წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წილკანი.
წილკნის ეკლესია
წილკნის ტაძრის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი — საქართველო
წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა წილკანი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა წილკნისა და დუშეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი
თარიღდება IV საუკუნე
დეტალები
სიგრძე 28 მეტრი
სიგანე 24 მეტრი
გუმბათი 1
მასალა ქვიშაქვის თლილი კვადრები

წილკნის ეკლესია — ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სოფელ წილკანში[1]. კომპლექსში ტაძართან ერთად შედის ციხე-გალავანი. ტაძრის ეზოში გაითხარა კერამიკული ფილებით შედგენილი გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წილკანში ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში აუგიათ. ლეონტი მროველის ცნობით ეკლესია ააგოს მირიანის ძემ, ბაკურ II-მ.

ვიკიციტატა
„არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი. აღაშენა მეფემან ბაქარ, ზის ეპოსკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა“

მალე წილკნის ტაძარი საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა მუხრანი, ბაზალეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და ხევი. V-VI საუკუნეების მიჯნაზე წილკანში არსებული ეკლესიის ნაცვლად აშენდა სამნავიანი ბაზილიკა აუგიათ. წილკნის ტაძარი და მისი სამწყსო საკმაოდ მდიდარი და ძლიერი იყო. ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. კათედრალს დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი მეფეები და დიდგვარიანი ფეოდალები. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერაც იყო. VI საუკუნის მეორე ნახევარში წილკანში მოღვაწეობდა იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე, ასურელი მამა ისე წილკნელი. ის იქვეა დასაფლავებული. მისი საფლავის ქვა გუმბათქვეშა ჩრდილო-აღმოსავლეთის ბოძთან დევს. XIX საუკუნის დასაწყისში წილკნის საეპისკოპოსო გაუქმდა.

სხვადასხვა დროს წილკანში მოღვაწეობდნენ კალიგრაფები, მწიგნობრები და პოეტები: ეფრემ წილკნელი, კალიგრაფი ბასილი (XVI ს.), იოსებ სამებელი, ქრისტეფორე წილკნელი (XVIII ს.), ამბროსი მიქაძე, იოანე ქარუმიძე (XVIII-XIX სს.)

ტაძრის ხელახალი იკურთხა და ამოქმედდა 1988 წელს. 1992 წელს ტაძრის ეზოში აშენდა საეპისკოპოსო რეზიდენცია. ტაძარში განსაკუთრებით ზეიმობენ 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განვითარებულ ფეოდალურ ხანაში დანგრეული სამნავიანი ბაზილიკა გუმბათიან ეკლესიად გადააკეთეს. ის საფუძვლიანად შეაკეთეს XVI-XVII საუკუნეებშიც. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები. რესტავრაცია ჩატარდა 1967-1968 წლებშიც. ამჟამად ტაძარი სხვადასხვა დროის სამ ნაგებობას აერთიანებს: დარბაზულ ეკლესიას (IV საუკუნის დასასრული - V საუკუნის პირველი ნახევარი), სამნავიან ბაზილიკას (V-VI საუკუნეების მიჯნა) და გუმბათოვან ტაძარს (განვითარებული ფეოდალური ხანა).

ღვთისმშობლის ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაშენია ქვიშაქვის თლილი კვადრებით. ინტერიერის და ნაწილობრივ დარბაზული ეკლესიის სამხრეთ ფასადის კედლების წყობაში გამოყენებულია რიყის ქვა, აგური და ორნამენტიანი კვადრები, რომლებიც მოგვიანებით, გადაკეთებისა და შეკეთების დროსაა ჩასმული.

ტაძარს სამხრეთით და დასავლეთით კარიბჭეები ეკვრის. მესამე შესასვლელი ჩრდილოეთითაა. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. გუმბათის ყელი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. მასზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. გუმბათში 12 სარკმელია. გარდა ამისა, ინტერიერს კიდევ 10 სარკმელი აშუქებს. ტაძრის ჯვრის მოყვანილობის მკლავებშორისი ნაწილები თავიდან ბოლომდე გახსნილია. გუმბათქვეშა თაღების ხაზი ოდნავ შეისრული და მრუდია. ინტერიერში სატრიუმფო თაღი, გუმბათქვეშა ბოძებისა და პილასტრების ყოველი იარუსის კაპიტელები მორთულია სხვადასხვა დროის ორნამენტებით. ორნამენტიანი კვადრები და ფრაგმენტები გამოყენებულია გუმბათქვეშა ბოძების და კედლების წყობაში საშენ მასალად.

ჩრდილოეთისა და სამხრეთის ვიწრო ნავებს აღმოსავლეთით სწორი კედლები აქვს. დასავლეთის აგურისთაღიან გასასვლელთან ბაზილიკისდროინდელი სამიარუსიანი და ორნამენტიანი პილასტრებია. დასავლეთის კარიბჭესა და დარბაზს შორის მცირე სწორკუთხა სათავსია. დასავლეთის მხარეს იატაკის დონე ბევრად მაღალია, ვიდრე კარიბჭესა და დარბაზში, ამიტომაც კარიბჭის წინ ჩასასვლელი ქვის კიბეა. სამხრეთის კარიბჭე მართკუთხაა. მის დასავლეთ ნაწილში, ტაძრის კარის პირდაპირ, განიერი თაღოვანი შესასვლელია. კარიბჭეს აღმოსავლეთით ეკვრის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც კარით უკავშირდება როგორც კარიბჭეს, ისე ტაძრის სამხრეთ ნავს. დარბაზულ ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ნიშია.

ფასადები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის ინტერიერისა და ფასადების ორნამენტები მეტისმეტად განსხვავებულია, რადგან ყოველი გადაკეთებისა და აღდგენის დროს ტაძარს დროის შესაფერისი ჩუქურთმებით ამკობდნენ. დღეს ტაძარზე შემორჩენილია როგორც ადრეულო ხანის, ისე განვითარებული და გვიანდელი ფეოდალური ხანის ორნამენტით მორთული ნაწილები და ცალკეული ფრაგმენტები.

ფასადები კარგად გათლილი კვადრებითაა მოპირკეთებული. ფასადები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. აღმოსავლეთის ფასადის სიბრტყიდან ტაძრის საკურთხევლის სამწახნაგა და დარბაზული ეკლესიის აფსიდები მკვეთრადაა გამოწეული. სამხრეთ ფასადი მეტადაა მორთული. სამხრეთის მკლავის შუა ზედა არეში მაღალი სარკმელია გაჭრილი. ფასადის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელი და სრულიად სადა კარიბჭის მაღალი, განიერი შესასვლელი დასრულებულია ორსაფეხურიანი თაღით. დარბაზულ ეკლესიას ამ მხარეს ორი მაღალი, სრულიად სადა თაღოვანი სარკმელი აქვს.

დასავლეთ ფასადზე ტაძარს კარიბჭე და სათავსი აქვს მიშენებული. ისინი ორფერდა სახურავითაა გადახურული. ჩრდილოეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთში მცირე ზომის თაღოვანი შესასვლელია. მკლავის შუა ზედა არეში მაღალი სარკმელია, ქვემოთ - ორნამენტიანი საპირეებით მორთული სამი სარკმელი. ამ ფასადის ჩრდილოეთით შემორჩენილია ფასადის პარალელური ძველი კედლის ნაწილი. ჩრდილოეთ ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევს სამსაფეხურიანი ცოკოლი.

ტაძრის გუმბათის ყელი თორმეტწახნაგაა. ტაძრის მკლავები ფრონტონებითაა დასრულებული. ფასადებს მარტივპროფილიანი სადა ლავგარდანი გასდევს.

მოხატულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოხატულობა მხოლოდ გუმბათშია შემორჩენილი. ის XVI-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ცენტრში, ორმაგ წრეში გამოსახულია ქრისტე, რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენაში გადაშლილი სახარება უჭირავს. ორმაგ წრეში ასომთავრული წარწერაა:

ვიკიციტატა
„იხილე და შეიყვარე შვენიერება სოფლისა შენისა და ადგილი ქ უფალო გარდმოიხედე ზეცითი“

ცენტრალური წრის გარშემო ოთხ ნახევარწრეში მახარებელთა სიმბოლოებია. მხატვრობა შესრულებულია ბაცი შინდისფერი, მოწითალო, ყვითელი და ლურჯი ფერებით. გამოსახულებანი პატარა ზომისაა, ნახატი - უხეში.

გალავანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარს გარს ერტყმის გალავანი, რომელიც XVIII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. ამ გალავნის გარეთ, ჩრდილოეთით და დასავლეთით, შემორჩენილია უფრო ძველი გალავნის ნაშთები. გალავანი კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობაში ზოგან ჩართულია აგური და ტაძრის ორნამენტიანი ქვები. კედლები კირქვის ხსნარით ყოფილა მობათქაშებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მას აგურის თაღი აქვს. გალავნის აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლები ორიარუსიანია. სათოფურები მხოლოდ აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლებშია შემორჩენილი. სამხრეთის კედელში შემორჩენილია აგრეთვე საბრძოლო ბილიკის ხის კოჭების ჩასამაგრებელი ფოსოები.

გალავნის ყოველ კუთხეში გეგმით წრიული თითო კოშკი დგას. სამხრეთ-დასავლეთის კოშკი სამსართულიანი ყოფილა, დანარჩენები ორსართულიანი. კოშკებში შესასვლელები ეზოს მხრიდანაა. ყოველ სართულზეა ნიშები, სათოფურები და ბუხარი. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკს აქვს საზარბაზნეც. XIX საუკუნეში ამ კოშკის შესასვლელზე დააშენეს სამრეკლო.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარში დაცული ლუკა მახარებლის მიერ შექმნილი ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემის თანახად, სასწაულმოქმედი იყო. 1926 წლიდან ხატი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 324.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 339-342.
  • ყაუხჩიშვილი თ, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ. 2004, გვ. 213-214.
  • საქართველოს სულიერი საგანძური, წ. I, თბილისი, 2005, გვ.47-50
  • ჩხიკვაძე მ. წილკნის ტაძარი //ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება", 1967. N4. გვ. 58-60.
  • ანდღულაძე ნ. წილკნის ტაძრის შესახებ //ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება", 1984. N9. გვ.67-74.
  • ვარაზაშვილი მ. წილკანი // ჟურნალი „სახლახო განათლება", 1980, გვ. 4
  • კუჭავა ნ. წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი // ჟურნალი „სახალხო განათლება", 2001, N16. გვ. 7
  • მჭედლიშვილი ბ. ამან აღაშენა ეკლესია წილკნისა // გაზეთი „ახალგაზრდა კომუნისტი", 1984, გვ.3-4
  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 139-146

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]