიკა ელეონორას შვედეთის მონარქად კურთხევის ცერემონიალიც.

დედოფალ ულრიკა ელეონორას სურდა, რომ ქვეყანა თავის მეუღლესთან ერთად ემართა, მაგრამ მთავრობამ ამაზე უარი განაცხადა. ამის მიუხედავად ფრიდრიხი სულ უფრო და უფრო მეტად ერთვებოდა ქვეყნის მართვაში. როდესაც დედოფალი მიხვდა, რომ მისი მეუღლე ხალხში სათანადო ნდობით სარგებლობდა, 1720 წლის 29 თებერვალს თავისი ნებით გადადგა ტახტიდან ქმრის სასარგებლოდ, რომელმაც შვედეთის ტახტი ფრედრიკ I-ის სახელით დაიკავა. ამის შემდეგ იგი კვლავ დედოფალი იყო, თუმცა კონსორტი, რის გამოც მან მრავალი უფლება და პრივილეგია დაკარგა.

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ დედოფალი ულრიკა ელეონორა აქტიურად ჩაება საქველმოქმედო საქმიანობაში. 1731 და 1738 წლებში, როდესაც ფრედრიკი ავად იყო და როდესაც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ულრიკა ელეონორას რეგენტის წოდება მიენიჭა და ქმრის ნაცვლად მართავდა სახელმწიფოს. იგი თავისი გვარის უკანასკნელი მონარქი გახდა სამეფო ტახტზე, რადგან მიუხედავად მრავალწლიანი ქორწინებისა, ძმის მსგავსად ულრიკა ელეონორასაც არ ჰყოლია შვილი. იგი 1741 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა სტოკჰოლმში, 53 წლის ასაკში. მისი მეუღლე კიდევ ათ წელს მართავდა შვედეთს და საბოლოოდ ისიც გარდაიცვალა 1751 წლის 5 აპრილს, 74 წლის ასაკში. ამგვარ პირობებში შვედეთის ტახტს ულრიკა ელეონორას შორეული ბიძაშვილი, ადოლფ ფრედრიკი იკავებს ჰოლშტაინ-გოტორპელთა საგვარეულოდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Scheutz, Lisbet (2001). Berömda och glömda Stockholmskvinnor: sju stadsvandringar : 155 kvinnoporträtt. Stockholm: MBM förl.. Libris 8392583. ISBN 91-973725-3-6
  • Lundh-Eriksson, Nanna (Swedish): Den glömda drottningen. Karl XII:s syster. Ulrika Eleonora D.Y. och hennes tid (The Forgotten Queen. The Sister of Charles XII. The Age of Ulrika Eleonora the Younger) Affärstryckeriet, Norrtälje. (1976)
  • Lyttkens, Alice (1973). Kvinnan börjar vakna: den svenska kvinnans historia från 1700 till 1840-talet. (The awakening of Woman: The history of the Swedish woman from 1700 until the 1840s). Stockholm: Bonnier. Libris 7144053. ISBN 91-0-038549-2 (Swedish)
  • Tryggve Byström (1981). Svenska komedien 1737-1754. (Swedish Comedy 1737-1754) Borås: Centraltryckeriet AB. ISBN 91-1-813241-3 (Swedish)
  • Eva Österberg, red (1997). Jämmerdal & Fröjdesal. Kvinnor i stormaktstidens Sverige. Stockholm: Atlantis AB. ISBN 91-7486-355-X p. 318
  • Hofberg, Herman et al. (1906). Svenskt Biografiskt Handlexikon. Entry for Düben, Emerentia von. (in Swedish)
  • Nordisk familjebok. B. 30. Stockholm (1920) (in Swedish)
  • Tryggve Byström (1981). Svenska komedien 1737-1754. (Swedish Comedy 1737-1754) Borås: Centraltryckeriet AB. ISBN 91-1-813241-3 (Swedish)