ნათელა ვასაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნათელა ვასაძე (დ. 1 აგვისტო, 1930) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1950 წლიდან დაკავებული იყო კომკავშირული საქმიანობით, შემდგომში კი პარტიულ სამუშაოზე იყო.

ნათელა ვასაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ალკკ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის პირველ მდივნად (1952-1954 წლებში), საქართველოს ალკკ ცკ-ის მეორე მდივნად (1960-1962 წლებში).

1962 წლიდან პარტიულ სამუშაოებზე იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის აპარატში (1962-1969), საიდანაც შემდგომში გადაიყვანეს საქართველოს პროფსაბჭოს მდივნად (1962-1972 წლებში).

1972-1985 წლებში იყო თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი.

1986-1988 წლებში იყო საქართველოს განათლების მინისტრი. 1988-1990 წლებში იყო განათლების მინისტრის პირველი მოადგილე.

1958-1961 წლებში არჩეულს იქნა მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად.

ნათელა ვასაძე იკვლევდა პედაგოგიკის თეორიასა და ქართული პედაგოგიური აზროვნების ისტორიის საკითხებს. იყო "საქართველოს პედაგოგიური აზრის ანთოლოგიის (1987; მოსკოვი; რუსულ ენაზე) სარედაქციო კოლეგიის წევრი და რედაქტორი, აგრეთვე "პედაგოგიკის ისტორიის" სახელმძღვანელოს(1988 წელი) რედაქტორი და თანაავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1977 წელი), პროფესორი (1979 წელი).

ნათელა ვასაძე ერთადერთი ქართველი ქალია, რომელიც საბჭოთა კავშირის უპირველეს საზეიმო–რიტუალურ ტრიბუნაზე, ლენინის მავზოლეუმზე იდგა, როგორც უზარმაზარი ქვეყნის ახალგაზრდული კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი და თაობის სახე.

ის არის რუსეთის განათლების აკადემია, ნამდვილი წევრი (1985-). ასევე, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა საზოგადოებრივი აკადემია, პრეზიდენტი, ნამდვილი წევრი (1995-). აღსანიშნავია, რომ იგი ასევე არის საქართველოს პედაგოგიური საზოგადოების, თავმჯდომარე (1990-).

1986 წელს ნათელა ვასაძეს ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.

1992 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ პედაგოგიკის კათედრის პროფესორია.

ნათელა ვასაძე იკვლევს პედაგოგიკურ თეორიებს და ისტორიულ საკითხებს.

1998 წლის 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დადგენილებებით ახალგაზრდობის აღზრდის, განათლებისა და პედაგოგიური მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათის საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ნათელა ვასაძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიაში 2015 წელს არჩევნების დროს, აკადემიის პრეზიდენტად არჩეული იქნა პროფესორი დავით გოცირიძე, ხოლო აკადემიის პირველი პრეზიდენტი, აკადემიკოსი ნათელა ვასაძე საპატიო პრეზიდენტად. ამ პერიოდში აკადემიაში ირიცხებოდა 114 წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]