ანა სოფია დანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა სოფია დანიელი
საქსონიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 22 აგვისტო, 1680
მმართ. დასასრული: 12 სექტემბერი, 1691
წინამორბედი: მაგდალენა სიბილა ბრანდენბურგ-ბაიროითელი
მემკვიდრე: ელეონორა ერმენტრუდა საქსენ-აიზენახელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 სექტემბერი, 1647
გარდ. თარიღი: 1 ივლისი, 1717, (69 წლის)
მეუღლე: იოჰან გეორგ III, საქსონიის კურფიურსტი
შვილები: იოჰან გეორგ IV, საქსონიის კურფიურსტი
ავგუსტ II, პოლონეთის მეფე
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: ფრედერიკ III, დანიის მეფე
დედა: სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ანა სოფია დანიელი (დან. Anna Sophie af Danmark, გერმ. Anna Sophie von Dänemark; დ. 1 სექტემბერი, 1647 — გ. 1 ივლისი, 1717) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ასული. საქსონიის კურფიურსტ იოჰან გეორგ III-ის მეუღლე 1680-91 წლებში. საქსონიის კურფიურსტ იოჰან გეორგ IV-ისა და პოლონეთ-ლიტვის მეფე ავგუსტ II-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა სოფია დაიბადა 1647 წლის 1 სექტემბერს. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. იგი მისი მშობლების ტახტზე ასვლამდე ერთი წლით ადრე დაიბადა.

ანა სოფიას ძალიან თავშეკავებული და მარტივი ხასიათი ჰქონდა. მას სძულდა სამეფო კარის აღვირ ახსნილი და ხმაურიანი ცხოვრება, რის გამოც ხშირად ქალაქგარე რეზიდენციებში იყო. მას ძალიან უყვარდა წერა, რის გამოც იგი ხშირად წერდა წერილებსა და დღიურებს. მას მაღალი დონის განათლება ჰქონდა და გარდა დანიურისა, იგი გამართულად საუბრობდა გერმანულად, ესპანურად, ფრანგულად, იტალიურად და ლათინურად. იგი ღრმად მორწმუნე ლუთერანი იყო, რის გამოც თავისი სახსრების დიდ ნაწილს ეკლესია-მონასტრებს სწირავდა. გათხოვების შემდეგ კი მან მთელი თავისი ცხოვრება ქმარსა და შვილებს მიუძღვნა.

1666 წლის 9 ოქტომბერს, ანა სოფია დაქორწინდა საქსონიის კურფიურსტ იოჰან გეორგ III-ზე. მათ ბედნიერ ქორწინებაში მხოლოდ ორი ვაჟი დაიბადა:

  1. იოჰან გეორგ IV (1668-1694), საქსონიის კურფიურსტი, ცოლად შეირთო ელეონორა ერმენტრუდა საქსენ-აიზენახელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. ავგუსტ II (1670-1733), საქსონიის კურფიურსტი, პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი, ცოლად შეირთო კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, ვინც იგი გარდაცვალების შემდეგ ჩაანაცვლა სამივე ტახტზე;

მას შემდეგ, რაც მისი ქმარი გარდაიცვალა, ტახტზე მისი ვაჟი იოჰან გეორგ IV ავიდა, რომელიც მალევე უშვილოდ აღესრულა, ამიტომაც ტახტი მისმა ძმამ ავგუსტ II-მ დაიკავა. 1697 წელს ავგუსტი პოლონეთ-ლიტვის მეფედ აირჩიეს, რის გამოც კათოლიციზმზე გადანათვლა დასჭირდა, რამაც ანა სოფია გაანადგურა. მის აზრს იზიარებდა ავგუსტის ცოლის, კრისტიანა ებერჰარდინაც, რომელიც პროტესტის მიზნით ერთხელაც კი არ ჩავიდა კათოლიკურ პოლონეთში, რომლის დედოფლადაც ითვლებოდა და ანა სოფიასთან ერთად საქსონიაში დარჩა. ანა სოფია და მისი რძალი ყველანაირად ცდილობდნენ ავგუსტ II-ის ერთადერთი ვაჟის საქსონიაში ლუთერანად აღზრდას, მაგრამ ამაოდ. იგი პოლონეთში გადაიყვანეს, კათოლიკედ მონათლეს და კათოლიკე ქალზე დააქორწინეს. ამის გამო, 1712 წელს ანა სოფიამ სამუდამოდ დატოვა საქსონია, სადაც მისი ვაჟი კათოლიკობის გავრცელებას ცდილობდა.

უკანასკნელი წლები მან თავის ასევე დაქვრივებულ დასთან, ვილჰელმინა ერნესტინასთან ერთად გაატარა პფალცის სამეფო კარზე. მათგან ოდნავ მოშორებით ცხოვრობდა კრისტიანა ებერჰარდინაც. ანა სოფია დანიელი გარდაიცვალა 1717 წლის 1 ივლისს, დევნილობაში, 69 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hans-Joachim Böttcher: Johann Georg IV. von Sachsen und Magdalena Sibylla von Neitschütz. Dresdner Buchverlag, Dresden 2014, ISBN 978-3-941757-43-1, S. 11 - 12 u. a.
  • Hans-Joachim Böttcher: Christiane Eberhardine Prinzessin von Brandenburg-Bayreuth, Kurfürstin von Sachsen und Königin von Polen, Gemahlin August des Starken. Dresdner Buchverlag, Dresden 2011, ISBN 978-3-941757-25-7.