ცხვარიჭამიას დიდი საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი საყდარი
ამაღლების ეკლესია
ცხვარიჭამიას დიდი საყდარი — საქართველო
ცხვარიჭამიას დიდი საყდარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°53′09″ ჩ. გ. 44°55′32″ ა. გ. / 41.8859806° ჩ. გ. 44.9257111° ა. გ. / 41.8859806; 44.9257111
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ცხვარიჭამიას დიდი საყდარიეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში. მდებარეობს ხელოვნურ ტერასაზე. სოფლის განაპირას, სამხრეთით, სასაფლაოსთან. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

დიდი საყდარი სამეკლესიანი ბაზილიკაა (9,2 X 7,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ადგილებში გათლილი შირიმის ქვაა გამოყენებული, ხოლო კედლის თაღებისათვის - აგური.

შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით უფრო ფართო და მაღალია. შესასვლელი ორი აქვს: სამხრეთით კედლის თაღებს შორის და დასავლეთით - სიმეტრიის ღერძზე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. ეკლესიის კამარა ეყრდნობა ორ შეკიდულ საბჯენ თაღს, რომელთა კონსოლების პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. ეკლესიის აფსიდის ღერძზე თაღოვანი პარალელურწირთხლებიანი სარკმლებია. მის სამხრეთით პატარა სწორკუთხა ნიშია. სამხრეთის კედელში გაჭრილია შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელი. ეკლესიის გრძივ კედლებში ორ-ორი თაღოვანი ნიშია.

ჩრდილოეთის ეკლესიას დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდან. აღმოსავლეთით სამკვეთლოა. სამკვეთლო შუა ეკლესიას სწორკუთხოვანი ღობით უკავშირდება.

სამხრეთის ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში თაღით გამოყოფილია სწორკუთხა სათავსი (საკურთხეველი), რომელსაც კვერცხისებრი კამარა აქვს. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია, სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედლის შუაში სამეკლესიანი ბაზილიკის მთავარი შესასვლელია, რომელიც ორმალიან თაღედს წარმოადგენს, თაღებს შორის მრგვალი სვეტია.

ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკლესიები ერთმანეთს შუა ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიდგმული კარიბჭით უკავშირდებიან.

კარიბჭე გეგმით სწორკუთხაა, იგი გარედან შუა ეკლესიისგან არ გამოიყიფა და მასთან ერთად საერთო ორფერდა სახურავითაა გადახურული. კარიბჭის გუმბათი უშუალოდ გუმბათის საფუძვლამდე ასულ ოთხ ტრომპს ეყრდნობა. თვით ტრომპების მრუდი სიბრტყეები საფუძვლით რამდენიმე კედელშია შეჭრილი. კარიბჭე გვერდითი ნავებისკენ თითო ფართო თაღითაა გახსნილი, ხოლო მთავარ ეკლესიას სწორკუთხა შესასვლელით უკავშირდება. ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებზე სარკმლები მარტივი სათაურებითაა მორთული.

ცხვარიჭამიას სამეკლესიანი ბაზილიკა მკვეთრად განსხვავდება ამ ტიპის სხვა ადრინდელი ნაგებობებისაგან - გვერდითი ეკლესიების დამაკავშირებელი დასავლეთის შემოსასვლელი გუმბათიანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]