კეხვის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეხვის ციხე

კეხვის ციხე — ციხესიმაგრე სამაჩაბლოში, სოფელ კეხვის (ქურთის მუნიციპალიტეტი) მახლობლად, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს, მაღალი მთის წვერზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეხვის ციხე პირველად მოხსენებულია 1578 წელს. თურქთა ჯარმა მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით სძლია ირანის ჯარს და დაიკავა აღმოსავლეთი საქართველო. შეშინებულმა შაჰმა გაათავისუფლა ტყვეობაში მყოფი სიმონ მეფე და სამშობლოში გამოაგზავნა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად. მეფემ სძლია მომხდურთ და დასაჯა მათი მომხრეები, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ვახტანგ მუხრან-ბატონი დაიჭირა და კეხვის ციხეში დაამწყვდია.

შემდეგ პერიოდში, 1625 წელს, როდესაც გიორგი სააკაძე ირანელების წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა, მან კეხვის ციხე საიმედოდ მიიჩნია და სხვებთან ერთად გაამაგრა კიდეც იგი.

ამის შემდეგ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში წერილობით წყაროებს არაფერი შემოუნახავს კეხვის შესახებ. ციხის სიმტკიცეზე მიუთითებს ერთი ისტორიული ფაქტი, რომელიც 1736 წელს მიეკუთვნება, როცა კეხვის ციხეში გამაგრებული გივი ამილახორის წინააღმდეგ შაჰმა დიდძალი ჯარი გამოგზავნა, ამილახორმა სამჯერ მოიგერია ირანელთა შემოტევა და აიძულა მტერი ციხისათვის ალყა მოეხსნა.

1745 წელს თეიმურაზ მეფემ დიდძალი ჯარი გააგზავნა კეხვის ციხის ასაღებად. ციხის ალყა ოთხ თვეს გაგრძელდა, მაგრამ იგი მაინც ურყევად იდგა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ციხეს ზარბაზნები დაუშინეს, მათმა მბრძანებელმა, სურამის ციხეში ალყაშემორტყმულმა გივი ამილახორმა კი მიშველება ვერ შეძლო, ციხის დამცველნი დანებდნენ. როცა ამილახორის აჯანყება დამარცხდა, ახალი აჯანყების შიშით, შაჰმა ბრძანა დაენგრიათ სურამისა და კეხვის ციხეები. ბრძანება შესრულდა. მაგრამ ციხე მთლიანად არ დაუნგრევიათ, იგი მხოლოდ მწყობრიდან გამოიყვანეს. როგორც ეტყობა, სიტუაციის შეცვლის შემდეგ ციხე მალე აღუდგენიათ. ამის შემდეგ, საუკუნის დასასრულამდე იგი ხშირად იხსენიება, კერძოდ, ლეკების თარეშთან დაკავშირებით. 1763 წელს ლეკთა მორიგი დიდი ჯარი შემოსევია საქართველოს და სამაჩაბლოს მოოხრება მოუნდომებია. მაგრამ ფხიზლად ყოფილა მეფე ერეკლე. მას სასწრაფოდ შეუყრია ჯარი, შეუკრავს კეხვი და მისი მიდამოები, დახვედრია მტერს და მომხდურნი სულ ერთიანად ამოუწყვეტია.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ამ ადგილას დიდი ზომის კოშკი მდგარა, რომლისთვისაც სამხრეთით მიუშენებიათ გალავანი. ამ გალავნის დანგრევის შემდეგ, ძველის ნაშთების გამოყენებით, აუგიათ ახალი, უფრო ვრცელკოშკიანი გალავანი. მომდევნო პერიოდში გალავნისათვის მიუდგამთ შესასვლელი კოშკიც. ბოლოს, მტრის შემოსევათა გახშირების გამო, კიდევ (უკვე ქვედა ტერასაზე) აგებული იქნა დამატებითი გალავანი კოშკით.

თავდაპირველი კოშკი არაწესიერი ოვალური გეგმისაა. პირველი სართული ოთხი მეტრის სიმაღლეზე იწყება. ზედა კედლებს ორფენიანობა ეტყობა. პირველი ფენიდან დარჩენილია ორი სართული. კოშკის დაზიანების შემდეგ ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები ხელახლა აუგიათ და, იმავე დროს, მესამე და მეოთხე სართულებიც დაუშენებიათ. თავდაპირველი გალავნიდან ნაწილობრივ გადარჩენილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები, რომელთა სიმაღლე ათ მეტრამდე აღწევს და სისქითაც შესამჩნევია. ციხეში შესასვლელი მოწყობილია დასავლეთით, მრავალსართულიანი კოშკის ქვედა ნაწილში. ეზოში მყოფი მეომრებისათვის კედელში ბუხარია მოთავსებული. ძველი კედლები ყრუა. დაცვა, ალბათ, გალავნის ზედა ნაწილებიდან ხდებოდა. აქ იქნებოდა მოწყობილი ხის საბრძოლო ბილიკიც. გალავნის მეორე ფენაც ძალიანაა დაზიანებული - შერჩენილია რამდენიმე სათოფური და ბუხარი.

მცირე ზომის სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის გეგმა სამკუთხედს უახლოვდება. დარჩენილია ოთხი სართული. სართულებზე კარ-სარკმლებს გარდა მოთავსებულია სათოფურები, სხვადასხვა დანიშნულების ნიშები და ბუხარი. ეს კოშკი და მასთან ერთად იმავე პერიოდის სხვა კედლებიც შეიძლება დათარიღდეს XVII საუკუნის პირველი ნახევრით.

ეზოს დასავლეთ მონაკვეთში რაღაც შენობები მდგარა, ჩრდილოეთ კედლებზე კი მიდგმული ყოფილა დიდი მოცულობის წყალსაცავი. წყალსადენით აქ წყლის ამოყვანა საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. მანავის ციხის მსგავსად, შესაძლოა, აქაც ან იქვე აგროვებდნენ წვიმის წყალს, ან შორიდან მოჰქონდათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. V, თბ., 1980. — გვ. 480.
  • გვასალია ჯ., ლიახვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ.VI, თბ., 1982.
  • ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბ., 2002.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988.
  • ზაქარაია პ., ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები, თბ., 2001
  • მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971.