სან-ხუანი (მანილა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სან-ხუანი
San Juan City Hall, Metro Manila.jpg
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°36′00″ ჩ. გ. 121°02′00″ ა. გ. / 14.60000° ჩ. გ. 121.03333° ა. გ. / 14.60000; 121.03333
მმართველი Francis Zamora
დაარსდა 1623
ფართობი 5.95 კმ²
ცენტრის სიმაღლე 24 მეტრი
მოსახლეობა 122 180 (1 აგვისტო, 2015)[1] [2]
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 1500–1504
ოფიციალური საიტი http://www.sanjuancity.gov.ph/
სან-ხუანი (მანილა) — ფილიპინები
სან-ხუანი (მანილა)

სან-ხუანი (ოფიციალურად ქალაქი სან-ხუანი; ტაგ: Lungsod ng San Juan) — პირველი კლასის მაღალურბანიზზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2015 წლის აღწერით სან-ხუანის მოსახლეობა 122 180 ადამიანია. ქალაქი გეოგრაფიულად ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ცენტრშია მოქცეული და ფართობით ფილიპინების ყველაზე პატარა ქალაქია.

ქალაქი ცნობილია როგორც ისტორიული ადგილი, სადაც კატიპუნანის პირველი ბრძოლა გაიმართა, ორგანიზაციისა, რომელიც 1896 წელს ესპანეთის იმპერიის წინააღმდეგ ფილიპინების რევოლუციას ხელმძღვანელობდა. სან-ხუანის ღირსშესანიშნაობებს შორისაა პინაგლაბანონის სამარხი, გრინჰილსის სავაჭრო ცენტრი, ბონი სერანოს გამზირი და სხვ.[3]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სან-ხუან-სითი“ ქალაქის ტრადიციული სახელის, „სან-ხუან-დელ-მონტეს“ (ითარგმნება როგორც „წმინდა იოანეს მთა“) შეკუმშული ფორმაა. ისევე როგორც ფილიპინების ბევრი სხვა ადგილის დასახელებაში, სან-ხუანის სახელწოდებაც მფარველი წმინდანისა და ტოპონიმის კომბინაციაა. ამ შემთხვევაში მფარველი წმინდანის, იოანე ნათლისმცემლისა და მიმდებარე ტერიტორიების მთიანი რელიეფია შერწყმული. ქალაქის ოფიციალური სახელწოდებაა „Dakilang Lungsód ng San Juan“, რაც „სან-ხუანის დიდ ქალაქს“ ნიშნავს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელ-დეპოსიტო 1900 წელს

წინაესპანურ პერიოდში დღევანდელი სან-ხუანის ტერიტორია ნამაიანის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, რომლის უკანასკნელი მმართველებიც მეფე ლაკანტაგინი და დედოფალი კონსორტი ბოუანი იყვნენ. გვიან XVI საუკუნეში სამეფო და კუნძულის სხვა პოლიტიკური წარმონაქმნები ესპანეთის იმპერიის დაქვემდებარებაში გადავიდა. თანამედროვე სან-ხუანის ტერიტორია თავდაპირველად ბარიო იყო, ხოლო 1590 წლისთვის პატარა ენკომიენდა გახდა.

1783 წელს სან-ხუანი სანტა-ანას გამოეყო, თუმცა ბარიოს სახით მანილის პროვინციის შემადგენლობაში აღმოჩნდა. 1896 წელს, ფილიპინების რევოლუციის დროს ელ-დეპოსიტოს წყალსაცავის მახლობლად სან-ხუან-დელ-მონტეს ბრძოლა გაიმართა. 1901 წელს, ამერიკული სამხედრო მმართველობის დროს ქალაქი რისალის პროვინციის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა.[4]

1975 წლის 7 ნოემბერს პრეიზდენტმა ფერდინანდ მარკოსმა ხელი მოაწერა 824-ე საპრეზიდენტო დეკრეტს, რომლის მიხედვითაც ეროვნული დედაქალაქის რეგიონი ჩამოყალიბდა და სან-ხუანიც მის შემადგენლობაში შევიდა. 2007 წლის 17 ივნისს 9388-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად სან-ხუანი მუნიციპალიტეტიდან მაღალურბანიზებულ ქალაქად გამოცხადდა.[5]

2020 წელს სან-ხუანში, ისევე როგორც მთლიანად ეროვნული დედაქალაქის რეგიონში კორონავირუსის პანდემიის გამო 15 მარტიდან ერთთვიანი კარანტინი გამოცხადდა.

მართალია ოფიციალურად არ არის აღიარებული, მაგრამ სან-ხუანს ხშირად „ფილიპინების პრეზიდენტთა ქალაქად“ მოიხსენიებენ. მესამე რესპუბლიკის შემდეგ ფილიპინების ოთხი პრეზიდენტი საპრეზიდენტო ვადის დაწყებისთვის სან-ხუანის ოფიციალური მცხოვრები იყო: დიოსდადო მაკაპაგალი (1961-1965), გლორია აროიო (2001-2010), ფერდინანდ მარკოსი (1965-1986) და ჯოზეფ ესტრადა (1998-2001), რომელიც სან-ხუანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობასაც ასრულებდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სან-ხუანის პოლიტიკური რუკა

სან-ხუანი ფილიპინების ყველაზე პატარა ქალაქია. მისი ფართობი 595 ჰექტარია. სან-ხუანს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან კესონ-სითი, სამხრეთიდან — მანდალუიონგი, ხოლო დასავლეთიდან — მანილა ესაზღვრება.

წარსულში სან-ხუანის ტერიტორია დღევანდელზე უფრო დიდი იყო და ქალაქ კალოოკანამდე იყო გადაჭიმული. კესონ-სიტის 1-ელი, მე-4 და მე-6 რაიონები და მანდალუიონგი კოლონიურ ხანაში ქალაქის საზღვრებს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ სან-ხუანის წყალსაცავი რორზშუს სოფლის მახლობლად მდებარეობს, რომელიც დღეს კესონ-სიტის შემადგენლობაშია.

ბარანგაები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სან-ხუანი პოლიტიკურად 21 ბარანგაიდ იყოფა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის აღწერით სან-ხუანის მოსახლეობა 122 180 ადამიანია.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სან-ხუანში რელიგიური თაყვანისცემის რამდენიმე ადგილი მდებარეობს. ქალაქში მფარველი წმინდანის, იოანე ნათლისმცემლის ბაპტისტური ეკლესია მდებარეობს (ცნობილი როგორც პინაგლაბანანის ეკლესია). უძველესი ეკლესია სან-ხუან-დელ-მონტეს ეკლესიაა, ხოლო ფილიპინურ-ჩინური თემისთვის მთავარი ტაძარი დედოფალ მერის სამრევლო ფუნქციონირებს.

სან-ხუანში რამდენიმე ევანგელისტური ეკლესია მდებარეობს. ყოველწელიურად, იანვარში ეროვნული ბიბლიის კვირეული იმართება, რომლის დროსაც ქალაქის მერიის წი დროშის აღმართვისას საღვთო წერილს კითხულობენ. ქალაქის მერის კურთხევით ქალაქის ახალი მერიის საფუძველში ბიბლიაც ჩაატანეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2015 Census of the Philippines
  2. https://www.psa.gov.ph/sites/default/files/attachments/hsd/pressrelease/NCR.xlsx
  3. „A short and sweet historical tour of San Juan City“. The Manila Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-07-26.
  4. National Historical Commission of the Philippines official website.
  5. Republic Act No. 9388 - Charter of the City of San Juan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-06. ციტირების თარიღი: 2020-11-15.