სახლთუხუცესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სახლთუხუცესი — მეფისა და მსხვილი ფეოდალების დიდი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში, ასრულებდა სამეურნეო-საფინანსო და ადმინისტრაციულ ფუნქციებს.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, სახლთუხუცესი ანუ აბრამადი უძველესი თანამდებობაა, რომელიც არსებობდა გაერთიანებულ საქართველოშიც და იქიდან გადმოვიდა გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში. მაგრამ წყაროებში სახლთუხუცესი XV საუკუნემდე არ ჩანს. ყველად ის ფუნქცია, რომელიც მეფის სახლთუხუცესს ჰქონდა. გაერთიანების ხანაში განაწილებული იყო ვეზირებს შორის.

საქართველოს პოლიტიკური დაშლისა და მეფის ხელისუფლების დასუსტების პირობებში სახლთუხუცესის თანამდებობა — ყოველ, მეტ-ნაკლებად მსხვილ საფეოდალოში არსებობდა. თავიანთი სახლთუხუცესები ჰყავდათ კათოლიკოსსა და დედოფალსაც.

სახლთუხუცესობა წარმოშობით ხელშინაური სახელო უნდა ყოფილიყო. მაგრამ, რამდენადაც მეფეს საჯარო ხელისუფლება ეპყრა, მისი სახლთუხუცესიც სამეფო მოხელე გახდა და პირველი ადგილი დაიკავა გვიანდელ ფეოდალურ პერიოდის მმართველოს ცენტრალურ აპარატში. იგი მეფის დამხმარე, თანაშემწე იყო სამეფოს მმართველობაში, მას ემორჩილებოდა სამეურნეო-საფინანსო დარგის ყველა მოხელე. სახლთუხუცესს ექვემდებარებოდა გადასახადების, სამეფო ბაჟისა და იჯარის საქმეები, აგრეთვე, სამეფო მიწების დამუშავების საკითხები, დარბაზობა-პურობის დროს იგი მთავარი განმკარგულებელი იყო, ხელმძღვანელობდა სტუმრების მიღებას, უფლება ჰქონდა მეფის წინ დამჯდარიყო. სახლთუხუცესის ხელმძღვანელობით უნდა მომზადებულიყო ყმა-მამულის წყალობის წიგნი, სახელოს ბოძებისა და ჯამაგირის საბუთი და სხვა. სახლთუხუცესს ასეთი დოკუმენტები უნდა შეემოწმებინა, თავისი ბეჭედი დაესვა და ამის შემდეგ მოეხსენებინა მეფისათვის. აქედან ჩანს, რომ სახლთუხუცესს ექვემდებარებოდნენ მდივნები და მორდალები. სახლთუხუცესს ინსპექციის უფლება-მოვალეობა ჰქონდა: ჩამოივლიდა სამეფოს სხვადასხვა ადგილს და მიიღებდა საჭირო ზომებს.

სახლთუხუცესობა ფრიად შემოსავლიანი სახელო იყო. იგი ყოველთვის მსხვილ ფეოდალს ეჭირა. სახლთუხუცესი ამა თუ იმ ფუნქციას ხშირად უშუალოდ კი არ ასრულებდა, არამედ „თავისი კაცების“ მეშვეობით, რომლებიც სამეფოს მოხელეებად არ ითვლებოდნენ.

XVIII საუკუნის II ნახევარში, ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანების შემდეგ, რამდენიმე სახლთუხუცესი იყო: ერთი ქართლისა (ზოგჯერ 2-ც) და ორი - კახეთისა. შეიქმნა აგრეთვე სახლთუხუცესის განსაკუთრებული კოლეგია (შედიოდნენ მელიქ-მამასახლისი და მდივნები), რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოს ფინანსურ საქმეებს განაგებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 256, თბ., 1985 წელი.
  • გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13, გვ. 165-173;
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 173-181.