სურიგაო (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სურიგაო
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 9°47′23″ ჩ. გ. 125°29′45″ ა. გ. / 9.78972° ჩ. გ. 125.49583° ა. გ. / 9.78972; 125.49583
დაარსდა 29 ივნისი, 1655
ფართობი 245.30 კმ²
ცენტრის სიმაღლე 43 მეტრი
მოსახლეობა 171 107 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 86
საფოსტო ინდექსი 8400
ოფიციალური საიტი http://www.surigaocity.gov.ph/
სურიგაო (ქალაქი) — ფილიპინები
სურიგაო (ქალაქი)

სურიგაო (ოფიციალურად ქალაქი სურიგაო; სებ. Dakbayan sa Surigao; ტაგალ. Lungsod ng Surigao) ― მესამე კლასის შემადგენელი ქალაქი და ჩრდილოეთ სურიგაოს პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 171 107 ადამიანს შეადგენს.

სურიგაო მინდანაოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის ფართობი 245.34 კმ²-ია, რაც კარაგის რეგიონის 1.4%-ს შეადგენს.

1750 წლიდან სურიგაო ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქი იყო, რომელიც მინდანაოს საერთო ფართობის მესამედს იკავებდა. 1911 წელს სურიგაოს პროვინცია გაუქმდა. ქალაქი 1655 წელს ესპანელმა კოლონიზატორებმა დააარსეს და მინდანაოს ერთ-ერთი უძველესი პორტია. ქალაქი მდიდარია მინერალური რესურსებით: ოქროთი, რკინით, კობალტით, სპილენძით, მანგანუმით, ქრომიტითა და სხვა მინერალებით. კუნძულ ნონოკზე მსოფლიოში ნიკელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგია აკუმულირებული. აზიის მენეჯმენტის ინსტიტუტის რანჟირებით, სურიგაო ფილიპინების მცირე ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ქალაქია. 2010 წლისთვის ქალაქის შემოსავალმა 600 მილიონი ფილიპინური პესო შეადგინა.

სურიგაო სიარგაოზე, დინაგატის კუნძულებსა და ბუკას-გრანდეზე მისასვლელ წერტილს წარმოადგენს. ქალაქი კუნძულ პანაონიდან სურიგაოს სრუტითაა გამოყოფილი. ქალაქი ჩრდილოეთ სურიგაოს პროვინციისა და დინაგატის კუნძულების, ასევე, მეზობლად მდებარე პროვინციების: სამხრეთ სურიგაოს, ჩრდილოეთ აგუსანისა და სამხრეთ ლეიტეს პოლიტიკური, კომერციული, საბანკო, სამრეწველო და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას ასრულებს.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურიგაოს სახელწოდებასთან დაკავშირებით ლინგვისტებს შორის ორი ჰიპოთეზა არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, ქალაქის სახელწოდება წარმოდგება სიტყვიდან Sulig („აღმოცენება“). კიდევ ერთი ვერსიით, სახელწოდება შეიძლება მომდინარეობდეს სიტყვიდან suligao (წყაროს წყალი) და მდინარე სურიგაოს აღნიშნავდეს, რომელიც მინდანაოს ჩრდილოეთ ნაწილში მიედინება.[2][3] ძველ ისტორიულ წყაროებში მდინარე სულიგაოდ, სურიგაოდ ან სურიგანადაა მოხსენიებული.[4]

ქალაქის სახელწოდება შეიძლება წარმოდგებოდეს ვისაიანური სიტყვებიდან სუროგაო ან სუიოგაო, რაც „წყლიდ დინებას“ აღნიშნავს.[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურიგაოს პროვინციის რუკა 1899 წელს

სურიგაოს მიმდებარე ტერიტორიები ესპანელთა კოლონიზაციამდე იყო დასახლებული. მეთევზეთა სოფლები ჰინატუანის გასასვლელის სანაპიროზე იყო გაშლილი, ხოლო მამანვას ტომები მაღლობებში სახლობდნენ. წყნარი ოკეანის, სურიგაოს სრუტისა და მინდანაოს ზღვის შესართავთან მდებარეობის გამო სურიგაო საუკუნეების მანძილზე იყო დასახლებული.

1521 წელს დედამიწის გარშემო მოგზაურობისას ფერდინანდ მაგელანი ფილიპინების არქიპელაგზე გადავიდა და კუნძულ ჰომონჰონამდე მიაღწია. მაგელანის ფლოტმა ლიმასავამდე სურიგაოს სრუტის გავლით მიაღწია და კუნძულ სებუს მახლობლად ჩაუშვა ღუზა.

დღევანდელი სურიგაოს ტერიტორიაზე წარსულში ქალაქი ბილანგ-ბილანგი მდებარეობდა, რომელიც პორტის ფუნქციასაც ასრულებდა. შემდეგში ქალაქს ბანაჰაო ეწოდა, რომელიც 1655 წლის 29 ივნისს დააარსა და კარაგას შეუერთდა.

1970 წლის 31 აგვისტოს მიღებული №6134 რესპუბლიკური აქტის საფუძველზე სურიგაო შემადგენელ ქალაქად გამოცხადდა. პირველ მერად პედრო ესპინა აირჩიეს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი სურიგაო კუნძულ მინდანაოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქს ჩრდილოეთიდან დინაგატისა და ბასილისის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― ფილიპინის ზღვა და კაგდიანაოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთიდან ― სისონისა და ტაგანა-ანას მუნიციპალიტეტები, დასავლეთიდან ― მინდანაოს ზღვა და სან-ფრანსისკოს მუნიციპალიტეტი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ― სურიგაოს სრუტე.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, სურიგაო ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. საშუალო თვიური ნალექიანობის მაჩვენებელი 308.66 მმ-ია. ნალექების უდიდესი ნაწილი ნოემბრიდან მარტამდე მოდის. მშრალი სეზონი აპრილიდან სექტემბერამდე გრძელდება.

ჰავის მონაცემები — სურიგაო (ქალაქი) (1981–2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 33.7 33.3 35.0 35.2 36.3 37.5 36.2 37.0 38.2 35.6 36.5 34.6 37.5
საშუალო მაღალი °C 29.4 29.9 30.8 32.0 32.7 32.6 32.3 32.7 32.7 32.0 30.8 29.9 31.5
საშუალო დღიური °C 26.3 26.7 27.3 28.2 28.8 28.7 28.5 28.7 28.7 28.2 27.4 26.8 27.9
საშუალო დაბალი °C 23.3 23.5 23.8 24.4 24.9 24.8 24.6 24.7 24.6 24.4 24.0 23.7 24.2
რეკორდულად დაბალი °C 18.6 18.2 18.8 18.9 20.8 20.7 20.0 20.0 20.6 20.5 19.7 19.1 18.2
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 609.4 446.4 326.0 219.1 139.6 142.1 171.1 133.9 171.0 240.7 467.3 585.2 3 651,8
წვიმიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 26 21 21 17 13 14 15 12 15 19 22 25 220
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 88 86 84 83 81 81 81 80 80 82 86 87 83
წყარო: PAGASA[6][7]

ბარანგაები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურიგაო 54 ბარანგაიდ იყოფა, რომელთა შორის 21 კუნძულოვანი ბარანგაია. 15 ბარანგაი ურბანული ტერიტორიაა, რომელთა ფართობი ქალაქის 20%-ს შეადგენს. მათ შორისაა: ტაფტი, ვაშინგტონი, სან-ხუანი, საბანგი, კანლანიპა, კაგნიოგი, ლუნა, ტოგბონგონი, რისალი, ლიპატა, პუნტა-ბილარი, მაბუა და იპილი. კუნძული ბარანგაებია: ალანგ-ალანგი, ალეგრია, აურორა, ბაიბაი, ბილაბიდი, ბიტაუგანი, ბუენავისტა, კაგუტსანი, კანტიასაი, კატადმანი, დანავანი, ლიბუაკი, ლისონდრა, მანხაგაო, ნონოკი, სან-ხოსე, სიდლაკანი, სუგბაი, ტალისაი და სარაგოსა.

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს საქალაქო საბჭო (Sangguniang Panlungsod) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს და მერის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის ქალაქის მერი ერნესტო უ. მატუგას უმცროსია, ხოლო ვიცე-მერი ― ერნესტო ტ. მატუგასი. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში ქალაქის წარმომადგენელია რობერტო აკე ს. ბარბერსი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. University of the Philippines Manila; University of the Philippines Mindanao. Ethnomedical documentation of and community health education for selected Philippine ethnolinguistic groups: the Mandaya people of Davao Oriental, Philippines (2000). ციტირების თარიღი: 2015-04-22[მუდმივი მკვდარი ბმული]
  3. (1898) La Islas Filipinas. Mindanao, Volume 1. Subinspección de Infantería, გვ. 197. 
  4. რედ. Pio A. De Pazos y Vela-Hidalgo: Jolo, Relato Historico-Militar: Desde Su Descubrimiento Por Los Espanoles en 1578 A Nuestros Dias (1879). Imprenta y Estereotipia de Polo. 
  5. Paredes, Francis Tom; Paredes, Sheila (2017) The Monosyllabic root -ao in Mindanao Languages, 8th Annual In-house Review of the Research Office of Agusan del Sur State College of Agriculture and Technology. Agusan del Sur State College of Agriculture and Technology. 
  6. Surigao del Norte Climatological Normal Values. Philippine Atmospheric, Geophysical and Astronomical Services Administration. ციტირების თარიღი: 18 October 2018
  7. Surigao del Norte Climatological Extremes. Philippine Atmospheric, Geophysical and Astronomical Services Administration. ციტირების თარიღი: 18 October 2018