შინაარსზე გადასვლა

სანტიაგო (ისაბელა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
სანტიაგო
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 16°41′00″ ჩ. გ. 121°33′00″ ა. გ. / 16.68333° ჩ. გ. 121.55000° ა. გ. / 16.68333; 121.55000
დაარსდა 4 მაისი, 1743
ფართობი 255.50 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 148 580 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 78
საფოსტო ინდექსი 3311
ოფიციალური საიტი http://www.cityofsantiago.gov.ph
სანტიაგო (ისაბელა) — ფილიპინები
სანტიაგო (ისაბელა)

სანტიაგო (ოფიციალურად ქალაქი სანტიაგო; ილოკ: Siudad ti Santiago; ტაგალ. Lungsod ng Santiago) — პირველი კლასის დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქი ისაბელის პროვინციაში, ფილიპინებში.2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 134 830 ადამიანია.

ესპანური მმართველობის პერიოდში ცნობილი იყო როგორც პუებლო-დე-კარიგი. მდებარეობს ისაბელის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნშულ ლუსონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კირინოს ჩრდილ-დასავლეთ საზღვართან.[2] სანტიაგო კაგაიანის ველის ფართო დაბლობებისკენ მიმავალი კარიბჭეა.

სანტიაგო ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ჩრდილოეთით 331 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქალაქის დიდი ნაწილი კაგაიანის ველის ნაყოფიერ და ფართო დაბლობზეა გაშლილი. სამხრეთიდან კარაბალოს მთებითაა გარშემორტყმული, აღმოსავლეთიდან — სიერა-მადრეს მთებით, ხოლო დასავლეთით მდინარე მაგატის გასწვრივ კორდილიერის მთიანეთით.

გეოგრაფიულად სანტიაგო ისაბელის პროვინციის შემადგენლობაშია მოქცეული და პროვინციის მე-4 რაიონს მიეკუთვნება. ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოსაც სტატისტიკური მიზნებიდან გამომდინარე ისაბელის პროვინციის ფარგლებში შეჰყავს, თუმცა ქალაქი ადმინისტრაციულად პროვინციისგან დამოუკიდებელია.[3]

სანტიაგოს წარმოშობა დაკავშირებულია ესპანელი მისიონერების მიერ მდინარე კარიგის (დღევანდელი დიადი) ნაპირებზე ადგილობრივი დასახლებების აღმოჩენასთან. ქალაქმა თავდაპირველი სახელწოდება სწორედ მდინარე კარიგის შესაბამისად მიიღო. ქალაქის პირველი მკვიდრები გადანგები და იბანაგები იყვნენ. ესპანელთა დასახლების შემდეგ ქალაქს პუებლო-დე-კარიგი უწოდეს. 1950-იან წლებში მუნიციპალურმა პრეზიდენტმა ვისენტე კარეონმა ქალაქს სახელი შეუცვალა და სანტიაგო უწოდა. სანტიაგოს მუნიციპალიტეტის სტატუსი 84 წლის მანძილზე ჰქონდა.

თავდაპირველად სანტიაგო კაგაიანის პროვინციის (მოიცავდა მთელ კაგაიანის ველის რეგიონს) შემადგენლობაში შედიოდა, რომლის დედაქალაქის ნუევა-სეგოვია იყო. 1856 წლის 1 მაისს სამეფო ბრძანების შესაბამისად ისაბელის პროვინციის წარმოქმნის შემდეგ სანტიაგო ახლადშექმნილ პროვინციას მიეკუთვნა. 1927 წელს ჩატარებული საკადასტრო გამოკითხვის მიხედვით ქალაქი 5 ბარიოს: პატულს, ბატალს, ნაბუანს, ბუენავისტასა და დუბინანს მოიცავს.

1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს სანტიაგო იაპონელებმა დაიპყრეს. 1945 წელს ქალაქი ფილიპინების 1-ელმა, მე-2, მე-12, მე-13 და მე-15 ქვეითმა დივიზიებმა, აშშ-ფილიპინების მე-11 ქვეითმა პოლკმა და პარტიზანულმა ჯგუფებმა გაათავისუფლეს.

ქალაქის ცენტრი

1993 წლის 17 დეკემბერს ბილი, რომლის მიხედვითაც სანტიაგო დამოუკიდებელ შემადგენელ ქალაქად ცხადდებოდა, ფილიპინების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. 1994 წლის 5 მაისს პრეზიდენტმა ფიდელ რამოსმა 7720-ე რესპუბლიკურ აქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც სანტიაგო კაგაიანის ველზე პირველი ქალაქი და მე-5 დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქი გახდა კოტაბატოს, დაგუპანის, ნაგისა და ორმოკის შემდეგ. პლებისციტი 1994 წლის 6 ივლისს ჩატარდა, რომელშიც მოსახლეობამ აღნიშნულ ცვლილებას მხარი დაუჭირა.

1998 წის 14 თებერვალს 8528-ე რესპუბლიკური აქტის თანახმად სანტიაგოს შემადგენელი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვა. 1999 წლის 29 დეკემბერს უზეუნაესმა სასამართლომ ბოლო გადაწყვეტილების ვალიდურობა უარყო და სანტიაგო კვლავ დამოუკიდებელ შემადგენელ ქალაქად გამოცხადდა.

საოჯახო სავაჭრო ცენტრი სანტიაგოში

ქალაქის ტერიტორიის 80% ვაკეა. შედარებით მაღალია ჩრდილო-დასავლეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილები. ქალაქის უმაღლესი წერტილი დარიუკის ბორცვია. ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდილოეთ განედის 16º35’00” - 16º47’30” და აღმოსავლეთ გრძედის 121º25’00” - 121º37’00”.

ქალაქის კლიმატში მშრალი და წვიმების სეზონი მკვეთრად გამოხატული არ არის. ჩვეულებრივ ქალაქის კლიმატი მშრალია და მინიმალური ნალექიანობით ხასიათდება. საშუალო წლიური ტემპერატურა 24.9 °C-ია (76.8 °F). წლიურ და დღიურ ტემპერატურებს შორის სხვაობა მცირეა. ტემპერატურა 18-დან 35 °C-მდე (64 to 95 °F) მერყეობს.

ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. გარდა ამისა, ქალაქში სხვა ქრისტიანული კონფესიებიც მიმდევრებიც ცხოვრობენ, მათ შორის: ქრისტეს ეკლესიის, გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის, უკანასკნელი დღეების წმინდანთაიესო ქრისტეს ეკლესიის და სხვ. ქალაქი კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მათ შორის: ინდოელების, მუსლიმანებისა და ჩინელების კულტურებით, რის გამოც სანტიაგოში არაერთი რელიგიური უმცირესობის თაყვანისცემის ადგილია აგებული: ჩინური ტაძარი, მუსლიმური მეჩეთი და სიქჰების ტაძარი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Santiago City Local Government Office. Santiago-City.com Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 November 2013. ციტირების თარიღი: 5 November 2013.
  3. Republic Act No. 7160 LOCAL GOVERNMENT CODE OF 1991. The LawPhil Project. ციტირების თარიღი: 5 November 2013.