ალექსანდრე I დიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე I.
ალექსანდრე I დიდი
Alexander I of Georgia (Nabakhtevi fresco).jpg
ალექსანდრე დიდის ფრესკა ნაბახტევის ეკლესიაში
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1411
მმართ. დასასრული: 1442
წინამორბედი: კონსტანტინე I
მემკვიდრე: ვახტანგ IV
დაბ. თარიღი: 1390
გარდ. თარიღი: 1445
მეუღლე: 1.დულანდუხტი
2.თამარი
შვილები: 1.ვახტანგ IV
2. გიორგი VIII
3. დიმიტრი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: კონსტანტინე I
დედა: ნათია ამირეჯიბი

ალექსანდრე I დიდი (დ. დაახლოებით 1390 — გ. 1445), საქართველოს მეფე 1412-1442. კონსტანტინე I-ისა და ნათია ამირეჯიბის ძე. ზრდიდა ბებია რუსა.

მეფობის პირველსავე წლებში იძულებული გახდა მოეგერიებინა თურქმანთა შემოტევები. მხოლოდ 1415-იდან დამყარდა საქართველოში მშვიდობიანობა და მეფემ ენერგიულად მოჰკიდა ხელი თემურლენგისა და თურქმანთა შემოსევებით განადგურებული ქვეყნის აღდგენას. რაკი სახელმწიფო ხაზინას საამისო სახსრები არ გააჩნდა, მან 1425 შემოიღო სპეციალური დროებითი საკომლო გადასახადი (გააუქმა 1440), რომლის შემოსავლითაც შეაკეთა სვეტიცხოველი, რუისის ტაძარი და მრავალი სხვა ციხე, საყდარი და მონასტერი. ალექსანდრე I ცდილობდა აღედგინა საქართველოს ადრინდელი საზღვრები. 1431 მან შემოიერთა ციხე-ქალაქი ლორე და ლორის ველი, რომელიც მანამდე თურქმან მომთაბარეებს ეპყრათ. დაახლოებით 1434-1435 შემოიერთა სივნიეთი (ახლანდელი ყარაბაღი და მისი მეზობელი თემები). ამან საქართველოს შემცირებულ მოსახლეობას 60 ათასზე მეტი კომლი შესძინა. ხელს უწყობდა აგრეთვე სომეხ ლტოლვილთა ჩამოსახლებას საქართველოში. ალექსანდრე I ცდილობდა ქართული ეკლესიის გაძლიერებას, აღადგინა შერყეული საეკლესიო მიწათმფლობლობა, განაახლა უცხოეთის ქართული მონასტრები. გამეფების პირველსავე წლებში (1412-1415) ალექსანდრე I-მა ალაგმა ურჩი მთავრები - დადიანი, შარვაშიძე, სამცხის ათაბაგი; ზოგიერთი ერისთავთერისთავი გადააყენა და მათ ადგილებზე ბატონიშვილები - ვახტანგი, დიმიტრი და გიორგი დანიშნა. მაგრამ ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო: ბატონიშვილები, რომელთა როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან გაიზარდა, მამის სიცოცხლეშივე მეფეებად იწოდებოდნენ; მათ პოლიტიკას ძირითადად განსაზღვრავდა დიდგვაროვანი ფეოდალების ინტერესები. სახელმწიფო ღონისძიებათა გატარებისას მეფე იძულებული ხდებოდა გაეთვალისწინებინა მათი და სამეფო ოჯახის სხვა წევრთს ნება-სურვილი. სამეფო დოკუმენტები უწინდებურად მხოლოდ მეფის სახელით კი არ გაიცემოდა, არამედ მეფის ოჯახის წევრთა სახელითაც, რაც აშკარად მოწმობდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებას. სამეფოში შექმნილი ვითარების გამო ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა და ათანასეს სახელით ბერად აღიკვეცა (1442).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ასათიანი ნ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან «თსე შრომები», 1963, ტ. 78;
  • ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ. 1965;
  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVII სს.), [წგნ.] 2, თბ., 1965;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967;
  • ასათიანი ნ.,, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 291, თბ., 1975 წელი.
წინამორბედი:
კონსტანტინე I
საქართველოს მეფე
1412 - 1442
შემდეგი:
ვახტანგ IV