წილკანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წილკანი.
სოფელი
წილკანი

წილკნის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი წილკანი
კოორდინატები 41°56′59″ ჩ. გ. 44°39′29″ ა. გ. / 41.94972° ჩ. გ. 44.65806° ა. გ. / 41.94972; 44.65806
დაარსდა ბრინჯაოს ხანა
ცენტრის სიმაღლე 560 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული
მოსახლეობა 3590[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
წილკანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
წილკანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
წილკანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
წილკანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
წილკანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთის მუნიციპალიტეტი
წილკანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

წილკანისოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი ერედა). მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდინარე ნარეკვავის მარცხენა მხარეს. მცხეთიდან 10 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი წილკანი ისტორიული ძეგლია, მუხრანის ვაკეზე. სოფელი დასახლებულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან. სოფლის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. აქ იყრიდა თავს ქართლ-კახეთისა და ერწოს გზები. ერწოს გზას „წილკნის კარი“ ეწოდებოდა. VI საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა ისე წილკნელი, ერთ-ერთი 12 ასურელი მამათაგანი. ტრადიცია მას მიაწერს სარწყავი არხის - „წილკნის რუს“ მშენებლობას. მთიანეთში ქრისტიანობის გავრცელების დროს შეიქმნა წილკნის საეპისკოპოსო. მასში შედიოდა მუხრანი, ბაზალეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და ხევი. საეპისკოპოსო გვიანდელ შუა საუკუნეებშიც არ მოშლილა. VIII-IX საუკუნეებში წილკანი ხან ქართლის, ხან კახეთის შემადგენლობაშია. მის მითვისებას ცდილობდნენ მუხრანის ერისთავები ძაგანისძეები. XI საუკუნეში ერისთავის ძმამ მოდესტომ წილკნის საეპისკოპოსოს ყმა-მამული მიიტაცა. დავით აღმაშენებელმა მოტაცებული მიწები კვლავ საეპისკოპოსოს დაუბრუნა. XI საუკუნის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ წილკანთან დაამარცხა და გააქცია განძის ამირა ფადლონი.

XVII-XVIII საუკუნეებში წილკანი თურქთა, ყიზილბაშთა და განსაკუთრებით ლეკთა თარეშმა დიდად დააზარალა. 1770 წლისთვის წილკანი ქალაქად ითვლებოდა და მასში 700 კომლი ცხოვრობდა.[2]

1918 წლის 17 ივნისს წილკანში დაიწყო დუშეთის გლეხთა აჯანყება.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3590 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
1770 3500[2]
1911[3] 1252
2002 2767[4]
2014 3590

არქეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი დასახლებულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან. სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე აღმოჩენილია ადრინდელი ქრისტიანული ხანის (IV-V საუკუნეების) არქეოლოგიური ძეგლია - მიწისქვეშა აკლდამა. ის, სავარაუდოდ, წარჩინებულ საეკლესიო მოღვაწეთა განსასვენებელი იყო. აკლდამა გაითხარა 1979 წელს. მასში ესვენა სუდარაში გახვეული რვა მამაკაცი. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ქრისტიანული წესით - გულაღმა გაშოტილი, თავით დასავლეთისაკენ. გათხრისას აკლდამა გაძარცვული იყო. აკლდამის დასავლეთით გამოვლინდა ნახევარწრიულაბსიდიანი ტაძრის ნაშთი, ხოლო ჩრდილოეთით რიყის ქვით ნაგები ზღუდის ნაწილი.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წილკანში დგას წილკნის ტაძარი, რომელიც საეპისოკოსო საყდარს წარმოადგენდა. ტაძარი აშენდა IV საუკუნის დასასრულს - V საუკუნის პირველი ნახევარში და წარმოადგენდა დარბაზულ ეკლესიას. V-VI საუკუნეების მიჯნაზე ის მოაქციეს ახალი, სამნავიანი ბაზილიკის შემადგენლობაში. განვითარებულ ფეოდალურ ხანაში ორივე ნაგებობა ახალი, გუმბათოვანი ტაძრის ფარგლებში მოექცა.

ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაშენია ქვიშაქვის თლილი კვადრებით. გუმბათის ყელი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. მასზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. გუმბათში 12 სარკმელია.

ტაძრის ინტერიერისა და ფასადების ორნამენტები მეტისმეტად განსხვავებულია, რადგან ყოველი გადაკეთებისა და აღდგენის დროს ტაძარს დროის შესაფერისი ჩუქურთმებით ამკობდნენ. დღეს ტაძარზე შემორჩენილია როგორც ადრეულო ხანის, ისე განვითარებული და გვიანდელი ფეოდალური ხანის ორნამენტით მორთული ნაწილები და ცალკეული ფრაგმენტები.

მოხატულობა მხოლოდ გუმბათშია შემორჩენილი. ის XVI-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. შესრულებულია ბაცი შინდისფერი, მოწითალო, ყვითელი და ლურჯი ფერებით. გამოსახულებანი პატარა ზომისაა, ნახატი - უხეში.

ტაძარს გარს ერტყმის გალავანი, რომელიც XVIII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. ამ გალავნის გარეთ, ჩრდილოეთით და დასავლეთით, შემორჩენილია უფრო ძველი გალავნის ნაშთები. სათოფურები მხოლოდ აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლებშია შემორჩენილი. გალავნის ყოველ კუთხეში გეგმით წრიული თითო კოშკი დგას. XIX საუკუნეში სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის შესასვლელზე დააშენეს სამრეკლო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. 2.0 2.1 ჯავახიშვილი ივ., „ქალაქები, საქალაქო წეს-წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს // 1910-1920-იანი წლების ჟურნალები, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2011. — გვ. 254-269, ISBN 978-99940-28-60-3.
  3. Кавказский календарь на 1912 год
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.