კარლ XI

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ XI
შვედეთის მეფე
კორონაცია: 28 სექტემბერი, 1675
მმართ. დასაწყისი: 13 თებერვალი, 1660
მმართ. დასასრული: 5 აპრილი, 1697
წინამორბედი: კარლ X
მემკვიდრე: კარლ XII
სხვა წოდებები: ბრემენისა და ვერდენის ჰერცოგი
რეგენტი: ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელი
(1660-1672)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 ნოემბერი, 1655
დაბ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდ. თარიღი: 5 აპრილი, 1697, (41 წლის)
გარდ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
მეუღლე: ულრიკა ელეონორა დანიელი
(ქ. 1680 - გარდ. 1693)
შვილები: ჰედვიგ სოფია, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია
კარლ XII, შვედეთის მეფე
ულრიკა ელეონორა, შვედეთის დედოფალი
დინასტია: პფალც-ცვაიბრიუხენი
მამა: კარლ X, შვედეთის მეფე
დედა: ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელი
რელიგია: ლუთერანიზმი

კარლ XI (შვედ. Karl XI; დ. 24 ნოემბერი, 1655, სტოკჰოლმი, შვედეთი — გ. 5 აპრილი, 1697, სტოკჰოლმი, შვედეთი) — პფალც-ცვაიბრიუხენის დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე 1660-1697 წლებში. მეფე კარლ X გუსტავისა და დედოფალ ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელის ერთადერთი ვაჟი. მონაწილეობდა სკანდინავიურ ომში და ცდილობდა ქვეყანაში აბსოლუტიზმის დამყარებას.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლი დაიბადა 1655 წლის 24 ნოემბერს სტოკჰოლმში. იგი იყო შვედეთის მეფე კარლ X გუსტავისა და მისი ცოლის, დედოფალ ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელის ერთადერთი შვილი, რომელიც მათი შეუღლებიდან ერთ წელიწადში დაიბადა.

მეფე კარლ XI 1660 წელს ხუთი წლის ასაკში.

ვინაიდან იგი ტახტის ერთადერთი მემკვიდრე იყო, მშობლები მის განათლებასა და აღზრდაზე სერიოზულად ზრუნავდნენ, მაგრამ კარლმა მოგვიანებით დისლექსიის ნიშნები გამოავლინა. მას არ უყვარდა სწავლა, წერა-კითხვა და ა.შ. ამის გამო იგი არასოდეს კითხულობდა წიგნებს და წერიელბსაც სხვებს აწერინებდა. პრობლემის აღმოსაფხვრელად დედამისმა მას იტალიელი მწერალი ლორენცო მაგალოტი დაუქირავა, თუმცა პატარა პრინცს სწავლა ვერ შეაყვარა.

მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1660 წლის 13 თებერვალს, 37 წლის ასაკში მეფე კარლ X გუსტავი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი 5 წლის კარლ XI-მ დაიკავა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო რეგენტად დედა, დედოფალი ჰედვიგ ელეონორა დაენიშნა.

დედოფალ ჰედვიგ ელეონორას რეგენტობა არც ისე ეფექტური აღმოჩნდა. 1672 წელს კარლ XI სრულწლოვანი გახდა და დამოუკიდებლად დაიწყო ქვეყნის მართვა. ამ დროისათვის შვედეთი ერთობ რთულ მდგომარეობაში იყო. ურთიერთობები დაძაბული იყო დანია-ნორვეგიასთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და რუსეთთან, ამის აღმოსაფხვრელად კი ახალგაზრდა მეფე ენერგიულად შეუდგა მუშაობას.

სკანდინავიური ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე კარლ XI 1682 წელს

1675 წლიდან დაიწყო ე.წ. სკანდინავიური ომი. მასში ერთ მხარეს იბრძოდა შვედეთის მეფე კარლ XI და მისი მთავარი მოკავშირე, საფრანგეთის მეფე ლუი XIV, ხოლო მეორე მხარეს ბრანდენბურგის კურფიურსტი ფრიდრიხ ვილჰელმ I და დანია-ნორვეგიის მეფე კრისტიან V. ძალიან მალე ომში დანიის მხარეს ჩაება ნიდერლანდები და საღვთო რომის იმპერიაც, მაგრამ მათ რაიმე სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ.

ომის მთავარ მიზეზებს ძირითადად ბრანდენბურგ-შვედეთის სადავო მიწები წარმოადგენდა გერმანიაში, დანიას კი სურდა გოტლანდისა და სხვა მიწების დაბრუნება, რომლებიც ჩრდილოეთის ომში დაკარგა შვედეთთან.

მრავალწლიანი ომის შემდეგ კარლ XI-მ დაიპყრო თითქმის მთელი პომერანია და ვალონია, ამასთან, დანიისთვის წართმეულ მიწებზე განიმტკიცა პოზიციები. საბოლოოდ, 1679 წელს დადებული ფონტენბლოს ზავით ბრანდენბურგმა დათმო პომერანია. ამას, ისევ ლუი XIV-ის შუამავლობით მოჰყვა შვედეთ-დანიის ზავი, რომლითაც საბოლოოდ დასრულდა სკანდინავიური ომი შვედეთის გამარჯვებით. შვედეთ-დანიის მშვიდობისა და ალიანსის განსამტკიცებლად კი კარლ XI-მ ცოლად დანიის მეფე კრისტიან V-ის და შეირთო ცოლად.

ომის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთი თავის მაქსიმალურ საზღვრებში

მიუხედავად გამარჯვებისა და დიდი ტერიტორიული შენაძენისა, შვედეთის არმია და ეკონომიკა გამოფიტა ომმა. ამის გამო მეფე კარლმა მრავალი რეფორმა გაატარა: დროებით გაზარდა გადასახადები, მეუღლის მზითვით გაისტუმრა საგარეო ვალები, შემოიღო ახალი კანონები და მოახდინა ჯარის რეორგანიზაცია. ამ ყველაფრის გამო შვედეთი ნელ-ნელა ამოვიდა ვალებიდან და კვლავ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო გახდა.

აღსანიშნავია, რომ კარლ XI-ზე, როგორც მონარქზე, დიდ გავლენას ახდენდა საფრანგეთის მეფე ლუი XIV. კარლი მას ბევრ რამეში ჰბაძავდა, ჩაცმულობიდან დაწყებული სასახლის გარემონტებით დასრულებული. ამის პარალელურად, მას სურდა, რომ ლუის მსგავსად მასაც ერთპიროვნულად ემართა ქვეყანა, რის გამოც დაიწყო ახალი რეფორმების გატარება, რასაც შვედეთში აბსოლუტიზმის დამყარება უნდა მოჰყოლოდა. კარლ XI-მ თანამდებობიდან მოხსნა მრავალი მრჩეველი და მინისტრი, თუმცა ამას ქვეყანაში არეულობა მოჰყვა, რის გამოც მისი იდეა — შვედეთი აბსოლუტურ მონარქიად ექცია, ჩავარდა. 1686 წელს კარლმა შვედეთში რელიგიური რეფორმაც გაატარა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ XI-ის ცხედარი, 1697 წელი.

1694 წლიდან კარლ XI-ს ტკივილები აწუხებდა მუცლის არეში. 1696 წელს მან ექიმებს საბოლოოდ ჰკითხა, თუ რა იყო მიზეზი იმისა, რომ მისი ტკივილები პროგრესირებდა. საბოლო დიაგნოზის დასასმელად სტოკჰოლმში მთელი ევროპიდან ჩაიყვანეს ექიმები. როგორც აღმოჩნდა მეფეს აბდომინალურ ღრუში ავთვისებიანი, პროგრესირებადი სიმსივნე ჰქონდა. ექიმები მისთვის ტკივილების გაყუჩებასაც ვერ ახერხებდნენ. იგი 1697 წლის 5 აპრილს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა სტოკჰოლმში, რის შემდეგაც ტახტზე მისი ვაჟი, კარლ XII ავიდა.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ XI 1690 წელს თავის ცოლთან, დედასა და შვილებთან ერთად.

1680 წლის 6 მაისს კარლ XI-მ ცოლად შეირთო ულრიკა ელეონორა დანიელი, დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ქალიშვილი, რომელიც იყო დანია-ნორვეგიის მეფე კრისტიან V-ის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე-კონსორტ ჯორჯ დანიელის და და პოლონეთ-ლიტვა-საქსონიის მეფე ავგუსტ II-ის დეიდა. მასთან კარლს შვიდი შვილი შეეძინა:

  1. ჰედვიგ სოფია (1681-1708), ცოლად გაჰყვა ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ IV-ს, რომელთა შვილიშვილიც იყო რუსეთის იმპერატორი პეტრე III, შესაბამისად რუსეთის ყველა შემდგომი მონარქი მათი შთამომავალი იყო;
  2. კარლ XII (1682-1718), შვედეთის მეფე, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, ამიტომაც ტახტი მისმა დამ დაიკავა;
  3. გუსტავი (1683-1685), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ულრიკი (1684-1685), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ფრედერიკი (1685), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  6. კარლ გუსტავი (1686-1687), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. ულრიკა ელეონორა (1688-1741), ცოლად გაჰყვა ლანდგრაფ ფრიდრიხ ჰესენ-კასელელს, თუმცა შვილები არ ჰყოლია. ძმის გარდაცვალების შემდეგ შვედეთის ტახტზე ავიდა, თუმცა ერთ წელიწადში იგი მისმა ქმარმა ჩამოაგდო და თავად გამეფდა, ის კი უბრალო დედოფლად აქცია. მათი გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა დის შვილმა დაიკავა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Åberg, Alf: Karl XI, Wahlström & Widstrand 1958 (reprinted by ScandBook, Falun 1994, ISBN 91-46-16623-8 )
  • Granlund, Lis (2004). "Queen Hedwig Eleonora of Sweden: Dowager, Builder, and Collector". In Campbell Orr, Clarissa (ed.). Queenship in Europe 1660–1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 56–76. ISBN 0-521-81422-7.
  • Lindqvist, Herman: Historien om Sverige
  • Roberts, Michael. "Charles XI" History 50:169 (1965): 160 - 192.
  • Rystad, Göran: Karl XI / En biografi, AiT Falun AB 2001. ISBN 91-89442-27-X
  • Upton, Anthony F. Charles XI and Swedish Absolutism, 1660–1697. Cambridge University Press, 1998. ISBN 0-521-57390-4.
  • Trager, James (1979). The People's Chronology. New York: Holt, Rinehart & Winston. p. 256. ISBN 0-03-017811-8.
  • Lars O. Lagerqvist in Sverige och dess regenter under 1000 år ISBN 91-0-075007-7 p. 185