გრემი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „გრემი “ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გრემი (მრავალმნიშვნელოვანი).
მთავარანგელოზთა ეკლესიისა და სამეფო კოშკის ანსამბლი
მთავარანგელოზთა ეკლესიისა და სამეფო კოშკის ანსამბლი

გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.

არქიტექტურა[რედაქტირება]

გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით, აქა-იქ რიყის ქვაც გამოუყენებიათ. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთიდან აქვს. შიგა სივრცეს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადი დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც. ინტერიერში დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ამშენებლის პორტრეტი ეკლესიის მოდელით ხელში. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ.

ქალაქი[რედაქტირება]

ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1939-1949 (ხელმძღვანელი ა. მამულაშვილი) და 1963-1967 (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია). ქალაქს ეკავა დაახლოებით 50 ჰა. შედგებოდა 3 მთავარი ნაწილისაგან:

Geo278-93-2400.jpg
  1. მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელშიც შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, 3-სართულიანი სასახლე, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობანი (საწნახლიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა). ქალაქის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისაკენ.
  2. სამეფო რეზიდენცია, რომელშიც განლაგებული იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი, აგურით ნაგები აბანო და სხვა.
  3. სავაჭრო უბანი, რომლის ცენტრში მდებარეობდა გეგმით სწორკუთხა დახურული ბაზარი (ქულბაქები) და სასტუმრო (ქარვასლა).

ბაზარი ოთხივე მხრიდან შემოფარგლული იყო ქვით ნაგები კამაროვანი დუქნების რიგით, შუაში მცირე ეზო ჰქონდა. ყოველი დუქანი (ფართობი დაახლოებით 10 მ²) შედგებოდა ერთი ოთახისა და ეზოსკენ გახსნილი აივნისაგან (ალბათ საქონლის გამოსაფენად). ზოგ დუქანს სარდაფიც ჰქონდა. ოთხივე რიგში 30 დუქანი აღმოჩნდა. დუქნები სხვადასხვა სამიანობისათვის იყო გამიზნული. ქულბაქებს აღმოსავლეთიდან ეკვროდა მოგრძო სწორკუთხა ფორმის (სიგრძე 80 მ) სასტუმრო, რომელშიც კორიდორის ორივე მხარეს განლაგებული იყო 16-16 პატარა სათავსი.

ამავე უბანში გაითხარა აბანო, რომელიც გრემში ჩამოსული უცხოელებისათვის ყოფილა განკუთვნილი. აბანოს მილებში შემორჩენილი დიდი რაოდენობის ნალექის მიხედვით სავარაუდოა, რომ აბანოს იყენებდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გრემი წყლით მარაგდებოდა XVI საუკუნეში მდინარე ლოპოტიდან გამოყვანილი არხის საშუალებით. ნაქალაქარი დასერილია სასმელი წყლის კერამიკული მილების ქსლით. კომუნალური დანიშნულების წყალი პატარა არხებით შემოდიოდა, ხოლო დიდი არხით ქალაქის მიდამოები ირწყვებოდა. აბანო ორსართულიანია, ქვედა სართული განკუთვნილი იყო გათბობისათვის, ზედა კი საბანაოდ. ქალაქის დასავლეთ ნაწილში იყო გალავანშემორტყმული აგურის ეკლესია ე. წ. „თარსა გალავანი“ (აგებულია XVI საუკუნეში). გათხრებით მოპოვებულ მასალაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმპორტულ (სპარსული, ჩინური) კერამიკას.

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია გრემის მთავარანგელოზი, რომელიც დღევანდელ სოფელ გრემის სამხრეთით, თელავიდან ყვარლისკენ მიმავალი სამანქანო გზის 27-ე კილომეტრზე მდებარეობს, იქ სადაც მდინარე ინწობასთან კავკასიონის ქედის კალთებს სამანქანო გზა უშუალოდ ეხება სხვა მრავალ ნაგებობათა შორის (აბანოები, ქარვასლები, საცხოვრებელი სახლები, კარის ეკლესიები და სხვა) თავისი შენახულობით ხელსაყრელად გამოირჩევა მცირე ბორცვზე მოხდენილად აღმართული ნაქალაქარის შიდა ციხის შენობათა ჯგუფი, ,,მთავარანგელოზის’’ ანსამბლი. იგი გრემის ხანმოკლე, მაგრამ მძლავრი განვითარების პერიოდში (XV-XVII ს) არის შექმნილი. ამ დროს გრემი კახეთის მეფეთა საჯდომია და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, კეთილმოწყობილი და ხალხმრავალი ქალაქი. მისი მნიშვნელობა, როგორც მხარის პოლიტიკური ცენტრისა, დაეცა XVII საუკუნეში, მას შემდეგ რაც შაჰ-აბასის 1614-1616წ შემოსევებში დანგრეული და განადგურებული ქალაქიდან კახ მეფეთა რეზიდენცია კვლავ თელავს დაუბრუნდა. შემთხვევით გადარჩენილი ,,მთავარანგელოზი” ქალაქის აყვავების ძეგლია და ამავე დროს ქართული გვიან-ფეოდალური პერიოდის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუშსაც წარმოადგენს.

გრემის ნაქალაქარის წარმოდგენა დღეს შეუძლებელია კლდოვანი ქედის დაბოლოებაზე გალავანშემორტყმული ეკლესიისა და სამრეკლოს გარეშე, რომელსაც ხალხი ,,მთავარანგელოზს” ეძახის, მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელზე აგებული ტაძრის მიხედვით. პირველ ყოვლისა, თვალში საცემია ანსამბლისათვის მოხერხებულად შერჩეული ადგილი, რომელიც გარემოსაგან გამოყოფილი, აზიდულა ზევით და გრემს დაპატრონებია. ანსამბლი მაღალი ტყიანი მასივისაგან განშტოებული კლდოვანი ქედის დაბოლოებაზეა გაშენებული. აქ მშენებლობის დაწყებამდე ქედი გადაუჭრიათ და ეკლესიის ადგილი ხელოვნურად გამოუყვიათ გარემოსაგა, რითაც მისი გამაგრება უცდიათ, ადგილისათვის მაღალი ბორცვის სახე მიუციათ. გრემის მთავარანგელოზთა ტაძარი ერთ-ერთი იმ ნაგებობათაგანია, რომელიც ბრწყინვალედაა ლანდშაფტში ჩაწეილი. ყოველი გამვლელი, სპეციალისტი თუ არასპეციალისტი, აღტაცებაში მოდის ამ კომპოზიციით, რომელსაც ქმნის მთასთან შერწყმული ანსამბლი.

XV საუკუნის შუახანებში, ქალაქ გრემის დაარსებისას, სასახლისათვის და საერთოდ ციტადელისათვის, მდინარე ინწობაზე ჩამომავალი ქედის შემაღლებული ბოლო შეურჩევიათ. ამ ადგილს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ იგი ბატონობდა ქალაქზე და ამავე დროს ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო. ფეოდალურ ქალაქს ასეთი განლაგება აწყობდა და შეიძლება ითქვას, მისი კლასიკური სახეც შეიქმნა. მდინარე იმწობას გასწვრივ, აღმოსავლეთით და დასავლეთით, განლაგებულია ქალაქის კვარტლები. ქალაქს სამხრეთით მდინარე ებჯინება, ჩრდილოეთით კი- მთები.

ისტორიულ წყაროებში ვახუშტი ბაგრატიონს კარგი ცნობა აქვს გრემზე. იგი წერს: ,,საბუი-გრემის... წყალზედ-(იგულისხმება ახანდელი მდ. ინწობა) არს გრემი, რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესა ჩუივ და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა და მყოფობდნენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. Aაქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა და არს ე მეფე ლევან დაფლული მას შინა.”

რუსი ელჩები, რომლებიც კახეთის მეფეებს დიპლომატიური მისიით არაერთხელ სწვევიან, თავის ჩანაწერებში ხშირად ახსენებენ მთავარანგელოზის ეკლესიას და მათ ცნობებს, როგორც პირველ წყაროებს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერის მიხედვით, ელჩები მოსულან გრემს 1637 წელს და გაჩერებულან მთავარანგელოზთა მონასტერში, რომელიც ციხეში იდგა. მეორე ცნობის მიხედვით, მთავარანგელოზთა მონასტერი ლევან მეფეს აუშენებია და უბრძანებია მისი იქ დაკრძალვა. ეს ცნობა ვფიქრობთ სარწმუნოა. 1589-90 წწ. რუსების ელჩობის ჩანაწერებიდან ეს კარგად დგინდება და ვგებულობთ ეკლესიის აგების ზუსტ თარიღსაც-,,ათანასე არქიმანდრიტმა თქვა, ოცდახუთი წელია რაც ტაძარი ააგესო.” აღნიშნულ ცნობაზე დაყრდნობით გ. ჩუბინიშვილმა მთავარანგელოზთა ეკლესიის აგების თარიღად 1565 წ მიიღო.

რუსი ელჩების ცნობები, განსაკუთრებით ტაძრის აღმშენებლად ლევან მეფის გამოცხადების თაობაზე, დასტურდება ტაძრის დასავლეთის კედლის სამხრეთის მკლავის არეში, ლეონ მეფის, ხელში ეკლესიის მოდელით ფრესკული გამოსახულებით. ფრესკას

ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერაც ამკობს: ,,მეფე ლეონ აღმშენებელი.” აქვეა მეფის სამარხიც.

მთავარანგელოზთა კომპლექსის სიძველეზე საუბრისას, არ შეიძლება ,,მატიანე ქართლისა” ერთ ადგილს ავუაროთ გვერდი, რომელზედაც თავის დროზე ყურადღება გაამახვილა ივ. ჯავახიშვილმა და შემდეგ გრემთან დაკავშირებით გ. ჩუბინიშვილმა.

წყაროში ვკითხულობთ: ,,გაილაშქრა, აფხაზთა მეფემან კახეთს, შეება და შეუხდა მთასა ზედა მიქელ გაბრიელთასა და წყობასა შინა შეიპყრნა: სტეფანოზ მარჯანის ძე, პანკისისა ერისთავი; და ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერისთავი; და ჯედი, დისწული გოდერძისა, შტორის ერისთავი და მაჭელისა. Gგარდადგა თიანეთს და დაწუა დარბაზი ბოდოჯისა, სახლი სახელოვანი, დიდისა კვირიკე მეფისა აგებული.” ივ. ჯავახიშვილი მიქელ-გაბრიელის მთას კახეთში ვარაუდობდა, კონკრეტულად კი ის ადგილი, სადაც XI ს. პირველ ნახევარში, აფხაზთა მეფის მიერ კახეთის დაპყრობის ერთ-ერთი ეპიზოდი გათამაშდა, არა აქვს აღნიშნული. გ.ჩუბინაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ,,მატიანეს” ცნობა შეიძლება გრემის მთავარანგელოზს გულისხმობს, რაც ავტორს აფიქრებინებს ჯერ კიდევ XI ს. აქ მიქელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესიის არსებობას. არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ ცნობაში აღნიშნული პუნქტების გეოგრაფიულ გარემოზე- პანკისი, ხორნაბუჯი, შტორი, მაჭი. ეს ის ადგილებია, რომლებიც გრემის ირგვლივ არიან განლაგებულნი და არ იქნება დიდი მოულოდნელობა თუ სწორედ გრემის მიდამოებს ვიგულისხმებთ აღნიშნული ოპერაციის ადგილად. რაც შეეხება ტოპონიმს მიქელისა და გაბრიელის მთას, აქ ორი აზრი არ შეიძლება იყოს, რომ ეს მიქელ-გაბრიელის სახელობის სალოცავზე მიუთითებს, ისე რომ გ. ჩუბინაშვილის აზრი ვფიქრობ, გასაზიარებელია. ასეთ ვარაუდს ვერ შეარყევს ის ფაქტი, რომ მთავარანგელოზთა კომპლექსის არქეოლოგიური გათხრების დროს Xსს. მასალა არ არის დადასტურებული. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ: ბორცვის დიდი ნაწილი გვიანდელ ნაგებობებს აქვს დაკავებული და მისი თხრით შემოწმება შეუძლებელი იყო. რომ აქ მაინცდამაინც მხოლოდ გრემის ქალაქობის დროინდელ მასალას უნდა მოველოდეთ არ მართლდება ორიოდე სხვა აღმოჩენითაც. კერძოდ ტაძრის ეზოს ჩრდილოეთ მხარეს აღმოჩნდა მხატვრული კერამიკის ნატეხები, რომელსაც ჩვენ მოჭიქული ნაწარმის იმიტაციებს ვეძახით და რომელთა თარიღიც შეიძლება XIII საუკუნის მეორე ნახევრით და XIV საუკუნით შემოვფარგლოთ.

მთავარანგელოზთა ანსამბლი კომპლექსური ძეგლია, სადაც მცირე ტერიტორიაზე ქალაქის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, რელიგიური, სამეურნეო და თავდაცვითი ნაგებობებია წარმოდგენილი, ისე რომ ძეგლის განხილვა შეიძლება როგორც ქალაქის პოლიტიკურ-რელიგიური ცენტრისა, საწარმოო და სამეურნეო ადგილისა და ასევე თავდაცვითი მნიშვნელობის მქონე ობიექტისა.

ეკლესიის გეგმა კვადრატს მიახლოებულია. მისი შიდა განლაგება საერთო თვალსაზრისით ტიპურია ცენტრალურ-გუმბათოვან ძეგლისათვის., მაგრამ განსაკუთრებულია თავისი შემართული პროპორციებით, შიგნით შესული დაძაბულობას გრძნობს. ყველა ხაზი ზევით გარბის და ამ ტენდენციას აძლიერებს სიგანესთან შედარებით შესამჩნევი სიმაღლე. ტაძარი ნაგებია ე.წ. ქართული კვადრატული აგურით, კირის ხსნარზე, გამოყენებულია რიყის ქვებიც. ეკლესიას სესასვლელი აქვს ჩრდ. სამხრ და დასავლეთის კედლებში. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ პილონზე. საკურთხევლის აღმოსავლეთ ნაწილის ცენტრალური ადგილი უკავია, რომლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნო აქვს მოწყობილი, რომლებიც თითო კარით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ ნაწილს. ეკლესია კრამიტითაა დახურული. გათხრებით აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი მოჭიქული კრამიტების მიხედვით არ არის გამორიცხული, რომ თავის დროზე ეკლესია მოჭიქული კრამიტით ყოფილიყო დაფარული. ასევე გამოყენებული იქნებოდა მოჭიქული შორენკეცებიც.

თუ მთავარანგელოზთა ანსამბლის ნაგებობების გეგმარებას გავეცნობით, ადვილად დავრწმუნდებით ძეგლების, განსაკუთრებით კი, ეკლესიის და მის გვერდითვე არსებული სასახლე-სამრეკლოს არასინქრონულობაში. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთის კუთხე, იქ, სადაც ტაძარი სასახლე-სამრეკლოს ემიჯნება, ჩამოჭრილია. გეგმის ასეთი იძულებით დარღვევა გამოუწვევია იმ გარემოებას, რომ ეკლესიის აგების დროს სასახლე-სამრეკლო უკვე იდგა და მათ შორის გასასვლელის დატოვების მიზნით, რაც აუცილებელი იყო, ეკლესიის აღნიშნული კუთხე ირიბად ააგეს. Aამ მომენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რაც ეჭვმიუტანლად მიუთითებს სასახლე-სამრეკლოს შედარებით სიძველეზე 1565 წ აგებულ ეკლესიასთან შეფარდებით. რუსი ელჩების ჩანაწერების ერთი ადგილის მიხედვით ,, ეს მთავარანგელოზის მონასტერი ლეონ მეფემ ააშენა და იქ მისი დაკრძალვა ბრძანა. ამ ადგილზე სომხები ცხოვრობდნენ და ლეონ მეფემ სომხები ამ ადგილიდან გარეკა, თავისთვის სასახლე მოიწყო დაბლა, იმ მონასტრიდან ახლოს, და წყალი მიიყვანა იქ...” აღნიშნული ცნობის მიხედვით სასახლის აშენება ,,ქვევით’’ და შესაბამისად სამეფო კარის გადატანა მთავარანგელოზის ანსამბლიდან ლევან მეფეს მიეწერება. ე. ი. ლევანი აშენებს მთავარანგელოზთა ეკლესიას და გადააქვს სამეფო კარი მდ. ბოლიას გადაღმა. მანამდე კი, როგორც ჩანს, სამეფო კარი იმყოფებოდა მთავარანგელოზთა ანსამბლში შემავალ სასახლე-სამრეკლოში. როდიდან ფუნქციონირებდა იგი როგორც სამეფო სასახლე ძნელი დასადგენია. არ არის გამორიცხული ის ასეთი მიზნით აგებულიყო პირველივე დამოუკიდებელი კახელი მეფეების დავითის და გიორგის დროს (1466-1471წწ).

სავარაუდოა, სამრეკლოს ფუნქცია ნაგებობას მიეცა და შესაბამისად მოეწყო კიდევაც იგი მას შემდეგ, რაც სამეფო კარი სხვაგან გადავიდა, აქ კი XVI ს 60-იან წლებში ეკლესია აშენდა. უფრო ადრე, სამეფო დარბაზის არსებობის დროს აქ სამრეკლო არ უნდა ყოფილიყო. სამრეკლოს მოწყობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ლევან მეფის მიერ სამეფო სასახლის გადატანასთან და ახალი ეკლესიის აშენებასთან. თავად მიცკევიჩისა და კლიუჩარევის ელჩობის მასალებში ვკითხულობთ: ,, ეკლესიასთან აშენებულია დარბაზი. ამ დარბაზის ზევით ორი დარბაზი, ამ დარბაზებზე თითქოს სამრეკლო ყოფილა...”

პირვანდელი ნაგებობა ფუნქციონირებდა როგორც სამეფო კარის სასახლე და სამეფო რეზიდენციის გადატანის და აქ ეკლესიის აგების თუ განახლების შემდეგ მას ემატება სამრეკლოს ფუნქციაც, რა თქმა უნდა სათანადო არქიტექტურული ცვლილებების შემდეგ. ამის გამოა ალბათ, რომ აქ რამდენიმე სამშენებლო ფენა განირჩევა, რომლებიც ისეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ მათი გამიჯვნა ყველგან ზუსტად ვერ ხერხდება. სასახლის ზემოთ აღნიშნულ უმთავრეს და უპირველეს ფუნქციასთან დაკავშირებით თვალში საცემია მისი გეგმარების და მოწყობის სხვა თავისებურებებიც. კერძოდ, სასახლის მშენებლობის დროს ადგილი შერჩეულია გორის სამხრეთ კლდოვან ფლატეზე და აშკარად ჩანს საგანგებოდ უზრუნიათ მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის. ეს მომენტი ისე ძლიერადაა გამოკვეთილი, განსაკუთრებით პირველი და მეორე სართულების გეგმარების მიხედვით, რომ იქმნება შთაბეჭდილება სასახლისა და საფორთიფიკაციო ნაგებობების სინთეზისა. ამ მხრივ სართულები თავისთავადაა განლაგებული ვერტიკალზე, თავდასაცავი კოშკის მსგავსად, საცხოვრისისათვის გათვალისწინებული სათავსოების გარესამყაროდან გამიჯვნის და დაცვის გათვალისწინებით; სართულებად განაწილებულ დარბაზებს, აღმოსავლეთის და სამხრეთის მხრიდან. იქ, სადაც სასახლე ამავე დროს მთავარანგელოზთა ანსამბლის გალავნის როლს ასრულებდა, მიშენებული აქვს ორ-ორი თითქმის წრიული ბურჯი და ერთი მომრგვალებული კუთხის კოშკი, შიგ მოწყობილი ასასვლელებითა და სათოფურებით.

მიუხედავად იმისა, რომ სასახლე-სამრეკლოს მშენებლობაში რამდენიმე ფენა ჩანს, მშენებლობის ტექნიკა ერთია, საშენ მასალად გამოყენებულია ქართული აგური და კირის ხსნარი.

ნაგებობის პირველი სართული მშენებლობის მიხედვით დამოუკიდებელი დარბაზის შთაბეჭდილებას ახდენს. აქედან გამომდინარე პ. ზაქარაიას მიაჩნია, რომ ის არის მშენებლობის პირველი ფენა და რომ ის თავდაპირველად დამოუკიდებლად უნდა არსებულიყო. კამაროვანი ვრცელი დარბაზი ორ მონაკვეთად არის გაყოფილი და გადახურული შეისრული კამარებით. კარი ჩრდილოეთის კედელშია დატანებული. მოპირდაპირე სამხრეთ კედლის შუაში კარის ღიობით გავდივართ უსწორო ფორმის კამაროვან სათავსოში, სადაც ბუხარია მოწყობილი. დასავლეთის მხარეს წრიული ფორმის მომცრო სათოფურებიანი სათავსოა ტუალეტისათვის, მოპირდაპირე მხარეს კი ორი ასასვლელი კიბეა დატანებული, ერთი, მეორე, და მეორე, მესამე სართულზე ასასვლელად.

გრემი ლიტერატურასა და ხელოვნებაში[რედაქტირება]

გრემის ტაძარს ეძღვნება ოთარ ჭილაძის ლექსი "როდესაც ასე ახლოა გრემი" (1959)

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

2007 წლის 24 ოქტომბრიდან გრემის სამეფო სასახლე და ეკლესია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[1]

სურათები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., ზაქარაია პ., ილაშვილი ლ., ქსე, ტ. 3, გვ. 261-262, თბ., 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გრემი&oldid=2614699“-დან