სიღნაღის ციხე-გალავანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სიღნაღის ციხე)
Jump to navigation Jump to search

სიღნაღის ციხე-გალავანი — ციხე-გალავანი საქართველოში, ქალაქ სიღნაღში. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, აგებულია 1762 წელს, ერეკლე მეფის მიერ. მსგავს ცნობას იძლევა ვახტანგ ბატონიშვილიც

ვიკიციტატა
„მეფემან ირაკლი აღაშენა მრავალნი სოფელნი და ციხენიცა და ორნი უჩინებულესნი ციხენი დიდნი, ესე იგი ციხე ბოჭორმისა, რომელიცა ყოფილარს უწინარესსა, გარნა მცირე და ციხე იგი ქიზიყისა უწოდებენ სიღნაღს, რომლისაცა მიზეზით მრავალგზის ისარგებლეს ხალხთა ქიზიყისა და სხვათა მახლობელთა სოფელთა მისთათა მშვიდობით დაცვითა მტერთაგან“. ხოლო, მემატიანე ომან ხერხეულიძე მხოლოდ ციხის განახლების შესახებ წერს. „მეფემ ირაკლიმ განაახლა ციხე გორისა, გალავანი სიღნაღისა, თელავისა...“

სიღნაღის ციხეს თავდაპირველი სახით ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა მის შესახებ წარმოდგენის შექმნა შესაძლებელია XIX საუკუნის დასაწყისში შესრულებული გეგმის მიხედვით.

XVIII საუკუნის შუა საუკუნეებსა და მეორე ნახევარში ძირითადად აგებდნენ დიდი ტევადობის ციხეებს, რადგან ციხეებში თავის შეფარება ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ახლო-მახლო სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასაც შესძლებლოდა. სიღნაღის ციხის გეგმაზე არსებული ჩანაწერების მიხედვით, ირკვევა რომ ცალკეულ სოფლებს ცალკედ ჭიშკრები და კოშკები ეკუთვნოდა. მაგალითად: „მაღაროს“, „ბოდბის“, „ვაშნარის“. „მაღარო“ ორი ცილინდრული კოშკითაა გამაგრებული, იგი მთავარ შესასვლელს წარმოადგენს, რადგან ქალაქისა და ციხის მაკავშირებელია. სხვა დანარჩენი შესასვლელები ციხის კედლებშია გაჭრილი. უმრავლესობა განიერია და წარმოადგენს ნამდვილ ჭიშკარს, ზოგი ვიწროა და მათი დანიშნულება სათადარიგო კარია.

გალავნის მთელ სიგრძეზე განლაგებულია ცილინდრული კოშკები, ხოლო მათ შორის — კონტრფორსები. სულ 23 კოშკია, რომელთა შორის მანძილები არათანაბარია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]