შინაარსზე გადასვლა

კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორპელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორპელი
შვედეთის დედოფალი
კორონაცია: 15 მარტი, 1607
მმართ. დასაწყისი: 22 მარტი, 1604
მმართ. დასასრული: 30 ოქტომბერი, 1611
წინამორბედი: ანა ავსტრიელი
მემკვიდრე: მარია ელეონორა ბრანდენბურგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 აპრილი, 1573
დაბ. ადგილი: კილი, დანია
გარდ. თარიღი: 8 დეკემბერი, 1625, (52 წლის)
გარდ. ადგილი: სტრანგნასი, შვედეთი
მეუღლე: კარლ IX, შვედეთის მეფე
შვილები: გუსტავ II, შვედეთის მეფე
მარია ელიზაბეთი, ოსტერგოტლანდის ჰერცოგინია
კარლ ფილიპი, სოდერმანლანდის ჰერცოგი
დინასტია: ოლდენბურგი
მამა: ადოლფი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დედა: კრისტინა ჰესენელი
რელიგია: ლუთერანები

კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Christina af Holsten-Gottorp, შვედ. Kristina av Holstein-Gottorp; დ. 13 აპრილი, 1573 — გ. 8 დეკემბერი, 1625) — ოლდენბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ადოლფისა და კრისტინა ჰესენელის ასული. შვედეთის დედოფალი 1604-11 წლებში როგორც კარლ IX-ის მეუღლე. შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფის დედა. შვედეთის მეფის რეგენტი 1605 და 1611 წლებში.

კრისტინა დაიბადა 1573 წლის 13 აპრილს კილში. იგი იყო დანიის მეფე ფრედერიკ I-ის შუათანა ვაჟის, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ადოლფისა და მისი მეუღლის, კრისტინა ჰესენელის შუათანა ქალიშვილი. 1586 წელს იგი შვედეთისა და პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ III-ის საცოლედ მოიაზრებოდა, თუმცა მოლაპარაკებები თავად სიგიზმუნდმა ჩაშალა, რომელმაც ცოლად ანა ავსტრიელი შეირთო. 1592 წლის 8 ივლისს, კრისტინა ცოლად შერთეს შვედეთის მეფე გუსტავ I-ის უმცროს ვაჟს, სოდერმანლანდის ჰერცოგ კარლ ვაზას. კარლი 1599 წელს შვედეთის რეგენტი, ხოლო 1604 წელს მეფე გახდა. იგი კრისტინასთან ერთად ეკურთხა უფსალას კათედრალში, 1607 წელს.

დედოფალ კრისტინას გერბი

დედოფალი კრისტინა იყო მეტად დომინანტური პიროვნება, რომელიც ეკონომიკურ საკითხებში კარგად ერკვეოდა. ამის გამო, მას ხალხი პატივსაც სცემდა და მეტიც, ზოგიერთს ეშინოდა კიდეც. იგი აღწერილია როგორც მძიმე, ჯიუტი და მტკიცე ხასიათის ქალი. მემატიანეთა გადმოცემით, მისი მეუღლე ყოველთვის უთმობდა და პატივს სცემდა მის აზრს, კრისტინა კი პირიქით. მას სამეფო კარზე მკაცრი კონტროლი ჰქონდა. მისი ქორწინება აღწერილია როგორც ბედნიერი, რადგანაც კრისტინა და კარლი ბევრ რამეში უგებდნენ ერთმანეთს. იგი კარლს თან ახლდა ფინეთსა და ესტონეთში ვიზიტისას, რომელიც 1600-1601 წლებში განხორციელდა.

მართალია დედოფალ კრისტინას დომინანტური ხასიათი ჰქონდა, თუმცა იგი თავის ტემპერამენტულ მეუღლეზე ვერ დომინირებდა, ამიტომაც მას პოლიტიკური გავლენა არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, კარლი მას არასდროს უშლიდა სახელმწიფო მართვაში ჩარევას და მეტიც, ხშირად თავადაც ეკითხებოდა პოლიტიკურ რჩევას. აღსანიშნავია, რომ სწორედ კრისტინას რჩევით დაიწყო კარლმა დანიასთან ომი. ეს დედოფალმა იმიტომ გააკეთა, რომ ჭორები დადიოდა თითქოსდა პრო-დანიურ პოლიტიკას ატარებსო. 1605 წელს, კარლის არ ყოფნისას კრისტინა შვედეთს რეგენტის სტატუსით მართავდა. 1610-12 წლებში მის ვაჟს რუსები ცარის ტახტს სთავაზობდნენ, რაც კრისტინამ არ დაუშვა, რადგან იცოდა, რომ მისი შვილის რუსეთში გამეფებისთანავე შვედეთი რუსეთს მიუერთდებოდა.

1611 წლის 30 ოქტომბერს მისი მეუღლე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი ვაჟი — გუსტავ II ადოლფი ავიდა, შვედური ოქროს ხანის შემქმნელი. თავდაპირველად ქვეყანას კვლავ კრისტინა მართავდა, როგორც რეგენტი. ამჯერად იგი რეგენტობას ოსტროგოთიის ჰერცოგთან იზიარებდა. მისი რეგენტობა მისი ვაჟის სრულწლოვანებამდე უნდა გაგრძელებულიყო, რომელიც ამავე წლის 9 დეკემბერს დასრულდა.

იგი მთელი დარჩენილი ცხოვრება შვილის მრჩევლად მუშაობდა, რის გამოც ხშირად კრისტინას ქვეყნის ნამდვილ მმართველსაც კი უწოდებდნენ. 1612 წელს მან თავისი ასული მისსავე ბიძაშვილზე დააქორწინა, რასაც კრისტინასა და ლუთერანულ ეკლესიას შორის პატარა განხეთქილება მოჰყვა. ამის საპასუხოდ დედოფალმა განაცხადა, რომ ეს წმინდა წყლის პოლიტიკური ქორწინება იყო და რომ ამ ქორწინებას არც თავად მისი ქალიშვილი მარია ელიზაბეთი არ ეწინააღმდეგებოდა.

ცნობილია, რომ მთელი 1613-15 წლები დედოფალი კრისტინა ცდილობდა თავიდან აეცილებინა მისი ვაჟის ქორწინება ადგილობრივ დიდგვაროვან ება მაგუნსდოტერზე. მართალია ება უმაღლესი არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი, მომხიბვლელი და მეტად განათლებული გოგონა იყო, მაგრამ კრისტინას სურდა თავისი ვაჟი უცხოელ პრინცესაზე დაექორწინებინა, რომელიც ყველა ამ თვისებასთან ერთად შვედეთს ალიანსს მოუტანდა.

მიუხედავად იმისა, რომ კრისტინას რეგენტობა ძალიან ხანმოკლე იყო, იგი თავისი მეორე ვაჟის, კარლ ფილიპის რეგენტი იყო 1611-22 წლებში სოდერმანლანდის საჰერცოგოში. ამ პერიოდში იგი ნიკოჰინგის სასახლეში ცხოვრობდა და ფაქტობრივად თავად მართავდა ამ თითქმის ავტონომიურ საჰერცოგოს. მისი მმართველობისას, ეს საჰერცოგო მარცვლეულისა და რკინის იარაღების უმსხვილესი მწარმოებელი გახდა მთელ სამეფოში. იგი გულმოდგინედ იცავდა საჰერცოგოს ავტონომიას, რამაც მის უფროს ვაჟთან, ანუ მეფესთან კონფლიქტი მოუტანა.

1622 წელს, კარლ ფილიპის გარდაცვალების შემდეგ კრისტინა პენსიაზე გავიდა და დარჩენილი ცხოვრება სიმშვიდეში გაატარა. კრისტინა გარდაიცვალა 1625 წლის 8 დეკემბერს, 52 წლის ასაკში.

  1. კრისტინა (1593-1594), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. გუსტავ II ადოლფი (1594-1632), შვედეთის მეფე, ცოლად შეირთო მარია ელეონორა ბრანდენბურგელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  3. მარია ელიზაბეთი (1596-1618), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ოსტერგოტლანდის ჰერცოგ ჰანსს, შვედეთის მეფე ჰანს III-ის ვაჟს;
  4. კარლ ფილიპი (1601-1622), სოდერმანლანდის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ელიზაბეთ რიბინგი;
  5. მკვდარშობილი ვაჟი (1606);
  • Kristina, svenska drottningar. 3. K., Karl IX:s andra gemål. In: John Rosén, Theodor Westrin (Hrsg.): Nordisk familjebok konversationslexikon och realencyklopedi. 1. Auflage. Band 9: Kristendomen–Lloyd. Gernandts boktryckeri, Stockholm 1885, Sp. 47 (schwedisch, runeberg.org).
  • Kristina, Carl IX:s andra gemål. In: Herman Hofberg, Frithiof Heurlin, Viktor Millqvist, Olof Rubenson (Hrsg.): Svenskt biografiskt handlexikon. 2. Auflage. Band 1: A–K. Albert Bonniers Verlag, Stockholm 1906, S. 614 (schwedisch, runeberg.org).