ფრიდერიკ შოპენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოპენის დაგეროტიპული ფოტოსურათი, 1849
შოპენის ხელმოწერა

ფრიდერიკ ფრანციშეკ შოპენი (პოლ. Fryderyk Franciszek Chopin (Szopen)) (22 თებერვალი (სხვა წყაროებით — 1 მარტი) 1810, სოფელი ჟელიაზოვა–ვოლია, ვარშავის მახლობლად, პოლონეთი — 5 (17 ოქტომბერი) 1849, პარიზი, საფრანგეთი) — პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი, დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა საფრანგეთში (ფრანგ. Frédéric François Chopin). ავტორი მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებისა ფორტეპიანოსთვის.

პოლონური მუსიკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელი. 1831 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. შოპენის მუსისკისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, სხვადასხვა ხასიათის დახვეწილად გადმოცემა; მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფართო ეროვნულ–ფოლკლორული და ჟანრული კავშირებით. მან ახლებურად განმარტა სხვადასხვა ჟანრი: ააღორძინა რომანტიზმზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა, პოეტიზმი და დრამატიზმი შეიტანა ცეკვებში – მაზურკა, პოლონეზი, ვალსი; სკერცო გარდასახა დამოუკიდებელ ნაწარმოებად; გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა.

მის შემოქმედებაში აღსანიშნავია: 2 კონცერტი (1829, 1830), 3 სონატა (1828-1844), ფანტაზია (1841), 4 ბალადა (1835-1842), 4 სკერცო (1832–1842), ექსპრომტები, ნოკტიურნები, ეტიუდები და სხვა ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის.

1927 წლიდან ვარშავაში ტარდება შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი.

საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა კომპოზიტორი დასაფლავებულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე, შოპენის ანდერძით მისი გული სხეულიდან ამოკვეთეს და ჩაატანეს ვარშავის წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში.გარდაცვალების მიზეზად კი დღემდე ტუბერკულოზია დასახელებული.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოპენი, 1829 წელი.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოპენი დაიბადა პოლონეთში, ჟელიაზოვა ვოლიაში, ვარშავიდან 50 კილომეტრი დაშორებით.ეკლესიის მიხედვით ფრიდერიკ შოპენი დაიბადა 22 თებერვალს, ხოლო მშობლების მიხედვით 1 მარტს. მამამისი - მიკოლა შოპენი დაიბადა საფრანგეთში. ის ჩავიდა პოლონეთში 1787 წელს - 16 წლის ასაკში.

1810 წელს, როდესაც ფრიდერიკი იყო 7 თვის, ოჯახი საცხოვრებლად ვარშავაში გადავიდა. ფრიდერიკის მამამ ფრანგული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1817 წელს, როდესაც ფრიდერიკი 7 წლის იყო მამამისმა ამავდროულად ვარშავის ლიცეუმში მუშაობა დაიწყო. თვით ფრიდერიკი ლიცეუმში 1823-1826 წლებში სწავლობდა. თუმცა მამამისი ფრანგი იყო, ფრიდერიკმა ფრანგული კარგად არასოდეს არ იცოდა, პარიზში ყოფნის დროსაც კი.

შოპენის მთელ ოჯახს არტისტული განათლება ჰქონდა:მამამისი უკრავდა ვიოლინოსა და ფლეიტაზე, დედამისი - ფორტეპიანოზე და შვილებსც ასწავლიდა დაკვრას. იოსეფ სიკორსკი - შოპენის თანამედროვე თავის წიგნში მემუარები შოპენზე (Wspomnienie Chopina) წერდა: პატარა ფრიდერიკი აღტაცებული იყო, როდესაც დედამისი ფორტეპიანოზე უკრავდა. 6 წლის ასაკში ცდილობდა სმენით აეწყო დედამისის დაკრული. პირველ საფოტეპიანო გაკვეთილებს სწორედ დედამისისგან და უფროსი დის - ლუიზასგან იღებდა. ის პატარობიდან გადიოდა კონცერტებზე, მას "მეორე მოცარტი" უწოდეს.

1816-1821 წლებში მან დაწერა ორი პოლონეზი. პირველად ის ფიოდრ ციბულსკიმ გამოაქვეყნა.

11 წლის ასაკში მან დაუკრა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-თან, რომელიც ამ დროს ვარშავაში იმყოფებოდა. შოპენი პატარობიდანვე გამოირჩეოდა თავისი ნიჭით, არა მარტო მუსიკაში არამედ ლექსების კითხვაში და კარიკატურების ხატვაში. გადმოცემის მიხედვით შოპენი ძალიან ნიჭიერი იყო ხატვაში. სკოლაში ერთ-ერთი ნახატით მან გააოცა მასწავლებელი.

ახალგაზრდობაში იგი პოლონურმა ხალხურმა მუსიკამ გაიტაცა და თავის მუსიკაშიც კი იხმარა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოპენი სწავლობდა სახლში 13 წლამდე, შემდეგ 1823 წელს შევიდა ვარშავის ლიცეუმში , თუმცა აგრძელებდა სწავლას ჟივნისთან. 1825 წელს იგნაზ მოშელეს ნაწარმოების დაკვრის დროს მან გააოცა აუდიტორია თავისუფალი იმპროვიზაციით, და იგი დაასახელეს ”ვარშავის საუკეთესო პიანისტად”.

1826 წლის შემოდგომაზე შოპენმა დაიწყო კომპოზიტორ იოზეფ ელსნერის 3 წლიანი კურსი ვარშავის კონსერვატორიაში, რომელიც მაშინ უნივერსიტეტის ფილიალი იყო(ამიტომაც შოპენი ჩაწერილია უნივერსიტეტის სტუდენტთა ნუსხაში).სავარაუდოდ 1822 წელს შოპენს ჰქონდა პირველი კონტაქტი პოლონელ კომპოზიტორებთან. სწორედ ელსნერი იყო შოპენის მასწავლებელი 1823 წელს, ხოლო 1826 წლიდან შოპენი ოფიციალურად სწავლობდა მუსიკის თეორიას, ფიგურულ ბასებს და კომპოზიციას ელსნერთან ერთად. ზუსტად ამ წლებში ელსნერმა აღმოჩინა შოპენის ”განუმეორებელი ნიჭი” და ”მუსიკალური გენია”. ისევე როგორც ჟივნიმ,ელსნერმაც კი არ იმოქმედა , არამედ გახსნა შოპენის ტალანტი. ელსნერის ცდილობდა შეესწავლა შოპენისადმი აკადემიური წესები, და ”შოპენმა უნდა შეძლოს შექმნას კლასიკურ წესებზე დაფუძნებული საკუთარი, განუმეორებელი მუსიკა ”

მოგზაურობა და საშინაო წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოპენი, 1835

1928 წელს, მაშინ როდესაც შოპენი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, ეწვია ბერლინს თავის მეგობარ ფელიქს ჯაროკთან ერთად და ესწრებოდა ოპერებს გასპარ სპონტინის დირიჟორობით და ისეთი კომპოზიტორების კონცერტებს, როგორებიც იყვნენ კარლ ფრიდრიხ ცელტერი, ფელიქს მენდელსონი და სხვები. 1829 წელს ბერლინიდან დაბრუნების დროს იგი იყო პრინც ანტონი რაძივის, პოზენის დიდი ჰერცოგის, სტუმარი. თავად პრინციც კომპოზიტორი და ჩელისტი იყო . ანტონისა და მისი ქალიშვილისთვის შოპენმა დაწერა ნაწარმოები "შესავალი და პოლონეზა C მაჟორში ჩელოსა და პიანინოსთვის, Op. 3.

ვარშავისკენ უკან დაბრუნების დროს შოპენმა მოუსმინა ნიკოლო პაგანინის და მის ნაწარმოებებს ვიოლინოზე, რამაც შთააგონა დაეწერა "პაგანინის სუვენირი" (Souvenir de Paganini). სწორედ ეს მომენტი შეიძლება გამხდარიყო მის ცხოვრებაში გადამწყვეტი, რამაც მას ეტიუდების წერა დააწყებინა (1829-1932). 11 აგვისტოს, უნივერსიტეტში სწავლის დამთავრებიდან 3 კვირის შემდეგ, მას ჰქონდა დებიუტი ვენაში. ფრიდერიკმა დაუკრა ორი საფორტეპიანო კონცერტი და მიიღო უამრავი სასიამოვნო შეფასება. ამავდროულად რამდენიმე კომენტარი. შოპენისვე თქმით, ის იყო "ზედმეტად ფაქიზი, მათთვის, ვინც შეგუებული იყო ადგილობრივი არტისტების უფრო მეტ დინამიურობას." ვარშავაში ფრიდერიკი 1829 წლის სექტემბერში დაბრუნდა დ 1930 წლის 17 მარტს პირველად შეასრულა საფორტეფიანო კონცერტი No. 2 F მინორში, Op. 21.

შოპენი დიდ წარმატებას აღწევდა როგორც კომპოზიტორი და შემსრულებელი, რამაც მას დასავლეთ ევროპის კარი გაუღო. 1830 წლის 2 ნოემბერს ვოიჩეჰოვსკისთან ერთად იგი ავსტრიისკენ გაეშურა, საიდანაც იტალიაში გადასვლას გეგმავდა. იმავე თვეში მოგვიანებით პოლენეთში იფეთქა ე.წ. პოლონეთის აჯანყებამ, რამაც ვოიჩეჰოვსკი უკან ვარშავაში დააბრუნა, რათა ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ჩაწერილიყო. ვენაში დარჩენილ მარტოხელა შოპენს ნოსტალგია მოაწვა და მეგობარს წერილში მისწერა: "მძულს ჩემი აქ ჩამოსვლის თარიღი". 1831 წლის სექტემბერში, როდესაც ის ვენიდან პარიზში მიეგზავრებოდა, შეიტყო, რომ აჯანყება დასრულებულა. შოპენმა სიხარული ვერ დამალა და თავის პირად დღიურში შემდეგი რამ ჩაწერა: "ო ღმერთო, შენ იქ ხარ და მაინც შურს არ იძიებ".

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოპენის შემოქმედების უმეტესობა ფორტეპიანოსთვისაა დაწერილი. ის არ წერდა მუსიკას სიმფონიური ორკესტრისთვის (გამონაკლისია ორი საფორტეპიანო კონცერტი). წერდა პოლონეზებს, ნოქტიურნებს, ვალსებს, ბალადებს და სხვ.

ეჟენ დელაკრუა. ფ. შოპენის პორტრეტი
შოპენის ერთადერთი სურათი, გადაღებული 1849 წელს ლუის-აუგუსტ ბისონის მიერ

ძირითადი ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 58 მაზურკა
  • 16 პოლონეზი
  • 19 ვალსი
  • 21 ნოქტიურნი
  • 26 პრელუდია (24 პრელუდიის ციკლი და ცალკე 2 პრელუდია)
  • 27 ეტიუდი
  • 4 ექსპრომტი
  • დასაძინებელი
  • ბარკაროლა
  • 3 სონატა ფორტეპიანოსათვის
  • 4 ბალადა
  • 4 სკერცო
  • ფანტაზია ფა მინორი
  • 2 კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის
  • სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
  • 17 სიმღერა ხმისა და ფორტეპიანოსათვის

გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოპენი თითქმის ყველა პიანისტის რეპერტუარშია (მათ შორის ქართველებიც - თენგიზ ამირეჯიბი). 1927 წლიდან ვარშავაში იმართება შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]