ჩხეიძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩხეიძეები — გვარი საქართველოში („უძველესი, უწარჩინებულესი და შემძლებელი“). თავადი ჩხეიძეები „არიან ძირნი იმერეთიდან“, „კოლხეთიდან“. სარწმუნოა, რომ ამ გვარის წარმომადგენელნი „იყვნენ პირველ ჩიხორის ერისთავნი“. მემატიანეს გადმოცემით ჩიხა-ჩიხორის საერისთავო უძველესი დროიდან არსებობდა. იგი მოიცავდა მთელს მხარეს, რომელსაც „მარგვ“, ანუ „არგვეთი“ ერქვა. ლეონტი მროველის ცნობით, მარგვის ერისთავი ჯერ კიდევ ქართლის პირველი მეფის ფარნავაზის დროს ძვ.წ. 284-219 წლებში არსებობდა. ამ ერისთავს ექვემდებარებოდა ტერიტორია „მცირე მთითგან რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუარამდე, ეგრისისა, რიონს ზემოთ და ვაკე“. უფრო გვიან, მარგვის ერისთავის სამფლობელოში შედიოდა თავკვერიც.

ეჭვს არ იწვევს[1][საჭიროებს წყაროს მითითებას], რომ ჩხეიძეების გვარის ევოლუცია: ჩხეტიანი, ჩხეტია, ჩხოტუა, ჩხეტიძე, ჩხეიძე კოლხეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე არის სოფელი „ნაჩხეტური“, სადაც ძველად ჩხეიძეები მკვიდრობდნენ.

IX ს-ის ბოლოსათვის, „მატიანე ქართლისას“ თხზულებაში ჩიხას საერისთავო აღარ მოიხსენიება. ერისთავის რეზიდენცია შორაპანში გადავიდა და მასში იგივე არგვეთი და რაჭა შედიოდა. X ს-ში რაჭა ცალკე საერისთავოდ ჩამოყალიბდა. ამ დროიდან ჩიხა-მარგვის საერისთავო შორაპნის საერისთავოდ იწოდებოდა. საუკუნეების განმავლობაში აქ ერისთავებად ჩხეიძეები ისხდნენ. ჩხეიძეების იყო ციხე ქალაქი შორაპანი. აქვე იყო სათავადოს ერისმთავრის საჯდომი ადგილი, სასახლე, ციხე-სიმაგრე და კარის ეკლესია. შორაპნის საერისთავოს ერთ ნაწილი, რომელიც „პირველად არგვეთადვე წოდებული შემდგომად პყრობითა თავადთა ჩხეიძეთაგან საჩხეიძოდ ისახელა“. ამ სათავადოს ჩამოყალიბება XIV-XV - ს-ში მიმდინარეობდა.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, საჩხეიძოს საზღვრებია: აღმოსავლეთით „ფერსათიდამ ჩამოსული მცირე მთა“, დასავლეთით „საჩინო-სალომინაოს საზღვრის ხაზი რიონიდან ფერსათამდე“. სახმრეთით -„მთა ფერსათისა ანუ ღადოთ ანუ ლომსიათ წოდებული“. ჩრთილოეთით - მდ. რიკოთულა, ჩხერიმელა, ძირულა. ყვირილა და რიონი. ამრიგად, საჩხეიძოში შედიოდა ხარაგაულის, შორაპან-ზესტაფონის, ბაღდათის, ვანის რაიონები და ვაკე. დაახლ. 150 სოფელი, ეკლესია-მონასტრებით, ციხე-სიმაგრეებით, მთებით, მდინარეებით, ტყეებითა და სავარგულებით[1].

გვარის წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ჩხეიძეთა გვარის წარმოშობის ადგილად ითვლება ჩიხორი, ჩიხა, რომლის მფლობელად ისინი XIX საუკუნიდან იხსენებიან. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გვარიც ჩიხადან უნდა მომდინარეობდეს; მათი აზრით, ჩიხაიძე ჩიხეიძედ, შემდეგ ჩხეიძედ (ჩხეტიძედ) იქცა. ჩიხას ერისთავი პირველად ნახსენებია „ქართლის ცხოვრებაში“, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზთა მეფე გიორგი პირველმა (861-868) „დაიპყრა ქართლი და დაუტევა ჩიხას ერისთავად ძე დემეტრესი“[2].

პროფესორ ოლღა სოსელიას[3] აზრით, ჩიხას ადგილმდებარეობა (ერისთავ-ჩხეიძეთა რეზიდენცია) ემთხვევა იმერეთის უძველეს ქართულ საერისთავოს მარგვს, იგივე არგვეთს, სადაც ერისთავები ჯერ კიდევ ფარნავაზის დროს იქნენ დადგენილნი და ისინი ჩხეიძის გვარს ატარებდნენ. მეცნიერი თვლის, რომ ჩიხას ერისთავის უფლებები ქართლზეც ვრცელდებოდა, მაგრამ მალე მდგომარეობა შეიცვალა. 875 წელს გარდაიცვალა აფხაზთა მეფე გიორგი I, რომლის მეუღლემ მოკლა ჩიხას ერისთავი ბაგრატი და საერისთაო კვლავ ჩხეიძეებმა (ჩხეიტიძეებმა) დაიბრუნეს. ამის შემდეგ ჩიხას საერისთავო რეზიდენცია შორაპანში გადადის, რის გამო ჩიხას ხსენება წყდება და ამიერიდან მის ადგილს შორაპანის საერისთაო იკავებს მის შემადგენლობაში შედის არგვეთი და რაჭა.[3]

სათავადოს აღმოცენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

X საუკუნეში რაჭა ცალკე საერისთავოდ ჩამოყალიბდა, ხოლო არგვეთი შორაპანის საერისთავოს გამგებლობაში რჩება. XV საუკუნეში შორაპანის საერისთავო დაიშალა და მის ტერიტორიებს სხვადასხვა საგვარეულოები, მათ შორის ჩხეიძეები დაუფლნენ. აქედან ჩაეყარა საფუძველი ჩხეიძეთა სათავადოს აღმოცენებას. მისი ერთი წარმომადგენელი ივანე ჩხეიძე XV საუკუნეში (1488 წლიდან) რაჭის ერისთავად აღზევდა. დროთა მსვლელობაში რაჭის და იმერეთის ჩხეიძეები ერთმანეთს დაშორდნენ, რაჭის მფლობელმა ჩხეიძეებმა ნაწილობრივ გვარიც დაკარგეს და ამიერიდან ერისთავი მათ გვარად გამოცხადდა.[3](ანალოგიურია გურიის ერისთავების ისტორია. მათი წინაპრები აფხაზი შერვაშიძეები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი გურიის ერისთავად დანიშნეს, რის შემდეგ მათი გვარი ერისთავად იქცა). თუმცა ისინი თავის თავს მუდამ ერისთავ-ჩხეიძეებს უწოდებდნენ.

ამგვარად რაჭველი ერისთავების ძირძველი გვარი ჩხეიძეა (ჩხეტიძე), რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჯერ რაჭის ნაწილის, ხოლო შემდეგ მთლიანად მხარის მფლობელებად ითვლებიან. რაჭის ერისთავებს ახალი რეზიდენცია წესში ჰქონდათ. აქვე ააშენეს სასახლე და ეკლესია, რის შემდეგ ამ ნაწილს ბარაკონი უწოდეს, რომელიც მტრისთვის საკმაოდ მიუდგომელ ადგილად იყო ცნობილი.

ქართულ ისტორიულ წყაროებში თავად ჩხეიძეების ანუ ჩხეტიძეების გვარის შესახებ ცნობები გვხვდება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში, რომელიც თარიღდება XIV საუკუნის დასაწყისით, სადაც მოიხსენიება რუსი ჩხეტიძე.[4] მაგრამ ის ამ დროს ცოცხალი არ არის. მისი მოღვაწეობა XIII საუკუნის მეორე ნახევარზე მოდის. რუსი ჩხეტიძის შემდეგ, 1325 წელს, გვხვდება ჩხეიძეთა საგვარეულოს წევრი გოგატი, რომელსაც მეაბჯრეთუხუცესის სახელო უკავია. გოგატი მეაბჯრეთუხუცესის შემდეგ, ჩხეიძეთა გვარის შესახებ ქართულ ისტორიულ წყაროებში დიდხანს არაფერი ჩანს. მხოლოდ 1412-1442 წლებში იხსენიება ყელგრძელ ჩხეტიძე, რომელსაც საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდი (1412-1442) მოწმედ ასახელებს თავის “კარის ვაზირთა შორის”. მოგვიანებით, 1486-1488 წლების შუალედში, ამილახორის თანამდებობა ივანე ჩხეტიძეს უკავია. ამავე დროს იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ ივანე ჩხეტიძე რაჭის ერისთავად დასვა, ხოლო ამილახორის სახელო მის სახლიკაცს - სანასარს გადასცა.[5] 1488 წელს იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის მიერ გაცემულ ფალავანდიშვილთა სასისხლო სიგელში მოწმეთა შორის დასახელებულნი არიან რაჭის ერისთავი ივანე ჩხეტიძე და მისი სახლიკაცი სანასარ ამილახორი. ამავე სიგელში დასახელებულნი არიან ასევე ივანე რაჭის ერისთავის ძმები - კახაბერი და აბესალომი და ჩხეტიძეთა გვარის სხვა წევრებიც - ვახტანგი და აბესალომი.

ჩხეიძეები XVI-XVIII საუკუნეებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავად ქექაოზ ჩხეიძის შვილის - გორგასალის მეუღლე იყო ცნობილი მხედართმთავრის და პოლიტიკური მოღვაწის - გიორგი სააკაძის ასული, რომლის სახელი უცნობია. გიორგი სააკაძისა და თავად ჩხეიძეთა მოყვრობის შესახებ ცნობებს გვაწვდის მეფე ვახტანგ VI-ის სიგელი, რომელიც გაცემულია მოლარეთუხუცეს სეხნია ჩხეიძის სახელზე: “ჩვენ... ერანის სპასალარმან და ადრებეჟანის ბეგლარბეგმა ვახტანგ და თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალთ-დედოფალმან ჩერქეზეთის ბატონის ასულმან რუსუდან, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან... მეფეთ-მეფემან და თვითხელმწიფემან პატრონმან შაჰნავაზმან (იგულისხმება ვახტანგ VI ვაჟი ბაქარი) შეგიწყალეთ და გიბოძეთ ესე წყალობის წიგნი და სიგელი შენ ჩვენსა ერთგულსა და წესისაებრ თავდადებით ნამსახურსა კარისა ჩვენისა მოლარეთუხუცეს სეხნიასა და შვილსა შენსა გიორგის ასე და ამა პირსა ზედა... ვითარცა ნამსახური იყავი ყადარსე ქირმანს და ისპანს და ორი შენი ძმაც ყანდაარს ჩვენს ძმას სპასალარს ქაიხოსროსათვის დაიხოცნენ. მისის სამუქფოთ ჩვენს ეს წყალობა გიყავით, ვითაცა უწინ ბედნიერს პაპაჩვენს მეფეს შანავაზს თავისი დეიდაშვილის პაპაშენის ბეჟანისათვის ქვემო ბოლნისი წყალობა ექნა და ჟამთა ვითარებით ჩვენის საქმისთვის ერეკლე მეფეს წაურთმია, ახლა რადგან პაპა-მამათა ნაქონი იყო, ჩვენც თქვენთვის გვიბოძებია ქვემო ბოლნისი”. გორგასალ ჩხეიძე, გიორგი სააკაძესთან ნათესაობის გამო, მას მხარს უჭერდა და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. გორგასალ ჩხეიძე ბაზალეთის ტბასთან დამარცხებულ გიორგი სააკაძეს თურქეთში თან გაჰყვა. თურქეთში ის ცნობილი იყო ფარად-ფაშის სახელით. ეს ჩანს იოსებ თბილელის პოემიდან “დიდმოურავი”, სადაც დასახელებულია ფარად-ფაშა:[6] “ფარად-ფაშა ხომ სიძედ მყვა, თავდადებ ჩემთვის მკვდარია”.ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, როცა გიორგი სააკაძე და მისი თანხლები პირები თურქეთში ჩავიდნენ, “სამი-ოთხი საფაშო სარჩოდ გაუჩინეს, დიდნი პატივი დასდვეს”. ერთ-ერთი საფაშოს ფაშად, როგორც ჩანს, გორგასალ ჩხეიძე უნდა ვივარაუდოდ.[7]

XVI-XVII საუკუნეებში ეს საგვარეულო თავისი ინტელექტის გაფურჩქვნისა და ძლიერების ზენიტს აღწევს და იმერეთის სამეფოში (ნაწილობრივ ქართლშიც), როგორც სასულიერო, ისე საერო სფეროშიც დომინირებს. თავად ჩხეიძეებს უჭირავთ ისეთი მნიშვნელოვანი სახელოები, როგორიცაა: კათალიკოსი, მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი, მეფის კარზე: ამილახორი, მანდათურთუხუცესი, სახლთუხუცესი, მსაჯულთუხუცესი, მოლარეთუხუცესი. ამ დროს იმერეთის სამეფოში მოღვაწეობდა აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსი ევდემონი (1557-1578). XVI საუკუნის მეორე ნახევარში კათალიკოს ევდემონ ჩხეტიძის ზეობაში მოხდა საკათალიკოსო ტახტის მუდმივად ბიჭვინთიდან გელათში გადმოტანა. კათალიკოს ევდემონ ჩხეტიძე ცნობილი პიროვნება იყო დასავლეთ საქართველოს ისტორიაში. მის სახელთან დაკავშირებულია მრავალი ხელნაწერის გადაწერა, გელათის სამონასტრო კომპლექსის საამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოები, მოკვის საყდრისა და ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის “შემკობა” და სხვ. კათალიკოს ევდემონის ფრესკული გამოსახულება შემორჩენილია გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლისა და იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის შორის. კათალიკოს ევდემონი დაკრძალულია გელათში “საფლავსა შინა მეფეთასა”, წმინდა გიორგის ეკლესიაში.[8]

XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე, ისტორიულ დოკუმენტებში ჩანს თავადი გაბრიელ ეგორის ძე ჩხეიძე, რომელიც 1699 წელს მოსკოვში გამგზავრებულა და იქ საცხოვრებლად დარჩენილ იმერეთის მეფე არჩილ II-ის “სახლში გაზრდილი და დაბერებულია”. მან რუსეთში გაატარა დარჩენილი სიცოცხლე ვაჟიშვილებთან (მატვეი, ალექსანდრე, ივანე) ერთად და მოღვაწეობდა როგორც მწიგნობარი და მთარგმნელი.

XVII საუკუნიდან რაჭის ერისთავებმა, რომლების ადრე იმერეთის მეფეს ვასალურად ემორჩილებოდნენ, ერთგვარ დამოუკიდებლობას მიაღწიეს. მათ მეფე კი აღარ ნიშნავდა ერისთავად, არამედ ეს ტიტული გადადიოდა მემკვიდრეობით მამიდან შვილზე უფროსობის მიხედვით. უფლებების ასეთმა გაზრდამ ხელი შეუწყო მეფისადმი რაჭის ერისთავების დაუმორჩილებლობას, რასაც ერთი მხრივ მეფეებთან, მეორე მხრივ, რაჭის თავადებთანაც გამუდმებული ქიშპი და შუღლი მოჰყვა.

ამ შინაგანი ბრძოლის შედეგად გაენათელ ეპისკოპოს-ყოფილს გედევანს, რომელმაც ძმისწულ პაპუნას ცოლი წაართვა, იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ საერისთავო მამული უბოძა, ხოლო თავად გედევანს ბარის ერისთავი უწოდა[3]. ასე გაჩნდნენ იმერელი ერისთავები, რომლებიც ჩხეიძის გვარს აღარ ატარებდნენ. სამეფო კარის მიზანი იმერელი და რაჭის ერისთავების დაპირისპირება იყო, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია, რაჭის ერისთავები კვლავ მძლავრობდნენ და მათ მეფე ალექსანდრე V-ის რამდენიმეჯერ ტახტიდან განდევნაც კი შეძლეს (1741 წ.) თუმცა დროებით.

ამის შემდეგ იცვლებოდნენ იმერეთის მეფეები და იცვლებოდა მათი დამოკიდებულება რაჭის ერისთავ-ჩხეიძეებთან. სოლომონ I-მა 1769 წელს საერთოდ გააუქმა რაჭის საერისთავო და მისი მამულები სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, ნაწილი, ყმა-გლეხებიანად თავის ერთგულ წერეთლებს უბოძა, ერისთავები კი სასტიკად დასაჯა. როსტომ რაჭის ერისთავსა და მის შვილებს თვალები დასთხარა[3]. 1784 წელს იმერეთის სამეფო ტახტზე დავით გიორგის ძე ავიდა, რაჭის საერისთავო აღადგინა და თურქეთს შეფარებული თავისი მოყვარე-ნათესავები, ჯერ კიდევ ცოცხალი რაჭის ერისთავის როსტომის შვილები, კერძოდ „ქიორ-ბეგი“ (გიორგი) რაჭის ერისთავად დასვა, თუმცა ეს დაწინაურება ხანმოკლე აღმოჩნდა. გიორგი ოსეთში ლაშქრობის დროს მოკლეს [3] და ერისთავის ადგილი გიორგის შვილმა ანტონმა დაიკავა, მაგრამ დიდხანს არც მისი ბატონობა გაგრძელდა. მალე იმერეთის სამეფო ტახტზე სოლომონ II ავიდა. მან ერისთავები შეიწყალა, მაგრამ რაჭის საერისთავო მანაც სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, ხოლო ბარაკონი თავის ერთგულ სოლომონ ლიონიძეს გადასცა.

ყველაფერს წერტილი დაესვა 1810 წელს, როდესაც რუსების ხელით დატყვევებული სოლომონ II მათ გაექცა და ოსმალეთს შეაფარა თავი. ფაქტობრივად სამეფო გაუქმდა და იმერეთში რუსული წყობილება დამყარდა. იმპერიის ერთგულად ანტონ გიორგის ძე ერისთავს რუსებმა რაჭის მაზრაში რამდენიმე სოფელი აჩუქეს, თუმცა რაჭის საერისთავო აღარ არსებობდა და ანტონი ჩვეულებრივ თავადის უფლებებით სარგებლობდა[3].

რაჭის საერისთავოს ტერიტორია, რომელიც ჩხეიძეებმა ჩაიბარეს ძალზე შეკვეცილი იყო, იგი რაჭის მხოლოდ რამდენიმე სოფელს მოიცავდა და თანაც მასში თაკვერი აღარ შედიოდა, მაგრამ მათ თანდათან იწყეს ყმა-მამულის შემოკრება და XVIII საუკუნის ნახევრისთვის რაჭის თითქმის მთელ ტერიტორიას ფლობდნენ. გაფართოვდა ერისთავთა არა მარტო სამფლობელო, არამედ უფლებებიც, გაიზარდა მათი ძლიერება და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაც. რაჭის ერისთავები შოშიტა II (1661-1684), პაპუნა II (1684-1696), შოშიტა III (1696-1732), გრიგოლ (1732-1743), ვახტანგ (1743-1750), როსტომ (1750-1769) დიდი გავლენით სარგებლობდნენ ლიხთ-იმერეთში და ლიხთ-ამერეთშიც. მათ ანგარიშს უწევდნენ, იცნობდნენ და აფასებდნენ მეზობელ ქვეყნებშიც. ნიშანდობლივია, რომ 1651 წელს იმერთა მეფის ალექსანდრე III-ის მიერ რუსთა ხელმწიფის ერთგულების ფიცის წიგნზე ხელის მოწერისას გამართულ დარბაზობას პაპუნა I რაჭის ერისთავი არ დასწრებია. ამ წიგნზე მას იმერეთიდან რუსეთისაკენ მიმავალმა ელჩებმა რაჭაში, საკუთარ რეზიდენციაში მოაწერინეს ხელი მისთვის საგანგებოდ დატოვებულ პირველ ადგილზე, მეფე ალექსანდრე III-ის საერო კარისკაცთაგან.[9]

ჩხეიძეთა ქართლის შტოს მიეკუთვნებოდა ცნობილი ისტორიკოსი - მოლარეთუხუცესი სეხნია ჩხეიძე, რომლის კალამს ეკუთვნის ისტორიული თხზულება “ცხოვრება მეფეთა”, სადაც აღწერილია ქართლ-კახეთის და ირანის ისტორიული მოვლენები, რომლის უშუალო მონაწილე თვითონ ავტორი იყო, იგი იყო აგრეთვე ქართლის სამეფოს დიპლომატი.

XVIII საუკუნიდან იმერეთის სამეფოში “პირველკაცობა” რაჭის ერისთავებს (იგივე ჩხეიძებს), აბაშიძეებს და დადიანებს ეჭირათ, თუმცა მემატიანის ცნობით ამ პერიოდშიც ჩხეიძეების გვარი ერთ-ერთ “უწარჩინებულესად” ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნის 30-იან წლებში რაჭის ერისთავის გედეონ ეპისკოპოსს (ჩხეიძეს) მეფე ალექსანდრე V-მ უბოძა “საერისთო მამული” იმერეთში და უწოდა “ბარის ერისთავი”, აქედან გაჩნდა იმერეთში გვარი “ერისთავი” გენით ჩხეიძეთა შთამომავალი. “ბარის ერისთავთა” ინსტიტუტი რაჭის ერისთავთა დასაპირისპირებლად, მათ ზომაზე მეტი სიძლიერის დასათრგუნავად იყო. ფრთხილი მეფის მიერ დაწესებული, მაგრამ ამ ღონისძიებას შედეგი არ მოჰყოლია. იმერეთის მეფემ ალექსანდრე V-მ (1720-1752) კვლავ წამოსწია თავად ჩხეიძეთა საგვარეულო. მან 1740 წელს ბაანა ჩხეიძეს და მის შვილებს როსტომს, გიორგისა და დავითს უბოძა “მკვიდრად” ქვითირის მოურავობასთან ერთად სვირის მოურავობაც.[10]

ჩხეიძეები აჭარაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩხეიძე-ერისთავები საქართველოს სხვა კუთხეებში, მათ შორის აჭარის სოფელ აქუცაშიც დამკვიდრდნენ[11]. მეცნიერის, ფილოლოგისა და ისტორიკოსის, წარმოშობით აქუცელი ჯემალ ჩხეიძის მონათხრობიდან ირკვევა, რომ რაჭის ერისთავების ერთ-ერთი შტო, კერძოდ ორი ძმა ჩხეიძე-ერისთავეი სოფელ აქუცაში მე-18 საუკუნის 50-60-ან წლებში ჩამოსულან. მათთვის ოსმალეთის სულთანს ნასოფლარი აქუცა უბოძებია. აქ ძმები ცალ-ცალკე დასახლებულან და ორი ოჯახი შეუქმნიათ. შემდეგ მოუწვევიათ აქედან აყრილი მოსახლეობა, აგრეთვე სხვა სოფლებში მცხოვრები რამდენიმე გვარეულობა, დაურიგებიათ მათთვის მიწები და სოფელი კვლავ გაუცოცხლებიათ.

10-15 წლის შემდეგ ერთი ძმა საკუთარი სურვილითა თუ არმიაში გაწვევის მიზეზით ოსმალეთში წასულა. ვარაუდით, ეს პიროვნება ხოსრო (ქაიხოსრო) როსტომის ძე ერისთავი ჩხეიძე უნდა იყოს. მას აქუცაში დაუტოვებია ცოლი და ორი შვილი, ქალ-ვაჟი, ოსმალეთში ახალი ოჯახი შეუქმნია და სულთნის კარზე ძალზე დაწინაურებულა.

სოფელ აქუცაში დარჩენილი ძმის ოჯახი ორ შტოდ - ჩხეიძედ და ერისთავად გამრავლებულა. თავადი ერისთავი კვლავ ფლობდა მიწებს და ჩვეულებრივ სოფლის მებატონის წესით ცხოვრობდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში აქუცაში დარჩენილი ერისთავები ოსმალეთში წასულან, ხოლო მათგან განაყოფი ჩხეიძეები სოფელში დარჩენილან. ოსმალეთში გადასახლებულ მეორე ერისთავს ახალი ოჯახი შეუქმნია. ჯემალ ჩხეიძის თქმით აქუციდან გადასახლებულ ერისთავების ერთ-ერთ წარმომადგენელს მეორე მსოფლიო ომამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრის ან მისი მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო ომის დროს დიდ ბრიტანეთში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობას ასრულებდა. ერისთავების ნასახლარი დღესაც არის შემორჩენილი ქედის რაიონის სოფელ აქუცაში.[11]

ხოსრო-ფაშა-ერისთავი-ჩხეიძე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაქარია ჭიჭინაძემ ძალზე მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცნობა მოგვაწოდა ხოსრო (ქაიხოსრო)-ფაშა-ერისთავ-ჩხეიძეზე. კერძოდ, მხოლოდ ის-ღა თქვა, რომ ხოსრო-ფაშა წარმოშობით ქედის სოფელ აქუციდანაა, ერისთავის გვარს ატარებდა, ჰქონდა ევროპული განათლება, ფლობდა მრავალ ენას და ოსმალეთში დიდ იერარქიულ წარმატებას მიაღწიაო. მიუხედავად ამ ცნობის სიმცირისა, იგი საშუალებას გვაძლევს დავადასტუროთ, რომ ხოსრო-ფაშა გვარად ერისთავ-ჩხეიძეა და რაჭის ერისთავების შთამომავალია. აჭარაში ეს საგვარეულო მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან ცხოვრობს.

ხოსრო-მეჰმედ-ფაშის საკმაოდ ვრცელი და სანდო ბიოგრაფია გამოაქვეყნა თურქმა მეცნიერმა მურად კასაპმა.[12] ავტორმა ხოსრო-ფაშა შეიტანა თავის საკმაოდ ვრცელ წიგნში, „ქართველები ოსმალეთში“, რითაც მკითხველს დაუდასტურა, რომ მისი ქართველობა არავითარ ეჭვს არ იწვევს. უფრო ადრე ხოსრო-ფაშას ცხოვრებას შეეხო ქართველი მეცნიერი დავით ჯანელიძე,[13] სადაც ის ძირითადად ამ პიროვნების საქმიანობაზე საუბრობს. მურატ კასაპი ხუსრევ-მეჰმედ-ფაშაზე (იგივე ხოსრო-ფაშა) საუბარს პირდაპირ მისი ეთნიკური წარმომავლობით იწყებს, რომ იგი „ქართული წარმომავლობის ოსმალეთის ვეზირია, ფადიშაჰ აბდულ-მეჯიდის დროს დიდ-ვეზირი.“ ხუსრევმა განათლება საიმპერატორო სასახლეში მიიღო. პატარა ჰუსეინ ფაშის მოსვლამდე იყო ადმირალი, მინისტრის პირველი მდივანი, ხოლო შემდგომ მმართველი (მამასახლისი) გახდა. 1801 წელს ჰუსეინ-ფაშასთან ერთად ხუსრევ-ფაშა ეგვიპტის ლაშქრობებში ჩაერთო. ომის დამთავრების შემდეგ ეგვიპტეში დარჩა და ალექსანდრიის გვარდიის ნაწილის უფროსად დაინიშნა. აქედან გუბერნატორის თანამდებობაზე გადაიყვანეს იზმითში. იმავე წელს ვეზირის წოდება მიიღო და ეგვიპტისა და სალონიკის გამგებელი გახდა. 1803 წელს ბოსნიისა და 1809 წელს ისევ იზმითის გამგებლად მუშაობდა.

1811 წელს ხუსრევ-ფაშა ადმირალი გახდა. მოაწესრიგა სამხედრო ფლოტის აღჭურვილობა, ასევე ძირფესვიანად შეამოწმა დიდი ხნის განმავლობაში უკონტროლოდ მყოფი აქდენიზის სანაპიროს პლაკატები, ბოლო მოუღო ამ მხარეში გავრცელებულ ყაჩაღობებს და ადგილობრივი მთავრობა თავის გავლენის ქვეშ მოაქცია. 1818 წელს ხუსრევ-ფაშამ თავი დაანება ადმირალის მოვალეობას და დაინიშნა ტრაპიზონის გამგებლად. შემდეგ მუშაობდა ერზუ რუმის, ყარსის, ბოლუს და ეღრიბოზის გამგებლად. ერზრუმის გამგებლობის პერიოდში ამავდროულად სამხედრო მინისტრადაც მუშაობდა.

1826 წელს ხუსრევ-ფაშას ჩამოერთვა ადმირალის წოდება, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მხედარმთავრად დაინიშნა. სწორედ ამ დროს მიაღწია სიძლიერის უმაღლეს წერტილს. 1937 წელს მხედარმთავრის თანამდებობიდან იგი პარლამენტის უფროსად გადაიყვანეს. 1847 წელს იგი მხედარმთავრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მაღალი რანგის წევრად პარლამენტში მაინც დარჩა. 1848 წელს პენსია დაუნიშნეს და საცხოვრებლად სანაპიროზე გადავიდა. 1855 წელს ხუსრევ-მეჰმეთ-ფაშა ასი წლის ასაკში გარდაიცვალა და ეიუფ-სულთანში მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს.

ჩხეიძეები XX-XXI საუკუნეებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში ჩხეიძეთა წარმომადგენლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე - პუბლიცისტი, გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც ჯერ საქართველოსა და ამიერკავკასიაში და შემდეგ რუსეთის იმპერიის მასშტაბით, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი იყო. 1917 წლის თებერვალ-აგვისტოში მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ - სრულიად რუსეთის ცაკ-ის თავმჯდომარე, შემდეგ ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე (1918 წლამდე) იყო.

ნიკო ფიროსმანის ნახატი "თავადი ყანწით". მელიტონ ჩხეიძის პორტრეტი. (1906 წელი)

გიორგი ჩხეიძე (1874-1939) საბჭოთა ხელისუფლების დროს მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ამავე საუკუნის 30-50-იან წლებში აღსანიშნავია ჩხეიძეთა გვარის ის წარმომადგენლები, რომლებსაც სახელმწიფო მართვის ორგანოებში თანამდებობები არ ეკავათ და პოლიტიკურ მოღვაწეობას არ ეწეოდნენ, მაგრამ თავიანთი გამორჩეული კაცურ-კაცობით, სისპეტაკით და მაღალი ზნეობით ქართველი კაცის ფენომენს ანსახიერებდნენ, რასაც ტრადიციად ამკვიდრებდნენ მომდევნო თაობებში. საზოგადოების მიერ აღიარებული ეს კოლორიტული პიროვნებები იყვნენ: სიმონ (სიმონიკა), დავითი (დათიკო), დავით (დათუნია) ჩხეიძეები, რომელთა ავტორიტეტი და სიყვარული დღემდე შემორჩა ქუთაისში, საერთოდ იმერეთსა და თბილისში. საბჭოთა წყობილების პერიოდში სახელმწიფო და სამთავრობო მმართველობით სისტემაში მოღვაწეობდნენ: ზურაბ ჩხეიძე - მინისტრი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი; პეტრე პეტრეს ძე ჩხეიძე - კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის თანამდებობები საქალაქო და რესპუბლიკურ დონეზე, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე; ბეჟან ჩხეიძე - ფინანსთა მინისტრი; მიხეილ ჩხეიძე - მსუბუქი მრეწველობის მინისტრი; რეზო (ჩხირო) ჩხეიძე - ამიერკავკასიის რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსი; პეტრე ჩხეიძე - “საქნახშირის” თავმჯდომარე; ალექსანდრე (ალიკო) ჩხეიძე - ტრანსპორტის მინისტრი; გივი ჩხეიძე - საქართველოს სანაოსნოს უფროსი, ადმირალი; დავით ჩხეიძე - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი; იგორ ჩხეიძე - მატერიალური რესურსებისა და ვაჭრობის მინისტრი (საბჭოთა წყობილების დაშლის შემდეგ, 1990-1991 წწ.).[8]

დამოუკიდებელი საქართველოს საკანონმდებლო უმაღლეს ორგანოში - პარლამენტში 1991 წლიდან სხვადასხვა არჩევის დროს წარმოდგენილი არიან: ზურაბ, თამარ, იგორ, ირაკლი, ნატო და გიორგი ჩხეიძეები. ქ. თბილისის საკრებულოში - რეზო (ჩხირო) ჩხეიძე. საერთაშორისო დიპლომატიურ სფეროში: პეტრე ჩხეიძე - საქართველოს წარმომადგენელი გაეროში, შემდგომში საქართველოს ელჩი თურქმენეთში და ავღანეთში (ცნობილი საზოგადო მოღვაწეებისა და დიპლომატების თეიმურაზისა (XVII ს.) და სეხნია ჩხეიძის (XVIII ს.) კვალზე. სახელმწიფო სამხედრო სამსახურში: ვალერი ჩხეიძე - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სარდალი, გენერალ - ლეიტენანტი (XVIII საუკუნიდან დაკარგული სპასპეტ-სპასალარის სახელოს ჩხეიძეთა გვარში დაბრუნება. ფართოდაა წარმოდენილი ჩხეიძეთა გვარი ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ამ გვარმა მოგვცა ჩხეიძეთა ისეთი ცნობილი მოღვაწენი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებასა და აღიარების საქმეში. თეატრალურ და სასცენო ხელოვნებაში: ლეგენდარული უშანგი, დავით, ნუცა, ნოდარ, ჩიტოლია, ნინო, ლამზირა და ქეთი ჩხეიძეები. თანამედროვე თეატრის აღიარებული რეჟისორი თემურ ჩხეიძე; კინოხელოვნებაში: რევაზ ჩხეიძე - გამოჩენილი კინორეჟისორი და საზოგადო მოღვაწე, ახალგაზრდა კონორეჟისორები: ბიძინა და გიგა ჩხეიძეები. მხატვრები: ამირან, ომაზი, მამუკა, ნათია, ხათუნა შოთას ასული, ხათუნა რევაზის ასული ჩხეიძეები. მუსიკალურ ხელოვნებაში: მარგალიტა და რუსუდან ჩხეიძეები - საერთაშორისო დონის პიანისტები. საყურადღებოა ისიც, რომ ამ გვარის გენი მაღალი ვოკალური მონაცემებით ხასიათდება. ამ მიმართულებით აღსანიშნავია ჩიტოლია, დავით (დათუნა), ლევან (ლეო), კოტე სიმონის ძე ჩხეიძეების ლამაზი ტემბრისა და ჟღერადობის ხმა. ლიტერატურაში: საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩეხოსლოვაკიაში მოღვაწე კონსტანტინე ჩხეიძე (XX ს-ის 20-30-იანი წლები), “ევროპული კულტურის ამაგდარი”. საქართველოში მოღვაწე მწერლები: გიორგი (ქუჩიშვილი), დავით (დია ჩიანელი), ოთარ, ბორის, ნოდარ, როსტომ ჩხეიძეები. მეცნიერებაში: ჰუმანიტარული დარგით - დავით (დათუნია) - ფილოლოგი; ისტორიკოსები: გიორგი, არჩილ, ჯემალ, თენგიზ ჩხეიძეები[8]

კულტურული მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურის ცნობილ მოღვაწე ჩხეიძეებს შორის არიან:

საზოგადო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადო ცნობილ მოღვაწე ჩხეიძეებს შორის არიან:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 თენგიზ ბარნაბის ძე ჩხეიძე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი.
  2. ქართლის ცხოვრება. ტ. 1. თბ. 1954. გვ, 258. სიმონ ყაუსჩიშვილის რედაქციით და გამოკვლევით
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 ოლღა სოსელია. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან. თბილისი. 1973. გვ 25-28.
  4. ე.მეტრეველი. მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.). თბ., 1962, გვ.90,150.
  5. ს.კაკაბაძე. სასისხლო სიგელების.., II, დას. ნაშრ. გვ.25.
  6. იოსებ თბილელი. დიდმოურავიანი, ისტორიული პოემა. ძველი მწერლობა. ი.იმედაშვილის და ს.ჭელიძის გამოცემა. თბ., 1897, გვ.86.
  7. რიმა ფირცხალაიშვილი. ბრძოლა გიორგი სააკაძის წინააღმდეგ XX საუკუნის დასასრულს. გაზ. “კალმასობა”, №9 (22), თბ., 1998, გვ.7.
  8. 8.0 8.1 8.2 ი.ჩიქოვანი, ი.ბიჭკაშვილი, შ.ჩხეიძე "ქართველ წარჩინებულთა გვარები". თბილისი. 2004.
  9. ალექსი იევლევის 1650-1652 წწ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა (“მუხლობრივი აღწერილობა”). რუსული ტექსტი, ხელნაწერების მიმოხილვით და ქართული თარგმანით გამოსაცემად მოამზადა იასე ცინცაძემ. თბ., 1969, გვ.173,174.
  10. ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა.., I, დას. ნაშრ. გვ.70-71.
  11. 11.0 11.1 რამაზ სურმანიძე. დიდი ვეზირი. ხოსრო-ფაშა-ერისთავი-ჩხეიძე. ბათუმი. 2012. პროფ. ნოდარ ჩხეიძის რედაქციით. გვ. 8-9.
  12. Murat Kasap. Osmanli Gurcunleri. Istanbul. 2010. ავტორმა თავის ნაშრომს დაურთო ხუსრევ-მეჰმედ-ფაშა-ერისთავის ორი უიშვიათესი ნახატი.
  13. დავით ჯანელიძე. საქართველო და აღმოსავლეთი. თბილისი. 1984.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]