გაიოზ დევდარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაიოზ დევდარიანი

გაიოზ სოლომონის ძე დევდარიანი (დ. 2 ოქტომბერი, 1901, ხარაგაული, — გ. 12 ნოემბერი, 1937) — ქართველი ბოლშევიკი პოლიტიკოსი, პარტიული და სახელმწიფო მოხელე.

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტიის წევრი 1918 წლიდან. 1919 წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და თბილისში, მეტეხის ციხეში ჩასვეს. გათავისუფლების შემდეგ, 1920 წლის ივნისში შეუერთდა ბოლშევიკების მიერ გორის მაზრის ოსებში მოწყობილ ამბოხებას. 1920 წლის ივლისიდან კომკავშირულ სამუშაოზე იყო (კომკავშირის ამიერკავკასიის ბიუროს და წითელგვარდიული მთავარი შტაბის წევრი). საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ, 1921-1923 წლებში იყო ჯერ კომკავშირის თბილისის საგუბერნიო კომიტეტის, ხოლო შემდეგ საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივნად.

1923-1925 წლებში სწავლობდა მოსკოვში კომუნისტურ აკადემიასთან არსებულ მარქსიზმ-ლენინიზმის კურსებზე. 1930-1931 წლებში იყო საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარი. 1931 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ და სამეურნეო თანამდებობაზე. მასობრივი რეპრესიების დროს, 1937 წლის ზაფხულში, ვორონეჟის მოტომშენებელი №16 ქარხნის დირექტორად ყოფნისას, დევდარიანი დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა, რომ იყო „მემარჯვენეთა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ეწეოდა „აქტიურ კონტრ-რევოლუციურ ძირგამომთხრელ საქმიანობას“ და ამზადებდა „ტერორისტულ აქტს“ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის, ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ. დახვრიტეს იმავე წლის 12 ნოემბერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]