გუნილა ბიელკე
გუნილა ბიელკე | |
---|---|
შვედეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 15 თებერვალი, 1585 |
მმართ. დასასრული: | 17 ნოემბერი, 1592 |
წინამორბედი: | კატარინა იაგელონი |
მემკვიდრე: | ანა ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 ივნისი, 1568 |
გარდ. თარიღი: | 19 ივლისი, 1597, (29 წლის) |
მეუღლე: | იოჰან III, შვედეთის მეფე |
შვილები: | იოჰანი, ოსტერგოტლენდის ჰერცოგი |
მამა: | იოჰან აქსელსონ ბიელკე |
დედა: | მარგარეტა აქსელსდოტერ პოზე |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
გუნილა ბიელკე (შვედ. Gunila Bielke; დ. 25 ივნისი, 1568 — გ. 19 ივლისი, 1597) — შვედი დიდგვაროვანი. შვედეთის დედოფალი 1585-1592 წლებში როგორც მეფე იოჰან III-ის მეორე ცოლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუნილა დაიბადა 1568 წლის 25 ივნისს შვედეთში, ოსტერგოტლენდის მხარეში. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნის, იოჰან აქსელსონ ბიელკესა და მისი ცოლის, მარგარეტა აქსელსდოტერ პოზეს ქალიშვილი. გუნილა ადრეულ ასაკშივე დაობლდა ორივე მშობლით, რის გამოც იგი ნათესავებთან იზრდებოდა სამეფო კარზე.
1583 წელს გარდაიცვალა შვედეთის დედოფალი კატარინა იაგელონი, სულ ცოტა ხანში კი მეფე იოჰან III-მ მეორე ქორწინება მოისურვა. მან თავისი არჩევანი მეტად ახალგაზრდა და ლამაზ დიდგვაროვან გუნილა ბიელკეზე შეაჩერა, რომელიც დედოფლის დაღუპვისას დაახლოებით 16 წლის იყო. მეფის ძმა, პრინცი კარლი ცდილობდა მის გადარწმუნებასა და ისევ უცხოელი ცოლის შერთვას (დედოფალი კატარინაც პოლონეთის პრინცესა იყო), თუმცა ამაოდ.
პრინცი კარლის გარდა, ამ ქორწინებას კიდევ უფრო დიდი ბარიერი ეღობებოდა წინ: გუნილა უკვე დანიშნული იყო სხვა მამაკაცზე. ახალგაზრდა ქალის ოჯახს ძალიან გაუხარდა მეფის სურვილის გაგება, რის გამოც ამ მამაკაცთან ნიშნობის ჩაშლა მოისურვეს, რასაც თავად გუნილა შეეწინააღმდეგა. საბოლოოდ, დიდი ზეწოლის შედეგად გუნილამ გააუქმა თავისი პირველი ნიშნობა და მეფეს ცოლობაზე დასთანხმდა. ამას 1585 წლის 15 თებერვალს, სტოკჰოლმში მოჰყვა გუნილა ბიელკესა და იოჰან III-ის ქორწინება, რითაც იგი შვედეთის დედოფალი გახდა. პროტესტის ნიშნად, პრინცი კარლი ამ ქორწილს არ დაესწრო.
დედოფალი გუნილა ღრმადმორწმუნე ლუთერანი იყო, რის გამოც იგი მეფეს ეხმარებოდა შეემცირებინა საკუთარ თავზე კათოლიკური გავლენა, რომელიც დედოფალმა კატარინამ გააძლიერა. მიუხედავად ამისა, იგი წირვას მაინც კათოლიკურ ტაძრებში ესწრებოდა, თუმცაღა იოჰანი მთელი ცხოვრების მანძილზე ლუთერანი იყო.
1589 წლის 18 აპრილს გუნილამ თავისი პირველი და უკანასკნელი შვილი, პრინცი იოჰანი გააჩინა.
1592 წლის 17 ნოემბერს იოჰან III გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მისმა ვაჟმა, გუნილას გერმა — სიგიზმუნდ I-მა დაიკავა, რომელიც დედის მემკვიდრეობით 1587 წლიდან მოყოლებული პოლონეთისა და ლიტვის მეფეც იყო. მან დედინაცვალს საქვრივო პენსია დაუნიშნა და ბრობორგის სასახლეც აჩუქა, სადაც გაატარა გუნილამ უკანასკნელი წლები. იგი სწორედ აქ, 1597 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა, 29 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gunilla Bielke, urn:sbl:13306, Svenskt biografiskt lexikon (art av Birgitta Lager), hämtad 2013-12-25
- Karin Tegenborg Falkdalen (2010). Vasadöttrarna (utgåva 2). Falun: Historiska Media. ISBN 978-91-85873-87-6
- Bielke, Gunilla i Herman Hofberg, Svenskt biografiskt handlexikon (andra upplagan, 1906)