მდივანბეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მდივანბეგი — უფროსი მოსამართლე, მსაჯულთუხუცესი, მდივანბეგთა სასამართლოს თავმჯდომარე. მდივანბეგობის სახელო საქართველოში XVI საუკუნიდან შემოვიდა. „მდივანბეგი“ მოსამართლის აღნიშნული სხვა ტერმინების — „მსაჯულის“, „მოსამართლისა“ და „ბჭის“ პარალელურად იხმარებოდა.

მდივანბეგი იყო სპეციალური მოხელე — მოსამართლე, რომლის კომპეტენციაში შედიოდა მნიშვნელოვანი სისხლისა და სამოქალაქო სამართლეებრივი საქმეები. მდივანბეგის სასამართლო ჩვეულებრივ კოლეგიური იყო. სასამართლოს ესწრებოდა მდივანი, რომლის მოვალეობას შეადგენდა მხარეთა ჩვენების ჩაწერა, სამართლეებრივი წიგნის სათანადო მუხლის მოძებნა; მდივნები სასამართლოს წევრებადაც ითვლებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ საქმეების გარჩევაში. მდივანბეგის სასამართლოს ექვემდებარებოდნენ იასაულები, რომელთაგან ერთი ჯგუფი საგამოძიებო, მეორე კი აღმასრულებელი ხასიათის ფუნქციას ასრულებდა. საჯარო ხელისუფლების ინიციატივით მხოლოდ მნიშვნელოვანი სისხლის სამაღტლეებრივი საქმეების ძიება იწყებოდა. სასამართლო პროცესი შეჯიბრებითი იყო. მხარეები პროცესში თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ, თუ ისინი ფეოდალური იერარქიის ერთ საფეხურზე იდგნენ. სასამართლო მოისმენდა მხარეების ჩვენებას, გასინჯავდა საბუთებს, შეამოწმებდა მათს სისწორეს, დაკითხავდა მოწმეებს.

მდივანბეგს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ფეოდალურ მოხელეებს შორის — იგი მეფის, სახელმწიფო მოსამართლე იყო. მდივანბეგის იურისდიქცია ფართოვდებოდა ფეოდალთა სასამართლო იმუნიტეტის შევიწროების ხარჯზე. მდივანბეგი არ ჰყავდა არც ერთ ფეოდალს, მაშინ როდესაც ცენტრალური აპარატის სხვა სახელოთა თანამოსახელე თანამდებობანი ცალკეულ საფეოდალოებშიც არსებობდა.

XVII საუკუნისა და XVIII საუკუნის I ნახევარში ქართლის სამეფოში 4 მდივანბეგზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. XVIII საუკუნის II ნახევარში ქართლ-კახეთის სამეფოში მდივანბეგთა რაოდენობა რამდენიმეჯერ გაიზარდა. მდივანბეგები იყვნენ აგრეთვე იმერეთის სამეფოში, სამეგრელოსა და გურიის სამთავროებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13, გვ. 179-185;
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 313-338;