ასკანის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ასკანის ციხე
Askana fortress.JPG
კოორდინატები: 41°55′55″ ჩ. გ. 42°10′25″ ა. გ. / 41.93194° ჩ. გ. 42.17361° ა. გ. / 41.93194; 42.17361
სტატუსი დანგრეული
ისტორია
თარიღდება IV საუკუნით
ასკანის ციხე (საქართველო)
Noun Project - Castle tower.svg
დიუბუა დე მონპერეს ნახატი. XIX საუკუნის I ნახევარი

ასკანის ციხე, თამარის მეფის ციხე — ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე. მდინარე ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე, სოფელ მთისპირში, გურიაში. ციხეზე გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი IV საუკუნისაა, უახლესი — XIX საუკუნისა. სამეცნიერო ექსპედიცია ციხეზე არასდროს ყოფილა და ის დღედმე შეუსწავლელია.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასკანის ციხე მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე, დელემურისა და თაფურიათის მთებს შორის, ნასოფლარ ციხისუბნის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ბენტონიტური თიხა მოიპოვება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე როსტომაშვილის ცნობით ციხე IV სუკუნეშია აგებული. გადმოცემის თანახმად ციხეზე ულაშქრია მურვან-ყრუს. ლეგენდის თანახმად, მას გასჭირვებია ციხის აღება და უბრძანებია, უნაგირები და კეხები მოეხსნათ ცხენებიდან, ერთმანეთზე დაეწყოთ და ასე ასულიყვნენ ციხეში. მეციხოვნეებს გავარვარებული ისრები უსვრიათ და უნაგირებისთვის ცეცხლი გაუჩენიათ. მურვან ყრუს ლაშქარი უკან გაბრუნებულა, მეციხოვნეები გამოსდევნებიან და ბრძოლაში მურვანს მუზარადი დაუკარგავს. გადმოცემის მიხედვით მუზარადი დიდხანს ინახებოდა ციხის ეკლესიაში. მურვან ყრუს ლაშქრობას გურიაში ქართლის ცხოვრება ადასტურებს. V-VII საუკუნეებს განეკუთვნება ასკანის ციხის ბაზილიკა.[1]

1774 წელს ასკანის ციხე ლიხაურსა და ბუკისციხესთან ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა უკან დაიბრუნეს. ციხისთავები ასათიანები იყვნენ. 1804 წელს იხსენიება ციხისთავი სვიმონ თაყაიშვილი. 1805 წელს ქაიხოსრო გურიელმა წაართვა ურჩ ციხისთავს ასათიანს, რომელიც ბეჟან ბერიძის ღალატით გამოიტყუა ციხიდან. გურიელმა ციხე განაახლა და სამთავროს მთავარ საპყრობილედ გადააქცია. 1819 წელს ციხის აღებას ცდილობდა აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილი. ის ოსმალთა რაზმით თავს დაესხა სოფელს და რამდენიმე მცხოვრები გაიტაცა. მათ დაედევნა მამია გურიელი. გურულების რაზმმა გზა მოუჭრა ოსმალებს, ბრძოლაში მოკლეს აღა და 34 კაცი და 90-მდე კი დაატყვევა, მათ შორის აჰმედ ბეგის ბიძაშვილი, ორ მოხელე 75 ჯარისკაცი 12 მედროშე, გატაცებულები კი სახლებში დააბრუნა.

1828 წელს ასკანის ციხეში იყო გამაგრებული სოფიო გურიელი, რომელიც გურიაში რუსეთის მმართველობის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძოდა. 30 სექტემბერს ასკანის ციხე რუსეთის ჯარმა დაიკავა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე ნაგებია ფლეთილი ქვითა და კირხსნარით. საკმაოდ დაზიანებული გალავნის კედლების სისქე 2 მეტრამდე, სიმაღლე კი 6 მეტრამდე აღწევს. ციხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შესასვლელია. შესასვლელის მარცხნივ არის ღრმა ჭა, წიდან ჩასასვლელი იყო გვირაბში, რომელიც ჩადიოდა მდინარე ბახვისწყალზე. ამჟამად ჭა ქვა-ღორღითაა ამოვსებული. 1833 წლის ცნობით, ასკანის ციხე ორი კოშკის, წითელი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. ციხის შიგნით ორი დიდი ქვა-ქვევრია, მათ შორის ერთი წყლის სათვალავად წოდებული, ასევე 3 მეტრი სიგანის სანადიმო ქვაფორე. მაღალ კლედზე აგებულია ციხის სასახლე. სასახლის გვერდით იდგა ეკლესია, რომელიც წარმოადგენდა თლილი ქვით ნაგებ ბაზილიკას.[2]

ამჟამად ხის ნაგებობათაგან აღარაფერია შემორჩენილი, საგრძნობლად დაზიანებულია სამლოცველო და გალავნის კედლებიც. სასახლისა და ბაზილიკის ლამაზად თლილი ქვებიმოსახლეობამ სახლებისა და ბუხრების მშენებლობაში გამოიყენა. ციხე აღჭურვილი იყო ქვემეხებით, რომლებიც XX საუკუნის 30–იან წლებში შემდეგ ოზურგეთში წაიღეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიხარულიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 634, თბ., 1975 წელი.
  • მეგრელიძე დ. ასკანის ციხე //თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტთა სამეცნიერო შრომების კრებული, ტ.I, თბილისი 1950

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზ. კალანდაძე, „გურიის ადრე და შუა ფეოდალური ხანის საფორტიფიკაციო ნაგებობანი“, კრებული „გურია“ წ. I — თბილისი, 1996 წ.
  2. პავლე კიღურაძე, „წერილი გურიიდან“ გაზეთი „ივერია", N35 — 1889