შინაარსზე გადასვლა

ნაპოლეონ ბონაპარტი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნაპოლეონ ბონაპარტე)
ტერმინს „ნაპოლეონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნაპოლეონი (მრავალმნიშვნელოვანი).
ნაპოლეონ I
Napoléon I

ნაპოლეონი თავის კაბინეტში. ავტ. ჟაკ-ლუი დავიდი (1812)
საფრანგეთის იმპერატორი
კორონაცია: 2 დეკემბერი 1804, ნოტრ-დამი
მმართ. დასაწყისი: 20 მარტი 1804, 1 მარტი 1815
მმართ. დასასრული: 6 აპრილი 1814, 22 ივნისი 1815
წინამორბედი: ლუი XVI
მემკვიდრე:

1. ლუი XVIII (დე ფაქტო),

2. ნაპოლეონ II (დე იურე)
სხვა წოდებები: იტალიის მეფე
რაინის კავშირის პროტექტორი
შვეიცარიის მედიატორი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1769
დაბ. ადგილი: აიაჩო
გარდ. თარიღი: 1821
გარდ. ადგილი: წმინდა ელენეს კუნძული
მეუღლე: 1. ჟოზეფინა ბოარნე,
2. მარია ლუიზა ავსტრიელი
შვილები: ნაპოლეონ II
დინასტია: ბონაპარტების დინასტია
მამა: კარლო ბუონაპარტე
დედა: ლეტიცია რამოლინო
ხელმოწერა:

ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ. Napoleon Bonaparte; დ. 15 აგვისტო, 1769, აიაჩო, კორსიკა — გ. 5 მაისი, 1821, წმინდა ელენეს კუნძული) — საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წლებში და შემდგომ როგორც „ფრანგთა იმპერატორი“ 1804-1815 წლებში, იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წლებში და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წლებში.

დაიბადა კორსიკაში, სწავლობდა საფრანგეთში, როგორც არტილერიის ოფიცერი. პოპულარობა მოიხვეჭა საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც წარმატებით უხელმძღვანელა სადამსჯელო ოპერაციებს აჯანყებულთა წინააღმდეგ. 1799 წელს ნაპოლეონმა მიაღწია საფრანგეთის პირველ კონსულობას, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გახდა საფრანგეთის პირველი იმპერატორი.

1812 წელს, ნაპოლეონის რუსეთის კამპანია კრახით დასრულდა. 1813 წლის ოქტომბერში, ლაიფციგთან ანტიფრანგულმა კოალიციამ ნაპოლეონის ჯარები დაამარცხა, რასაც მოყვა ნაპოლეონის პირველი გადადგომა 1814 წლის აპრილში. იგი გადასახლებულ იქნა ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ელბაზე. 1815 წლის მარტში ის დაბრუნდა საფრანგეთში და აღადგინა კონტროლი ხელისუფლებაზე, თუმცა მან ამჯერად ხელისუფლება მხოლოდ ას დღეს შეინარჩუნა. 1815 წლის 18 ივნისს ვატერლოოსთან იგი საბოლოოდ დამარცხდა (იხილეთ ვატერლოოს ბრძოლა) და გადასახლებულ იქნა ატლანტის ოკეანის სამხრეთის შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც იგი ექვსი წლის შემდეგ, 1821 წლის 5 მაისს, გარდაიცვალა.

აღზრდა და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნაპოლეონის მამა კარლო ბუონაპარტე

ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა 1769 წლის 15 აგვისტოს ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კორსიკის ქალაქ აიაჩოში. ამ მოვლენამდე სამი თვით ადრე კორსიკელი ხალხი იძულებული გახდა საფრანგეთის ბატონობას დამორჩილებოდა. ნაპოლეონი ბავშვობიდანვე ისმენდა ამბებს კორსიკელების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე და ამ ბრძოლაში თავისი მშობლების მონაწილეობის შესახებ.

კუნძული კორსიკა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნობა გენუის სავაჭრო რესპუბლიკას, რამდენიმე საუკუნე იბრძოდა თავისი დამოუკიდებლობისთვის. აღსანიშნავია, რომ XIV საუკუნიდან XVIII საუკუნემდე კორსიკაზე თორმეტი სახალხო აჯანყება მოხდა. ერთ-ერთი აჯანყების დროს, 1755 წელს, ადგილობრივებმა მოახერხეს საკუთარი ტერიტორიებიდან გენუელების განდევნა.

რაკი დარწმუნდა, რომ კორსიკა მას აღარ ეკუთვნოდა, გენუის რესპუბლიკამ 1768 წელს თავისი ფაქტიურად უკვე არარსებული "უფლებები" კორსიკაზე საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XV-ს მიჰყიდა. როდესაც ეს კორსიკელებმა გაიგეს, მათ კვლავ ხელი მოჰკიდეს იარაღს. გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად მათ ვერ შეძლეს ფრანგების დამარცხება. კორსიკა საფრანგეთის სამფლობელოდ გამოცხადდა.

ამრიგად, ნაპოლეონმა თავისი ბავშვობა კუნძულზე გაატარა სწორედ მაშინ, როდესაც აქ, ერთი მხრივ, ჯერ კიდევ გული შესტკიოდათ უეცრად დაკარგულ პოლიკიკურ დამოუკიდებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, მემამულეებისა და ქალაქის ბურჟუაზიის ნაწილი უკვე ეკითხებოდა თავის თავს: უმჯობესი ხომ არ იქნება ერთხელ და სამუდამოდ გადავიქცეთ საფრანგეთის არა ნაძალადევ, არამედ სულითა და გულით მორჩილ ქვეშევრდომადო.

ნაპოლეონის მამა, კარლო ბონაპარტი, "ფრანგულ" პარტიას მიემხრო, პატარა ნაპოლეონს კი ეზიზღებოდა უცხო ფრანგები.

კარლო ბონაპარტმა 1764 წელს იქორწინა ლეტიცია რამოლინოზე. მათ ჰყავდათ 13 შვილი, რომელთაგანაც მხოლოდ 8–მ მიაღწია სრულწლოვნებას.

ნაპოლეონის მამამ, რომელიც საფრანგეთის მომხრე გახდა, გადაწყვიდა ფრანგული აღზრდა მიეცა თავისი შვილებისთვის. მან შეიტანა განცხადება პარიზის სამხედრო სკოლაში: ითხოვდა თავისი ორი უფროსი ვაჟის მიღებას.

1779 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, ნაპოლეონ ბონაპარტი ბრიენის სამხედრო სკოლაში მიიღეს.

მანამდე მიღებულ მის განათლებაზე, ცოტა რამ არის ცნობილი. ხუთი წლის ასაკში იგი აიაჩოს მონაზვნების სკოლაში სწავლობდა, სადაც წერა-კითხვა შეისწავლა. შემდეგ ოთხის წელი აბატ რეკოს სკოლაში გაატარა.

ბრიენის სამხედრო სკოლაში შესვლამდე, ფრანგული ენის დასახვეწად, რომელიც კარგად არ იცოდა, ოტენის კოლეჯში სწავლობდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ ნაპოლეონმა არტილერია აირჩია და ასე მოხვდა პარიზის სამხედრო სკოლაში. ინვალიდების სასახლის გვერდით მდებარე ამ დაწესებულებაში, სხვადასხვა ტექნიკური და ჰუმანიტარული საგნების გარდა, ასწავლიდნენ ფორტიფიკაციას და ფარიაკობას, მაგრამ, როგორც ნაპოლეონი ამბობდა, არაფერს ომის ხელოვნებაზე.

პარიზის სამხედრო სკოლაში სწავლის დროს, ნაპოლეონსა და მის ოჯახს დიდი განსაცდელი შეემთხვა, ნაპოლენის მამის — კარლო ბონაპარტის გარდაცვალების გამო.

სამხედრო სკოლაში ერთი წლის სწავლის შემდეგ ნაპოლეონი ჩაირიცხა არმიაში უფროს ოფიცრად და გაიგზავნა გარნიზონში, რომელიც იდგა სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ ვალანსში.

ნაპოლეონი 1789 წელს საფრანგეთში დაწყებულ რევოლუციას თავიდანვე მიემხრო. თუ მივიღებთ მხედველობაში ნაპოლეონის სოციალურ მდგომარეობას, იგი მხოლოდ მოიგებდა ბურჟუაზიის გამარჯვებით. კორსიკაში აზნაურები არასოდეს არ სარგებლობდნენ იმ უფლებებითა და უპირატესობებით, რომლებსაც ესოდენ აფასებდნენ საფრანგეთის აზნაურები; ფრანგების მიერ ახლახანს დაპყრობილი შორეული "ველური" კუნძულიდან მოსულ წვრილმიწათმფლობელ პროვინციელს არავითარ შემთხვევაში არ შეეძლო ჰქონოდა დიდი და სწარაფი კარიერის იმედი სამხედრო სამსახურში. თუკი ნაპოლეონს რაიმე მაინც მოსწონდა XVIII საუკუნის საგანმანათლებლო ლიტერატურაში ეს იყო მოძღვრება თანასწორობის შესახებ. ერთადერთი რამ, რითაც ბონაპარტის გული მოიგო 1789 წლის რევოლუციამ ეს ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია. ამიერიდან მხოლოდ პირად ნიჭს შეეძლო შეეწყო ხელი ადამიანისთვის სოციალურ კიბეზე ასვლაში.

რევოლუციის მიმდინარეობისას, 1793 წელს მომხდარმა ერთმა მოვლენამ სრულიად მოულოდნელად შეცვალა ნაპოლეონის სამსახურებრივი მდგომარეობა. ამ დროს სამხრეთ საფრანგეთში იფეთქა კონტრევოლუციურმა აჯანყებამ. ქალაქმა ტულონმა განდევნა, ნაწილობრივ კი დახოცა რევოლუციური ხელისუფლების წამომადგენლები და დასახმარებლად მოიწვია ინგლისური ფლოტი. რევოლუციური არმია ხმელეთიდან მიადგა ტულონს და ალყა შემოარტყა.

ალყა წარუმატებლად მიმდინარეობდა. მოხდა ისე, რომ ალყის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნაპოლეონის ძველი ნაცნობი აღმოჩნდა. ერთხელ, ბონაპარტმა ტულონთან მდებარე ბანაკში ინახულა თავისი თანამემამულე და მოუყვა საკუთარ გეგმაზე, რომლითაც შეიძლებოდა ტულონის აღება და ინგლისელთა ფლოტის განდევნა ნაპირიდან. ამის მოსმენის შემდეგ, ნაპოლეონი საალყო არტილერიის უფროს თანაშემწედ დანიშნეს. ხანგრძლივი წინააღმდეგობისა და დაყოვნების შემდეგ, რასაც იჩენდნენ უმღლესი ხელისუფალნი, მაინცდამაინც არ ენდობოდნენ ბანაკში შემთხვევით მოსულ ვიღაც უცნობ ახალგაზრდა კაპიტანს, ნაპოლეონმა მაინც მიიღო დასტური ქალაქის აღების თავისი გეგმა განეხორციელებინა. ტულონი მეფის მომხრეთა მნიშვნელოვანი დასაყრდენი იყო სამხრეთ საფრანგეთში. 1793 წლის 17 დეკემბერს კი, ნაპოლეონის მიერ ეფექტურად გათვლილი სამხედრო მანევრებით, ქალაქი დანებდა რევოლუციურ ჯარს. 24 წლის ნაპოლეონმა თავისი პირველი ბრძოლა ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულა.

ტულონი მიუდგომელ ციხედ ითვლებოდა. ბევრითვის დაუჯერებელი იყო, რომ მისი აღება ყველასთვის უცნობმა, ვინმე ბონაპარტმა შეძლო. ამ დროს, ქალაქის საალყო ბანაკში იმყოფებოდა ერთი გავლენიანი ადამიანი ოგიუსტენ რობერსპიერი, მაქსიმილიან რობერსპიერის ძმა. იგი ესწრებოდა ქალაქის აღებას და მანვე აღწერა ეს ამბავი პარიზში გაგზავნილ მოხსენებაში. ამან სწრაფი ნაყოფი გამოიღო: 1794 წლის 14 იანვრის დადგენილებით ნაპოლეონ ბონაპარტმა მიიღო ბრიგადის გენერლის ხარისხი.

მაშინ, როდესაც ნაპოლეონმა ტულონი აიღო, იყო პერიოდი რობერსპიერის რევოლუციური დიქტატურის აყვავებისა. 1794 წელს საფრანგეთის ხელისუფალნი ამზადებდნენ გეგმას პიემონტში, ჩრდილოეთ იტალიაში შეჭრისთვის, რათა იქიდან ავსტრიას დამუქრებოდნენ. ოგიუსტენ რობერსპიერთან სიახლოვე ნაპოლეონს აძლევდა საშუალებას თავისი ოცნების ასრულებაში და იტალიის დაპყრობაში მონაწილეობის მიღებაში. თუმცა, ნაპოლეონის ამ გეგმას არ ეწერა განხორციელება. ამავე წელს, ბონაპარტისთვის სრულიად მოულოდნელად, მომხდარმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

9 თერმიდორის დღეს (27 ივლისი) კონვენტის სხდომაზე დააპატიმრეს მაქსიმილიან რობერსპიერი, მისი ძმა ოგიუსტენი, იაკობინელთა წრის სხვა მომხრეები და მეორე დღესვე სიკვდილით დასაჯეს. მთელ საფრანგეთში დაუყოვნებლივ დაიწყო დაპატიმრება ისეთი პირებისა, რომლებიც განსაკუთრებით იყვნენ დაახლოებულნი რობერსპიერთან. ოგიუსტენის სიკვდილით დასჯიდან ორ კვირაში ნაპოლეონი დააპატიმრეს, თუმცა 14 დღის შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან მის საქმეში არაფერი აღმოჩნდა ისეთი, რაც შეიძლებოდა მის წინააღმდეგ დევნის დაწყების საბაბი გამხდარიყო.

13 ვანდემიერი, საარტილერიო ცეცხლი პარიზის ქუჩებში

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნაპოლეონი მალევე დარწმუნდა, რომ დრო გამოიცვალა და მისი ბედნიერად დაწყებული კარიერა შეჩერებულია. ახლა ხალხი ეჭვის თვალით უყრებდა მას. ტულონის გმირული ღვაწლი უკვე დავიწყებული იყო 9 თერმიდორის შემდეგ და, ყოველ შემთხვევაში, ნაპოლეონს ისე დიდად აღარ აფასებდნენ, როგორც ამ მოვლენის პირველ მომენტში.

თანაც ნაპოლეონს ამ დროს მოუსწრო ახალმა უსიამოვნებამ. საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტმა მოულოდნელად უბრძანა მას ვანდეაში წასვლა მეამბოხეთა დასამშვიდებლად; როდესაც გენერალი ბონაპარტი პარიზში ჩავიდა, გაიგო, რომ მას აძლევდნენ ქვეითი ჯარის სარდლობას, თუმცა იგი არტილერისტი იყო და არ სურდა ქვეით ჯარში სამსახური. კომიტეტის წევრთან მომხდარი შელაპარაკების შემდეგ ნაპოლეონმმა გადაწყვიტა სამსახურიდან წამოსვლა. მის ცხოვრებაში კვლავ დადგა მატერიალური გაჭირვების პერიოდი. ბოლოს, როგორც იქნა, 1795 წლის აგვისტოში იგი ჩარიცხეს როგორც არტილერიის გენერალი საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის ტოპოგრაფიულ განყოფილებაში. ეს თანამდებობა ნაპოლეონს ბევრს არაფერს აძლევდა მატერიალური თვალსაზრისით. თუმცა მალე ბედმა კვლავ გაუღიმა, საფრანგეთის რესპუბლიკას კვლავ დასჭირდა იგი და ისევ იმ მტრის წინააღმდეგ, რომლებიც ტულონის ალყისას დაამარცხა.

1795 წელი ერთ-ერთი გარდამტეხი წელი იყო საფრანგეთის ბურჟუაზიული რესპუბლიკის ისტორიაში. როგორც ზამთარი, ისე გაზაფხული საშინელი იყო, მუშები შიმშილობდნენ, დაბალი ფენის წამომადგენლებს უდიდეს გაჭირვებაში უწევდათ ცხოვრება. ხელისუფლებაში მოსული დირექტორია კი ვერ უმკლავდებოდა არსებულ სიტუაციას. ამ წელს მუშათა გარეუბანში ორი დიდი აჯანყება მოხდა, რომლებიც ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო.

ამ დროს გააქტიურებულ როიალისტებს არ სურდათ გაეგოთ ის, რაც 1789-1795 წლებში მოხდა: რომ ფეოდალიზმი დაინგრა და არასოდეს დაბრუნდება, რომ იწყება კაბიტალიზმის ხანა, რომ რევოლუციურმა ბურჟუაზიამ ზღუდე აღმართა საფრანგეთის ისტორიის ძველსა და ახალ პერიოდებს შორის და რომ მათი იდეები მონარქიის აღდგენისა უცხოა ქალაქისა და ბურჟუაზიის უმრავლესობისთვის.

მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, როიალისტებს მაინც ჰქონდათ ხელისუფლებასთან დაპირიპირების მცდელობა, რომელშიც ჩაბმულები იყვნენ საფრანგეთიდან განდევნილი ემიგრანტებიც, მაგრამ მათ საფრანგეთში მოსვლასა და აჯაყებას წარმატებული შედეგი არ მოუტანია, რესპუბლიკის ჯარებმა მოახერხეს ამ შეტევის მოგერიება. თუცა, ამ მარცის მიუხედავად, ისისნი თავს წაგებულებად არ თვლიდნენ. მალე, დაახლოებით ორ თვეში, ისევ მოაწყვეს გამოსვლა, ამჯერად პარიზში. დედაქალაქში კვალვ დიდი იყო მუშათა უკმაყოფილება, ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი კი ამ დროს ჯარი იყო, თუმცა მას არ ჰყავდა სათანადო წინამღღოლი, გენერალი, რომელიც შეძლებდა სიტუაციის სწორად შეფასებას და საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას. მაშინ, როცა უშუალო დაპირიპირეები დაიწყო აჯანყებულებასა და რესპუბლიკის სამხედრო ნაწილებს შორის, ეროვნულმა კონვენტმა გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების უფროსად დაენიშნა პოლ ბარასი, 9 თერმიდორის დროს მომხდარი გადატრილების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე.

პოლ ბარასი თანამედროვეთა თვალში შეფასებული იყო, როგორც ხაზინის ქურდი, ავანტიურისტი, ცბიერი, უპრინციპო კარიერისტი, მაგრამ მაინც უაღრესად ჭკვიანი და გაჭრიახი ადამიანი. მას ესმოდა, რომ დაწყებულ დაპირიპირებას შეეძლო დაეჩქარებინა ბურბონთა რესტავრაცია საფრანგეთში, რაც მისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდა. საჭირო იყო ბრძოლის დაუყოვნებლივ დაწყება, მაგრამ ბარასი არ იყო სამხედრო კაცი. დაუყოვნებლივ საჭირო იყო გენერლის დანიშვნა, და აქ ბარსს გაახსენდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც უკანასკნელ დროს რამდენჯერმე მივიდა მასთან თხოვნით. ბარასმა არაფერი იცოდა ამ კაცის შესახებ, გარდა იმისა, რომ ეს იყო გადამდგარი გენერალი, რომ მან თავი ისახელა ტულონის აღების დროს, მაგრამ ამის შემდეგ შეემთხვა რაღაც უსიამოვნება და რომ ახლა იგი, მცირე შემოსავლის გამო, დიდ გაჭირვებას განიცდიდა დედაქალაქში. ბარასმა ბრძანა მოენახათ და მასთან მიეყვანათ იგი.

საბოლოოდ, ნაპოლეონი დათანხმდა ეხელმძღვანელა აჯანყებულთა წინააღმდეგ მიმართული ოპერაციისთვის, მხოლოდ ერთი პირობით — არავინ არ უნდა ჩარეულიყო მის განკარგულებებში. როდესაც ბონაპარტი გაეცნო მდგომარეობას, მან დაინახა, რომ აჯანყება მეტად ძლიერი და საშიში იყო ხელისუფლებისთვის. მაგრამ, ნაპოლეონს ჰქონდა სამოქმედო გეგმა, რომელიც არტილერიის ულმობელ გამოყენებას ემყარებოდა. მისი ბრძანებით ზარბაზნები კონვენტის სასახლესთან მიიტანეს.

13 ვანდემიერი იყო დღე, რომელმაც გაცილებით დიდი როლი ითამაშა ნაპოლეონის ცხოვერბაში, ვიდრე მისმა პირველმა გამოსვლამ — ტულონის ალყამ. ამბოხებულები დაიძრნენ კონვენტის სასახლისაკენ, და მათ მიეგება ბონაპარტის არტილერიის გრიალი. აღსანიშნავია, რომ მეამბოხეებს იქამდე ჰქონდად ზარბაზნების ხელში ჩაგდების შანსი, მაგრამ დააგვიანეს, ზარბაზნების საპასუხოდ მათ მხოლოდ თოფები მოეპოვებოდათ. შუადღისთვის ყველაფერი გათავდა. მეამბოხეებმა დატოვეს რამდენიმე ასეული გვამი, თან წაიყვანეს დაჭრილები და გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით. საღამოს ბარასმა მხურვალე მადლობა გამოუცხადა ახალგაზრდა გენერალს და მისი მტკიცე მოთხოვნით ბონაპარტი დაინიშნა სახმედრო ძალების სარდლად.

ამ ახალგაზრდა კაცში ბარასსაც და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც ძალიან მოეწონათ ის შეუშფოთებელი და სწრაფი გამბედაობა, რომელიც გამოიჩინა ბონაპარტმა ისეთი, ჯერ კიდევ გაუგონარი, საშუალების ხმარებაში, როგორიცაა ზარბაზნის სროლა ქალაქში, პირდაპირ მოქალაქეების მიმართულებით.

ამ დღემ პირველად გაუთქვა სახელი ბონაპარტს არა მარტო სამხედრო წრეებში, სადაც მას ნაწილობრივ უკვე იცნობდნენ ტულონის შემდეგ, არამედ საზოგადოების ყველა ფენაში, იქაც კი, სადაც მას ჯერ არავინ იცნობდა. ამ დროიდან მას მოიხსენიებდნენ, როგორც „გენერალ ვანდემიერს“, ეს მეტსახელი დავიწყებას მიეცა მხოლოდ მომდევნო წელს, როდესაც მან იტალიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. პოლიტიკოსები, რომლებმაც 13 ვანდემიერის შემდეგ ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და და მათ შორის ყველაზე გავლენიაანი ბარასი, დირექტორიის მმართველობის დამყარების პირველივე დღეებიდანვე დიდ იმედებს ამყარებდნენ ახალგაზრდა გენერალზე. ამ დროს ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მომავალშიც შეიძლებოდა მასზე დაყრდნობა.

იტალიის პირველი კამპანია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ნაპოლეონმა გაანადგურა 13 ვანდემიერის კონტრევოლუციური აჯანყება და მოიპოვა პოლ ბარასისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების ნდობა, იგი განუწყვეტლივ ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი, რომ აუცილებელია საფრანგეთმა დაასწროს მის წინააღმდეგ ხელახლა შემდგარ სახელმწიფოთა კოალიციას — დაიწყოს შეტევითი ომი ავსტრიელებისა და მათი იტალიელი მოკავშირეების წინააღმდეგ, რისთვისაც საჭიროა შეიჭრას ჩრდილოეთ იტალიაში.

ამ დროს ანტიფრანგულ კოალიციაში მოიაზრებოდნენ შემდეგი სახელმწიფოები: ავსტრია, ინგლისი, რუსეთი, სარდინიის სამეფო და რამდენიმე გერმანული სახელმწიფო (ვიუტემბერგი, ბავარია, ბადენი და სხვ.). დირექტორია, ფიქრობდა მომავალი სამხედრო კამპანია ეწარმოებინა სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში და ამ ტერიტორიის გავლით ავსტრიის მკვიდრ სამფლობელოებზე შეჭრილიყო. ამ ლაშქრობისთვის დირექტორია ამზადებდა თავის საუკეთესო ჯარსა და ყველაზე გამოჩენილ გენერლებს.

რაც შეეხება გენერალი ბონაპარტის დაჟინებულ რჩევებს, სამხრეთ საფრანგეთიდან მოსაზღვრე ჩრდილოეთ იტალიაში შეჭრის შესახებ, დირექტორია მაინც და მაინც არ იყო მოხიბლული ამ გეგმით.

საბოლოოდ, როდესაც წამოიჭრა საკითხი თუ ვინ უნდა დაეყენებინათ მთავარსარდლად ფრონტის ამ მეორეხარისხოვან ხაზზე, გადაწყდა ნაპოლეონის დანიშვნა, ვინაიდან არც ერთი სხვა გამოჩენილი და სახელგანთქმული გენერალი არ ცდილობდა ამ თანამდებობის მიღებას.

როდესაც ბონაპარტი პირველად გამოცხადდა თავის არმიაში და დაათვალიერა იგი, უცბად მიხვდა თუ რატომ არ ცდილობდა ამ თანამდებობის დაკავებას საფრანგეთის რეპუბლიკის არც ერთი გამოჩენილი გენერალი. არმია ცუდად აღჭურვილ, სურსათისა და შესაბამისი ტანსაცმლის არმქონე და არაორგანიზებულ ბრბოს უფრო წარმოადგენდა. ამ დროს საფრანგეთის მთავრობა ძალიან მცირე თანხებს იმეტებდა ჯარისათვის, მაგრამ ეს შემცირებული ფინანსებიც სხვადასხვა უწყებათა მაღალჩინოსნების ჯიბეებში ხვდებოდა.

როდესაც ნაპოლეონმა პირველად მოინახულა მის დაქვემდებარებაშო მყოფი არმია, მოახსენეს, რომ ერთმა ათასეულმა უარი განაცხადა შეესრულებინა ბრძანება და გადასულიყო სხვა, ახალმიჩენილ რაიონში, რადგან არცერთ ჯარისკაცს არ ჰქონდა ფეხსაცმელი. არმიის მძიმე ადამიანურ და ფინანსურ მდგომარეობას ემატებოდა აქ გავრცელებული უდისციპლინობა.

ბონაპარტის წინაშე იდგა რთული ამოცანა: მას ტანსაცმლით უნდა უზრუნველეყო თავისი არმია და განემტკიცენინა მასში დისციპლინა, მაგრამ ყოველივე ეს უნდა გაეკეთებინა გზადაგზა, თვით ლაშქრობის დროს; ლაშქრობის გადადება კი მას არავითარ შემთხვევაში არ სურდა.

27 წლის გენარლმა თავიდანვე ყველას აგრძნობინა, რომ თავის არმიაში არ მოითმენდა არავითარ წინააღმდეგობას და ყველა მოწინაარმდეგეს, რა რანგისა და წოდებისაც არ უნდა ყოფილიყო, სადანადოდ გაუსწორდებოდა. ამის გამო, მას ხშირად უხდებოდა უკიდურესი ზომების გატარება, მათ შორის ურჩი ხელქვეითების დახვრეტა.

ნაპოლეონს ჯარში არსებული სიტუაცია დიდ პრობლემას უქმნიდა, მაგრამ იგი ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ არმიის საბოლოო მოწესრიგებამდე საომარი მოქმედებების გადადებას ვერ შეძლებდა, რადგან ეს ფაქტიურად ნიშნავდა მთელი სამხედრო კამპანიის ხელიდან გაშვებას. მან გადაწყვიტა ის, რაც მშვენივრად არის ჩამოყალიბებული მის პირველ მოწოდებაში ჯარისადმი: „ჯარისკაცებო, თქვენ ტანთ არ გაცვიათ, საჭმელ-სასმელი გაკილიათ… მე მინდა წაგიყვანოთ ქვეყნიერების უნოყიერეს ადგილებში…“

ნაპოლეონი ალპების გადაკვეთისას

ბონაპარტი იმ აზრისა იყო, რომ ჯარს ომში თავისი თავი თვითონ უნდა ერჩინა და რომ საჭირო იყო თითოეული ჯარიკაცის პირადად და უშუალოდ დაინტერესება მომავალი ძარცვით ჩრდილოეთ იტალიაში, რომ ეს ძარცვა და მისგან სარგებელის მიღება არ უნდა გადადებულიყო, არამედ თვითონ არმია უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ომის მიმდინარეობისას ნადავლის სახით მიეღო ყველაფერი რაც სჭირდებოდა და უფრო მეტიც.

1796 წლის 9 აპრილს ნაპოლეონმა ალპების გზით დაძრა თავისი ჯარი და იტალიაში გამოჩენისთანავე აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა. მის წინაშე იდგნენ ავსტრიისა და პიემონტის გაერთიანებული ჯარები, სამ ნაწილად გაფანტული პიემონტისა და გენიუს გზებზე. პირველი ბრძოლა 12 აპრილს მონტენოტთან მოხდა, სადაც ფრანგებმა გაიმარჯვეს.

ბონაპარტმა თავისი ძალები ერთ მუშტად შეკრა, შეცდომაში შეიყვანა ავსტრიელთა მთავარსარდალი, რომელიც იმყოფებოდა უფრო სამხრეთით — გენუის გზაზე, და სწრაფად დაესხა თავს ავსტრიელთა ცენტრს. ავსტრიელები რამდენიმე საათში გაანადგურეს, მაგრამ ეს მათი არმიის მხოლოდ ნაწილი იყო.

შემდეგი დაპირისპირება (მილეზიმოსთან) მოხდა პირველი ბრძოლიდან ორი დღის შემდეგ. ამ შეტაკებაში პიემონტის ჯარი სასტიკად დამარცხდა. უამრავი მეომარი დაიღუპა, 5 000 იტალიელი ტყვედ ჩავარდა, ნადავლის სახით ფრანგებმა 13 ზარბაზანი ჩაიგდეს ხელში, მოწინააღმდეგე არმიის გადარჩენილი ნაწილები ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. ნაპოლეონმა დაუყოვნებლივ განაგრძო გზა ისე, რომ მტრისთვის საშუალება არ მიეცა გონს მოსულიყო და ძალები მოეკრიბა.

1796 წლის აპრილში, ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებების მიუხედავად, ნაპოლეონმა იცოდა, რომ მას სჭირდებოდა პიეონმტთან სწრაფად გაეფორმებინა სეპარატული ზავი, რათა პირისპირ დარჩენილიყო მხოლოდ ავსტრიელებთან.

როცა ფრანგებმა კვლავ გაიმარჯვეს პიემონტელებზე მონდოვთან და ეს ქალაქი ბონაპარტს ჩაბარდა, იტალიელები დათანხმდნენ საზავო მოლაპარაკებების დაწყებას და 28 აპრილს ორ მხარეს შორის დროებითი ზავი დაიდო. ამ ზავის პირობები დამარცხებულისთვის მეტად მძიმე გამოდგა: პიემონტის მეფე, ვიტორიო ამადეო III, ბონაპარტს უთმობდა ორ თავის საუკეთესო ციხეს და ბევრ სხვა პუნქტს.

პიემონტთან საბოლოო ზავი დაიდო პარიზში 1796 წლის 15 მაისს. პიემონტმა აიღო ვალდებულება თავის ტერიტორიაზე არ გაეშვა უცხო ჯარები, გარდა საფრანგეთისა, არ შეკრავდა კავშირს არცერთ სხვა სახელმწიფოსთან და საფრანგეთს დაუთმობდა სავოიასა და ნიცას. ასევე, პიეომონტი ვალდებულებას კისრულობდა საფრანგეთის არმიისათვის მიეწოდებინა სურსათი და სხვა საჭირო პროდუქტები.

გენერალი ნაპოლეონი იძლევა განკარგულებას (ლოდის ბრძოლა)

იტალიელების წინააღმდეგ პირველი გამარჯვება მოპოვებული იყო, რჩებოდნენ ავსტრიელები. პირველი გამარჯვების შემდეგ, ნაპოლეონმა ავსტრიელები აიძულა მდინარე პოსკენ დაეხიათ, მტერი მდინარის აღმოსავლეთ მხარეს მოექცა და ფრანგებმა განაგრძეს მათი დევნა. პირველი დიდი შეტაკება მოწინააღმდეგე მხარეებს შორის დაბა ლოდთან მოხდა, სადაც გამაგრებული იყო ავსტრიელთა 10 000 კაციანი რაზმი. 10 მაისს გამართულ ლოდის ბრძოლაში ნაპოლეონმა, საკუთარი სიმამაცისა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ფრანგებმა მოახერხეს ავსტრიელთა მიერ გამაგრებული წერტილების ხელში ჩაგდება. ფრანგული არმია დაედევნა გაქცეულ ავსტრიელებს, 15 მაისს ისინი მილანში შევიდნენ და ნაპოლეონმა ფაქტიურად მოახერხა ლომბარდიის დაკავება.

თუმცა, ეს არ იყო ყველაფერი, ამ მოვლენიდან ძალიან მალე ნაპოლეონის დაქვემდებარებაში მყოფმა გენერლებმა მოახერხეს ისეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება როგორიც იყო ლივორნო და ბოლონია; თვით ნაპოლეონმა პირადად შემოიერთა მოდენა, რჩებოდა მხოლოდ ტოსკანის საჰერცოგო, რომლის მმართველიც მიმდინარე ომის დროს ნეიტრალიტეს იცავდა. მაგრამ ბონაპარტს ეს ფაქტი დიდად არ აინტერესებდა, იგი პირდაპირ შედიოდა ქალაქებასა და სოფლებში და იქიდან საერთოდ ყველაფერი მიჰქონდა, ჯარისკაცებს კი ძარცვის უფლებას აძლევდა.

ავსტრიელებთან ბრძოლის დროს მოპოვებული ნადავლითა და ნეიტრალური იტალიური სახელმწიფოებიდან წამოღებული ზარბაზნებითა და ჭურვებით ნაპოლეონმა საგრძნობლად გააძლიერა თავისი არტილერია და ამის შემდეგ დაიძრა მანტუასაკენ, რომელიც ბუნებრივი პირობებითა და ხელოვნურად ნაგები სიმაგრეებით ერთ-ერთი უძლიერესი პუნქტი იყო ევროპაში.

მას შემდეგ რაც ფრანგებმა ალყა შემოარტყეს მანტუას, ავსტრიელებმა ციხის დასაცავად და გასათავისუფლებლად სპეციალური არმია გამოგზავნეს, 30 000 ჯარიკსაცის ოდენობით. ამ ახალი არმიის გამოჩენამ დიდი სიხარული გამოიწვია ადგილობრივ იტალიელებში, რადგან ისინი უკმაყოფილონი იყვნენ იმ ძარცვა-რბევით, რასაც ბონაპარტის არმია ანხორცილებდა დაკავებულ ტერიტორიებზე.

ნაპოლეონს 16 000 მეომარი ჰყავდა განკუთვნილი მანტუის ალყისთვის, 29 000 კაცი კი რეზერვს წარმოადგენდა. იგი მაშველ ძალებსაც ელოდა საფრანგეთიდან. ავსტრიული ჯარის შეფერხება ნაპოლეონმა ორჯერ სცადა, მაგრამ წარუმატებლად. ფრანგების მდგომარეობა უიმედო ხდებოდა, მაგრამ ნაპოლეონმა აქცენტი გადაიტანა არა ალყის შენარჩუნებაზე, არამედ სხვა გამარჯვებაზე. ავსტრიელებმა ადვილად მოახერხეს ალყის გარღვევა და მანტუაში შესვლა, მაგრამ მხოლოდ ამის შემდეგ გაიგეს, რომ ბონაპარტი ძირითადი ძალებით ეკვეთა ავსტრიელთა მეორე კოლონას, რომელიც განლაგებულ იყო ფრანგულ ჯარსა და მილანს შორის არსებულ ტერიტორიაზე, აქ ნაპოლეონმა სამი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ამის გამო ავსტრიელები იძულებულნი გახდნენ დროებით დაეტოვებინათ მანტუა და თავიანთი არმიის ძირითადი ნაწილით გადასულიყვნენ შეტევაზე, თუმცა 5 აგვისტოს გამართულ კასტილიონეს ბრძოლაში ნაპოლეონმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ავსტრიელები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და კვლავ მანტუაში გამაგრებულიყვნენ. ფრანგებმა კვლავ ალყა შემოარტყეს ციხეს.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ავსტრიელებს მოუწიათ ახალი არმიის მობილიზება, ფრანგების დასამარცხებლად და მანტუაში გამაგრებულ თავიანთი მეომრების დასახმარებლად. ამ ახალი არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად ნაპოლეონი თავად წაუძრვა ფრანგთა ძირითად ძალებს 28 500 კაცის ოდენობით, 8 000 კი მანტუის საალყოდ დატოვა.

მომდევნო გენერალური დაპირისპირება ფრანგებსა და ავსტრიელებს შორის არკოლესთან მოხდა (1796 წლის 15-17 ნოემბერი). ავსტრიელები რიცხობრივად სჭარბობდნენ მოწინააღმდეგეს, მათ ფაქტიურად თავინათი საუკეთესო გვარდილები გამოიყენეს ამ ბრძოლაში. აღნიშნულ შეტაკებაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლის დაკავებასაც ფრანგები ცდილობდნენ არკოლეს ხიდი იყო, ფრანგები სამგზის გადავიდნენ იერიშზე და აიღეს ხიდი, მაგრამ ავსტრიელებმა სამგზისვე უკუაგდეს ისინი, თანაც მძიმე ზარალი მიაყენეს. ამ დროს ნაპოლეონმა საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა, დროშით ხელში პირდაპირ გაიჭრა წინ, მიუხედავად იმისა, რომ მის ახლოს რამდენიმე ჯარისკაცი და ადიუტანტი მოკლეს, იგი განაგრძობდა წინსვლას, ამან დადებითად იმოქმედა ფრანგების მოტივაციაზე. არკოლეს ბრძოლამ სამ დღეს გასტანა მცირე შესვენებებით და იგი ფრანგების გამარჯვებით დასრულდა.

ნაპოლეონი არკოლეს ბრძოლაში

არკოლეს ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ავსტრიელებს დაახლოებით თვე-ნახევარი დასჭირდათ არმიის ხელახალი მობილიზებისთვის. მომდევნო დაპირისპირება 1797 წლის 14-15 იანვარს მოხდა, რივოლთან. ორდღიან სისხლისმღვრელ ბრძოლაში კვლავ ნაპოლეონმა გაიმარჯვა და ფაქტიურად მის წინააღმდეგ მებრძოლი მთელი ავსტრიული არმია გაანადგურა. გადარჩენილმა საჯარისო ნაწილებმა დაუყოვნებელი დატოვეს ბრძოლის ველი, ამის შემდეგ კი ისინი ვეღარ შეძლებდნენ ალყაშემორტყმულ მანტუაში გამაგრებული ავსტრიული გარნიზონისთვის დახმარების გაწევას. ამ გამაგრებული პუნქტის აღება მხოლოდ დროის საქმე იყო და რივოლის ბრძოლიდან ორი კვირის შემდეგ მანტუა ფრანგების ხელში გადავიდა.

მანტუას აღების შემდეგ ნაპოლეონი ჩრდილოეთისაკენ დაიძრა, წარმატებით დაწყებული იტალიური კამპანია გრძელდებოდა, 1797 წლის გაზაფხულზე მან კიდევ ერთხელ შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება. მიმდინარე მოვლენები ვენაში უკვე დიდ საფრთხედ აღიქვეს. ავსტრიელთა რამდენიმე საუკეთესო არმიის დაღუპვა, ყველაზე ნიჭიერი და უნარიანი გენერლების საშინელი დამარცხება, მთელი ჩრდილოეთ იტალიის დაკარგვა — ყოველივე ეს, მათი აზრით, დედაქალაქისთვის შექმნილ პირდაპირ საფრთხეს წამოადგენდა.

ავსტრიის საიმპერატორო კარმა გააცნობიერა ბრძოლის გაგრძელების საშიშროება. 1797 წლის აპრილის დასაწყისში გენერალმა ბონაპარტმა ოფიციალური ცნობა მიიღო, რომ ავსტრიის იმპერატორი ფრანცი საზავო მოლაპარაკებების დაწყებას თხოულობდა. დირექტორიაც თანახმა იყო ზავის დადებაზე, მაგრამ ვიდრე საფრანგეთის აღმასრულებელი ხელისუფლება ფიქრობდა ზავის პირობებზე და ამ ყველაფერს ნაპოლეონს შეატყობინებდა, ბონაპარტმა უკვე მოასწრო პირადად გაეფორმებინა დროებითი ზავი ავსტრიის წამომადგენლობასთან.

ავსტრიელებთან დროებითი ზავის პირობების შეთანხმების გარდა ნაპოლეონს, ასევე, სჭირდებოდა მოლაპარაკების წარმოება რომის პაპთან. თავად პიუს VI საფრანგეთის რევოლუციის მტერი და შეურიგებელი მოძულე იყო. „ვანდემიერის გენერალი“, რომელსაც მთავარსარდლობა სწორედ იმ ჯილდოს გამო მისცეს, რომ როიალისტები დახოცა 13 ვანდემიერს, ყოვლად მიუღებელი იყო პაპისთვის და იგი ავსტრიელებს უჭერდა მხარს.

ნაპოლეონმა პაპის ჯარები პირველივე ბრძოლაში გაანადგურა. ფრანგები წინ მიიწევდნენ, ქალაქები ერთმანეთის მიყოლებით ნებდებოდნენ, წინააღმდეგობის გაუწევლად. თავზარდაცემულმა პაპმა ზავი ითხოვა, გენერალი ბონაპარტი ამ თხოვნას მოწყალედ მოეკიდა, თუმცა აგრძნობინა, რომ მისგან სრულ დათმობას მოითხოვდა.

ზავი ორ მხარეს შორის 1797 წლის 19 თებერვალს დაიდო და პაპი ფაქტიურად დათანხმდა ბონაპარტის მიერ წამოყენებულ ყველა პირობას, მათ შორის უარი თქვა თავისი სამფლობელოების მნიშვნელოვან ნაწილზე და დათანხმდა ფრანგებისთვის გადაეხადა ოცდაათი მილიონი ოქროს ფრანკი.

ყოველივე ამის შემდეგ, ნაპოლეონს თავისუფლად შეეძლო რომის დაკავება და პაპის დატყვევება, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ამის ერთ მიზეზად დასახელებულია ის ფაქტი, რომ ავსტრიასთან ჯერ კიდევ არ იყო საზავო მოლაპარაკება დასრულებული, გარდა ამისა, პაპის მიმართ გამოჩენილ მკაცრ საქციელს შეიძლებოდა გამოეწვია ცენტრალური და სამხრეთ იტალიის კათოლიკური მოსახლეობის უკმაყოფილება, რაც იტალიური კამპანიის გასაგრძელებლად შეიძლება დამატებითი დაბრკოლება გამხდარიყო. საბოლოოდ, ნაპოლეონი რომში არ შესულა, მან დაჩქარებით მოათავა საქმე პიუს VI-სთან და უკანვე გაეშურა ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც ზავი უნდა დაედო დამარცხებულ ავსტრიელებთან.

ამ მოვლენების პარალელურად, საფრანგეთში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან გართულდა. პარიზში როიალისტთა ახალი შეთქმულება მზადდებოდა, მათ მხარეზე იყო სამღვდელოებაც. ამასთან ერთად, 1797 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში დირექტორიის მდგომარეობა მეტისმეტად საშიში იყო. თვით დირექტორიაში, რომელსაც კონტრრევოლუციის საფრთხე მოელოდა, არ იყო ერთიანობა. ბარტელემი და კარნო სიტუაციის გამოსასწორებლად გადამჭრელი ღონისძიებების გატარების წინააღმდეგნი იყვნენ. დანარჩენი სამი დირექტორი — ბარასი, რებელი, ლარეველერ-ლეპო — მუდამ თათბირობდნენ, მაგრამ ვერ ბედავდნენ რაიმე გადამწყვეტი ღონისძიებისთვის მიემართათ, მოსალოდნელი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.

ნაპოლეონ ბონაპარტი, რომელიც ამ დროს იტალიაში ომობდა, ფხიზლად ადევნებდა თვალყურს თუ რა ხდებოდა პარიზში. იგი ხვდებოდა, რომ რესპუბლიკას აშკარად საფრთხე მოელოდა. თვითონ მას არ უყვარდა ეს რესპუბლიკა, მაგრამ არ სურთა ამ პოლიტიკური რეჟიმის დასრულება ნაადრევად მომხდარიყო, მაშინ როცა იგი საფრანგეთში არ იმყოფებოდა, ამ დროს მომხდარ გადატრიალებას შეიძელბოდა სარგებელი სხვითვის მოეტანა.

საფრანგეთში გადამწყვეტი მოვლენები 1797 წლის 18 ფრუქტიდორს (4 სექტემბერს მოხდა), პოლ ბარასმა ბრძანა დაეპატიმრებინათ თავიანთი ზომიერების გამო საეჭვო პირებად მიჩნეული ორი დირექტორი; ბარტელემი შეიპყრეს, კარნომ კი გაქცევა მოასწრო. ამის პარალელურად, დაიწყო როიალისტების მასობრივი დაპატიმრება და ისინი გაუსამართლებლად გადაასახლეს. დაიხურა გაზეთები, რომლებსაც როიალისტა მხარდაჭერას ედავებოდნენ, პარიზსა და პროვინციებში დაიწყო მასობრივი დაპატიმრება არასანდო პირებისა.

დირექტორიამ გაიმარჯვა, რესპუბლიკა გადარჩა, გენერალი ბონაპარტი კი იტალიიდან ულოცავდა დირექტორიას (რომელიც მან ორი წლის შემდეგ თავად დაამხო) რეპუბლიკის ხსნას.

ამ მოვლენების პარალელურად, იტალიაში მყოფი ნაპოლეონის მთავარ მიზანს ავსტრიელებთან საზავო მოლაპარაკების დასრულება წარმოადგენდა, ვინაიდან ორ მხარეს შორის 1797 წლის მაისში მიღწეული შეთანხმება მხოლოდ დროებითი იყო. მოლაპარაკებისას ნაპოლეონი შეეცადა ავსტრიის წარმომადგენლისთვის ეჩვენებინა თავისი უპირატესობა, მოპოვებული წარმატებების გათვალისწინებით: „თქვენ გავიწყდებათ, რომ საფრანგეთმა გაიმარჯვა, თქვენ კი დამარცხებული ხართ… თქვენ გავიწყდებათ, რომ აქ ჩემთან მოლაპარაკებას აწარმოებთ ჩემი გრენადერებით გარშემორტყმული!“

1797 წლის 17 ოქტომბერს, საფრანგეთის რესპუბლიკამ და ავსტრიამ ხელი მოაწერეს კამპოფორმიოს ზავს.

დაპყრობილი იტალიური მიწების ერთ ნაწილზე ნაპოლეონმა ფაქტიურად შექმნა ვასალური ტერიტორია — „ციზალპური რესპუბლიკა“, რომელშიც შედიოდა მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის ნაწილი (პირველ რიგში, ლომბარდია); აქ მოსახლეობის მოსაჩვენებლად ადგილობრივი შეძლებული ფენების წარმომადგენელთა სათათბირო კრება უნდა არსებულიყო, რეალურად მთელი ძალაუფლება საფრანგეთის საოკუპაციო სამხედრო ხელისუფლებისა და პარიზიდან გაგზავნილი კომისრის ხელში უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, დაპყრობილი მიწების ერთი ნაწილი უშუალოდ შეუერთა საფრანგეთს, ხოლო დანარჩენი ნაწილს(რომელშიც რომი შედიოდა) შეუნარჩუნა ძველი ხელისუფლება, მაგრამ ისიც ფაქტიურად საფრანგეთს დაემორჩილა.

ყოველივე ამის შემდეგ, ნაპოლეონს სურდა კიდევ ცოტა ხანი დარჩენილიყო დაპყრობილ ქვეყანაში, მაგრამ კამპოფორმიოს ზავის გაფორმების შემდეგ დირექტორია თავაზიანად, მაგრამ დაჟინებით ეპატიჟებოდა მას პარიზში. ახლა დირექტორიამ ნაპოლეონი დანიშნა იმ არმიის მთავარსარდლად, რომელსაც ინგლისის წინააღმდეგ უნდა ემოქმედა.

ბონაპარტი პარიზში 1797 წლის 7 დეკემბერს ჩავიდა, 10 დეკემბერს კი დირექტორიამ იგი საზეიმოდ მიიღო.

ნაპოლეონი პარიზში ჩასვლისთანავე შეუდგა ახალი დიდი ომის კამპანიის დაგეგმვას. როგორც ინგლისის წინააღმდეგ სამოქმედოდ დანიშნული გენერალი, შეეცადა დირექტორია დაერწმუნებინა, რომ არსებობდა ადგილი, საიდანაც უფრო წარმატებით შეიძლებოდა საფრთხე შეექმნათ ინგლისელებისთვის, ვიდრე ლა-მანშზე. აქ ინგლისელთა ფლოტი ფრანგულზე ბევრად ძლიერი იყო. ნაპოლეონის გეგმით, უკეთესი იქნებოდა აქცენტი გაეკეთებინათ ეგვიპტის დაპყრობაზე. ამით აღმოსაველთში გაიჩენდნენ დასაყრდენს, შემდგომში კი საფრთხეს შეუქმნიდნენ ინგლისელთა ბატონობას ამ რეგიონში.

ეგვიპტის ექსპედიცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბონაპარტი სფინქსის წინ, (1868 წლის ნახატი), ჟან-ლეონ ჟერომი, ხერსტ-კასლი

ნაპოლეონის მეორე დიდ ომს — ეგვიპტეში ლაშქრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბონაპარტის კარიერის, არამედ საფრანგეთის კოლონიური პოლიტიკის ისტორიაშიც. საფრანგეთის მმართველი წრეები დიდი ხანია ყურადღებას იჩენდნენ ეგვიპტის მიმართ (რომელსაც აკრავს ხმელთაშუა ზღვაც და წითელი ზღვაც), როგორც ისეთი პუნქტისა, საიდანაც მათ ადვილად შეეძლოთ დამუქრებოდნენ თავიანთ სავაჭრო და პოლიტიკურ მეტოქეებს ინდოეთსა და ინდონეზიაში.

კამპოფორმიოს ზავის შემდეგ, როდესაც ავსტრიასთან, ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც, საქმე დასრულებული იყო და უმთავრეს მეტოქედ ინგლისი რჩებოდა, ბონაპარტმა მთელი თავისი ძალღონე იქითკენ მიმართა, რათა დაერწმუნებინა დირექტორია, რომ მიეცა მისთვის ფლოტი და არმია ეგვიპტის დასაპყრობად.

მორიგ სამხედრო წარმატებას შეეძლო დიდი გავლენა მოეხდინა ნაპოლეონის მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე. საერთოდაც, ამ დროს, მას უკვე აღარ მოსწონდა დირექტორიის ბრძანებების შესრულება, აღარ სურდა გამარჯვება მოეპოვებინა დირექტორებისთვის. მან გეზი აიღო იქითკენ, რომ უმაღლესი ხელისუფლება მის ხელთ ყოფილიყო — „მე უკვე აღარ მაქვს მორჩილების უნარი“ - განაცხადა მან თავისი ერთ-ერთ შეხვედრაზე, ავსტიელებთან საზავო მოლაპარაკების დროს.

დირექტორიის თანხმობის მიღება ამ სამხედრო ექსპედიციისთვის არ იყო რთული მოსაპოვებელი. ისინი თანახმანი იყვნენ ნაპოლეონისთვის მიეცათ თანხები, ჯარი და ფლოტი, ვინაიდან დირექტორებიც ფიქრობდნენ რომ ეგვიპტის დაპყრობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა სამხედრო-პოლიტიკური კუთხით. გარდა ამისა, დირექტორიის ზოგიერთ წევრს უკვე სახიფათოდ მიაჩნდა ნაპოლეონის პოპულარობისა და ძლიერების ასეთი სწრაფი ზრდა. ამ შორეულ და სახიფათო ექსპედიციის წარმატების შემთხვევაში საფრანგეთი გავლენას მოიპოვებდა ეგვიპტეზე, წარუმატებლობის შემთხევავში მმართველები ადვილად მოიშორებდნენ თავიდან დამარცხებულ გენერალს (თუკი, რა თქმა უნდა, იგი ექსპედიციიდან ცოცხალი დაბრუნდებოდა).

ეგვიპტის მომავალი ექსპედიციის მთავარსარდლად ნაპოლეონი 1798 წლის 5 მაისს დანიშნეს და ისიც დაუყოვნებლიც შეუდგა სამზადისს. გემების დათვალიერებისა და მეომრების სწორად შერჩევის გარდა, გასათვალისწინებელი იყო კიდევ ერთი გარემოება — ფრანგული ჯარის გადასხმას ეგვიპტეში დიდ საფრთხეს უქმნიდა ადმირალ ნელსონის ესკადრა.

1798 წლის 19 მაისს სამზადისი დასრულებული იყო, ნაპოლეონის ფლოტი ტულონიდან გავიდა. ფრანგული ფლოტი 350 დიდი და პატარა გემისგან შედგებოდა, რომლებსაც უნდა უზრუნველეყო 30 000 მეომრისა და არტილერიის აფრიკაში გადასხმა. ამისთვის საჭირო იყო მთელი ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთა, ისე რომ თავიდან აცილებინათ ინგლისურ ფლოტთან შეტაკება.

როდესაც საფრანგეთის ფლოტი ნავსადგურიდან გავიდა მათ გეზი ჯერ მალტისკენ აიღეს. მალტა ჯერ კიდევ XVI საუკუნიდან მალტის რაინდთა ორდენს ეკუთვნოდა. 10 ივნისს კუნძულზე მისულმა გენერალმა ბონაპარტმა დაუყოვნებლივ მოითხოვა მისი ჩაბარება და იგი საფრანგეთის რესპუბლიკის სამფლობელოდ გამოაცხადა. ფრანგებმა რამდენიმე დღე დაჰყვეს მალტაზე და სწრაფად აიღეს გეზი ალექსანდრიისკენ, ისინი იქამდე უნდა მისულიყვნენ ეგვიპტემდე ვიდრე ადმირალი ნელსონი იპოვიდა მათ, ზღვაზე გასამართ შესაძლო ბრძოლაში ინგლისელთა გამარჯვება გარდაუვალი იყო, რაც ფრანგული ექსპედიციის სრულ დაღუპვას ნიშნავდა.

30 ივნისს ნაპოლეონი მთელ თავის არმიასთან ერთად ეგვიპტის ნაპირებს მიადგა, ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად. მდგომარეობა ჯერ კიდევ საშიში იყო, ფრანგული ჯარი დაუყოვნებლივ შეუდგა ხმელეთზე გადასხმას. 2 ივნისს მთელი არმია უკვე ხმელეთზე იყო. ამის შემდეგ მთავარმა საფრთხემ დროებით გაიარა, ნაპოლეონი მაშინვე შეუდგა ლაშქრობის სამზადისს და იერიში მიიტანა ალექსანდრიაზე.

ეგვიპტე ითვლებოდა ოსმალეთის სულთნის სამფლობელოდ, მაგრამ ამ ქვეყანაზე ფაქტიურად ბატონობდა კარგად შეიარაღებული ფეოდალური ცხენოსანი ჯარის მმართველი ზედა ფენა — მამელუკები. ეს სამხედრო-ფეოდალური არისტოკრატია ერთგვარ ხარკს აძლევდა ოსმალეთის სულთანს, თუმცა, რეალურად ნაკლებად იყო მასზე დამოკიდებული.

ეგვიპტის ძირითადი მოსახლეობა - არაბები მისდევდნენ ვაჭრობას, ხელოსნობას, საქარავნო-სატრანსპორტო საქმეებს, მიწათმოქმედებას. ყველაზე უფრო ცუდ და შევიწროვებულ მდგომარეობაში იყვნენ კოპტები, ამ ქვეყანაში მცხოვრები წინაარაბული ტომების წამომადგენლები.

მიუხედავდ იმისა, რომ ეს ქვეყანა სულთნის საკუთრებად ითვლებოდა, ნაპოლეონი, რომელიც ეგვიპტის დაკავებას ცდილობდა, თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ის ოსმალეთის სუთანს კი არ ეომებოდა, არამედ მამელუკებს. თითქოს, ნაპოლეონს არაბი მოსახლეობის განთავისუფლება სურდა ამ სამხედრო არისტოკრატიისგან, რომელიც ჩაგრავდა, სასტიკად ეპყრობოდა და ხარკს ახდევინებდა ადგილობრივებს.

ნაპოლეონმა ალექსანდრიის დაკავება რამდენიმე საათში შეძლო, იგი ავრცელებდა აზრს თითქოს მამელუკების წინააღმდეგ იბრძოდა, რეალურად კი დაპყრობილ ქალაქში თავისი ხელისუფლება განამტკიცა. მოსახლეობისგან, რომელიც მან „გაათავისუფლა“, ის სრულ მორჩილებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი ზომების გატარებით ემუქრებოდა.

ალექსანდრეიის დაკავებიდან რამდენიმე დღეში ბონაპარტი სამხრეთისაკენ დაიძრა და უდაბნოში ღრმად შევიდა. მამელუკები ნელი ნაბიჯით იხევდნენ უკან და ფრანგებს იშვიათად ესხმოდნენ თავს, უმეტესწილად იმალებოდნენ.

პირამიდების ბრძოლა, ლუი-ფრანსუა ლეჟუნის ნახატი, 1808 წელი

1798 წლის 20 ივნისს ბონაპარტი, ბოლოს, პირამიდებთან შეხვდა მამელუკების მთავარ ძალებს. დაპირისპირებაში მამელუკებმა სრული მარცხი განიცადეს, მათ მიატოვეს არტილერიის ერთი ნაწილი და გაიქცნენ სამხრეთისკენ. რამდენიმე ათასი მეომერი ბრძოლის ველზე დარჩა.

ამ გამარჯვების შემდეგ ნაპოლეონი კაიროში შევიდა. შეშინებული ადგილობრივი მოსახლეობა მდუმარედ შეხვდა დამპყრობელს: მათ არა თუ არაფერი გაეგონათ ბონაპარტის შესახებ, არამედ ახლაც კი ვერ მიმხვდარიყვნენ, თუ ვინ იყო იგი, რითვის მოვიდა და ვის ეომებოდა.

კაიროში, რომელიც ალექსანდრიაზე მდიდარი ქალაქი იყო, ბონაპარტმა საჭირო სურსათი იშოვა თავისი არმიისათვის. ჯარისკაცებმა მძიმე დღეების შემდეგ შეძლეს დასვენება და ძალების მოკრება. მოეწყო თუ არა კაიროში, ბონაპარტი შეუდგა მმართველობის ორგანიზებას. დაამყარა თუ არა სასურველი პოლიტიკური რეჟიმი ქვეყანაში, მაშინვე შეუდგა მზადებას შემდგომი ლაშქრობისთვის — ეგვიპტიდან სირიაში შეჭრისთვის.

მოპოვებული წარმატებების მიუხედავად, ნაპოლეონს ექსპედიციის ამ ეტაპზე მაინც შეექმნა გარკვეული პრობლემები, გაჩნდა საშიში გარემოებები, რომლებისთვისაც აუცილებლად უნდა მიექცია ყურადღება. ჯერ ერთი, უკვე დიდი ხანია (ეგვიპტეში არმიის გადასხმის დღიდან ერთი თვის შემდეგ) ადმირალმა ნესლონმა იპოვა საფრანგეთის ესკადრა, რომელიც აბუკირში იდგა, თავს დაესხა მას და სრულიად გაანადგურა. ამდენად, ფრანგული არმია, რომელიც ეგვიპტეში იბრძოდა, დიდი ხნით მოწყვეტილი აღმოჩნდა საფრანგეთისგან. მეორეც — ოსმალეთის მთავრობამ გადაწყვიტა არავითარ შემთხვევაში არ დაეჭირა მხარი ბონაპარტის მიერ გავრცელებული ცნობისთვის, თითქოს იგი სრულიად არ ეომებოდა ბრწყინვალე პორტას, არამედ სჯიდა მხოლოდ მამელუკებს ფრანგი ვაჭრებისთვის მიყენებული ზარალისა და არაბთა ჩაგვრისათვის. ოსმალებმა გადაწყვიტეს სირიაში არმიის გაგზავნა.

ნაპოლეონი ეგვიპტიდან სირიისკენ დაიძრა, ოსმალების შესახვედრად. სირიაში ლაშქრობა მძიმე გამოდგა, განსაკუთრებით სასმელი წყლის ნაკლებობის გამო. ადგილობრივი ქალაქები ერთმანეთის მიყოლებით უბრძოლველად ნებდებოდნენ ბონაპარტს. 1799 წლის 4 მარტს ფრანგებმა ალყა შემოარტყეს იაფას, მაგრამ ქალაქი არ ნებდებოდა. მაშინ ნაპოლეონმა ბრძანება გასცა, რომ წინაარმდეგობის გაგრძელების შემთხევაში უკლებლივ ყველა მცხოვრებს სიკვდილით დასჯიდნენ. იაფა არ დანებდა. 6 მარტს განხორციელებული შეტევის შემდეგ ფრანგები ქალაქში შეიჭრნენ, ბრძანების თანახმად, ჯარისკაცები უკლებლივ ყველა მაცხოვრებელს სასტიკად გაუსწორდნენ.

იაფას აღების შემდეგ ბონაპარტი აკრისკენ დაიძრა. აკრის გარემოცვა ორ თვეს გაგრძელდა და ფრანგების მარცხით დასრულდა. ნაპოლეონს არ ჰქონდა საალყო არტილერია სიმაგრის ასაღებად. აქ გამაგრებულ ოსმალურ განიზონს ინგლისელები ეხმარებოდნენ, ზღვიდან აწვდიდნენ სურსათსა და იარაღს. 1799 წლის 20 მაისს ბონაპარტი იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და უკან ეგვიპტეში დაბრუნებულიყო. ალყის განმავლობაში ფრაგებმა 3 000 მეომარი დაკარგეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ნაპოლეონი შემდეგში ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ მარცხს. სიმაგრე აკრა იყო აღმოსავლეთის ყველაზე უკიდურესი წერტილი, რომელსაც მან მიაღწია, თუმცა ვერ დაიპყრო. ეგვიპტეში დაბრუნებული ბონაპარტი გეგმავდა აქ დიდი ხნით დარჩენას, თავის ინჟინრებს უბრძანა გამოეკვლიათ სუეცის არხის გათხრის მცდელობის ძველი კვალი და ამ კუთხით შეედგინათ მომავალი სამუშაო გეგმა.

1799 წლის 14 ივნისს ნაპოლეონის არმია კაიროში დაბრუნდა, თუმცა აქ დიდ ხანს არ დარჩენილა. ცნობა მოვიდა, რომ აბუკირის მახლობლად (იქ სადაც ერთი წლის წინ ნელსონმა ფრანგული ფლოტი გაანადგურა) ოსმალებმა თავიანთი არმია გადმოსხეს, ეგვიპტის გასათავისუფლებლად. ბონაპარტმა სასწრაფოდ შეკრიბა ლაშქარი და გაემართა ჩრდილოეთისკენ, სადაც 25 ივნისს, ნილოსის დელტასთან, სასტიკად დაამარცხა ოსმალეთის არმია. ბრძოლაში თურქებმა 15 000 მეომარი დაკარგეს, გადარჩენილთა მცირე ნაწილმა გაქცევით უშველა თავს, ინგლისელთა გემების დახმარებით. ამ ბრძოლის შემდეგ, მართალია ზღვას ისევ ინგლისელები აკონტროლებდნენ, მაგრამ ეგვიპტეში ძალაუფლება ნაპოლეონის ხელში იყო.

ამის შემდეგ მოხდა მოულოდნელი ამბავი. მრავალი თვის განმავლობაში ევროპასთან ყოველგვარ ურთიერთობას მოწყვეტილ ნაპოლეონს ახალი ცნობები მოუვიდა. მან გაიგო, რომ ვიდრე იგი ეგვიპტეს იპყრობდა ავსტრიამ, ინგლისმა, რუსეთმა და ნეაპოლის სამეფომ ომი გაანაახლა საფრანგეთის წინააღმდეგ. საკუთრივ საფრანგეთში ქაოისი იყო, დირექტორიას აღარ ჰქონდა ხალხის მხარდაჭერა, მისი წევრები დაბნეულები იყვნენ, ვერ ახერხებდნენ სიტუაციის გაკონტროლებას.

ნაპოლეონმა გადაწყვეტილება სასწრაფოდ მიიღო. მან არმიის უზენაესი სარდლობა გენერალ კლებერს ჩააბარა, გასცა ბრძანება საიდუმლოდ მოემზადებინათ ოთხი გემი და 500 მეომართან ერთად, 1799 წლის 23 აგვისტოს, საფრანგეთში გაემგზავრა.

18 ბრიუმერის გადატრიალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაპოლეონი ეგვიპტიდან გამოემგზავრა მტკიცე და ურყევი განზრახვით, რომ დაემხო დირექტორია და ხელში ჩაეგდო უმაღლესი ხელისუფლება. 1799 წლის 8 ოქტომბერს ბონაპარტის გემები საფრანგეთის საზღვრებს მოადგნენ. ამ დროს ქვეყანაში სიტუაცია ძალიან რთული იყო. უფრო და უფრო ეცემოდა დირექტორიის ავტორიტეტი. შეძლებული კლასების წარმომადგენლები დირექტორიას უსარგებლოდ მიიჩნევდნენ; ღარიბი ადამიანების აზრით, დირექტორია მდიდარი ქურდების და სპეკულანტების რეჟიმის წარმოადგენდა, ხაზინის ქურდებს, რომელთა გამოც ხალხი აუტანელ შიმშილსა და ჩაგვრას განიცდიდა. არმიის ჯარისკაცების აზრით კი, დირექტორია იყო საეჭრო პირთა ჯგუფი, რომელიც ყურადღებას არ აქცედა არმიას. ჯარიკაცები ვერ ეგუებოდნენ იმ გარემოებას, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ ვერ შეინარჩუნა ნაპოლეონის მიერ იტალიაში ბრძოლით მოპოვებული ტერიტორიები და ფაქტიურად რამდენიმე თვეში დაკარგა გავლენა ამ მიწებზე.

ასეთივე უკმაყოფილება იყო ფრანგ ვაჭართა და მრეწველთა ფენაშიც. ისინი ხედავდნენ, რომ ქვეყანას ძალიან უჭირს ანტიფრანგულ სახელმწიფოებთან გამკლავება. მთელი ის რესურსები და სიმდიდრე, რაც ნაპოლეონმა იტალიაში მოწყობილი ლაშქრობისას მოიპოვა და საფრანგეთში გამოგზავნა, იმის მხოლოდ ნაწილი დაიხარჯა ომსა და სხვა საჭირო საკითხებზე, თანხების ნაწილი კი მიითვისეს მოხელეებმა და საქონლის მიმწოდებელმა ვაჭრებმა, რომლებიც ძარცვავდნენ ხაზინას ისევ დირექტორიის უყურადღებობის გამო.

1799 წლის 13 ოქტომბერს, როდესაც ქვეყნის მმართველ ორგანოებში გავრცელდა ცნობა, რომ გენერალი ბონაპარტი ქვეყანაში დაბრუნდა, დეპუტატები ტაშითა და აღფრთოვანებული შეძახილებით შეხვდნენ ამ ამბავს. როდესაც ისინი გარეთ გამოვიდნენ და ეს ყველაფერი დედაქალაქის სხვა მცხოვრებლებსაც ამცნეს, ხალხი სიხარულით ულოცავდა ერთმანეთს ამ ახალ ამბავს.

16 ოქტომბერს გენერალი ბონაპარტი უკვე პარიზში ჩავიდა. შეიძლება ითქვას, რომ დირექტორიის დღეები დათვლილი იყო. თუმცა, პოლ ბარასი და სხვა დირექტორები სულაც არ ფიქრობდნენ, რომ მათი მმართველობა დასასრულს უახლოვდებოდა და საფრანგეთი ახლოს იყო სამხედრო დიქტატურის დამყარებასთან.

ნაპოლეონის ქვეყანაში დაბრუნებას დიდი სიხარულით შეხვდნენ მოსახლეობის დაბალი ფენის წარმომადგენლები, მაგრამ ეს მაინც არ აძლევდა ბონაპარტს სიმშვიდის საფუძველს, მის მიერ წარსულში ჩადენილი საქმეები და მოწინააღმდეგეებისადმი გამოჩენილი სისასტიკე შეიძლება პრობლემა გამხდარიყო და ხელი შეეშალა საბოლოო წარმატების მიღწევაში. რაც შეეხება ბურჟუაზიას, მისი დიდი უმრავლესობა უკვე აშკარად მტრულად იყო განწყობილი დირექტორიის მიმართ, არ სჯეროდა მისი ქმედითუნარიანობა არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაში. პარიზის გარნიზონი კი აღფრთოვანებით შეეგება ახალი გამარჯვებითა და დიდებით დაბრუნებულ სარდალს — ეგვიპტის დამპყრობელს, მალელუკებისა და ოსმალეთის არმიის გამანადგურებელს.

ყოველივე ამის გამო ბონაპარტს პირველივე დღეებში აზრად მოუვიდა დაეჩქარებინა გადატრიალება. აღმოჩნდა, რომ თვით ხუთწევრიან დირექტორიაშიც არავინ იყო ისეთი, რომელსაც შეეძლო გადამჭრელი წინააღმდეგობა გაეწია მისთვის (განსაკუთრებით გოიეს, მულენსა და როჟე დიუკოს).

ანგარიშგასაწევი იყო მხოლოდ ორი დირექტორი: სიიესი და ბარასი. სიიესი ნაპოლეონის საფრანგეთში დაბრუნებას დადებითად შეხვდა — „ჩვენ გვჭირდება ხმალი“ — ამბობდა ის და გულუბრყვილოდ წარმოედგინა, რომ ბონაპარტი იქნებოდა მხოლოდ ხმალი, ახალი რეჟიმის მშენებელად კი საკუთარ თავს მოიაზრებდა.

რაც შეეხება ბარასს, იგი სულ სხვა ბიოგრაფიის, მისწრაფებებისა და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანი იყო. გასათვალისწინებელი იყო მისი წარსული - ყოფილი ოფიცერი, მონტანიარი რევოლუციიის დროს, 9 თერმიდორის გადატრიალების აქტიური მონაწილე - იგი ყოველთვის ირჩევდა ისეთ მხარეს, რომელიც მეტ ძალაუფლებას მოუტანდა. თუმცა მან თავისი ქმედებებით დიდი ხანია მოისპო უკან დასახევი გზები. იგი თანაბრად სძულდათ ყოფილი იაკობინელების მომხრეებსაც და როიალისტებსაც. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბარასი თანახმა იყო დახმარებოდა ახალგაზრდა გენერალს, თუ ბონაპარტი ჯამრთელი და უვნებელი დაბრუნდებოდა ეგვიპტის კამპანიიდან. იგი თავად ეახლა ნაპოლეონს 18 ბრიუმერის გადატრიალების წინაა დღეებში, სურდა თავისი გარანტირებული ადგილი მოეპოვენიბა საფრანგეთის მომავალ წყობილებაში. თუმცა, ბარათან თანამშრომლობა არ შედიოდა ნაპოლეონის მომავალ გეგმებში. ეს მოქმედი დირექტორი გათვალისწინებით მისი წარსულის, გავლენებისა და პიროვნებისა, სახიფათოც კი შეიძლება გამხდარიყო ბონაპარტისთვის.

ნაპოლეონს, ბარასისგან განსხვავებით, სულ სხვა გეგმები ჰქონდა სიიესთან მიმართებაში. სიიესს უკეთესი რეპუტაცია ჰქონდა და მომავალი გადატრიალების შემდეგ მისთვის საჭირო კაცი შეიძლება გამხდარიყო.

მომავალი მოქმედებებისთვის ნაპოლეონს სჭირდებოდა ძლიერი მოკავშირეები. პირველ რიგში ასეთები ტალეირანი და ჟოზეფ ფუშე იყვნენ. ტალეირანთან ნაპოლეონს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა. ბონაპარტი მას იცნობდა, როგორც ქურდს, მექრთამეს და კარიერისტს, მაგრამ ამავე დროს უჭკვიანეს ადამიანს. ტალეირანი არასანდო ადამიანი იყო, საჭიროების შემთხვევაში ყველას გაყიდვა შეეძლო, მაგრამ ნაპოლეონმა იცოდა, რომ არსებულ სიტუაციაში ტალეირანი მას არ უღალატებდა. ტალეირანს დირექტორიის მმართველობისას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, მაგრამ ახლა ნაპოლეონთან მოკავშირეობა მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო. მან ბონაპარტს არაერთი ძვირფასი მითითება და რჩევა მისცა და არსებულ სიტუაციაში მისი უმნიშვნელოვანესი მოკავშირეც გახდა. ასე მოიქცა ჟოზეფ ფუშეც. დირექტორიის დროს ის იყო პოლიციის მინისტრი და ამავე თანამდებობაზე დარჩენა სურდა მომავალშიც. ფუშე იყო ყოფილი იაკობინელი, რომელმაც ხმა მისცა ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯას, მას ეშინოდა ბურბონების ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო რატომაც იგი ძალიან გამოადგებოდა ნაპოლეონს.

პარიზში ჩასვლიდან დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში (სახელმწიფო გადატრიალებამდე) ნაპოლეონმა არაერთი ადამიანი მოინახულა, შეეცადა მოეგროვებინა მოკავშირეები მომავალი მოქმედებებისთვის.

საფრანგეთის არმიის მისდამი განწყობილებისა და მოსახლეობის დაბალი ფენების ასევე დადებითი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ნაპოლეონს აღარ ეშინოდა ბურჟუაზიის წამრომადგენლებისა. ბონაპარტმა იცოდა, რომ ბურჟუაზიის ყველაზე უფრო ძლიერი ნაწილი ოცნებობდა დირექტორიის დამხობაზე, ისინი თვლიდნენ, რომ ეს რესტავრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

სახელმწიფო გადატრიალება, რომელმაც ნაპოლეონს შეუზღუდავი ძალაუფლება მისცა, 1799 წლის 18 ბრიუმერის (9 ნოემბრის) გადატრიალების სახელითაა ცნობილი.

18 ბრიუმერს დილით, ექვსი საათიდან, ბონაპარტის სახლს და მომიჯნავე ქუჩას მიაწყდა გენერალიტეტი და ოფიცრობა. პარიზის გარნიზონიდან მოვიდა 700 კაცი. ნაპოლეონს სავსებით შეეძლო მათ დაყრდნობოდა, — და განსაკუთრებულ მცველთა რაზმის 1 500-მდე ჯარისკაცს, რომლებიც იცავდნენ დირექტორიას და ორივე საკანონმდებლო კრებას — ხუთასთა საბჭოს და უხუცესთა საბჭოს. არ იყო მოსალოდნელი, რომ განსაკუთრებული რაზმის ჯარისკაცებს იარაღით წინააღმდეგობა გაეწიათ ბონაპარტისთვის. მაგრამ მაინც უაღრესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ თავიდანვე დაეფარათ წამოწყებული საქმის ნამდვილი ხასიათი და „იაკობინური“, ე.ი. ხუთასთა საბჭოს მემარცხენე, ნაწილისთვის არ მიეცათ საშუალება მოეწოდებინათ ჯარისკაცებისთვის გადამწყვეტ მომენტში „რესპუბლიკის დასაცავად“. ამისათვის ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, თითქოს თვით საკანონმდებლო კრებები მოუწოდებდნენ ბონაპარტს ძალაუფლების ხელში აღებისკენ.

უხუცესთა საბჭოს მეტწილად საშუალო და მსხვილი ბურჟუაზიის წარმომადგენლები შეადგენდნენ. ნაპოლეონის ერთ-ერთმა ერთგულმა კაცმა განაცხადა „ტერორისტების საშინელი შეთქმულების“ შესახებ, რომ ისინი ზიანს აყენებენ რესპუბლიკას, მალე დაღუპავენ მას და სხვ. ეს ბუნდოვანი, მყვირალა ფრაზები არაფერს არ განსაზღვრავდა ზუსტად, კონკრეტულად არავის ადანაშაულებდა, მაგრამ მთავრდებოდა წინადადებით — დაუყოვნებლიც ხმა მიეცათ დეკრეტისთვის, რომლის მიხედვით, პირველ რიგში, უხუცესთა და ხუთასთა საბჭოების სხდომები გადადის პარიზიდან სენ-კლუში (დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქში) და მეორე — ამ დეკრეტის შესრულება ევალება გენერალ ბონაპარტს, რომელიც ინიშნება დედაქალაქისა და მის მიდამოებში განლაგებული მთელი შეიარაღებული ძალების უფროსად. ეს დეკრეტი სასწრაფოდ მიიღეს.

საკანონმდებლო ორგანოს პატარა ქალაქში გადატანის მიზეზი დიდი რევოლუციის წლების გამოცდილება იყო. რა რწმენაც უნდა ჰქონოდა ბონაპარტს თავისი თავისადმი, იმის გაკეთება პარიზში უფრო სახიფათო იყო, ვიდრე პატარა დაბაში, სადაც ერთადერთ დიდ შენობას წარმოადგენდა საფრანგეთის ძველი მეფეების სასახლე.

საქმის დასაწყისი სწორედ ისე ჩატარდა როგორც ბონაპარტს სურდა: კანონიერების გარეგნული მხარე დაცული იყო და ნაპოლეონმა დეკრეტის საფუძველზე აუწყა ჯარებს, რომ ისინი ამიერიდან მას ექვემდებარებიან და უნდა „გაჰყვნენ“ ორივე საბჭოს სენ-კლუმდე.

ნაპოლეონმა ჯარი წაიყვანა ტიუილრის სასახლეში, ალყა შემოარტყა და ადიუტანტების თანხლებით შევიდა სხდომათა დარბაზში. აქ ნაპოლეონმა წარმოთქვა რამდენიმე სიტყვა: „ჩვენ გვსურს რესპუბლიკა, რომელსაც საფუძვლად ექნება თავისუფლება, თანასწორობა, სახალხო წარმომადგენლობის წმინდათა-წმინდა პრინციპები… ჩვენ იგი გვექნება, მე ამის ფიცს ვიძლევი“. შემდეგ ის გავიდა ქუჩაში. ნაპოლეონის წინაშე იდგა მის მიერ მოყვანილი ჯარი, რომელიც მქუხარე მისასალმებელი შეძახილებით შეხვდა.

დირექტორია ლიკვიდირებული იქნა სრულიად დაუბრკოლებლად. არც მკვლელობისთვის მიუმართავთ, არც დაპატიმრებითვის: სიიესი და როჟე დიუკო თვით იყვნენ ამ შეთქმულების მონაწილენი, გოიეს და მულენს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რადგან მიხვდნენ რომ ისედაც ყველაფერი დასრულებული იყო.

დარჩა მხოლოდ ბარასი, რომელსაც ნაპოლეონმა ტალეირანი გაუგზავნა, რათა დაერწმუნებინა იგი თავისივე სურვილით დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. ბარასი ადვილად მიხვდა საქმის ვითარებას, რომ ნაპოლეონს იგი აღარ სჭირდებოდა, ამიტომ თავიდანვე გადანცხადა, რომ მას სურს მიატოვოს პოლიტიკური ცხოვრება და წავიდეს თავის მამულში, სადაც მშვიდად გააგრძელეს ცხოვრებას.

ამრიგად, დირექტორიამ არსებობა შეწყვიტა. შემდეგი ნაბიჯი იყო ორივე საკანონმდებლო ორგანოს ლიკვიდაცია. უხუცესთა საბჭო და ხუთასთა საბჭო უკვე ნაპოლეონის მომხრე ჯარისკაცთა ხელში იყო, მაგრამ გენერალს სურდა საქმე ისე მოეგვარებინა, რომ ორივე საბჭოს თავად ეღიარებინა საკუთარი უმოქმედობა, დაეთხოვა თავისი თავი და ძალაუფლება ნაპოლეონისთვის გადაეცა.

18 ბრიუმერს (9 ნოემბერი) ბევრი დეპუტატი არ წასულა სენ-კლუში, უმეტესობამ წასვლა გადადო 19 რიცხვისთვის, სწორედ იმ დროს, როცა უნდა გამართულიყო პირველი სხდომა.

როდესაც დადგა სახელმწიფო გადატრიალების მეორე და უკანასკნელი დღე, გენერალ ბონაპარტს მაინც აწუხებდა საფრთხის შეგრძნება. მართალია, უკვე 18 ბრიუმერის საღამოსთვის დირექტორული რეჟიმის სამი უმაღლესი დაწესებულებიდან ორი ლიკვიდირებული იყო: დირექტორია აღარ არსებობდა, უხუცეთა საბჭოს წევრები კი თანახმანი იყვნენ გამოეცხადებინათ თვითდათხოვნა.

მაგრამ საჭირო იყო სახალხო წარმომადგენელთა პალატის, ე.ი. ხუთასთა საბჭოს განადგურებაც. ხოლო ამ ხუთასთა საბჭოში ორსაზე მეტი ადგილი ეჭირათ ყოფილი იაკობინელების მომხრეებს. თუმცა, აქ ბევრი იყო ისეთიც, რომლებიც მზად იყვნენ თავი გაეყიდათ ანგარების მიზნით ან დამორჩილებულიყვნენ შიშის გამო. მაგრამ იყვნენ სხვა მისწრაფების ადამიანებიც — ისეთები, რომლებისთვისაც ბასტილიის აღება, მონარქიის დამხობა, მოღალატეებთან ბრძოლა, „თავისუფლება, თანასწორობა ან სიკვდილი“ არ წარმოადგენდა ცარიელ სიტყვებს.

მთელი 18 ბრიუმერის განმავლობაში მემარცხენე („იაკობინური“) ჯგუფი თავს იყრიდა საიდუმლო თათბირებზე. იაკობინელებმა არ იცოდნენ რა ნაბიჯები გადაედგათ. ბონაპარტის აგენტები კი თავგზას უბნევდნენ მათ, ამტკიცებდნენ, რომ საქმე ეხება არა იაკობინელების წინააღმდეგ ზომების მიღებას, არამედ მხოლოდ როიალისტური საფრთხის დაძლევის საჭიროებას.

იაკობინელებმა არ იცოდნენ დაეჯერებინათ თუ არა ეს ამბავი, როდესაც 19 ბრიუმერს (10 ნოემბერი) დილით შეიკრიბნენ თათბირზე სენ-კლუს სასახლეში, ისინი დაბნეულები იყვნენ. ამ დღეს დილით ნაპოლეონი ცხენოსანთა თანხლებით პარიზიდან სენ-კლუში ჩავიდა. აქ შეიტყო, რომ ხუთასთა საბჭოს დეპუტატთა შორის ბევრი უკმაყოფილოა, რადგან მათ დაინახეს ჯარისკაცთა მიერ ალყაშემორტყმული სასახლე. ისინი გაბრაზებულნი არიან სხდომების უეცარი გადატანით დედაქალაქიდან სენ-კლუში და რომ ახლა სავსებით მიხვდნენ ბონაპარტის განზრახვას.

საფრანგეთის კონსული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრი სულ უფრო და უფრო იხრებოდა ძლიერი სამხედრო დიქტატურის დამყარებისაკენ.

ეგვიპტეში მყოფმა ნაპოლეონ ბონაპარტმა სწორად შეაფასა დირექტორიის არამყარი მდგომარეობა. მან არმია თავის გენერლებს ჩააბარა, თვითონ კი ხმელთაშუა ზღვაში სასწაულებრივად დაუსხლტა ინგლისელთა გემებს და საფრანგეთში დაბრუნდა.[1]

იმპერატორად კურთხევა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დირექტორიის პერიოდში საფრანგეთი გამუდმებით ეომებოდა ანტიფრანგულ კოალიაციას,რომელშიც ამჯერად ავსტრია გამოირჩეოდა.განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ნაპოლეონ ბონაპარტმა, რომელმაც სასტიკი მარცხი აგემა რამდენიმე ავსტრიულ არმიას იტალიაში და აიძულა ის, საფრანგეთთან ზავი გაეფორმებინა. დირექტორია გენერალ ბონაპარტის საფრანგეთში პოპულარობის ზრდით შეშინდა. ეს შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდა.სწორედ ნაპოლეონ ბონაპარტმა მოუღო ბოლო დირექტორიას 1799 წლის ნოემბერში და კონსულატი დააწესა. ეს უკვე რევოლუციის დასასრული იყო. საფრანგეთში ერთპიროვნული მმართველობა დამყარდა. ნაპოლეონი თავად გახდა ჯერ პირველი კონსული, შემდეგ–მუდმივი კონსული, 1804 წელს კი თავი იმპერატორად გამოაცხადა.

საფრანგეთის პირველი იმპერია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის მეორე კამპანია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე კოალიციის ომი (1805 წელი)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნაპოლეონი აუსტერლიცის ბრძოლაში

ნაპოლეონმა, რომელიც ემზადებოდა ინგლისში დესანტის გადასასხმელად, მიიღო ცნობა, რომ 27 აგვისტოს ავსტრიის ჯარები ბავარიაში შეიჭრნენ. მან დაიწყო ძალების გადასროლა ბულონის ბანაკიდან რაინზე ფელდმარშალ კარლ მაკის ავსტრიის დუნაის არმიის (80 000 კაცი) გასანადგურებლად კუტუზოვის არმიის (50 000 კაცი) მოსვლამდე. თავისი ჯარების (220 000 კაცი) მოხერხებული მანევრით ნაპოლეონმა ალყა შემოარტყა მაკის არმიას ულმთან და 8 ოქტომბერს აიძულა იგი დანებებოდა. რუსეთის ჯარები, რომლებიც ბრაუნაუში 29 სექტემბერს მივიდნენ, შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო იძულებულნი გახდნენ საარიერგარდო ბრძოლით დაეხიათ უკან დუნაის მარჯვნივ, ნაპირის გაყოლებით. ნაპოლეონი შეეცადა მოემწყვდია რუსეთის ჯარები, მაგრამ ისინი დუნაიზე ფრანგების მოსვლამდე გადავიდნენ, ხოლო 30 ოქტომბერს დაამარცხეს ედუარდ მორტიეს კორპუსი. 1 ნოემბერს მარშალ იოახიმ მიურატის ავანგარდი შეეცადა რუსეთის არმიისათვის უკან დასახევი გზები მოეჭრა. 1805 წლის 4 ნოემბერს პეტრე ბაგრატიონის საფარმა რაზმმა (6 000 კაცი) შენგრაბენის ბრძოლაში ფრანგთა 30 000-იანი ავანგარდის იერიში მოიგერია, რითაც მთავარ ძალებს საშუალება მისცა დაეხიათ ოლმიუცისაკენ, სადაც ისინი ავსტრიის ჯარებს და რუსეთიდან მოსულ გენერალ ბუქსგევდენის 50 000-იან არმიას შეუერთდნენ. 1805 წლის 2 დეკემბერს აუსტერლიცის ბრძოლაში მოკავშირეთა ჯარები დამარცხდნენ. ავსტრია ომიდან გამოვიდა და ხელი მოაწერა საფრანგეთთან სეპარატულ პრესბურგის ზავს (1805). რუსეთის ჯარები გაიყვანეს რუსეთში.

ზღვაზე საფრანგეთ-ესპანეთის ფლოტი განადგურებულ იქნა ტრაფალგარის ბრძოლაში (1805). მოკავშირეთა ჯარების გადასხმა ნეაპოლსა და ჩრდილოეთ გერმანიაში უშედეგოდ დამთავრდა. ომში ნათლად გამომჟღავნდა ნაპოლეონის უდიდესი სამხედრო ნიჭი.

მეოთხე კოალიციის ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევარკუნძულის ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხუთე კოალიციის ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც 1812 წლის 24 ივნისს ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა, მან დიდი შეცდომა დაუშვა, თუმცა თავიდან ფრანგებს ყველაფერი კარგად მისდიოდათ სანამ ზამთარი არ დადგებობა. კუტუზოვმა გადაწყვიტა დაეთმო ფრანგებისთვის მოსკოვი, რადგან ფრანგებს ძალიან გაუჭირდებოდათ ზამთარში საკვების გარეშე ყოფნა. კუტუზოვის აზრით მოსკოვის დათმობით არ დაიკარგება ქვეყანა, ჯარის დაკარგვა კი დამარცხებას ნიშნავდა. მოსკოვში შესვლის შემდეგ, ნაპოლეონმა ნახა დაცარიელებული ქალაქი და გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სამშობლოში, თუმცა ზამთარში ეს ძალიან რთული იყო. უკან დახევისას მან დაკარგა არმიის ნახევარი.

ნაპოლეონის პირველი გადადგომა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთში განცდილი მარცხი ნაპოლეონის იმპერიის დაშლის დასაწყისი გახდა. მის წინააღმდეგ დაირაზმნენ ევროპის ქვეყნები. 1813 წლის ოქტომბერში ლაიფციგთან ნაპოლეონის არმიის ნარჩენებს ბრძოლა მოუხდათ მოკავშირეებთან რუსეთის, პრუსიის, ავსტრიის, შვედეთის არმიებთან (ე.წ. ხალხთა ბრძოლა), სადაც ფრანგები დამარცხდნენ. მოკავშირეები 1814 წელს პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი გადადგა. იგი ხმელთაშუა ზღვის კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. პარიზში ბურბონები და რევოლუციის დროს გაქცეული არისტოკრატები დაბრუნდნენ.

საფრანგეთის მოსახლეობა ვერ ეგუებოდა ძველი რეჟიმის აღდგენას. ნაპოლეონმა ისარგებლა მოსახლეობის უკმაყოფილებით და ყველასთვის მოულოდნელად საფრანგეთში დაბრუნდა. გმირებს მონატრებული ფრანგი ხალხი მას შეხვდა როგორც მხსნელს. ნაპოლეონის მმართველობის ბოლო თვეებს „ასი დღე“ შეერქვა. მოკავშირეებმა ომი განაახლეს. 1815 წელს, ბელგიის ახლოს, სოფელ ვატერლოოსთან ნაპოლეონი თავის უკანასკნელ ბრძოლაში დამარცხდა.

მეორე გადასახლება და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დატყვევებული იმპერატორი ინგლისელებმა წმინდა ელენას კუნძულზე (ატლანტის ოკეანე) გადაასახლეს და მიუვლინეს ზედამხედველი. შვიდი წელი მისი სამფლობელო იყო ერთი საკანი და პატარა ბაღი. 1821 წლის 5 მაისს, 52 წლის ასაკში, ნაპოლეონი გარდაიცვალა. ერთი ვერსიით, იმპერატორი, მამამისის მსგავსად, კუჭის კიბომ შეიწირა, ხოლო მეორე ვერსიით ბრიტანელებმა მოწამლეს ვერცხლისწყლით. ამ ვერსიის მიხედვით ნაპოლეონის საჭმელს ურევდნენ ვერცხლისწყალს, შედეგად ის მალევე გარდაიცვალა. სანამ გარდაიცვლებოდა კრუჩხვებში ჩავარდა, სწორედ მაშინ მიხვდა ნაპოლეონი, რომ მისი სიკვდილის დღე ახლოვდებოდა. მან თავისთან დაიბარა მღვდელი და ექიმი, რომელსაც დაუბარა თავის ოჯახისთვის გადაეცა თუ რა იყო მიზეზი მისი სიკვდილისა.

ნაპოლეონი 1840 წლამდე დასაფლავებული იყო კუნძულ ელენაზე. მის საფლავზე დაბადებისა და გარდაცვალების თარიღის ნაცვლად ეწერა მხოლოდ „ნაპოლენ ბონაპარტი“. 1828 წლის მერე ფრანგებმა მიიღეს ნებართვა ინგლისისგან, რომ მათი იმპერატორის ცხედარი გადაესვენებინათ საფრანგეთში. ლუი-ფილიპმა გაგზავნა თავისი შვილი- პრინცი ჟუანვილი წმ. ელენეს კუნძულზე, რომ სხეული ამოესვენებინა და გადმოეტანა საფრანგეთში. ეს იყო დაბრუნება იმ ადამიანისა, რომელიც უყვარდა ფრანგ ხალხს და რომელიც შიშის ზარს სცემდა მტრებს. 1840 წლის სექტემბერში ფრანგულმა გემმა ნაპოლეონის ძვლები ჰავრში ჩამოასვენა და შემდეგ ნელ-ნელა მდინარე სენით დაიძრა პარიზისკენ. 15 დეკემბერს, მიუხედავად ქარბუქისა, თითქმის მთელი ქალაქი იმყოფებოდა იმპერატორის დაკრძალვაზე. სამგლოვიარო კორტეჟმა დაიწყო თავისი მსვლელობა ბულვარების გასწვრივ, გაიარა ტრიუმფალური თაღის ქვეშ, ჩამოვიდა ელისეის მინდვრებზე და ბოლოს ინვალიდების სახლში დასრულდა ნაპოლეონის განდევნის წლები, რომელიც დიდი ხანი გრძელდებოდა. იმპერატორის ძვლები, როგორც ეგვიპტის ფარაონის ძვლები, დამარხული იყო ექვს კუბოში. პირველი-თუნუქისგან, მეორე-წითელი ხისგან, მესამე და მეოთხე-ტყვიისგან, მეხუთე-ებენის ხისგან, მეექვსე კი მუხისგან იყო დამზადებული. კუბო დასვენებული იყო დიდ აკლდამაზე, რომელიც გაკეთებული იყო წითელი გრანიტისგან, სპეციალურად შექმნილი ცნობილ არქიტექტორ ვისკონტის მიერ. იქ არის თორმეტფრთიანი ვიქტორია, პრადიეს ნამუშევარი, რომელიც იმპერატორის სამუდამო სამარხს დარაჯობს და განასახიერებს ფრანგ ხალხს. ნაპოლეონის გვერდით ასვენია მისი შვილის ნაპოლეონ II-ის ფერფლი.

  • ტარლე ე., ნაპოლეონი, გამომცემლობა „ბედია“, თბილისი, 1996, გვ. 3-75.
  • ტიულარი ჟ., ნაპოლეონი, გამომცემლობა „აგორა“, თბილისი, 2012, გვ. 17-19.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ახალი ისტორია, მე–8 კლასი, გვ. 96, – თბილისი, "კონა", 2001