წმინდა ნინო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა ნინოს ხატი
წმინდა ნინო
წმინდა ნინო

წმინდა ნინოქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი საქართველოში (დაახ. 301–332 წწ.), მოციქულთასწორი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 14 იანვარი და 19 ივნისი, ახალი სტილით - 27 იანვარი და 1 ივნისი.

სექციების სია

„წმინდა ნინოს ცხოვრება“

რედაქციები

წმ. ნინოს „ცხოვრება“ ჩვენამდე სხვადასხვა რედაქციებით არის მოღწეული. ძირითადი რედაქციებია შატბერდული (X ს.),[1] ჭელიშური (XIV ს.)[2] და სინური (X ს.).[3][4] გარდა ამისა, ნინოს ცხოვრების განსხვავებული რედაქცია არის ჩართული საისტორიო თხზულებაში – „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“ („ქართლის ცხოვრება“), სადაც თხრობა, განსხვავებით „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს რედაქციებისაგან, მესამე პირში მიმდინარეობს.

XII საუკუნის დასაწყისში არსენ ბერმა (შესაძლოა ეს იყოს არსენ იყალთოელი) შექმნა წმ, ნინოს „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია, ხოლო XIII საუკუნეში ანონიმი ავტორის მიერ შეიქმნა მისი პერიფრაზირებული ვერსია.[5]

ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, ამ რედაქციათაგან უპირატესობა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს სამ (შატბერდული, ჭელიშური, სინური) რედაქციას და „ქართლის ცხოვრებისეულ“ რედაქციას ენიჭება, ხოლო არსენ ბერის და ანონიმის რედაქციებს, უფრო მეტად, ლიტერატურათმცოდენეობითი მნიშვნელობა აქვთ.

სულ ახლახანს გამოიცა წმ, „ნინოს ცხოვრების“ ახალქართული თარგმანი (პარალელური ძველი ტექსტითურთ), რომელიც, უმთავრესად, შატბერდულ ვერსიას ეფუძნება, ხოლ ნაკლული ადგილები სინური და ჭელიშური ვერსიებიდან არის შევსებული.[6]

დაწერის დრო

წმ. ნინოს "ცხოვრების" შექმნის თარიღად ე. თაყაიშვილს, ს. კაკაბაძესა და პ. ინგორყვას VII საუკუნე მიაჩნდათ.[7][8] ნ. მარის, ივ. ჯავახიშვილისა და კ. კეკელიძის აზრით, ეს თხზულება ეროვნულ–პოლიტიკური მოტივით შექმნილი IX საუკუნის ფსევდოეპიგრაფიკული ლეგენდა არის.[9][10][11] ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მეცნიერი (რ. სირაძე, მ. ჩხარტიშვილი, ლ. პატარიძე, ვ. გოილაძე, ზ. კიკნაძე, თ. მგალობლიშვილი, ნ. ნიკოლოზიშვილი და სხვ.) იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული თხზულების ძირითადი პლასტები უძველესია და IV საუკუნეს განეკუთვნება.[12][13][14][15][16] ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამტკიცებს, რომ უკვე IV-V საუკუნეების რომაელი ისტორიკოსები , გელასი კესარიელი (შემორჩენილია გელასი კვიზიკელის შრომაში), რუფინუს აკვილელი, თეოდორიტე კვირელი, სოკრატე სქოლასტიკოსი და ერმია სოზომენე მოგვითხრობენ ქართლში (იბერია) ვინმე ტყვე–ქალის მისიონერულ მოღვაწეობაზე და დეტალურად აღწერენ მის მიერ იბერიის დედოფლის განკურნების და მოქცევის, იბერიის მეფის ნადირობისას მომხდარი სასწაულის და მოქცევის, ეკლესიის მშენებლობისას სვეტის აღმართებასთან დაკავშირებით მომხდარი სასწაულის ამბებს. რომაელი ავტორების თხზულებათა და წმ. ნინოს "ცხოვრების" დეტალური ტექსტუალური ანალიზი ცხადყოფს, რომ პირველი მეორის შემჭიდროებული, კონსპექტური ვარიანტია, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ წმ. ნინოს "ცხოვრების" გარკვეული ვერსია ქართულ ენაზე უკვე IV საუკუნეში არსებობდა.

აგებულება

წმ . ნინოს "ცხოვრებას" არ ჰყავს ერთი ავტორი. იგი სხვადასხვა ავტორთა მონათხრობის კრებულია. "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ში იგი, ავტორთა მონათხრობის მიხედვით, თავებად არის დაყოფილი. თავების ნუმერაცია სამივე რედაქციაში აღრეულია და სხვაობს (ამიტომ ქვემოთ თავების დანომრვა პირობითია და ტექსტის ნუმერაციას არ ასახავს).

პირველი ოთხი თავი თავად წმ. ნინოს მონათხრობია და ჩაწერილია სალომე უჟარმელის მიერ. ამ თავებში მოთხრობილია წმინდანის მშობლების ისტორია, ნინოს დაბადება, აღხზრდა და მცხეთაში მოსვლა.

5–დან მე–9 თავის ჩათვლით ეკუთვნის სიდონიას, მცხეთელი ებრაელი მღვდლის, აბიათარის ასულს. მათში მოთხრობილია ქართველ ებრაელთა მიერ მცხეთაში უფლის კვართის მოტანის ისტორია, წმ. ნინოს მიერ ნანა დედოფლის განკურნება და ქრისტიანობაზე მოქცევა, მირიან მეფის ნადირობა, მზის დაბნელება და მეფის სასწაულებრივი მოქცევა, სამეფო ბაღში ეკლესიის მშენებლობა და სვეტის სასწაულებრივი აღმართება, სვეტის მიერ მოხდენილი სასწაულები და კურნებები.

მე–10 თავის ავტორია აბიათარ მღვდელი, რომელიც მოგვითხრობს წმ. ნინოს მიერ მის მოქცევაზე, მცხეთელი ებრაელების გაფანტვაზე, ბარაბეანთა სახლის მონათვლაზე და რომის პატრიარქისგან "ბრანჯი" დიაკონის გამოგზავნაზე.

მე–11 თავი ეკუთვნის იაკობ მღვდელს. მასში აღწერილია წმ. ნინოს შთაგონებით, მირიანის სამეფოში ჯვრების აღმართვის შესახებ.

მე–12 და მე–13 თავები ეკუთვნის მირიან მეფეს. პირველი ("წიგნი, რომელი დაწერა მირეან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკუდილისასა") არის მისი პირადი რელიგიური განცდები და მოგონებები წმ. ნინოზე, ხოლო მეორე – ანდერძი ნანა დედოფლისადმი და უფლისწულ რევისადმი ("ანდერძი მირეან მ ეფისაჲ ძისა თჳსისა მიმართ რევისა და ცოლისა თჳსისა ნანაჲსა") წმ. ნინოს საფლავის მზრუნველობასა და კავკასიაში ქრისტიანობის განმტკიცებაზე.

გარდა ამისა, მხოლოდ შატბერდულ ვერსიაში არის ე. წ. "შენაზარდი" თავი "აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ და მერმე კულად გამოჩინებაჲ", რომელიც ტექსტში გვიან უნდა იყოს ჩართული და სინურსა და ჭელიშურ ვერსიებში გვაქვს სოჯი დედოფლის მონათვლის ამბავი, რომელიც არ არის შატბერდულში. ძნელი სათქმელია, იყო თუ არა სოჯი დედოფლის ისტორია თავიდანვე "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს ორგანული ნაწილი, მაგრამ ტექსტი აშკარად სიძველით გამოირჩევა.

ბიოგრაფია

წმინდა ნინოს შესახებ ბიოგრაფიული ცნობების ძირითადი წყარო მისივე "ცხოვრება" არის.

მშობლები

ნინოს მამა ყოფილა კაბადოკიელი ჭაბუკი, სახელად ზაბილონი (მხოლოდ შატბერდულში გვაქვს ვარიანტი "ზაბილოვნ" და არსად – "ზაბულონ") რომელიც რომის სამხედრო სამსახურში ჩამდგარა. მას დაუმარცხებია რომის მტრები, "ბრანჯები (ფრანკების არაბიზებული ფორმა), რის შემდეგაც ისინი ქრისტიანობაზე მოუქცევია. ზაბილონს განუზრახავს თავისი მონაგების გლახაკებისთვის დარიგება და იერუსალიმში გამგზავრება, სადაც დამეგობრებია იერუსალიმის პატრიარქს, იუბენალს.

იუბენალი და მისი და "სუსანა" (მხოლოდ "მეფეთა ცხოვრების", არსენ ბერის და ანონიმურ გვიანდელ ვერსიებში გვაქვს "სოსანა". უძველეს შატბერდულში, სინურში და ჭელიშურში ყველგან არის "სუსანა") წარმოშობით ქალაქ კოლასტიდან იყვნენ, სხვა ვარიანტით კოლასედან. ამ ქალაქს ს. ყაუხჩიშვილი და ი. გიპერტი კაბადოკიის ქალაქ კუძისტრასთან (ბერძნული: Κύζιστρα) აიგივებდნენ.[17][18] უფრო სარწმუნოა მეორე მოსაზრება (ფ. ფონ ლილიენფელდი, ნ. ნიკოლოზიშვილი), რომ აქ იგულისხმება ფრიგიის ქალაქი "კოლოსა" / "კოლასა" (ბერძნული: Κολοσσαί ან Κολασσαί).[16][19] იუბენალს და სუსანას კოლასა დაუტოვებიათ მას შემდეგ, რაც დაობლებულან და იერუსალიმში წასულან. წლების შემდეგ კი იუბენალი იერუსალიმის "დევტალარი" გამხდარა, შემდეგ კი პატრიარქი, ხოლო სუსანა მსახურებდა მიაფორს, სარა ბეთლემელს.

იერუსალიმში ჩასულ ზაბილონს დაუმეგობრდა პატრიარქი იუბენალი, რომელმაც სარა მიაფორის რჩევით მას თავისი და მიათხოვა ცოლად. ზაბილონი და სუსანა საცხოვრებლად კოლასაში წასულან, სადაც მათ ეყოლათ ნინო.

ადრეული წლები

ნინო თორმეტ წლამდე იზრდებოდა კოლასაში. მას დედა ზრდიდა თავის კალთაში და თან დღედაღამ, შეუსვენებლად გლახაკებს ემსახურებოდა ("აღმზარდა მე დედამან ჩემმან წიაღთა შინა თჳსთა, მსახურებასა შინა გლახაკთასა და დღე და ღამე დაუცადებელად"[20]).

თორმეტი წლის რომ გახდა ნინო, მისმა მშობლებმა გაყიდეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ და წავიდნენ იერუსალიმში. ზაბილონი პატრიარქის კურთხევით დაშორდა სუსანას, გამოემშვიდობა მხოლოდშობილ შვილს და წავიდა იორდანის გაღმა ასკეტური ცხოვრებისთვის, რის შემდეგაც იგი არავის უნახავს. სუსანა კი პატრიარქმა დააყენა გლახაკებისა და უძლური ქალების მომვლელად.

ნინო ორი წლის განამავლობაში ემსახურებოდა მიაფორს, დვინელ სომეხს, რომელიც მას უყვებოდა ქრისტეს ცხოვრების, მისი შესამოსელის, ჯვრების და სხვა სიწმიდეების შესახებ. მისგან შეიტყო ნინომ, რომ მაცხოვრის კვართი ქართველ ებრაელებს წაუღიათ მცხეთაში და მისგანვე შეიტყო ამ ქვეყნის ადგილმდებარეობის ამბავი.

სამისიონერო გზის დასაწყისი

თოთხმეტი წლის იყო ნინო, როდესაც იერუსალიმში ჩამოვიდა ვიღაც ეფესელი ქალი, რომელიც რომის სამეფო კარზე მსახურობდა. ამ ქალის სიტყვებით, რომაელებს დიდი ლტოლვა ჰქონდათ ქრისტეს რჯულისა და ნათლისღების მიმართ. ამის გამო გადაწყვიტა ნინომ, რომ წასულიყო ელენე დედოფალთან ქრისტეს რჯულის საქადაგებლად. იობენალ პატრიარქის კურთხევით ნინო გაემგზავრა იმ ქალთან ერთად და როდესაც მივიდნენ მის სახლში, იქ ნახა ვიღაც დიდებული, მეფეთა ნათესავი ქალი, სახელად რიფსიმე, რომელსაც ქრისტეს აღიარების სურვილი ჰქონდა და იერუსალიმიდან ელოდა ნათლისღებას. მაშინ ნინოს ხელქვეშ მოინათლა რიფსიმე და მისი სახლის ორმოცი სული და დარჩა მის სახლში კიდევ ორი წელი.

"საბერძნეთიდან" გაქცევა

ამ დროისთვის უკვე ქრისტე უღიარებია კონსტანტინე იმპერატორს და დედამისს, ელენეს. ამიტომაც ბუნდოვანია, თუ რატომ გამოიქცნენ რიფსიმე და მისი დედა–მძუძე გაიანე ნინოსთან და კიდევ ორმოცდაათ სულთან ერთად "საბერძნეთიდან", ანუ რომის იმპერიიდან. სწორი უნდა იყოს მოსაზრება, რომ ამ დროს ისინი იმყოფებოდნენ იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც 313–324 წლებში მართავდა ლიცინიუსი, ქრისტიანების მდევნელი. უნდა ვივარაუდოთ, რომ წმ. ქალწულები სწორედ ლიცინიუსის დევნას გამოექცნენ სომხეთში, სადაც ისინი მოვიდნენ, სავარაუდოდ 317 წლის 15 მარტს ("თთუესა პირველსა ათხუთმეტსა"; მარტის თვე რომის იმპერიაში წლის პირველ თვედ ითვლებოდა).[21] , ხოლო იწამნენ 30 მარტს თრდატ მეფის ბაღში. ქალწულთაგან მხოლოდ ნინო გადარჩა, რომელიც ვარდის ბუჩქებში დაიმალა. იქ მოესმა მას უფლის ხმა, რომელმაც უთხრა: "ხოლო შენ ადეგ და ვიდოდე აღმოსავალით, სადა–იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკნი ყოვლად–ვე არა არიან".[22]

სწორი უნდა იყოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლტოლვილ ქალწულთა მარშრუტში რომის იმპერიიდან სომხეთამდე შავ ზღვაზე გადიოდა.[16] "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს ქრონიკად წოდებულ ნაწილში ვკითხულობთ: "წარმოივლტოდა რი[ფ]სიმე ზღუად, გაჲ[ა]ნე და ნინო და სხუანი ვინმე მათ თანა გამოვიდეს არეთა სომხით[ი]სათა, საყოფელსა თრდატ მეფისასა. და იგინი იმარტჳლნეს მუნ".[23] შესაბამისად, ქალწულთა წამება უნდა მომხდარიყო იმდროინდელი სომხეთის დასავლეთ მხარეში, რომის იმპერიის საზღვრებთან ახლოს. სომხური ტრადიცია, თითქოს "რიფსიმეანთა" წამებას ვაღარშაპატში, ანუ დღევანდელ ეჩმიაწინში ჰქონოდეს ადგილი, აშკარად გვიანდელი შეთხზული უნდა იყოს, რადგან ვაღარშაპატიდან ქართლის სამეფო და კონკრეტულად, ფარავნის ტბა ჩრდილო–დასავლეთით მდებარეობს და არანაირად აღმოსავლეთით. ეს შეუსაბამობა შეუმჩნევია "მეფეთა ცხოვრების" ავტორს და "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ის სიტყვები – "ადეგ და ვიდოდე აღმოსავალით", ასე ჩაუსწორებია: "აღდეგ და ვიდოდე ჩრდილოთ–კერძო". როგორც ირკვევა, "რიფსიმეანთა" წამების ადგილი უნდა ყოფილიყო არა ვაღარშაპატი, არამედ ბასიანის ოლქში, მდ. არაქსის ზემო წელში მდებარე ქალაქი ვაღარშავანი, საიდანაც ფარავნის ტბა მართლაც აღმოსავლეთის მიმართულებით არის.[16]

ქართლში შემოსვლა, ჯავახეთი

სომხეთიდან ლტოლვილმა ნინომ დიდი გაჭირვებით გამოიზამთრა "ულოპორეთში" (ჭელიშ. და N/Sin50 "ულეპორეთი". ეს უნდა იყოს დამახინჯებული ბერძნული ύλοφόρος//ύληφόρος = ტყიანი ადგილი)[16] და ივნისის თვეში ("თთუესა მეოთხესა") გაემგზავრა ჯავახეთისკენ, რათა გაეგო თუ საით არის მცხეთა. ჯავახეთის მთებში მან მიაღწია დიდ ტბას, ფარავანს (ჭელიშ. "ფარავნაჲ"; N/Sin50 "ფანავრაჲ"), სადაც ორი დღე შეჩერდა. იქ მან მეთევზეთაგან ითხოვა თევზი საკვებად და ფიზიკურად მოძლიერდა. იქვე ნახა მან მწყემსები, რომლებიც არმაზს და ზადენს ლოცულობდნენ და მათ შესაწირავს უთქვამდნენ. დილაადრიან მისულმა ერთ მწყემსთგანს სადაურობა გამოჰკითხა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ზოგი მათგანი დაბა "ელირგნით" (N/Sin50; მფ. ცხ. "ელარბინით") იყო , ზოგი – საფურცლით და ქინჯარელნი (მფ. ცხ. "ქინძარელნი") და ზოგიც – "რაბატელნი დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ". წმ. ნინოს სიტყვებით, მან გახედა ჩრდილოეთის, ანუ ქართლის მთებს, რომლებიც ზაფხულის თვის მიუხედავად სავსე იყო სასტიკი ჰავით და თოვლით და შეძრწუნებულმა წარმოთქვა: "უფალო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან".

იმ ღამეს, წმ. ნინოს ტბის პირას ძილში გამოეცხადა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მას გადასცა დალუქული წერილი და უთხრა, რომ წასულიყო მცხეთაში და ეს წიგნი წარმართთა მეფისთვის მიერთმია. მაშინ ნინომ დაიწყო ტირილი და ვედრება, რომ უცხო ქალს, ენის არმცოდნეს, რა უნდა ეთქვა უცხო ხალხისთვის? რაზედაც მამაკაცმა გახსნა დალუქული წიგნი და წააკითხა ქალწულს. წერილში ეწერა ათი სიტყვა, ძირითადად, ციტატები სახარებიდან, რომლებიც ქალთა მოციქულებრივ უფლებებს უსვამდნენ ხაზს. მაშინღა მიხვდა ნინო, რომ ეს ჩვენება ზეციდან იყო, ითხოვა შეწევნა უფლისგან, გაჰყვა ტბიდან გარდმომდინარე მდინარეს (იგულისხმება მდინარე ფარავანი, იგივე ახალქალაქისწყალი, იგივე, ჯავახეთის მტკვარი) და გაემართა მცხეთისკენ.

გზა ურბნისამდე, ურბნისი

სანამ მდინარე დასავლეთისკენ მიემართებოდა, გზა იყო ძნელად სავალი და ფიცხელი და წმ. ნინომ ნახა დიდი გაჭირვება და შიში მხეცებისგან. როდესაც მდინარემ (აქ უკვე იგულისხმება მდ. მტკვარი) აღმოსავლეთისკენ იწყო დინება, მაშინ იგრძნო წმინდანმა შვება, იპოვა თანამგზავრები და მიაღწია ქალაქ ურბნისს.

ურბნისში ნინომ ნახა "უცხო ხალხი, უცხო ღმერთების მსახური", რომლებიც ცეცხლს, ქვებსა და ხეებს სცემდნენ თაყვანს. მივიდა იგი იუდეველთა სალოცავში ("ჰურიათა ბაგინი"), ებრაული ენის გამო და იქ დაჰყო ერთი თვე და ეცნობოდა ამ ქვეყნის წეს-ჩვეულებებს.

მისვლა მცხეთაში, კერპების მსხვრევა

წმინდა ნინოს აწ დაკარგული ბარელიეფი ოშკის ტაძრიდან, X ს. ფოტო – ნ. და მ. ტიერებისა

ერთი თვის შემდეგ იგი მცხეთისკენ გამოჰყვა ხალხს, რომელიც იქ სავაჭროდ და მათი ღმერთის, არმაზის მოსალოცად მიდიოდა. იმ დღეს მცხეთაში მოსულები გაჩერდნენ მოგვთა უბნის გამოღმა, ხიდთან და იქიდან აკვირდებოდა წმ. ნინო მცხეთელ ცეცხლისმსახურებს.

მცხეთაში მოსვლიდან მეორე დღეს ხალხი არმაზის დღესასწაულს ზეიმობდა. ეს იყო 6 აგვისტოს ("რამეთუ დღჱ იყო მმექუსეჱ თთჳსაჲ მის, ოდეს–იგი ევმანუველ თაბორს მამისა ხატი აჩუენა თავთა მათ ცხოველთა და თავთა მათ მიცვალებულთა", ანუ ფერისცვალების დღეს). ქალაქში ისმოდა სადღესასწაულო საყვირის ხმა და ურიცხვი ხალხი გამოფენილიყო ქუჩებში. უცბად ხალხმა აქეთ–იქით იწყო მიმოფანტვა და მიმალვა და გამოჩნდა ნანა დედოფალი, რომელმაც ნელა ჩაირა ქუჩა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა ხალხი სამალავებიდან და ქუჩა სამოსლებითა და მცენარეებით მოფინეს. ხალხმა დაიწყო მეფის ქება–დიდების შესხმა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა მეფე მირიანი თვალისმომჭრელი შესახედაობით. წმ. ნინო გაემართა არმაზის კერპის სანახავად. გარშემო მთები სავსე იყო ხალხითა და დროშებით. ნინომ მოასწრო არმაზციხეში შესვლა და დადგა ზღუდის ნაპრალთან და იქიდან უცქერდა თუ როგორი შიში და ძრწოლა ჰქონდა მეფეს და მთელ ხალხს იმ კერპისა. არმაზის კერპი სპილენძისგან იყო შექმნილი, მას ტანზე ოქროს ჯაჭვისპერანგი ემოსა, თავზე ოქროს ჩაფხუტი ეხურა და ფრცხილის და ბივრიტის თვლებით შემკული ოქროსავე სამხრეები ეკეთა. კერპს ხელთ ეკავა გალესილი ხმალი, რომელიც მის ხელში ისე ბრწყინავდა და ტრიალებდა, რომ თუ ვინმე შეეხებოდა თავი სასიკვდილოდ ჰქონდა განწირული. არმაზის კერპის მარჯვნივ იდგა ოქროს კერპი, რომლის სახელიც იყო გაცი, ხოლო მარცხნივ – ვერცხლის კერპი, სახელად გა. ეს ორი კერპი არიან-ქართლიდან იყო მოტანილი აზოს მიერ, ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროს.

ამ კერპმსახურების შემყურე წმინდა ნინო ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, რათა მას ეჩვენებინა სასწაული ამ ხალხისათვის და ეხსნა ისინი კერპმსახურების სიბნელისგან. და თითქოს თვალისდახამხამებაში დასავლეთიდან ამოვარდა ქარი რომელმაც სიმწრისა და სიმყრალის სუნი მოიტანა და გაისმა საზარელი ქუხილის ხმა, ცაზე საშინელების მომასწავებელი სწრაფი ღრუბლები გამჩნდნენ. მაშინ ხალხმა იწყო გაქცევა იმ ადგილიდან და მათ დრო მიეცათ, რომ თავშესაფრამდე მიეღწიათ. მოახლოებულმა ღრუბელმა მოიტანა უმსხვილესი სეტყვა მხოლოდ იმ ადგილას, სადაც კერპები იყვნენ აღმართული. სეტყვამ ისინი დალეწა, დაფქვა და დაანაწევრა, ხოლო მათი ნამსხვრევები ქარმა კლდე-ღრეში ჩაყარა.

როგორც კი დაცხრა ქარი და სეტყვა, წმ. ნინო გამოვიდა კლდის ნაპრალიდან და იპოვა ბივრიტის თვალი, რომელიც არმაზის კერპის სამხრეებს ამკობდა. მან აიღო ეს თვალი და გაემართა იმ კლდის ბოლოს, იქ სადაც ძველად ციხე მდგარა. იქვე იდგა მშვენიერი ბრინჯის ხე, მაღალი და რტომრავალი. წმინდანი მივიდა იმ ხის ქვეშ, გამოსახა იქ ჯვრის ნიშანი და ექვსი დღის განმავლობაში ლოცულობდა იმ ადგილას.

სეფექალი შროშანა და სამეფო ბაღის მცველის ოჯახი

ამ სასწაულის შემდეგ, არმაზის მთაზე ხალხი ავიდა დამსხვრეული კერპების სანახავად. მაშინ იქვე, სალოცავად განმარტოებულ წმ. ნინოსთან მივიდა სეფექალი, სახელად შროშანა, რომელმაც მოიყვანა ბერძნულად მოლაპარაკე ქალი და წმინდანს მისი ასავალ–დასავალი გამოჰკითხა. როდესაც შეიტყო მისი უცხოობის ამბავი, ცრემლები მოერია და ევედრებოდა გაჰყოლოდა სასახლეში, მაგრამ არ ისურვა და შროშანაც უკან გაბრუნდა.

ამ ამბიდან მესამე დღეს, წმ. ნინო ქალაქში, მცხეთაში ჩავიდა და მეფის ბაღისკენ გაემართა. ბაღის კართან ბაღის მცველის ერთი მცირე სახლი იყო. შიგნით რომ შევიდა ნინო, იქ დახვდა ერთი ქალი, ბაღის მცველის ცოლი ანასტოსი, რომელმაც დანახვისთანავე, როგორც ნაცნობმა და მეგობარმა, ისე ჩაიკრა, ფეხები დაბანა და ზეთი სცხო, გაუშალა ტრაპეზი, მიართვა ღვინო და აიძულებდა, რომ ეჭამა და ესვა. წმ. ნინომ ბაღის მცველის სახლში ცხრა თვე დაჰყო.

სამეფო ბაღის მცველი და მისი ცოლი უშვილოები იყვნენ, რასაც ძალიან დარდობდნენ. წმ. ნინომ სიზმრად ჩვენებით იხილა ნათლისფერი კაცი, რომელმაც ურჩია, რომ შესულიყო ბაღში და იქ ნაძვის ძირიდან მიწა აეღო და ის შეეჭმია უშვილო ცოლ-ქმრისთვის. მართლაც, ამის შემდეგ მათ მრავლად ეყოლათ ძეები და ასულები.

იმავე ხანებში, წმინდანმა, ბაღში მუხლებზე ასკეტურად მთვლემარემ, რამდენიმეჯერ ნახა სიზმრად, რომ მრავალფერადი ჩიტები მოფრინდებოდნენ, მდინარეში გაიბანებოდნენ და ბაღში რტოებს მოკენკავდნენ, მერე ნინოს ეჭიკჭიკებოდნენ და გარშემო ევლებოდნენ ჟღურტულით. ქალწულმა ეს სიზმარი მოუთხრო სიდონიას, აბიათარ მღვდლის ასულს, რომელმაც იგი ისე განუმარტა, რომ წმინდანის მიერ ეს სამეფო ბაღი ღვთის სადიდებელ ბაღად გადაიქცევა. რამდენიმე წლის შემდეგ, სწორედ იმ ადგილას, სამეფო ბაღში, აშენდა ქართლის სამეფოში პირველი ეკლესია , რომელსაც, მოგვიანებით, სვეტიცხოველი ეწოდა.

მეცნიერებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომლის თანახმადაც ბაღის მცველი ანასტოსი და აბიათარის ასული სიდონია ერთი პიროვნებაა.[16] ანასტოსი ამ ადგილის გარდა "ნინოს ცხოვრებაში" აღარ მოიხსენიება, ისევე, როგორც სეფექალი შროშანა, მაშინ როდესაც სიდონია წმ. ნინოს დაუცხრომელი თანამოღვაწეა.

მაყვლოვანში

წმ. ნინოს სამლოცველო სამთავროს ტაძრის ეზოში და მაყვლის ბუჩქი სადაც წმ. ნინო ლოცულობდა

მცხეთაში, სამეფო ბაღის მცველის სახლში 9 თვიანი ცხოვრების შემდეგ წმ. ნინო გავიდა ქალაქის ზღუდის გარეთ და დაბინავდა ერთ მაყვლის ეკალ–ბარდით შებურულ ადგილას. იქ შექმნა მან ვაზის ნასხლევისაგან ჯვრის გამოსახულება და ფარულად ლოცულობდა სამი წელი და ახდენდა მრავალ კურნებას (დღეს სწორედ იმ მაყვლოვანის ადგილას არის ზემო ეკლესიის, ანუ სამთავროს საკურთხეველი). ამ ხნის განმავლობაში, სასწაულებრივი კურნების ძალის წყალობით, წმინდანმა დაიმოწაფა შვიდი ქალი, რომელთა შორის იყო სიდონიაც, აბიათარ მღვდლის ასული.

ამასობაში, წმინდა ქალწულმა მრავალჯერ სცადა სიდონიას მეშვეობით გამოეკითხა მამამისისთვის ქრისტეს კვართის მდებარეობის ზუსტი ადგილი, რაზედაც აბიათარი ბუნდოვან პასუხს სცემდა: იქ არის იმ სამოსლის ადგილი, სადაც ხალხთა ენა არ დადუმდება ღმერთის მიმართ გალობაში და ის ადგილი არის, როგორც იაკობის ადგილი, სადაც მას კიბე ესიზმრა ზეცამდე აღწეული. მხოლოდ ის განმარტა აბიათარმა, რომ ქრისტეს კვართის დამარხვის ადგილი ლიბანიდან მოტანილი და მცხეთაში დარგული ნაძვის ახლოს იყო (ეს სამეფო ბაღის ის ადგილია, საიდანაც აღებული მიწა წმ. ნინომ ბაღის უშვილო მცველსა და მის ცოლს შეაჭამა, რის შედეგადაც მათ შვილები გაუჩნდათ. ამ ადგილას, მოგვიანებით, სვეტიცხოვლის ეკლესია აშენდა).

მხოლოდ მცხეთაში მოსვლიდან მეოთხე წელს დაიწყო ნინომ ღიად ქრისტეს რჯულის ქადაგება და სნეულთა კურნება.

ნანა დედოფლის განკურნება

მცხეთაში მოსვლიდან მეექვსე წელს (322 წ.) წმ. ნინომ სასწაულებრივად განკურნა ნანა დედოფალი უკურნებელი სენისგან. ნანა დედოფლის სასწაულებრივი განკურნებისა და ქრისტეს რჯულზე მოქცევის შესახებ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ში ძალიან მოკლედ არის ნახსენები, რაც იმას უნდა გულისხმობდეს, რომ ამ ამბის ვრცელი თხრობა დაკარგულია: „დედოფლისა ნანაჲს ზედა აჩუენა ღმერთმან პირველად ძალი მისი მიერ მაყულოვანსა მას შინა, განკურნა ლოცვითა მისითა სენისა მისგან მძიმისა, რომლისა ჴელოვნებამან კაცთამან ვერ შეუძლო განკურნებაჲ მისი“.[24]

სამაგირეოდ, იბერიის დედოფლის განკურნებისა და მოქცევის ისტორია გაცილებით ვრცლად არის მოთხრობილი IV-V საუკუნეების ბერძნულ და ლათინურენოვან ავტორებთან: გელასი კესარიელთან (შემონახული აქვს გელასი კვიზიკელს), რუფინუსთან, სოკრატე სქოლასტიკოსთან, ერმია სოზომენესთან და თეოდორიტე კვირელთან. ამ ავტორთა თანახმად, მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი თავისთან დაიბარებს მკურნალობით სახელგანთქმულ ტყვე–ქალს (ე. ი. წმ. ნინოს), რომელიც უარს იტყვის სასახლეში მისვლაზე, რის გამოც, დედოფალი თვითონ მივა მასთან (სხვა ვარიანტით მას სარეცლით მიიყვანენ). ტყვე–ქალი თავის ღარიბულ სამოსში გაახვევს თუ მასზე დააწვენს დედოფალს, მოუხმობს ქრისტეს და ილოცებს, რის შემდეგაც გამოჯანმრთელებული დედოფალი მხნედ ფეხზე წამოდგება.

იბერთა დედოფლის განკურნების ბერძნულ–რომაული ვერსიის ქართული ვარიანტი გვაქვს “მეფეთა ცხოვრებაში“. “მეფეთა ცხოვრების“ თანახმად, ნანა დედოფალს დიდი და მწარე სენი შეჰყრია, რომლის განკურნებაც ვერანაირი წამლით ვერცერთმა მკურნალმა შეძლო. ამ დროს ვიღაცამ უცნობებია დედოფლისთვის, რომ რომაელ ტყვე–ქალს, სახელად ნინოს, თავისი ლოცვით მრავალი სნეული განუკურნებია.

მაშინ დედოფალმა უბრძანა თავის მსახურებს, რომ მასთან მოეყვანათ ნინო. მივიდნენ მსახურები და ნახეს მაყვლოვანში მლოცველი წმ. ნინო, რომელსაც დედოფლის ბრძანება აუწყეს. წმინდანმა უარი თქვა სასახლეში წასვლაზე და დააბარა მსახურებს, რომ თუ მოვიდოდა დედოფალი მის სამყოფელში, მაშინ ის მას განკურნავდა ქრისტეს ძალით.

მსახურებმა ეს ამბავი მიუტანეს დედოფალს და მანაც ბრძანა საკაცით წაეყვანათ. მართლაც დედოფალი წაიყვანეს ნინოსთან მსახურებმა, რომელთაც მისი ძე, რევი და მრავალი ხალხი გაჰყვა უკან.

როდესაც მიიყვანეს დედოფალი მაყვლოვანში, დააწვინეს წმინდანის კილიკზე (უხეში ბეწვისგან დამზადებული სამოსი, რომელიც ასკეტებს ემოსათ) და დაიწყო ნინომ ლოცვა და ვედრება ღვთის მიმართ, აიღო თავისი ჯვარი, შეახო სნეულს თავზე, ფეხებზე, მხრებზე, ჯვრის სახედ და მაშინათვე განიკურნა დედოფალი და ფეხზე წამოდგა.

განკურნებულმა ნანამ ირწმუნა ქრისტე და თქვა: „არ არის სხვა ღმერთი, გარდა ქრისტესი, რომელსაც ეს ტყვე–ქალი ქადაგებს“.

იმ დღიდან გახდა დედოფალი წმ. ნინოს ახლო მეგობარი და მუდამდღე გამოჰკითხავდა ქრისტეს რჯულს და ასწავლიდნენ მას ნინო, აბიათარი და მისი ასული სიდონია. ასე გახდა დედოფალი მორწმუნე და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.

მირიან მეფესთან დიალოგი და სპარსი დიდებულის განკურნება

ნანა დედოფლის განკურნების შემდეგ, წმ. ნინომ ნანას დედის ძმა, სპარსი მთავარი, სახელად ხუარა განკურნა (ეს ამბავი ქართლის მოქცევის ბერძნულ–რომaულ ვერსიებში მოთხრობილი არ არის). წყაროებიდან ვიგებთ, რომ იგი ყოფილა მოგვი, რაც აქ შეიძლება ნიშნავდეს, როგორც ზოროასტრული რელიგიის მღვდელმსახურს, ასევე – ამ რელიგიის რიგით მიმდევარს, მაზდეანს.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მოგვითხრობს, რომ სპარსი მთავარი, ძლიერ დასნეულებულა, ბოროტი სულისგან ისე სასტიკად იგვემებოდა, რომ სიკვდილამდე იყო მისული.

მაშინ დედოფალიც და მეფეც შეეხვეწნენ წმინდა ქალწულს მის განკურნებას. მეფე მირიანი თან ნინოს სთხოვდა, რომ შეეწყვიტა რომაელთა უცხო რჯულის, ქრისტიანობის ქადაგება და პირიქით, ექადაგა ქართლის წარმართული ღმერთების არმაზის, ზადენის, გაცისა და გას სარწმუნობა და სამაგიეროდ ჰპირდებოდა სამეფო სახლთან დაახლოებასა და პატივს. ხოლო,თუ ამასთან ერთად, სპარს მთავარსაც განკურნავდა, მეფე წმინდა ნინოს გამდიდრებას, მცხეთის მოქალაქედ („მკჳდრი“) და არმაზის მსახურად გახდომას ჰპირდებოდა.

საპასუხოდ ნინომ კვლავ უქადაგა მირიან მეფეს და უწინასწარმეტყველა, რომ მოახლოვებული იყო მისი მოქცევის ჟამი. იქვე აუწყა მეფეს, რომ მის ქალაქში ინახებოდა ღმერთის ძის სამოსელი და ელიას ხალენი და რომ სულ მალე, აქ მოხდება მრავალი სასწაული, რომელსაც თვით ღმერთი აუწყებს მეფეს.

წმინდანი შეჰპირდა მეფეს სპარსი მთავრის განკურნებას ქრისტეს ძალითა და მისი ჯვრით, ისევე, როგორც ნანა დედოფალი განკურნა, რის შემდეგაც მოიქცა, საკუთარი სულის გასაბრწყინებლად და თავისი ერის ღმერთთან მისაახლოებლად.

მაშინ მოჰგვარეს ნინოს სპარსი მთავარი, რომელმაც ის ნანა დეოფალთან და სიდონიასთან ერთად წაიყვანა სამეფო ბაღში, დააყენა სასწაულებრივი ნაძვის ქვეშ, ხელები აღმოსავლეთისკენ ააპყრობინა და სამჯერ ათქმევინა: „ვიჯმნი შენგან ეშმაკო და შევუდგები ქრისტესა, ძესა ღმრთისასა“.

წმ. ნინო ერთი დღის განმავლობაში ლოცულობდა და ღმერთს თვალცრემლიანი შესთხოვდა იმ კაცის გამოჯანმრთელებას. მასთან ერთად ლოცულობდნენ ნანა დედოფალი და სიდონიაც. მაშინ გავიდა ბოტორი სული სპარსი მთავრის სხეულიდან და და დაემოწაფა ის და მთელი მისი სახლეულობა წმინდა ნინოს და ისიც ადიდებდა ღმერთს – მამას, ძესა და წმინდა სულს.

მირიან მეფის ნადირობა თხოთის მთაზე და მისი მოქცევა

323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს მირიან მეფე სანადიროდ გავიდა მუხნარის მხარეს, შემოიარა მისი სანახები და ავიდა თხოთის მთაზე, მაღლარ ტყეში, რომ გადაეხედა ასპისთვის, კასპისთვის და უფლისციხისთვის.

ზუსტად შეუადღეს მთაზე მას მზე დაუბნელდა, ჩამოღამდა და სრულმა უკუნმა მოიცვა ის არემარე. სიბნელის გამო მეფეს ყველა თანმხლები მხედარი შემოეფანტა და დარჩა მარტო და იარებოდა მთებზე და ტყე–ღრეში შეშინებული და შეძრწუნებული.

მარტოდდარჩენილი მეფე ბოლოს შეჩერდა ერთ ადგილას იმედგადაწურული, კეთილისმყოფელი ღვთის წყალობით გონს მოეგო და გულში გაიფიქრა: არმაზს და ზადენს ვცემდი თაყვანს და მათ ვერ მომიტანეს შვება, ვერ მიხსნეს ამ გასაჭირისგან; ისიც არ ვიცი მთელი ქვეყანა მოიცვა უკუნმა, თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზე, თითქოს ცოცხლად ჯოჯოხეთში ვიყო. ახლა ვახსენებ მას, ვისაც ნინო ქადაგებს, ჯვარცმულს და მის ჯვარს და თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზე იქნებ მიხსნას გასაჭირისგან.

მართლაც, მეფემ მიმართა ნინოს ღმერთს და სთხოვა, რომ გაენათებინა მისთვის ბნელი და სამაგიეროდ, პირობა დადო, რომ აღიარებდა მის სახელს, აღმართავდა ძელს (ჯვარს) და აუშენებდა მას სახლს (ეკლესიას) სალოცავად. მეფემ, ასევე, პირობა დადო, რომ იქნებოდა ნინოს მორჩილი და მიიღებდა რომაელთა რჯულს (ქრისტიანობას).

ეს თქვა თუ არა მირიანმა, იმწამსვე გათენდა და მზე გამობრწყინდა. გადმოვიდა მეფე ცხენიდან, გაიწვდინა ხელები აღმოსავლეთისკენ და ადიდა ნინოს ღმერთი, იმ ადგილას კი ქრისტეს ჯვრის აღმართვა გადაწყვიტა, რათა იდიდოს მისმა სახელმა და ეს სასწაულის ამბავი ყოველთვის მოიხსენიებოდეს.

დაიმახსოვრა მან ის ადგილი და გამოემართა მცხეთისკენ. გზადაგზა გაფანტული თავისი მხედრობაც შემოიკრიბა და მათაც ეუბნებოდა, რომ თაყვანი ეცათ ნინოს ღმერთისთვის.

სასწაულებრივად გადარჩენილი მეფის შესახვედრად მცხეთის გარეთ, ქინძარსა და ღართში გამოვიდა ნანა დედოფალი და მთელი ქალაქი, რადგან პირველად მისი დაღუპვის ამბავი გაეგოთ და მერე მისი მშვოდობით მობრუნებისა. ამის გამო მთელი ქალაქი სიხარულს მოეცვა.

ამ დროს, ნეტარი ნინო, ჩვეულებისამებრ, მაყვლოვანში მწუხრის ლოცვაზე იდგა და მასთან ერთად, მისი მოწაფეებიც, ორმოცდაათი ადამიანი.

ქალაქში შემოსული მეფე მაღალი ხმით ღაღადებდა და კითხულობდა თუ სად იყო ის უცხო ქალი, რომლის ღმერთიც მას მხსნელად მოევლინა. როგორც კი გაიგო, რომ ნინო მაყვლოვანში იყო, მაშინვე იქით გაემართა ის და მთელი მისი ლაშქარი, ჩამოქვეითდა ცხენიდან, მივიდა და ეკითხებოდა ქალწულს, თუ იყო ღირსი, რომ ლოცვაში მოეხმო მისი ღმერთი და თავისი მხსნელი. ხოლო წმინდა ნინო მას ასწავლიდა და მოუწოდა, რომ სასწრაფოდ თაყვანი ეცა აღმოსავლეთით ქრისტესთვის, ღვთის ძისთვის. მაშინ ტიროდა მთელი ხალხი, რადგან ხედავდნენ მეფეს და დედოფალს, რომელთაც სიხარულისგან და დიდი საკვირველებისგან ცრემლები სდიოდათ.

ამ ამბიდან მეორე დღესვე მირიან მეფემ ელჩები გააგზავნა „საბერძნეთში“ (რომის იმპერიაში), ხოლო ნეტარი ნინო ხალხს დღე და ღამე სარწმუნოების ჭეშმარიტ გზას ასწავლიდა.

მცხეთის სამეფო ბაღში პირველი ეკლესიის მშენებლობა, სვეტიცხოველი

რომის იმპერიიდან მღვდლების მოსვლამდე, ქრისტიანობის გზაზე გულმოდგინედ დამდგარმა მირიან მეფემ მცხეთაში ეკლესიის აშენება განიზრახა. იგი ნინოს ეკითხებოდა, თუ სად აეშენებინა ეკლესია, რაზედაც პასუხად მიიღო, რომ აეშენებინა იქ, სადაც ის მტკიცედ გადაწყვეტდა.

მეფემ ნინოს უთხრა, რომ თუმცა უყვარდა მისი მაყვლოვანი, მაგრამ მას სურდა, არ დაეზოგა სამეფო ბაღი, მასში მდგარი რტომრავალი ნაძვები და ყვავილთა სურნელება და სწორედ იქ აეშენებინა სალოცავი ტაძარი.

მალევე დაიწყეს ტაძრის მშენებლობა. მოკვეთეს ერთი ნაძვი და შეამზადეს სვეტად, ხოლო მის ძირზე ეკლესიის საფუძველი ჩაყარეს. როდესაც დადგა დრო ამ სვეტის აღმართვისა, სცადეს ხუროებმა და ვერ შეძლეს. მაშინ შეიკრიბა უამრავი ხალხი და მეფეც მათთან იყო. დაიწყეს ნაირ–ნაირი იარაღისა და ხერხის გამოყენება, მაგრამ არათუ აღმართვა, სვეტის ადგილიდან დაძვრაც კი ვერ შეძლეს.

საღამოს, ამ ამბის გამო გულდამძიმებული მეფე და ხალხი წავიდ–წამოვიდა, ხოლო ნინო და, მასთან, თორმეტი სხვა ქალი, მათ შორის სიდონიაც, დარჩნენ ადგილზევე. წმინდა ქალწული ცრემლებს ადენდა სვეტს და გოდებდა.

შუაღამე იყო მოახლოებული, როდესაც იქ დარჩენილებმა დაინახეს, რომ არმაზის და ზადენის მთები ჩამოიქცნენ, ჩამოირღვნენ და შეაჩერეს ორივე წყალი – მტკვარი და არაგვი. მტკვარმა გადმოხეთქა და ქალაქი მიჰქონდა, ხალხმა ატეხა ხმაური, მოთქმა და აქეთ–იქეთ სირბილი. ციხის (ბებრის ციხე) ზემოთ არაგვი გადმოვიდა და საშინელი გვრგვინვა ატყდა.

შეშინდნენ სიდონია და ნინოს თანმხლები სხვა ქალები და გარბოდნენ, ხოლო წმინდა ნინო ამშვიდებდა მათ: „ნუ გეშინიათ, ჩემო დებო, ის მთები იქვე დგანან და ის წყლები იქავე მიედინებიან და ხალხსაც ძინავს“. წმინდა ნინომ განუმარტა მათ, რომ ჩვენება, თითქოს მთები დაირღვნენ, ქართლში ურწმუნეობის რღვევას მოასწავებს, ხოლო წყლები რომ შეჩერდნენ, ეშმაკებისადმი შეწირულ ყრმათა სისხლის შეჩერებას ნიშნავს; მოთქმა–ვაების ხმა კი ეშმაკთა ხმებია, რომლებიც საკუთარ დამხობას გლოვობენ, რადგან განიდევნებიან ამ ადგილებიდან ქრისტეს ჯვრით. ნინოს სიტყვებით დამშვიდებული ქალები მობრუნდნენ და გააგრძელეს ღვთის მიმართ ლოცვა. მაშინვე დაცხრნენ ის ხმები და სიჩუმე ჩამოვარდა. წმ. ნინოც ლოცულობდა ზეცისკენ ხელაპყრობილი და ევედრებოდა ღმერთს, რომ არ დაებრკოლებინა სარწმუნოების საქმე.

მამლის ყივილამდე კიდევ მეორე ჩვენება იხილეს: მცხეთას ძლიერი ლაშქარი დასხმოდა თავს და ქალაქის სამივე კარი დალეწა. აივსო ქალაქი სპარსთა ლაშქრით და დაიწყეს ხალხის ისეთი ხოცვა, რომ ქალაქში სისხლი მოედინებოდა. უეცრად ხმალამოღებული ლაშქარი მლოცველებისკენ დაიძრა. ძლიერ შეშინდნენ ქალები. სიდონიას კი, რომელიც მამამისის და თავისი ნათესავების გამო ტიროდა, უცებ ხმა შემოესმა, თითქოს სპარსთა მეფე ბრძანებდა, რომ ებრაელებისთვის მოერიდებინათ მახვილი. ამის გაგონებაზე სიდონია გონებას მოეგო და შეორგულდა რწმენაში და მასთან, დანარჩენი ათი ქალიც. ამასობაში მოახლოვებული მახვილოსნები მათ გარშემო კლავდნენ და კაფავდნენ ხალხს და ისევ გაისმა ხმა, რომ მირიან მეფე შეიპყრესო. მაშინ წმ. ნინო მიუბრუნდა მათზე მიმავალ ლაშქარს მიმართა მათკენ თავისი მარჯვენა, ჯვარი გადასწერა და მაშინათვე გაუჩინარდა ის ურიცხვი ხალხი და სიმყუდროვემ დაისადგურა. ამის შემხედვარე ადიდებდნენ ქალები ღმერთს და წმინდა ნინოს შენატროდნენ.

ცისკარზე მიერულათ ქალებს, მხოლოდ სიდონია იყო მღვიძარე, ნინო კი ხელაპყრობილი ლოცულობდა. ამ დროს მოხდა სასწაული: წარმოდგა ერთი ჭაბუკი, მთლად ნათლით შემოსილი, ტანზე, ზეწრის მსგავსად, ცეცხლი ემოსა. ჭაბუკმა რაღაც სამი სიტყვა უთხრა ნინოს, ხოლო იგი პირქვე დაემხო. მიჰყო ჭაბუკმა ხელი სვეტს, აუწია თავი, აწია და წაიღო ზეცისკენ. მცირე ხნის შემდეგ ნინო და სიდონია გაშორდნენ იმ ადგილს და შორიდან იხილეს, რომ ის სვეტი ცეცხლის სახედ ჩამოვიდა ზეციდან, მიუახლოვდა თავის კვარცხლბეკს, გაჩერდა თორმეტი წყრთის სიმაღლეზე და ნელ–ნელა თავისსავე გადანაჭერზე დაეშვა. სწორედ ამ სასწაულის გამო ეწოდა ამ სვეტს „სუეტი–ცხოველი“.

რიჟრაჟზე უკვე ფეხზე იყო დარდისგან გულდამძიმებული მეფე, როდესაც გახედა თავის ბაღს და დაწყებულ ეკლესიას და იქ ზეცამდე აღწეული ელვასავით ნათელი დაინახა. მაშინვე გაიქცა მეფე და მისი ხალხი ბაღში და იქ მისულებმა იხილეს საკვირველება – ბრწყინვალე სვეტი ჩამოდიოდა და კაცის ხელის შეუხებლად, თავისით დაემყარა კვარცხლბეკზე. ამ სასწაულის გამო შიშითა და სიხარულით აივსო მცხეთა, სიხარულის ცრემლები სდიოდა მეფეს, მთავრებსა და მთელ ერს; ადიდებდნენ ღმერთსა და შენატროდნენ ნეტარ ნინოს.

სვეტიცხოვლის სასწაულები

სასწაულებრივად აღმართული სვეტი მრავალ სასწაულებს ახდენდა.

პირველად, მოვიდა ერთი ებრაელი, რომელიც დაბადებიდან ბრმა იყო, შეეხო ცხოველ სვეტს და იქვე აეხილა თვალი და მოიქცა ქრისტიანობაზე.

მეორედ, ერთი ყრმა სეფე–წული, წარმართი, რვა წლის სნეული იყო (ეს სეფე–წული N/Sin50-ში მოიხსენიება, როგოც „ამაზასპეანი“, ხოლო „მეფეთა ცხოვრება“–ში – „ამაზასპანი“). მოიყვანა ის დედამისმა, საკაცეზე დააწვინა სვეტის წინაშე წმინდა ნინოს მის განკურნებას ევედრებოდა.

მაშინ შეახო ნინომ თავისი ხელი სვეტიცხოველს, შემდეგ დაადო ყრმას და ჰკითხა: „გწამს იესო ქრისტე, ცოცხალი ღმერთი ძე, მთელი ქვეყნიერების საცხონებლად ხორცით მოსული?“. და ყრმამ უპასუხა: „დიახ, დედოფალო, მწამს იესო ქრისტე, დაბადებულთა მხსნელი“. მაშინ წმ. ნინომ უთხრა: „განიკურნე ამიერიდან და ადიდებდე მას, ვისმა ძალამაც განგკურნა“. ყრმა მაშინათვე წამოდგა, თითქოს მანამდე არაფერი სტკენოდა და ამის გამო შიში დაეცა მეფესა და მთელ ხალხს.

ამის შემდეგ, სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი მოდიოდნენ სვეტიცხოველთან და იკურნებოდნენ. ასე ხდებოდა მანამდე, სანამ მეფემ ხის საბურველი არ შექმნა სვეტის გარშემო, რის გამოც ხალხი ამ ფარდულს ეხებოდა და მაინც სწრაფად იკურნებოდნენ და ადიდებდნენ საკვირველთმოქმედ ღმერთს.

იმავ დროს, მეფემ ეკლესიის მშენებლობა განახლა, ხოლო „საბერძნეთიდან“ (რომის იმპერია) ჩამოვიდნენ ელჩები, მღვდელთ–მოძღვარი, მღვდლები და დიაკვნები და დაიწყეს ნათლისცემა.

მთავრთა შვილების ნათლობა, მთავართა სანათლოჲ

მცხეთის დასავლეთით, მოგვეთის კართან, მტკვრის პირას უშენებელ ველზე იდგა ელიოზის სახლი და იქვე იყო მცხეთელ ებრაელთა მცირე სალოცავი („ბაგინი“), რომელზედაც წმ. ნინომ ჯვარი აღმართა. მღვდლების ჩამოსვლის შემდეგ იქვე სათითაოდ ნათელსცემდა ნინო მთავართა შვილებს, იაკობ მღვდლის და პროსილა მთავარდიაკონის ხელით. ამის შემდეგ ეწოდა იმ ადგილს „მთავართა სანათლოჲ“.

მცხეთელი ებრაელები, ბარაბეანნი

იმ დღეებში, მცხეთელი ებრაელებმა შური იძიეს აბიათარ მღვდელზე იმით, რომ კილამოს ხე, რომელიც სალოცავის („ბაგინის“) კართან იდგა და მის მთელ სტოაზე გადაშლილი რტოებით იქაურობას ამშვენებდა, მოჭრეს.

დაიწყეს ებრალებმა მცხეთიდან წასვლა, გარდა ბარაბეანებისა, რომელთა სახლეულობა, ორმოცდაათი კაცი მოინათლა და გახდნენ მცხეთის მოქალაქეები („მკჳდრი“). მეფემ მათ დაბა ციხედიდი უბოძა და განადიდა თავის კარზე წმ. ნინოს მადლითა და მოძღვრებით.

მეფეთა ცხოვრების თანახმად, ბარაბეანნი სახარებიდან ცნობილი ავაზაკ ბარაბას შთამომავლები ყოფილან. იმავე წყაროს ცნობით, ისინი ქართლში კეისარ ვესპასიანეს (69–79 წწ.) დროს მოსულან.

"ბრანჯი" მთავარდიაკვნის ჩამოსვლა

იმავე ხანებში მცხეთაში ჩამოვიდა რომის პაპის („პატრიარქი“) გამოგზავნილი „ბრანჯი“ მთავარდიაკონი („ბრანჯი“ ეთნონიმ ფრანკის არაბიზებული ფორმაა) ნინოსადმი ხოტბის შესახმელად და მისი კურთხევის მოსაცემად და წმ. ნინოს დალოცვის წასაღებად. მას თან ჩამოეტანა პაპის წერილები წმ. ნინოსადმი, მირიან მეფისადმი და მთელი ქართველი ერისადმი; ასევე – „ბრანჯთა“ მეფის წერილი ნინოსადმი მოწერილი, რადგან ისინი მამამისს, ზაბილონს მოენათლა. ქართლის მოქცევის ამბავი, სვეტიცხოვლისა და მაყვლოვანის სასწაულები მოსდებოდა იერუსალიმს, რომს და კონსტანტინეპოლს და ამ ამბებს პაპის ყურამდეც მიეღწია. „ბრანჯმა“ მთავარდიაკონმა წაიღო პაპთან საპასუხო წერილები და წავიდა.

პატიოსანი ჯვრის აღმართვა, ქართლის ეკლესიის ორგანიზება

მცხეთაში ჯვრის აღმართვის ამბავი ვრცლად მოთხრობილი აქვს იაკობ მღვდელს, რომელიც ცალკე თავად შემორჩენილია „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს ყველა რედაქციაში. ასევე, ამ ამბის შესახებ მოკლე ცნობები გვაქვს „ქრონიკა“–დ წოდებულ ნაწილში, "მირიანის წიგნში" და ე. წ. „შენაზარდ“ თავში – „აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ მცხეთისაჲ“. ეს უკანასკნელი თავი შემონახულია მხოლოდ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს შატბერდულ რედაქციაში და „კლარჯულ მრავალთავში“, სადაც ის შესულია, როგორც საკითხავი „მარტჳილიისა (ანუ სულთმოფენობის) შემდგომად, დღესა ოთხშაბათსა“.

საჯვარე ხე მოიკვეთა 326 წელს, 25 მარტს, პარასკევ დღეს. "მირიანის წიგნი"-ს თანახმად მეფემ ხუროები გაგზავნა საჯვარე ხის მოსაძებნად და მათაც იპოვნეს ერთი ხე, კლდეზე განცალკევებით მდგომი, რომელსაც კაცის ხელი არ შეხებოდა. მაგრამ მონადირეებისგან სმენოდათ იმ სასწაულებრივი ხის შესახებ, რომ როდესაც ისრით დაჭრილი ირემი მიირბენდა ბორცვის ქვეშ, სადაც ის ხე იდგა და მაშინათვე შეჭამდა მისგან ჩამოცვენილ მარცვლებს, სიკვდილს გადაურჩებოდა.

იაკობ მღვდელი განაგრძობს, რომ მოკვეთილი ხე მოჰქონდა ათ ათეულ ადამიანს, თავისი რტოებითა და ფოთლებითურთ. მთელი მცხეთის მოსახლეობა გამოვიდა მის სანახავად, რადგან ზაფხული სპირზე, როდესაც ყველა სხვა ხე ხმელი იყო, ის სრულიად ფოთოლდაუცვენელი, სურნელოვანი და შესახედავად მშვენიერი იყო.

აღმართეს ხე (სვეტიცხოვლის) ეკლესიის სამხრეთ კართან და იდგა იქ ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში და არ შეცვლილა მისი სიმწვანე და არც ფოთოლი დასცვენია, თითქოს წყაროსთან მდგარი ყოფილიყოს, თავის ფესვებზე. მაისის თვის პირველ რიცხვში კი ამ ხისგან დაამზადეს ჯვრები, ხოლო შვიდ მაისს აღმართეს ეკლესიაში.

იმ ღამეს და შემდეგაც, მრავალმა მცხეთელმა იხილა, რომ ზეციდან ჩამოდიოდა ვარსკვლავით დაგვირგვინებული ცეცხლის ჯვარი, რომელიც ეკლესიას განთიადამდე ადგა თავს. გარიჟრაჟზე მისგან გამოდიოდა ორი ვარსკვლავი, ერთი მიდიოდა აღმოსავლეთით და ერთიც – დასავლეთით, ხოლო ის მთავარი ვარსკვლავი ისევე ადგა ბრწყინვალედ ეკლესიას და ნელ–ნელა გადაინაცვლებდა არაგვის მეორე მხარეს; დაადგებოდა ხოლმე კლდის ბორცვს, იმ წყაროს ახლოს, რომელიც მოგვიანებით წმინდა ნინოს ცრემლებმა აღმოაცენეს. საბოლოოდ , ეს ვარსკვლავი იქიდან კვლავ ზეცად ამაღლდებოდა ხოლმე. ეს სასწაული მრავალჯერ იხილა ხალხმა.

მაშინ რომის იმპერიიდან ჩამოსულმა სამღვდელოებამ დაიწყო წმ. ნინოს გამოკითხვა, თუ რისი ნიშანი უნდა ყოფილიყო ეს. წმინდანმა უპასუხა მათ და უთხრა მეფეს, რომ გაეგზავნა ხალხი მაღალ მთებზე აღმოსავლეთისკენ, კახეთის მთამდე, ასევე დასავლეთით, სადამდეც მისი სამეფოს საზღვარი უწევდა. ის ხალხი უნდა დაკვირვებოდა, თუ სად დაადგებოდა ბრწყინვალე ვარსკვლავიდან გამოყოფილი ორი სხვა ვარსკვლავი და სწორედ იმ ადგილებზე უნდა აღმართულიყო სასწაულებრივი ხისგან დამზადებული დანარჩენი ორი ჯვარი.

მეფე სწორედ ასეც მოიქცა. იყო პარასკევი დღე და შაბათი თენდებოდა და მოხდა იგივე სასწაული, რაც მანამდე ხდებოდა. მეორე დღეს მოვიდა დასავლეთით გაგზავნილი ხალხი, რომლებიც ქვაბთა–თავის მთაზე იდგნენ და უთხრეს მეფეს, რომ ის ვარსკვლავი დაადგა თხოთის მთებს და ჩავიდა კასპის ერგვისში, გაჩერდა ერთ ადგილას და ნელა გაუჩინარდა. ასევე, მოვიდნენ აღმოსავლეთით გაგზავნილები და თქვეს, რომ მცხეთის ეკლესიიდან გამომავალი ვარსკვლავი კუხეთის (შატბერდული რედაქციით – კახეთის) დაბა ბოდს დაადგა თავს.

მაშინ წმ. ნინომ ბრძანა, რომ წაეღოთ ორი ჯვარი და ერთი აღემართათ თხოთის მთაზე, სადაც ღმერთმა მეფეს თავისი ძალა უჩვენა. მეორე ჯვარი კი მიეცათ სალომე უჯარმელისთვის (უჟარმელი), რათა მას იგი უჯარმაში (უჟარმ,ში) აღემართა . რაც შეეხება დაბა ბოდისს, იგი არ უნდა შეცილებოდა სამეფო ქალაქს (ე. ი. უჯარმას), და წმინდა განმანათლებელი მას თავად მოინახულებდა.

მართლაც, გააკეთეს ისე, როგორც წმ. ნინომ ბრძანა, ხოლო მცხეთის პატიოსანი ჯვარი აიღეს და მიიტანეს არაგვს გაღმა, ბორცვის ქვეშ, წყაროსთან, სადაც ღამე ათიეს და ილოცეს. წმ. ნინო თავისი ცრემლით განაზავებდა იმ წყაროს და ხდებოდა კურნებები და დიდ–დიდი სასწაულები.

მეორე დილით, ყველანი ავიდნენ იმ კლდეზე, დაადო წმ. ნინომ ხელი ერთ ქვას და უთხრა იაკობ მღვდელს: „მოდი, შენ შეგფერის, დასწერე ჯვარი ამ ქვას“. იაკობმა ასეც გააკეთა და იმ ადგილას აღმართეს ის დიდებული ჯვარი. მოიდრიკა მუხლი მეფემ, მთავრებმა და მთელმა ხალხმა და თაყვანი სცეს ძლევით შემოსილ ჯვარს.

ამის შემდეგ, მთავარი ქალები არ შორდებოდნენ წმინდა (სვეტიცხოვლის) ეკლესიას და ნათლის სვეტს (სვეტიცხოველს) და მაცხოვნებელ ჯვარს, რადგან მოწმე იყვნენ იმ უამრავი სასწაულისა და ენით აღუწერელი კურნებებისა, რასაც ისინი ახდენდნენ.

ამის შემდეგ დატოვა წმ. ნინომ მცხეთა და წავიდა მთიულებისთვის სახარების საქადაგებლად და მათი კერპების შესამუსრად. ხოლო მცხეთაში დატოვა აბიათარი, ყოფილი იუდეველი მღვდელი, რომელსაც მეორე პავლეს უწოდებდნენ, რადგან არ ცხრებოდა დღედაღამე ქრისტეს ქადაგებითა და მისი დიდებით, სანამ ებრაელებმა მცხეთიდან გაქცევა არ დაიწყეს. ხოლო იმ ებრაელთა სალოცავთან (ბაგინი) დაკავშირებით, მეფეს აიძულებდა, რომ კი არ დაენგრიათ, არამედ კიდევ უფრო გაემშვენებინათ იგი, რადგან ახალი მადლის გამოჩენამდე, იქ იყო ღვთის სახლი. უჯერებდა მეფე აბიათარს სიცოცხლის ბოლომდე და იქ ელიოზის შთამომავლები იყვნენ იუდეველთა მღვდლებად.

სამისიონერო მოღვაწეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

მცხეთაში ჯვრის აღმართვის შემდგომ, წმინდა ნინომ დედაქალაქი დატოვა და მთიულებთან წავიდა, პირუტყვის მსგავს ხალხთან, ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად და მათი კერპების შესამუსრად . „ქრონიკიდან“ ვიგებთ, რომ ნინოს მთიულეთში წაუყვანია იაკობ მღვდელი და ერთი ერისთავი. თავდაპირველად, იგი გაჩერებულა წობენში, სადაც მოუწოდებია მთიულებისთვის – ჭართლელებისთვის, ფხოველებისთვის და წილკნელებისთვის და მათთვის ქრისტეს სარწმუნოება უქადაგია. მათ სცადეს თავის არიდება, მაგრამ ერისთავმა მსუბუქად მიმართა მახვილი და მათაც შიშით გადმოსცეს კერპები დასალეწად.

იქიდან წმ. ნინო ერწოსკენ გადავიდა და გაჩერდა ჟალეთში, დაბა ედემში და იქ ნათელ–სცა ერწო–თიანელებს. ყვარელებმა გაიგეს ეს და გადაიხვეწნენ თუშეთში, რომლებიც, მოგვიანებით, თრდატ მეფემ მონათლა.

ამის შემდეგ წმინდა განმანათლებელი ჩავიდა კუხეთში (კხოეთი) და შეჩერდა კაწარეთში, სადაც მონათლა კუხელები (კხოელები) და სოჯები მათი ხალხითურთ.

ბოლოს წმ. ნინო გადავიდა კახეთში, ქცელ-დაბაში. იქ მოიყვანა კახი მთავრები და მონათლა.

"მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს ქრონოლოგიის შესაბამისად დგინდება, რომ წმ. ნინოს სამისიონერო მოღვაწეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში რამდენიმე წელი (შესაძლოა 6 წელიც) გაგრძელდა.

დასნეულება და გარდაცვალება, კუხეთის დაბა ბოდი

ბოდბის მონასტერი, სადაც წმინდა ნინო განისვენებს

კახეთში სარწმუნოების ქადაგების შემდეგ წმ. ნინო დასნეულდა და გამოემართა მცხეთისკენ და როდესაც მოაღწია კუხეთის (კხოეთი) დაბა ბოდინს, იქიდან ვეღარ შეძლო სიარული. ქალაქ უჯარმიდან (უჟარმა) მოვიდნენ მეფის მირიანის ძე რევი, მისი ცოლი სალომე და ასული და თავზე ადგნენ მზრუნველებად.

მცხეთიდან მეფემ და მისმა ცოლმა, ნანამ მიავლინეს იოანე მთავარეპისკოპოსი წმინდანის სანახავად და მცხეთაში წასაყვანად, მაგრამ მან არ ინება. სამაგიეროდ, წმ. ნინომ სთხოვა მთავარეპისკოპოსს, რომ მის შემდეგ იაკობ მღვდელს დაეკავებინა მისი ადგილი. იმავ დროს გადასცა მას ელენე დეოფლის მიერ ნინოსადმი მოწერილი წერილი, სადაც მას დედოფალს, მოციქულს და მახარებელს უწოდებდა, ასევე ელენე დედოფლის მიერ გამოგზავნილი ძელი ცხოვრებისას ნაწილი. შეწირა ჟამი იოანე მთავარეპისკოპოსმა და აზიარა წმ. ნინო ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

როდესაც შეიტყვეს წმინდა ნინოს სასიკვდილე სენის შესახებ, ბოდში შეიკრიბნენ ქვეყნის მეფენი, მთავრები ცოლებითურთ და მხედარი ერისკაცები. გარშემომყოფი დედოფლები და მთავრები ცრემლით ევედრებოდნენ, რათა წმინდანს მოეყოლა თავისი ამბავი – სად აღიზარდა, საიდან მოვიდა და როგორ მოაღწია ქართლამდე. მაშინ მოიტანეს საწერ–კალამი სალომე უჯარმელმა და პეროჟავრი სივნიელმა და დაიწყო ნინომ თხრობა და ისინი იწერდნენ.

წმინდა ნინო გარდაიცვალ იქვე, კუხეთის დაბა ბოდში, რომელსაც, ტრადიციულად, დღევანდელ ბოდბესთან აიგივებენ, თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ბოდი უნდა იყოს დღევანდელი სოფ. ნინოწმინდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

როგორც უკანასკნელი გამოკვლევებით დგინდება, წმ. ნინო გარდაიცვალა ქართლში მოსვლიდან მეთხუთმეტე, ანუ დაახ. 332 წელს, 31 წლის ასაკში, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზი იყო „სიცხე და ჴურვება“, რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით მალარიას შეესაბამება.[25]

განმანათლებლის სიკვდილით დამწუხრებულმა მირიან მეფემ განიზრახა, რომ წმინდანი მცხეთაში გადმოესვენებინა და სვეტიცხოვლის წინ დაეკრძალა, მაგრამ ორასმა კაცმაც კი ვერ დაძრა ის მცირე საკაცე, რომელზედაც ნინო აღესრულა. ამის გამო წმინდანის გვამი დაკრძალეს ბოდში და მთელი სამეფო მას ოცდაათი დღე გლოვობდა. მირიან მეფემ წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილას ეკლესია ააშენა, ხოლო ნანა დედოფალს ანდერძით დაუბარა, რომ სამეფო სალარო ორად გაეყო და ერთი ნაწილი ნინოს საფლავისთვის შეეწირა, რათა თავისი ბუნებრივი სიმწირის გამო დიდება არ მოკლებოდა იმ ადგილს. ასევე, მეფემ მთავარეპისკოპოსს სთხოვა, რომ იმ ადგილის პატივსაცემად დღესასწაული დაეწესებინა.

ნინოობის დღესასწაული საქართველოში

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნინოობა.

ყოველწლიურად, 1 ივნისს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად წირვა ტარდება. წირვის შემდეგ კი მორწმუნეები ფეხით იწყებენ მსვლელობას და გადიან იმ გზას, რომელიც წმინდა ნინომ ქართლის გასაქრისტიანებლად გაიარა. ამ მსვლელობას წმიდა ნინოს გზასაც უწოდებენ. გზა 13 ივლისს სრულდება მცხეთაში, თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს. მსვლელობის მონაწილეები ხატებითა და ბაირაღებით დაივლიან ჯავახეთის და შემდეგ ქართლის სოფლებს. მათთან ერთად დადის სამღვდელოებაც. ინათლებიან ადამიანები, იკურთხება სახლები, სოფლები.

სქოლიო

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979
  2. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963
  3. Le nouveau manuscrit Georgien Sinaitique N SIN 50, Edition en fac-simile, Introduction par Z. Aleksidze, Traduite du Georgien par J.-P. Mahe, Louvanii, In Aedibus Peeters, 2001
  4. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, ზ. ალექსიძის გამოცემა, თბ., 2007
  5. ლოლაშვილი ი., მეტაფრასული „ნინოს ცხოვრების“ ავტორის ვინაობისათვის, «მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია», 1974, №4
  6. ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები (3 ტომად), ტ. 1, საქართველოს საპატრიარქო, თბ., 2007, გვ. 17–151. ქართლის მოქცევა, ძველი ქართული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და თარგმნა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა.
  7. თაყაიშვილი ექვთიმე, სამი ისტორიული ხრონიკა, ტფ., 1890, გვ. XIV
  8. ინგოროყვა პავლე, ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, მნათობი, 1939, #4, გვ. 136
  9. Н. Я. Марр, Хитон господен в книжных легендах армян грузин и сирийцев; сборник статей учеников проффессора В. Р. Розена; СПБ., 1897, ст. 7-72
  10. ჯავახიშვილი ივანე, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, გვ. 109
  11. კეკელიძე კორნელი, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, გვ. 122
  12. ჩხარტიშვილი მარინე, ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემები : "ცხორებაი წმიდისა ნინოისი", თბ., მეცნიერება, 1987
  13. ნიკოლოზიშვილი ნიკო, ნათელ-იღო წყლისა და მიწისაგან, ლიტერატურა და ხელოვნება, თბ., 1991, N3. გვ. 37-55
  14. პატარიძე ლელა, ცხოვრებაი წმიდისა ნინოისი (ქართლის გაქრისტიანების კულტ-ისტორ. საკითხები), თბ., მეცნიერება, 1993
  15. .სირაძე რევაზ, წმინდა ნინოს ცხოვრება და დასაწყისი ქართული აგიოგრაფიისა, თბ., 1997
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ, "რა ენაზე მოგვითხრობდა წმინდა ნინო?", წმინდა ნინო: სამეცნიერო კრებული, პროექტის ავტ. და ხელმძღვ. რევაზ სირაძე, თბ., არტანუჯი, 2008
  17. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 408
  18. J. Gippert, St. Nino’s Legend: Vestiges of its various sources, გელათის აკადემიის მოამბე 3, ქუთაისი, 1997, გვ. 9
  19. Fairy von Lilienfeld, Amt und geistliche Vollmacht der heiligen Nino, ‘Apostel und Evangelist’ von Ostgeorgien, nach den ältesten georgischen Quellen, in: Horizonte der Christenheit, Festshrift für Friedrich Heyer zu seinem 85. Geburtstag, hrsg. v. Michael Kohlbacher und Markus Lesinski [= Oikonomia, 34], Erlangen 1994, p. 227, n. 14
  20. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 330
  21. ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ, ზაბილონიდან მირიანამდე, კლიო, 2003, № 17, გვ. 3–67
  22. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 332
  23. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 322
  24. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 340
  25. ნ. ნიკოლოზიშვილი, რ. შენგელია, წმინდა ნინოს გარდაცვალების მიზეზი, "ლიტერატურა და ხელოვნება", 2006, N9; ლევან ქურციკაშვილი, კიდევ ერთხელ წმინდა ნინოს აღსასრულზე, „ჩვენი მწერლობა“ (გამოხმაურება ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილისა და რამაზ შენგელიას წერილზე "წმინდა ნინოს გარდაცვალების მიზეზი"), 2006, N23, გვ.41-42