კათოლიკოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კათოლიკოსი (ბერძნ. katholikos „საყოველთაო, მსოფლიო“), ქრისტიანული ავტოკეფალიური ეკლესიის მეთაური უმაღლესი ტიტული ბიზანტიის იმპერიის ფარგლებს გარეთ.

საქართველოში[რედაქტირება]

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კათოლიკოსად იწოდებოდა დაახლოებით 466-474-იდან. XI საუკუნემდე ქართული ეკლესიის მეთაურს „ქართლის კათალიკოსს“ („მცხეთის კათოლიკოსი“) უწოდებდნენ, XI საუკუნიდან „ქართლის კათოლიკოსი“ იხმარება „საქართველოს პატრიარქის“ თანაბარი მნიშვნელობით, 1010 წლიდან იხმარება გაერთიანებული სახით — „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.

დასავლეთ საქართველოში ცალკე საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ მისი მეთაური იწოდებოდა „აფხაზეთა კათოლიკოსად“, XV საუკუნიდან „აფხაზთა პატრიარქად“ (იგივე „კათოლიკოს-პატრიარქი“). ცვლილებები ქართული ეკლესიის მეთაურის ტიტულში ასახავდა ქართული ეკლესიის პოლიტიკურ და სტრუქტურული განვითარების ეტაპებს. კათოლიკოსის თანამდებობა გაუქმდა მას შემდეგ (აღმოსავლეთ საქართველოში 1811, დასავლეთ საქართველოში 1814), რაც ქართული ეკლესია რუსულ ეკლესიას შეუერთდა საეგზარქოსოს სახით. კათოლიკოსის თანამდებობა აღდგენილ იქნა 1917 ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად.

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

2010 წლის 21 დეკემბრამდე საქართველოს ეკლესიის მეთაურის წოდება იყო: „მისი უწმიდესობა და უნეტარესობა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“. კათედრა მცხეთაშია (სვეტიცხოვლის ეკლესია), რეზიდენცია — თბილისში.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), ტ. 1, თბ., 1966;
  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 5, გვ. 317-318, თბ., 1980