სვეტიცხოველი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვეტიცხოველი
Svetitskhoveli Cathedral, Mtskheta, Georgia P. Liparteliani.jpg

სვეტიცხოველი მდებარეობა საქართველო

Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°50′33″ ჩ. გ. 44°43′15″ ა. გ. / 41.84250° ჩ. გ. 44.72083° ა. გ. / 41.84250; 44.72083
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
რაიონი მცხეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ქ. მცხეთა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) არსუკისძე
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება XI ს.
დეტალები
Svetitskhoveli.svg

ტაძრის გეგმა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი — XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ. დაშორებით, ქ. მცხეთაში. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.

ისტორია[რედაქტირება]

სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ — მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.

არქიტექტურა[რედაქტირება]

სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ფასადი[რედაქტირება]

ტაძრის ინტერიერი (ფრაგმენტი)
სვეტიცხოველი. III საუკუნის 20-იან წლებში მირონმდინარე ხის სვეტს გარშემო საბურველი აუშენა მეფე მირიანმა.

ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა, აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლიქრომული ეფექტიც. ძირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით.

გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით - ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი აქეთ-იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია.

მოხატულობა[რედაქტირება]

მცხეთის ისტორიული ძეგლები: სვეტიცხოველი, სამთავრო, ჯვარი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

DSC 0250a.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 41°50′31″ ჩ. გ. 44°43′16″ ა. გ. / 41.84194° ჩ. გ. 44.72111° ა. გ. / 41.84194; 44.72111
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 708
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 708
რუს.ინგლ.ფრ.

XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია: ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით - სცენა სახარებიდან: ქრისტე და სამარიტელი ქალი, შუა ნავის სამხრეთ-დასავლეთ თაღზე -მცენარეული ორნამენტი და სამხრეთი ნავის კამარაში - გაურკვეველი სცენის ნაშთები. დანარჩენი მხატვრობა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბლებზე შემდგარი ორი ქერუბიმი. ბემის კამარაში თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ოთხი ანგელოზი, კედლებზე კი ორი მთავარანგელოზი. ახლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII საუკუნეებისაც იყოს. განახლებულია XIX საუკუნეში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით, საკუთრივ "სვეტის" (კოშკისებური ნაგებობის) XVII საუკუნის მიწურულს მხატვრობა, რომელშიც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული (მოხატვის ხელმძღვანელი მხატვარი გრიგოლ გულჯავარასაშვილი, მოთავე - ნიკოლოზ კათოლიკოსი). გარედანაც ბევრი რამ არის შეცვლილი: გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რომელიც მწვანე ქვით არის მოპირქეთებული) XV საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება (რესტავრირებულია ალექსანდრე I, დიდის მიერ თემურლენგის შემოსევათა დროს ტაძრის ძლიერი დაზიანების შემდეგ), ზოგი რელიეფური გამოსახულება გადაადგილებულია, არის XVII საუკუნის ჩანართებიც, მაგრამ ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები.

ტაძრის საძვალე[რედაქტირება]

არქეოლოგიური მასალებით დასტურდება რომ განსასვენებელი სვეტიცხოვლის ადგილას ჯერ კიდევ პირველი ეკლესიის აგებამდე არსებობდა. უცნობია იმ პირთა ვინაობა თუ ვინ იკრძალებოდა IV საუკუნემდე, თუ არ ჩავთვლით ებრაელ სიდონიას ვინც უფლის კვართი გულში ჩაიკრა და უმალ გარდაცვლილი დაასაფლავეს კვართის სვეტის ადგილას.

პირველი ვინც სვეტიცხოვლის ტაძარში დაასაფლავეს იყო ვახტანგ გორგასალი.

ვიკიციტატა
„მოკუდა ვახტანგ და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოსოს და ეკლესიასა შინა, სუეტსა თანა, რომელსა შინა არს ღმრთივ აღმართებულისა სუეტისაგან დაპყრობა... და საფლლავსა მისსა ზედა წერილ არს ხატი მისი სწორ ასაკისა მისისა, აწ რომელ არს აბჯარი და სამოსელი მისნი მისგან უფრო საცნაური არს.“

დღესდღეობით ვახტანგ გორგასალის თავდაპირველი საფლავის ქვა შემორჩენილი არ არის.

ისტორიული წყაროების მიხედვით სვეტიცხოვეში ვახტანგ გორგასალის შემდეგ დაკრძალეს ევსტათი მცხეთელი.

ვიკიციტატა
„ვითხოვ შენ სახიერისაგან, რათა არა დაეტეოს გუამი ჩემი აქა ტფილისს შინა, არამედ რათა დაემარხოს იგი მცხეთას, წმინდასა, სადა იგი გამომიჩნდი... დაჰმარხა იგი დიდითა დიდებითა და პატივითა წმიდასა ეკლესიასა მცხეთისასა.“

არაფერია ცნობილი წერილობით წყაროებში VI-XI საუკუნეებში დასაფლავებულთა შესახებ. როგორც ცნობილია 1010-1029 წლებში ვახტანგისეული სვეტიცხოვლის სამნავიანი ბაზილიკა განახლდა და გადაკეთდა კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ I-ის ინიციატივით. სწორედ მელქისედეკ I იყო პირველი ვინც დაასაფლავეს ახლადაშენებულ სვეტიცხოველში. ე.წ. "მელქისედეკის ანდერძის" მიხედვით, რომელიც 1896 წელს გამოქვეყნდა თ. ჟორდანიას მიერ.

ვიკიციტატა
„სამხრით, სადიაკვანოსა წმიდათა მოწამეთა სამარტვილოსა შიგან, შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი.“

1049 წელს მელქისედეკის შემდეგ მის მიერვე მიშენებულ სამხრეთ ეკვდერში იკრძალება საქართველოს შემდეგი კათოლიკოს-პატრიარქი იოანე V ოქროპირი.

XII საუკუნიდან ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, საერო პირთაგან ერთერთი პირველი სვეტიცხოველში დაკრძალული ჩანს დემნა უფლისწული, დავით V-ის ვაჟი და გიორგი III-ის ძმისშვილი.

ვიკიციტატა
„მოკუდა და მცხეთას დამარხეს.“

XIII საუკუნიდან სვეიცხოველი ხდება ბაგრატოვანთა საძვალედ.

1248 წელს სვეტიცხოველში დაუკრძალიათ ულუ დავითის პირველი მეუღლე დედოფალი ჯიგდა-ხათუნი.

ვიკიციტატა
„გარდაიცვალა დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და წარიყვანეს სამარხოსა დედოფალთასა მცხეთას და დაკრძალეს.“

1271 წელს სვეტიცხოველში დაიკრძალა ლაშა-გიორგის ძე ულუ დავითი.

ვიკიციტატა
„და დაუტევა გლოვა და მწუხარება დიდი ყოველთა ქართველთა ზედა იგლოვეს, ყოველთა დიდად და გუამი დავით მეფისა წარიღეს და დამარხეს სამარხოსა მეფეთასა მცხეთას.“

მელქისედეკ კათალიკოსის სასახლე[რედაქტირება]

მელქისედეკ კათალიკოსის სასახლის ნაშთები

სასახლე დგას ტაძრის ეზოში, გალავნის სამხრეთით. თარიღდება XI საუკუნით. 1963-1964 წლებში ამ მონაკვეთზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები(ხელმძღვანელი ა. კალანდაძე). გადაითხარა 1500 მ2-ზე მეტი ფართობი რომლის დროსაც გამოვლინდა სხვადასხვა დროის ნაგებობათა ნაშთები, რამდენიმე მარანი და სხვა. განათხარი ინახება მცხეთის მუზეუმში. ძირითადი ნაგებობა მელქისედეკისეული სასახლეა (38,5 მ; X 18,5 მ). საძირკველზე ორსაფეხურიანი ცოკოლი და ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით ნაშენი კედელია ამოყვანილი (სისქე 0,8 მ-მდე). დუღაბად კირის ხსნარია გამოყენებული. ნაგებობის კედლებზე, როგორც ფასადებზე, ისე შიგნით 3,4-3,5 მ. მანძილზე პილასტრებია. სასახლეს კარი (სიგანე 3,5 მ) ჩრდილოეთ მხარეს აქვს. აქვე აღმოჩნდა თლილი ქვის იატაკის ნაშთი. დადგინდა, რომ სასახლე დაშენებულია უფრო ძველ კულტურულ ფენაზე — საძირკვლის ქვეშ (0,6 მ სიღრმეზე) გამოვლინდა რიყი ქვითა და ტალახის ხსნარით ნაგები კედელი და IX საუკუნის კერამიკული მასალა. მელქისედეკის სასახლე რამდენიმეჯერ გადაუკეთებიათ. პირველად XIV-ე საუკუნეში, როცა მისთვის მოუშლიათ ორსაფეხურიანი ცოკოლი, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებისათვის გარედან, ყოველი 6-7 მ-ის მოშორებით, მიუშენებიათ კონტრფორსები (1.5-2 მ). სამხრეთ კედელს 5 კონტრფორსი აქვს. ზოგან კონტრფორსები ფარავენ ადრინდელ პილასტრებს. შემდეგ სასახლისთვის აღმოსავლეთიდან მიუდგამთ მინაშენი, რომლის აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია პილასტრი, ხოლო სამხრეთ კედელში ბუხარია დატანებული. მესამეჯერ XVII საუკუნეში დანგრეული სასახლე და მინაშენი სვეტიცხოვლის ტაძართან ერთად შეუკეთებიათ როსტომ მეფესა და მარიამ დედოფალს. შემდგომ პერიოდში სასახლე მთლიანად დანგრეულა.

ანტონ II კათალიკოსის სასახლე[რედაქტირება]

ანტონ II კათალიკოსის სასახლე

სასახლე დგას ტაძრის-ეზოში, გალავნის სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში. შენობა ორსართულიანი ქვითკირის ნაგებობაა. აგებულია XVIII საუკუნის დასასრულს. ზედა სართულზე ხუთი ოთახია. გადაკეთებულია და შეცვლილი აქვს პირვანდელი სახე.

კარიბჭე[რედაქტირება]

სვეტიცხოვლის გალავნის სამხრეთის კარიბჭე

კარიბჭე გალავნის დასავლეთი მხარის ცენტრალურ ნაწილშია. აგებულია 1029 წ., ტაძრის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, კათალიკოს მელქისედეკის ბრძანებით. კარიბჭე ორსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილი თანაბარი კვადრებით. მის პირველ სართულზე, ფართო შეისრულთაღიანი გასასვლელისორივე მხარეს მოთავსებულია ოტახები (თითოეული 22 კვ.მ); მეორე სართულზე დარბაზია (70 კვ.მ), რომელიც დასავლეთის მხარეს სვეტებიანი თაღების სამი მალითაა გახსნილი. სმმაგი თაღი მოჩარჩოებულია პროფილირებული სარტყელით, რომელზედაც ასომთავრული წარწერაა

ვიკიციტატა
„ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული მეოხე ჩვენი ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოსი რომელმან მეორედ აღაშენა წმინდა კათოლიკე ესე სალხინებელად სულისა მათისა“

გასასვლელის ორივე მხარეს თითო ოთხწახნაგა სამმეოთხედიანი პილასტრია ფესტოებიანი კაპიტელებითა და სადად პროფილირებული ბაზისებით. ეს შვერილები სამმაგი თაღის ჩარჩოს ქვედა ხაზს ქვემოთკედელს უკავშირდება მცირე ზომის ნიჟარისებრი თაღებით (ტრომპებით). შესასვლელის თაღის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს მწვანე ქვიდან ნაკვეთი ხარის თავების სკულპტურული გამოსახულებებია (პირი. დედანი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). ოთხწახნაგა შვერილების აქეთ იქით მაღალი სამკუთხა ნიშებია.

სვეტიცხოვლის გალავნის დასავლეთის XI საუკუნის კარიბჭე

დასავლეთის კარიბჭის რესტავრაცია[რედაქტირება]

1964-1965 წლებში სვეტიცხოვლის გალავნის დასავლეთ კარიბჭეს ჩაუტარდა სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები. სამუშაოს დაწყებამდე ძეგლის მდგომარეობა ასეთი იყო: კათედრალის ქვის გალავნის დასავლეთ ნაწილში, სადაც საპარადო კარიბჭეა მოთავსებული, ქუჩის დონე კულტურელი დანაშრევებით თითქმის ორნახევარი მეტრით იყო ამაღლებული კათედრალის ეზოსთან შედარებით. სავარაუდოდ, ქუჩის დონის ამაღლება მტრების შემოსევების დროს ქალაქის დანგრევის შედეგი უნდა ყოფილიყო; იგი მცირეოდენი ცვლილებებით სვეტიცხოვლის გალავანს მთლიანად უვლიდა გარშემო: გალავნის შიგნით ნიადაგაის დონე, თითქმის ამავე ზომით, დაბალი იყო გარეთაზე, რის გამოც ყველა შესასვლელიდან (ჩრდილოეთით და სამხრეთით) სვეტიცხოვლის ეზოში კიბეები ჩადიოდა. კარიბჭის პირველ სართულში მოწყობილი შესასვლელი დახურული და ამოშენებული იყო დამატებითი კედლით, რომლის ორსავ მხარეს, 7 მეტრზე მეტი სიმაღლის კონტრფორსები იყო ამოყვანილი. ამგვარად, ჩანდა თავდაპირველი ფასადის მხოლოდ შუა ზემო ნაწილი, დაახლოებით 3 მეტრი სიმაღლის სამმალიანი ღია თაღედით, ხოლო გვერდებზე - დაახლოებით 8 მ. სიმაღლეზე, ნაწილობრივ, რიყის ქვით რესტავრირებული კედლები.

სამუშაოები 1964 წლის ივლისში დაიწყო. უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა მინაშენებისაგან ფასადის განთავისუფლება და დასახული სარესტავრაციო სამუშაოების პროექტის შედგენა, რომელიც ვახტანგ ცინცაძეს და ნიკო ჩუბინაშვილს დაევალათ.

თავდაპირველად გასუფთავდა 2 მეტრი სიმაღლისა და 7 მეტრი სიგანის მიწა. შემდგომ შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა ჯერ ერთი კონტრფორსის მოხსნა ხოლო შემდეგ კი მეორესი. გასასვლელის გახსნნის შემდეგ გამოჩნდა მასზე გადაყვანილი ჩარჩოს ქვედა პროფილირებული ნაწილი, რომელზედაც აღმშენებლის წარწერაა მოთავსებული. შესასვლელი თაღის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს მოთავსებული იყო მწვანე ქვის ხარის სკულპტურული თავები. შემორჩენილი იყო მხოლოდ ერთი ქანდაკება. გადარჩენილი სკულპტურა ძალიან წააგავს სვეტიცხოვლის აღმოსავლეთ ფასადზე არსუკიძის მიერ გამოყენებულ ხარის თავებს.[1]

გალავანი[რედაქტირება]

სვეტიცხოვლის გალავანი

სვეტიცხოვლის ტაძარს გარს აკრავს კვადრატული ფორმის გალავანი (121,6 მ; X 110,5 მ). იგი აგებულია 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით, რასაც ადასტურებს სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა:

ვიკიციტატა
„ბრძანებისა მისისა უმაღლესის ირაკლი მეორისა ქართლისა და კახეთის მეფისათა შემოვლებულ იქნა და განახლებული ზღუდე წმიდისა ამით ეკლესიიისა მცხეთისა სიმაგრეების თურთ თავისით და აგრეთვე ეკლესია შიგნით და გარეთ განახლებულ დერეფანი ეკლესიისა ახლად დაწერილი და დახატული მამადმთავრობასა მისა ანტონი მეფისა ძისა მუშაკთა ზედა მდგომელთა წმიდისა ეკლესიისა ჩღპზ ივლისისს კბ.“

ამავე წარწერიდან ირკვევა, რომ სვეტიცხოველს ადრეც ჰქონია გალავანი, რომლის ფრაგმენტები ჩართულია თანამედროვე გალავნის ჩრდილოეთის კედელში. გალავნის ძველი ნაწილი ნაგებია თლილი ქვით, ადგილ ადგილ თლილი ქვაცაა გამოყენებული.ერეკლესდროინდელი ნაგებობები კი ძირითადად რიყის ქვითაა ნაშენი. ქონგურებზე და სალოდეებზე გამოყენებულია აგურიც. გალავანი ორიარუსიანია: ქვედა ნაწილი მთლიანად ყრუა, ზედას გასდევს საბრძოლო ბილიკი, კედელში განლაგებულია სათოფეები და სალოდეები. გალავანში ჩართულია ექვსი ცილინდრული და ორი ოთხკუთხა კოშკი. კოშკები ორ-სამ სართულიანია, ბოლო სართულები კი ბანს წარმოადგენს. გალავნის სამხრეთ კედელში გაჭრილია ჭიშკარი. გარდა ამისა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ერთმანეთის პირისპირ კიდევ ორი ვიწრო კარია. გალავნის დასავლეთ მხარეს კედელში ჩართულია XI საუკუნის კარიბჭე, სამრეკლო და სხვადასხვა დროს მიშენებული საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.

სქოლიო[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • ჩუბინაშვილი გ., ქართული ხუროთმოძღვრება საშუალო საუკუნეებში და მისი სამი მთავარი კათედრალი, კრ.:არილი, ტფ., 1925;
  • Гвердцители Р., Мцхета, Тб., 1962
  • ”საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა” რედკოლეგია: ვ. დოლიძე, ს. კინწურაშვილი, უ. სიდამონიძე, თბილისი 1990, ტომი 5
  • Натроев А. Мцхет и его собор Свэти-Цховели. Историко-археологическое описание. 1900
  • სვეტიცხოვლის გალავანში XI საუკუნის კარიბჭის გახსნა, ძეგლის მეგობარი, №. 1, გვ. 6-10, თბ., 1964 წელი.
  • სვეტიცხოველი როგორც განსასვენებელი, ძეგლის მეგობარი, №. 69, გვ. 25-32, თბ., 1985 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: