ბზიანის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბზიანის კომპლექსიმცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრზე მდებარე კომპლექსი. მასში შედის სამი ეკლესია და გალავანი.

კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდგარი ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვით. კონსტრუქციულ ადგილებში (კამარა, კონქი, თაღები) გამოყენებულია გათლილი შირიმის ქვა. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII საუკუნით.

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია (10,25 X 7,75 მ). შესასვლელი ორი ჰქონია, ჩრდილოეთით და დასავლეთით (დასავლეთისა ამოქოლილია). ორივე კარი თაღოვანი იყო. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. ასეთივე სარკმელია სამხრეთ კედელში. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა საბჯენი თაღები. პილასტრებს თაროს დახრილი სიბრტყისა და ლილვისგან შედგენილი შირიმის კაპიტელები აქვთ.

ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე, მთელ სიგრძეზე, მიშენებულია წაგრძელებული დაბალი სათავსი, რომელიც განივი კედლით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ჩრდილო-აღმოსავლეთის სწორკუთხოვანი ოთახი (სამკვეთლო) კარით უკავშირდება ეკლესიას. კარი ეკლესიის მხრიდან არქიტრავითაა გადახურული. სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, ხოლო სამხრეთ კედელში სწორკუთხოვანი ნიში. სამკვეთლო გადახურულია ცილინდრული კამარით. ჩრდილო-დასავლეთის სათავსი სვეტზე დაყრდნობილი ორი ნალისებრი თაღით უკავშირდება დარბაზს. აღმოსავლეთ თაღის მარჯვნივ ომპოსტის პროფილს თარო და ლილვი შეადგენს. თაროს ზედაპირი მოჩუქურთმებულია. მოპირდაპირე იმპოსტი შეწყვილებული გრეხილი ლილვის სახითაა დამუშავებული. დასავლეთის თაღის მარჯვენა იმპოსტი მარტივი თაროსებრი ფორმისაა, მარცხენა იმპოსტის პროფილს ორ ლილვს შორის მოქცეული ამოზნექილი ზედაპირი წარმოადგენს. სათავსის ნალისებრ კამარას ნალისებრივე საბჯენი თაღი ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. თაღი მარტივი პროფილის კრონშტეინებს ეყრდნობა.

ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია ქვიშაქვის ქვებით, თარაზული რიგები მკაცრადაა დაცული. აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებზე სარკმლებს ჰორიზონტულგადანაკეცებიანი რელიეფური თაღოვანი თავსართი აქვთ. ლავგარდნის პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს.

წმ. გიორგის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეკლესიის აღმოსავლეთით 10-12 მეტრზე დგას წმ. გიორგის ეკლესია, თარიღდება XII საუკუნით. მისთვის სამხრეთიდან მოგვიანებით მეორე ეკლესიაც მიუშენებიათ. ორივე ეკლესია ნაგებია აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობით.

წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (11,85 X 5,7 მ), შესასვლელი ჩრდილოეთით ჰქონია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ შვერილ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. აფსიდის წინ ღრმა ბემაა. აფსიდსა და ბემას საფეხური გასდევს. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია (შემორჩენილია სამხრეთ კედელზე), დასავლეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია. ეკლესია მთლიანად ყოფილა მოხატული. შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. სტილისტური ნიშნებით მხატვრობა XII საუკუნით თარიღდება.

აფსიდში შემორჩენილი მოხატულობა მოწითალო ზოლით დაყოფილია სამ რეგისტრად. კონქში გამოსახულია ვედრება ექვსფრთედებით. ქრისტეს მარცხენა ხელში გაშლილი წიგნი უჭირავს, მკერდთან მიტანილი მარჯვენათი აკურთხებს. კომპოზიცია მონუმენტური ხასიათისაა. შემდეგ რეგისტრში გამოსახულნი არიან მოციქულები, რომლებსაც ხელში წიგნები ან გრაგნილები უჭირავთ. აფსიდის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში გამოსახული წმინდანი ბემაში გამოსახულ სამ ფიგურაზე უთითებს. ერთი მათგანი, გვირგვინოსანი, წინასწარმეტყველია. უჩვეულოდ მცირე ზომის ქვედა რეგისტრში, როგორც ჩანს, მღვდელმოძღვართა გამოსახულებები იყო. ძლივს გაირჩევა მათი შარავანდები. აფსიდის სარკმლის შიდა მხარეს შემონახულია მღვდელმოძღვართა ორი წელზედა გამოსახულება, რომელსაც კიდეში ორნამენტული ზოლი გასდევს. მხატვრობის კოლორიტისათვის დამახასიათებელია მოწითალო ოქრა, ოქროსფერი ოქრა, ღია მწვანე, ცისფერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]