პოლტავის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოლტავის ბრძოლა — გენერალური ბრძოლა 27 ივნისს (8 ივლისი) რუსეთისა და შვედეთის ჯარებს შორის 1700-1721 წლების ჩრდილოეთის ომის დროს. 1709 წლის აპრილს შვედეთის ჯარებმა კარლ XII სარდლობით ალყა შემოარტყეს პოლტავას. ქალაქის მცირერიცხოვანმა გარნიზონმა წარმატებით მოიგერია რამდენიმე იერიში. მაისის ბოლოს პოლტავის რაიონში მივიდა რუსეთის არმიის ძირითადი ძალები პეტრე I-ის სარდლობით. 16 (27) ივნისს სამხედრო საბჭომ გადაწყვიტა გაემართა გენერალური ბრძოლა.

25 ივნისს (6 ივლისი) რუსეთის არმია (42 ათასი კაცი, 72 ქვემეხი) გამაგრდა პოლტავის ჩრდილოეთით 5 კმ-ზე. 26 ივნისს (7 ივლისი) შექმნა მოწინავე პოზიციები. კარლ XII-მ გადაწყვიტა იერიში მიეტანა რუსეთის ჯარზე. მისი ვარაუდით, რუსეთის ჯარის დამარცხება წააქეზებდა თურქეთს დაეწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ. იერიშისათვის გამოყვეს 20 ათასი კაცი და 4 ქვემეხი. 17 (28) ივნისს კარლ XII დაიჭრა და სარდლობა ფელდმარშალ კ. რენშილდს გადასცა. 27 ივნისს (8 ივლისი) ღამის 2 სთ-ზე შვედეთის ჯარმა შეუტია რუსების რედუტებს. რედუტების ძირითადი განივი ხაზის ფრთებიდან შემოვლის ცდა უშედეგოდ დამთავრდა, შვედეთის ჯარის მარჯვენა ფრთის ნაწილი განადგურდა. შვედებმა ვერც რედუტების ხაზის ფრონტალური გარღვევა შეძლეს. 9 სთ-ზე დაიწყო ხელჩართული ბრძოლა. ამავე დროს რუსების ცხენოსანთა ნაწილები ფლანგებიდან უტევდნენ მოწინააღმდეგეს. უკვე 11 სთზე შვედებმა დაიწყეს უწესრიგოდ უკან დახევა. შვედეთის არმიის ნარჩენები პერევოლოჩნისთან ტყვედ ჩაბარდნენ რუსეთის ჯარს. პოლტავის ბრძოლის შედეგად შვედეთის სამხედრო ძლიერება ძირფესვიანად შეირყა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]