ძველი ქანდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძველი ქანდას ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდაში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით, თბილისი-გორის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, გაშლილ მინდორზე. აგებულია გვიანდელ ფეოდალურ ხანაში.

ეკლესია დარბაზულია (6,2 X 4,7 მ), ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც. მაღალი და ვიწრო, კარვად გამოყვანილი აგურის ნახევარწრიული თაღიანი შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია გაჭრილი. კვადრატული დარბაზი გადახურულია კირხსნარით დაბეტონებული ოდნავ შეისრული კამარით. კირხსნარის მასაში ერთმანეთისაგან თანაბრად დაშორებული აგურის მწკრივებია დატანებული. დარბაზის დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. ნახევარწრიული აფსიდის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში მაღალი ნიშებია, რომლებიც კედელში დატანებულ, ნახევარწრიული კამარებით გადახურულ ვიწრო სამკვეთლოში და სადიაკვნეში გადის. ამ სათავსების აღმოსავლეთ მონაკვეთებში მინიშნებულია საკურთხეველი და თითო სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთ ფასადის შუა სარკმლის ზევით მწვანედ მოჭიქული აგურებით გამოსახულია ჯვარი, რომლის ქვედა მკლავი წაგრძელებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]