როზეტის ქვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როზეტის ქვა
Rosetta Stone.JPG
მასალა გრანოდიორიტი
ზომა 114,4 X 72,3 X 27,93 სმ
მასა ≈760 კგ
დამწერლობა ძველეგვიპტური იეროგლიფური; დემოტური; ბერძნული
შექმნის თარიღი ძვ. წ. 196 წ.
აღმოაჩინეს 1799 წ.
როზეტის (ახლანდელი რაშიდი) მახლობლად; ნილოსის დელტა; ეგვიპტე
აღმომჩენი პიერ-ფრანსუა ბუშარი
ამჟამინდელი ადგილმდებარეობა ბრიტანეთის მუზეუმი

როზეტის ქვაგრანოდიორიტის სტელა, რომელზეც აღბეჭდილია ძვ. წ. 196 წელს მემფისში (ეგვიპტე) მეფე პტოლემე V-ის განკარგულებით გამოცემული დეკრეტი. დეკრეტი გამოსახულია სამი დამწერლობით: ზედა წარწერა შესრულებულია ძველეგვიპტური იეროგლიფებით, შუა — ეგვიპტური დემოტური, ხოლო ქვედა — ბერძნული დამწერლობით. რადგანაც სამივე წარწერა, არსებითად, ერთსა და იმავე ტექსტს წარმოადგენს (მათ შორის მხოლოდ უმნიშვნელო სხვაობაა), ქვა ძველეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის საქმეში გასაღებად იქცა.

მიჩნეულია, რომ ქვა თავდაპირველად ტაძარში იყო განთავსებული, რომელიც, შესაძლოა, ძველეგვიპტურ ქალაქ საისთან არსებობდა. სავარაუდოდ, იგი ადრექრისტიანულ ან შუა საუკუნეების პერიოდში გადააადგილეს და საბოლოოდ, ნილოსის დელტაში მდებარე ქალაქ რაშიდის (როზეტა) მახლობლად მდებარე ფორტ ჟულიენის მშენებლობისას სამშენებლო მასალად გამოიყენეს. ქვა 1799 წელს ხელახლა აღმოაჩინა ნაპოლეონის ეგვიპტის ექსპედიციის ლეიტენანტმა პიერ-ფრანსუა ბუშარმა. ის წარმოადგენდა ჩვენამდე მოღწეულ პირველ ძველეგვიპტურ ბილინგვურ ტექსტს და რადგანაც შესაძლებლობას იძლეოდა გაეშიფრათ მანამდე გაუგებარი უძველესი ენა, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ევროპის მუზეუმებსა და მეცნიერებს შორის ფართოდ გავრცელდა ქვის ლითოგრაფიული და თაბაშირისაგან დამზადებული ასლები. ამასობაში, 1801 წელს, ბრიტანულმა ძალებმა ფრანგები ეგვიპტეში დაამარცხეს, ალექსანდრიის კაპიტულაციით ხელში ჩაიგდეს ქვა და ლონდონში გადააგზავნეს. 1802 წლიდან მოყოლებული, როზეტის ქვა თითქმის უწყვეტადაა გამოფენილი საჯაროდ და ბრიტანეთის მუზეუმის ყველაზე მეტად მონახულებადი ობიექტია.

როდესაც ბერძნული ტექსტის პირველი სრული თარგმანი გამოქვეყნდა, დეკრეტის შესწავლა უკვე მიმდინარეობდა, თუმცა ამას 20 წელი დასჭირდა და გაგრძელდა 1822 წლამდე, სანამ ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა, პარიზში, ეგვიპტური დამწერლობის გაშიფვრის შესახებ არ გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, მაინც საჭირო გახდა დამატებითი დრო, სანამ მეცნიერები წარწერის წაკითხვასა და მის ლიტერატურულად განმტკიცებას შეძლებდნენ. გაშიფვრის ძირითადი მიღწევებს წარმოადგენდა იმის დამტკიცება, რომ ქვაზე წარმოდგენილი იყო ერთი და იგივე ტექსტის სამი ვერსია (1799 წ.); რომ დემოტური დამწერლობა უცხოური სახელების ჩასაწერად ფონეტიკურ ნიშნებს იყენებდა (1802 წ.); რომ იეროგლიფური ტექსტის შემთხვევაშიც ასე ხდებოდა და რომ მას ჰქონდა გარკვეული მსგავსება დემოტურ დამწერლობასთან (ტომას იუნგი, 1814 წ.); ასევე, ის, რომ ფონეტიკური ნიშნები გამოიყენებოდა არა მხოლოდ უცხოური, არამედ საკუთრივ ეგვიპტური სიტყვების ჩასაწერადაც (შამპოლიონი, 1822-1824 წწ.).

მისი ხელახლა აღმოჩენის შემდეგ, ქვა ეროვნული დაპირისპირების საგანს წარმოადგენს, რაც გულისხმობს მის გადასვლას ფრანგულიდან ბრიტანულ მფლობელობაში ნაპოლეონის ომების დროს, ხანგრძლივ დავას იუნგისა და შამპოლიონის წვლილთა მნიშვნელობათა შეფარდებაზე გაშიფვრის საქმეში და 2003 წლიდან, ქვის ეგვიპტეში დაბრუნების მოთხოვნას.

მოგვიანებით აღმოაჩინეს იგივე დეკრეტის სხვა ფრაგმენტული ასლებიც და ამჟამად, რამდენიმე მსგავსი ეგვიპტური ბილინგვური და ტრილინგვური წარწერაცაა ცნობილი, მათ შორისაა ორი ცოტათი ადრეული პტოლემაიური დეკრეტი (კანოპუსის დეკრეტი, ძვ. წ. 238 წ. და მემფისის დეკრეტი, ძვ. წ. 218 წ.), ამდენად, როზეტის ქვა აღარაა უნიკალური, თუმცა ის იყო აუცილებელი გასაღები ძველეგვიპტური ლიტერატურისა და ცივილიზაციის თანამედროვე გაგებისა და გააზრებისათვის. ამჟამად ტერმინი „როზეტის ქვა“ გამოიყენება განსხვავებულ კონტექსტში და აღნიშნავს აუცილებელ გასაღებს ცოდნის ახალი სფეროსათვის.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგული ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტების თანამედროვე კატალოგში, რომელიც 1801 წელს ბრიტანულ სამხედრო ძალებს დანებდა, როზეტის ქვა აღწერილია, როგორც „შავი ბაზალტის ქვა სამი წარწერით... აღმოჩენილია როზეტაში“.[1] ქვის ლონდონში ჩატანის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მასზე არსებული წარწერები ცარცით თეთრად იყო გაფერადებული, რათა უკეთ გამოჩენილიყო, ზედაპირის დანარჩენი ნაწილი კი, დამთვალიერებელთა თითებისაგან დასაცავად კარნაუბის ცვილის ფენით იყო დაფარული,[2] რის გამოც ქვამ მუქი ფერი მიიღო. სწორედ ეს გახდა საფუძველი საიმისოდ, რომ ქვა შეცდომით შავ ბაზალტად მიეჩნიათ.[3] ეს დანამატები ქვას 1999 წლის გაწმენდისას მოშორდა, რის შედეგადაც გამოვლინდა ქვის თავდაპირველი მუქი ნაცრისფერი ელფერი, მისი კრისტალური სტრუქტურის ელვარება და ვარდისფერი ძარღვები ზედა მარცხენა კუთხის გასწვრივ.[4] კლემის კოლექციის ეგვიპტური ქვის ნიმუშებთან შედარებამ აჩვენა მნიშვნელოვანი მსგავსება ასუანის რეგიონში, კუნძულ ელეფანტინის დასავლეთ ნაწილში, ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე გაბელ-ტინგარის მთების გრანოდიორიტის პატარა სამტეხლოდან მოპოვებულ ქვასთან. ვარდისფერი ძარღვები ტიპიურია გრანოდიორიტისათვის ამ რეგიონში.[5]

ამჟამად, როზეტის ქვის მაქსიმალური სიმაღლეა 112,3 სმ., სიგანე — 75,7 სმ., ხოლო სისქე — 28,4 სმ. მისი მასა, დაახლოებით, 760 კგ.-ია.[6] ქვაზე გამოსახულია სამი წარწერა: ზედა მათგანი შესრულებულია ეგვიპტური იეროგლიფებით, შუა — დემოტური, ხოლო ქვედა — ბერძნული დამწერლობით.[7] მისი წინა ზედაპირი გაპრიალებულია და მასზე მსუბუქადაა ამოკვეთილი წარწერები, გვერდები გათლილია, ხოლო უკანა ნაწილი უხეშადაა დამუშავებული, სავარაუდოდ იმიტომ, რომ იგი არ ჩანდა როდესაც ქვა აღმართული იყო.[5][8]

ორიგინალური სტელა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორიგინალური სტელის ერთ-ერთი შესაძლო რეკონსტრუქცია

როზეტის ქვა უფრო დიდი ზომის სტელის ფრაგმენტია. მიუხედავად როზეტის ძეგლზე მოგვიანებით ჩატარებული კვლევებისა, რაიმე დამატებითი ნაწილი არ აღმოუჩენიათ.[9] მისი დაზიანებული მდგომარეობის გამო, ქვის სამი წარწერიდან არც ერთი არაა აბსოლუტურად სრულყოფილი. ყველაზე მეტადაა დაზიანებული ზედა ნაწილი, რომელიც ძველეგვიპტური იეროგლიფებითაა შესრულებული. ხილვადია აღნიშნული ტექსტის მხოლოდ ბოლო 14 ხაზი. ყველა მათგანს მოტეხილი აქვს მარჯვენა მხარე, 12-ს კი მარცხენაც. შემდეგი ნაწილი, რომელიც დემოტური დამწერლობითაა შესრულებული, ყველაზე უკეთაა შემონახული. იგი 32 ხაზისაგან შედგება, რომელთაგან 14 მსუბუქადაა დაზიანებული მარჯვენა მხარეს. ბოლო, ბერძნული ტექსტი 54 ხაზს შეიცავს, რომელთაგან პირველი 27 სრულადაა შემორჩენილი, ხოლო დანარჩენი ხაზები უფრო და უფრო ფრაგმენტულია, რადგანაც ქვას ქვედა მარჯვენა კუთხე მოტეხილი აქვს.[10]

იეროგლიფური ტექსტის სრული სიგრძე და ორიგინალური სტელის საერთო ზომა, რომლის ფრაგმენტსაც წარმოადგენს როზეტის ქვა, შეიძლება შეფასდეს შემორჩენილ სტელებთან შედარების საფუძველზე, რომელთა შორის იგივე დეკრეტის სხვა ასლებიცაა. ცოტათი ადრეული კანოპუსის დეკრეტი, რომელიც ძვ. წ. 238 წელს, პტოლემე III-ის მმართველობის პერიოდშია აღმართული, 219 სმ.-ის სიმაღლისა და 82 სმ.-ის სიგანისაა და შეიცავს იეროგლიფური ტექსტის 36, დემოტური ტექსტის 73 და ბერძნული ტექსტის 74 ხაზს. ტექსტები მსგავსი სიგრძეებისაა.[11] ამ შედარების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ როზეტის ქვას ზედა ნაწილში აკლია იეროგლიფური ტექსტის დამატებით 14 ან 15 ხაზი, რომელთა საერთო ზომაც 30 სანტიმეტრი უნდა იყოს.[12] გარდა ამისა, სტელაზე, ტექსტის თავში, სავარაუდოდ, გამოსახული იქნებოდა ფრთოსან დისკოში მოთავსებული ღმერთების წინაშე წარმდგარი მეფის გამოსახულება, ისევე, როგორც კანოპუსის სტელაზეა. ეს პარალელები და ამასთანავე, სიტყვა „სტელის“ აღმნიშვნელი ეგვიპტური იეროგლიფი,
O26
იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ სტელას, თავდაპირველად, მომრგვალებული თავი ჰქონდა.[7][13] ორიგინალური სტელის სიმაღლე, დაახლოებით, 149 სმ.-ითაა განსაზღვრული.[13]

მემფისის დეკრეტი და მისი კონტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტელა მეფე პტოლემე V-ის კორონაციის შემდეგაა აღმართული და მასზე ამოკვეთილია დეკრეტი, რომელიც ახალი მმართველის საღვთო კულტს აფუძნებდა.[14] იგი გაიცა მემფისში შეკრებილი ქურუმთა კრების მიერ. დეკრეტი, მაკედონიური კალენდრით, თარიღდება „4 ქსანდიკუსით“, ხოლო ეგვიპტური კალენდრით — „18 მეშირით“, რაც ძვ. წ. 196 წლის 27 მარტს შეესაბამება. დეკრეტის გამოცემის წელი აღნიშნულია, როგორც პტოლემე V-ის მეფობის მეცხრე წელი (შეესაბამება ძვ. წ. 197/196 წელს) და დასტურდება ოთხი ქურუმის დასახელებით, რომელთაც ეს სტატუსი ერთსა და იმავე წელს ეკავათ: აეტუსი, აეტუსის ძე, რომელიც ალექსანდრე მაკედონელისა და ხუთი პტოლემაიოსი მეფის (პტოლემე V-ის ჩათვლით) საღვთო კულტების ქურუმი იყო და მისი სამი კოლეგა, რომელთა სახელებიც წარწერაშია მითითებული და რომლებმაც თანხმობა განაცხადეს გაეღმერთებინათ ბერენიკა II (პტოლემე III-ის ცოლი), არსინოე II (პტოლემე II-ის ცოლი და და) და არსინოე III (პტოლემე V-ის დედა).[15] მიუხედავად ამისა, ბერძნული და იეროგლიფური წარწერები იძლევიან მეორე თარიღს, რომელიც ძვ. წ. 197 წლის 27 ნოემბერს, პტოლემეს კორონაციის ოფიციალურ წლისთავს შეესებამება.[16] დემოტური წარწერა წინააღმდეგობაში მოდის ამ ფაქტთან, რადგან დეკრეტის გამოცემისა და წლისთავის თარიღებს ერთმანეთის მიყოლებით მარტში ასახელებს.[16] დადგენილი არაა თუ რატომ არსებობს ასეთი გაურკვევლობა, თუმცა აშკარაა, რომ დეკრეტი ძვ. წ. 196 წელს გამოიცა პტოლემაიოსიანი მეფეების ეგვიპტეზე მმართველობის ხელახლა დაფუძნების მიზნით.[17]

დეკრეტი გამოცემულია ეგვიპტის ისტორიის მშფოთვარე პერიოდში. პტოლემე V ეპიფანე, რომელიც ძვ. წ. 204-181 წლებში მეფობდა, პტოლემე IV ფილოპატორისა და მისი ცოლისა და დის, არსინოე III-ის ვაჟი იყო. იგი ტახტზე ხუთი წლის ასაკში ავიდა, მისი მშობლების მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც შეთქმულების შედეგად მოკლეს, რომელშიც, თანამედროვე წყაროების მიხედვით, პტოლემე IV-ის ფავორიტი აგათოკლეაც იყო ჩართული. შეთქმულები ეფექტურად მართავდნენ ეგვიპტეს, როგორც პტოლემე V-ის მცველები,[18][19] თუმცა ორ წელიწადში გენერალ ტლეპოლემუსის მეთაურობით აჯანყებამ იფეთქა, მას შემდეგ, რაც ალექსანდრიაში ბრბომ აგათოკლეა და მისი ოჯახი დახოცა. ფარაონის მეურვედ არისტომენეს ალიზიელის (მთავარი მინისტრი მემფისის დეკრეტის გამოცემის პერიოდში) მიერ ტლეპოლემუსი დაინიშნა.[20]

გარე პოლიტკური ძალების გააქტიურებამ გაამძაფრა პტოლემაიოსთა სამეფოს შიდა პრობლემები. ანტიოქე III-მ და მაკედონიის მეფე ფილიპე V-მ ეგვიპტის სამფლობელოთა გასაყოფად ხელშეკრულება დადეს. ფილიპემ ხელში ჩაიგდო რამდენიმე კუნძული და ქალაქი კარიასა და თრაკიაში, ხოლო ანტიოქემ პანიუმის ბრძოლაში გამარჯვებით (ძვ. წ. 198 წ.) სელევკიდების სახელმწიფოს შემატა მანამდე პტოლემაიოსთა ეგვიპტის მფლობელობაში მყოფი კელესირია იუდეის ჩათვლით. ამავდროულად, ეგვიპტის სამხრეთში ჰორვენეფერისა და მისი მემკვიდრის, ანხვენეფერის მეთაურობით[21] მიმდინარეობდა ხანგრძლივი აჯანყება, რომელიც პტოლემე IV-ის მმართველობისას დაიწყო.[16] როდესაც 12 წლის პტოლემე V ოფიციალურად აკურთხეს მეფედ მემფისში (მეფობის დაწყებიდან შვიდი წლის შემდეგ) და მემფისის დეკრეტი გამოიცა, როგორც ომი, ისე შიდა აჯანყება კვლავ მიმდინარეობდა.[19]

"A small, roughly square piece of light-grey stone containing hieroglyphic inscriptions from the time of the Old Kingdom pharaoh Pepi II"
„საშემოწირულებო სტელის“ ფრაგმენტი, რომელშიც ძველი სამეფოს ფარაონი პეპი II მინის ტაძრის ქურუმებს გადასახადებისაგან ათავისუფლებს.

სტელა წარმოადგენს საშემოწირულებო სტელათა კლასის გვიანდელ ნიმუშს, რომელიც ასახავს არსებული მონარქის მიერ ადგილობრივ ღვთისმსახურთათვის საგადასახადო შეღავათების მინიჭებას.[22] ფარაონებს ამგვარი სტელები წინა 2000 წლის განმავლობაშიც აღუმართავთ, რომელთაგან უძველესი ეგვიპტის ძველი სამეფოს პერიოდით თარიღდება. მანამდე ამგვარი დეკრეტები პირადად ფარაონის მიერ გაიცემოდა ხოლმე, თუმცა მემფისის დეკრეტი ქურუმებმა გამოსცეს, როგორც ტრადიციული ეგვიპტური კულტურის დამცველებმა.[23] დეკრეტი გადმოგვცემს, რომ პტოლემე V-მ ტაძრები ვერცხლითა და მარცვლეულით დაასაჩუქრა.[24] იგი, ასევე, მოგვითხრობს, რომ მისი მეფობის მერვე წელს მოხდა ნილოსის განსაკუთრებით დიდი წყალდიდობა და რომ მან გლეხების სასარგებლოდ, დამატებითი წყალი დააგუბებინა.[24] ამ დათმობათა სანაცვლოდ, ქურუმებმა პირობა დადეს, რომ მეფის დაბადებისა და კორონაციის დღეებს ყოველწლიურად აღნიშნავდნენ და რომ ეგვიპტის ყველა ქურუმი მას სხვა ღმერთებთან ერთად ემსახურებოდა. დეკრეტის დასკვნა იძლევა ინსტრუქციას, იმის შესახებ, რომ მისი ასლი უნდა აღიმართოს ყველა ტაძარში დაწერილი „ღმერთების ენაზე“ (იეროგლიფებით), „დოკუმენტების ენითა“ (დემოტური დამწერლობა) და „ბერძენთა ენით“, რომელიც იმ დროისათვის ხმარებაში იყო პტოლემეურ მთავრობაში.[25][26][27]

ღვთისმსახურთა კეთილგანწყობის შენარჩუნება პტოლემეების დინასტიის მეფეთათვის მოსახლეობის ეფექტური მართვისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. მემფისის (სადაც მეფე ეკურთხა) დიდი ქურუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირები იყვნენ, რადგანაც იმ დროისათვის უმაღლეს რელიგიურ ავტორიტეტებს წარმოადგენდნენ და მთელ სამეფოზე ჰქონდათ გავლენა.[28] იმის გათვალისწინებით, რომ დეკრეტი გაიცა მემფისში, ეგვიპტის უძველეს დედაქალაქში და არა ალექსანდრიაში, პტოლემეთა ძალაუფლების ცენტრში, აშკარაა, რომ ახალგაზრდა მეფე ძალიან ცდილობდა მათი აქტიური მხარდაჭერის მოპოვებას.[29] აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეს ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის მიერ მისი დაპყრობის შემდეგ ბერძნულენოვანი მთვრობა მართავდა, ის ფაქტი, რომ მემფისის დეკრეტი, ისევე, როგორც სერიის წინა ორი დეკრეტი, ეგვიპტურ ენაზე შესრულებულ ტექსტსაც შეიცავდა, იმის მაჩვენებელია, რომ სწორედ ეს უკანასკნელი შეესაბამებოდა მოსახლეობის ძირითად ნაწილს წერა-კითხვის მცოდნე ეგვიპტელი ღვთისმსახურების სახით.[30]

სამ ორიგინალ ტექსტს შორის არსებული მცირე განსხვავებების გამო, ასევე, იმიტომაც, რომ ანტიკური ენების თანამედროვე გაგება კვლავ ვითარდება, ინგლისურ ენაზე დეკრეტის აბსოლუტურად ზუსტი თარგმანი არ არსებობს. რ. ს. სიმპსონის მიერ შესრულებული უახლესი თარგმანი ბრიტანეთის მუზეუმის ვებგვერდზეა განთავსებული და დემოტურ ტექსტს ეფუძნება.[31] აღნიშნული თარგმანი შეიძლება შედარდეს ედვინ რ. ბევანის სრულ თარგმანთან პტოლემეთა სახლში (1927 წ.),[32] რომელიც ბერძნულ ტექსტზეა დაფუძნებული და ახლავს როგორც ბერძნულ, ისე ორივე ეგვიპტური ტექსტის მიხედვით შექმნილი სქოლიოს კომენტარები.

თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სტელის წარმოშობა არ უკავშირდება ქალაქ რაშიდს (როზეტა), სადაც ის აღმოაჩინეს. უფრო სავარაუდოა, რომ იგი აქ სამეფოს უფრო შიდა ნაწილიდან, შესაძლოა, სამეფო ქალაქ საისიდან მოხვდა.[33] ტაძარი, რომელშიც სტელა თავდაპირველად იყო განთავსებული, სავარაუდოდ, დაახლოებით 392 წლისათვის დახურეს, როდესაც რომის იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა ყველა არაქრისტიანული ტაძრის დახურვის ბრძანება გასცა.[34] ორიგინალი სტელა რამდენიმე ადგილას გატყდა, მათგან ყველაზე დიდი კი ისაა, რასაც ჩვენ როზეტის ქვის სახელით ვიცნობთ.[35] ძველეგვიპტური ტაძრები, მოგვიანებით, ახალი მშენებლობებისათვის მასალათა კარიერებად იქცნენ. როზეტის ქვაც, სავარაუდოდ, სწორედ ამგვარად გამოიყენეს. მოგვიანებით, ის მამლუქთა სულთან კაიტბეის (1416/1418-1496) ბრძანებით, რაშიდთან ნილოსის ბოლბიტინეს ტოტის დასაცავად აგებული სიმაგრის საძირკველში ჩაატანეს.[35] აქ ქვა მის ხელახლა აღმოჩენამდე, სულ ცოტა, სამი საუკუნის განმავლობაში იმყოფებოდა.[35]

როზეტის ქვის პოვნის შემდეგ, მემფისის დეკრეტის კიდევ ორი ასლი აღმოაჩინეს: ნუბაირაჰის სტელა და წარწერა ფილაის ტაძარში (ფილაის ობელისკზე). როზეტის ქვისაგან განსხვავებით, მათი იეროგლიფური წარწერები შედარებით უკეთ იყო შემონახული. მიუხედავად იმისა, რომ როზეტის ქვის წარწერები დეკრეტის ამ ახალი ასლების აღმოჩენამდე დიდი ხნით ადრე გაშიფრეს, ახალმა ეგვიპტოლოგებმა ეს წარწერები როზეტის ქვის იეროგლიფური წარწერის დაკარგული ნაწილის დასაზუსტებლად გამოიყენეს.[36]

ხელახლა აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობა როზეტის ქვის ინგლისში ჩატანის შესახებ The Gentleman's Magazine-ში, 1802

ნაპოლეონს 1798 წლის ეგვიპტის ექსპედიციაში არმიასთან ერთად თან ახლდა მეცნიერებისა და ხელოვნების კომისია (Commission des Sciences et des Arts), რომელიც 167 ტექნიკური ექსპერტისაგან შედგებოდა. 1799 წლის 15 ივლისს, ფრანგი ჯარისკაცები პოლკოვნიკ დ'ოტპულის მეთაურობით ეგვიპტის საპორტო ქალაქ როზეტადან (ახლანდელი რაშიდი) ჩრდილო-აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ფორტ ჟულიენის გამაგრებაზე მუშაობდნენ. ლეიტენანტი პიერ-ფრანსუა ბუშარი გადააწყდა წარწერებიანი ქვის ფილას იმ მხარეს, რომელიც ჯარიკაცებს უკვე გასუფთავებული ჰქონდათ.[37] ბუშარმა და დ'ოტპულმა იფიქრეს, რომ ქვა შესაძლოა მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ამიტომ ფაქტის შესახებ შეატყობინეს გენერალ ჟაკ-ფრანსუა მენუს, რომელიც ამ დროს როზეტაში იმყოფებოდა. აღმოჩენის შესახებ აცნობეს ნაპოლეონის მიერ ახლადდაარსებულ სამეცნიერო ასოციაციას კაიროში — ეგვიპტის ინსტიტუტს. კომისიის წევრის, მიშელ ანჟე ლანკრეს მოხსენებაში, აღნიშნული იყო, რომ ქვაზე გამოსახული იყო სამი სახის წარწერა, რომელთაგან პირველი შესრულებული იყო იეროგლიფებით, ხოლო მესამე — ბერძნული დამწერლობით. მოხსენებაში, ასევე, სამართლიანად იყო მითითებული, რომ სამივე წარწერა ერთი და იგივე ტექსტის ვერსიები უნდა ყოფილიყო. ლანკრეს 1799 წლით დათარიღებული მოხსენება მალევე, 1799 წლის 25 ივლისს წაიკითხეს ინსტიტუტის შეხვედრაზე. ამასობაში, ბუშარმა ქვა კაიროში გადაიტანა, რათა მეცნიერებს მისი გამოკვლევის საშუალება მისცემოდათ. ნაპოლეონმა საფრანგეთში დაბრუნებამდე (1799 წლის აგვისტო) მცირე ხნით ადრე პირადად დაათვალიერა არტეფაქტი.[9]

სექტემბერში, Courrier de l'Égypte-ში, ფრანგული ექსპედიციის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა ცნობა აღმოჩენის შესახებ. ანონიმური ავტორი იმედს გამოთქვამდა, რომ ერთ დღესაც ქვა ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის გასაღებად იქცეოდა.[წყ. 1][9] 1800 წელს კომისიის სამმა ტექნიკურმა ექსპერტმა შეიმუშავა მეთოდი ქვაზე ამოკვეთილი ტექსტების ასლების შესაქმნელად. ამ ექსპერტთაგან ერთ-ერთი იყო ჟან-ჟოზეფ მარკელი, მბეჭდავი და ნიჭიერი ენათმეცნიერი, რომელიც აღიარებულია პირველ მეცნიერად, რომელმაც შეძლო განესაზღვრა, რომ ქვის სამი წარწერიდან შუა შესრულებული იყო არა სირიულით, როგორც თავდაპირველად ფიქრობდნენ, არამედ ეგვიპტური დემოტურით, დამწერლობით, რომელსაც იშვიათად იყენებდნენ ქვაზე შესრულებული წარწერებისათვის და იმ დროისათვის, მეცნიერთათვისაც სიახლეს წარმოადგენდა.[9] თავად ქვის საბეჭდ ბლოკად გამოყენების ხერხს კი მხატვარმა და გამომგონებელმა ნიკოლა-ჟაკ კონტემ მიაგნო.[38] წარწერების გადაღების ოდნავ განსხვავებული მეთოდი შეიმუშავა ანტუან გალანმა. სამუშაოების შედეგად გადაღებული ასლები გენერალმა შარლ დიუგიმ პარიზში ჩაიტანა. ევროპელ მეცნიერებს საშუალება მიეცათ პირადად ენახათ წარწერები და ეცადათ მათი ამოკითხვა.[39]

ნაპოლეონის საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, ეგვიპტეში დატოვებულმა ფრანგულმა არმიამ კიდევ 18 თვე შეძლო ბრიტანელებისა და ოსმალების შეტევების მოგერიება. 1801 წლის მარტში ბრიტანელები აბუკირის ყურესთან გადასხდნენ. გენერალი ჟაკ-ფრანსუა მენუ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა იხილა ქვა 1799 წელს, ამჟამად, ფრანგულ ექსპედიციას მეთაურობდა. მისი ძალები კომისიის, ქვისა და სხვა მრავალი არტეფაქტის თანხლებით ჩრდილოეთით, ხმელთაშუა ზღვისაკენ, მტერთან შესახვედრად გაემართნენ. მენუ ბრძოლაში დამარცხდა. მან თავისი დარჩენილი ჯარით ალექსანდრიისაკენ დაიხია, სადაც ისინი მოწინააღმდეგემ ალყაში მოაქცია. ამ პერიოდისათვის ქვა ქალაქში იყო. 30 აგვისტოს გენერალმა აღიარა დამარცხება და მტერს ჩაბარდა.[40][41]

ფრანგულიდან ბრიტანულ მფლობელობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"Combined photo depicting the left and right sides of the Rosetta Stone, which have much-faded inscriptions in English relating to its capture by English forces from the French, and its donation by George III to the British Museum"
როზეტის ქვის მარცხენა და მარჯვენა მხარეები ინგლისურენოვანი წარწერით, რომელიც ბრიტანული ძალების მიერ მისი ფრანგებისაგან ხელში ჩაგდებას ეხება.

დანებების შემდეგ წამოიჭრა დავა ფრანგული არქეოლოგიური და სამეცნიერო აღმოჩენების ბედის შესახებ, რომელიც მოიცავდა კომისიის წევრთა მიერ შეგროვებულ არტეფაქტებს, ბიოლოგიურ ნიმუშებს, შენიშვნებს, გეგმებსა და ნახატებს. მენუმ მათ გადაცემაზე უარი განაცხადა, რასაც იმით ასაბუთებდა, რომ ისინი ინსტიტუტს ეკუთვნოდა, თუმცა ბრიტანელმა გენერალმა ჯონ ჰელი-ჰატჩინსონმა მანამდე არ გაათავისუფლა ქალაქი, სანამ მენუ დათმობაზე არ წავიდა. მეცნიერები, ედვარდ დანიელ კლარკი და უილიამ რიჩარდ ჰამილტონი, რომლებიც ინგლისიდან ახალი ჩამოსულები იყვნენ, კოლექციის ალექსანდრიაში შემოწმებაზე დათანხმდნენ და განაცხადეს, რომ მათ ბევრი ისეთი არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომლებიც ფრანგებს არ ჰქონდათ გამოვლენილი. შინ გაგზავნილ წერილში კლარკი ამბობდა, რომ „მათ საკუთრებაში ჩვენ ვიპოვეთ ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ეს წარმოდგენილი ან წარმოსახული იყო“.[42]

ჰატჩინსონმა განაცხადა, რომ ყველა ეს მასალა ბრიტანეთის გვირგვინის ქონებას წარმოადგენდა, თუმცა ფრანგმა მეცნიერმა ეტიენ ჟოფრუა სენტ-ილერმა კლარკსა და ჰამილტონს განუცხადა, რომ ისინი მთელ მათ აღმოჩენებს დაწვავდნენ და მათ კი არ გადასცემდენენ. კლრაკმა და ჰამილტონმა ფრანგი მეცნიერის პოზიცია დაიცვეს და ჰატჩინსონიც, საბოლოოდ, დათანხმდა ბუნების ისტორიის ნიმუშების მსგავსი ნივთების მეცნიერთა პირად საკუთრებად გამოცხადებას.[41][43] მენუმ ქვაც, სასწრაფოდ, მის კერძო საკუთრებად გამოაცხადა,[44] რადგანაც თუ მას ამაზე დასთანხმდებოდნენ, იგი ქვის საფრანგეთში ჩატანას შეძლებდა.[41] გენერალმა ჰატჩინსონმა, რომელსაც კარგად ესმოდა ქვის უნიკალური ღირებულება, მენუს ამ მოთხოვნას უარით უპასუხა. საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება და სადავო ნივთების გადაცემის საკითხი ალექსანდრიის კაპიტულაციით მოგვარდა, რომელსაც ხელი ბრიტანული, ფრანგული და ოსმალური ძალების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.

თანამედროვე ანგარიშებს შორის არსებული განსხვავებების გამო, ზუსტად არაა ცნობილი თუ როგორ გადავიდა ქვა ბრიტანელთა მფლობელობაში. პოლკოვნიკი ტომკინს ჰილგროვ ტარნერი ინგლისში ჩატანისას მის ესკორტს წარმოადგენდა, თუმცა, მოგვიანებით, განაცხადა, რომ მან პირადად ჩამოართვა ქვა მენუს და იარაღისათვის განკუთვნილი ეტლით გადაიტანა. ბევრად უფრო დეტალურ ანგარიშში, ედვარდ დანიელ კლარკი ამბობს, რომ ფრანგმა „ოფიცერმა და ინსტიტუტის წევრმა“ ის, მისი მოსწავლე ჯონ კრიპსი და ჰამილტონი საიდუმლოდ წაიყვანა მენუს რეზიდენციის უკანა ქუჩებში, სადაც მათ ქვა დამცავი ხალიჩის ქვეშ, მენუს ბარგს შორის აღმოაჩინეს. კლარკის მიხედვით, მათი ინფორმატორი შიშობდა, რომ ქვა შესაძლებელი იყო მოეპარათ თუ მას ფრანგი ჯარისკაცები ნახავდნენ, ამიტომაც მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ჰატჩინსონს და ქვა სხვაგან გადაიტანეს. შესაძლებელია, ეს ტარნერს გაეკეთებინა მისი იარაღის ეტლით.[45]

ტარნერმა როზეტის ქვა ინგლისში დატყვევებული ფრანგული ფრეგატით, HMS Egyptienne-ით ჩაიტანა, რომელიც პორტსმუთში 1802 წლის თებერვალში შევიდა.[46] მას ნაბრძანები ჰქონდა, რომ ის და სხვა სიძველეები მეფე ჯორჯ III-სათვის ეჩუქებინა. მეფემ, რომელსაც ომის მდივანი ლორდი ჰობარტი წარმოადგენდა, ქვის ბრიტანეთის მუზეუმში განთავსების განკარგულება გასცა. ტარნერის მოგონებების თანახმად, იგი და ჰობარტი დასთანხმდნენ ქვის საბოლოოდ მუზეუმისათვის გადაცემამდე მის ლონდონის სიძველეთა საზოგადოების მეცნიერთათვის წარდგენას, რომლის წევრიც ტარნერი იყო. ქვა პირველად სწორედ აქ, 1802 წლის 11 მარტის შეხვედრაზე დაათვალიერეს და განიხილეს.[წყ. 2][წყ. 3]

ექსპერტები ამოწმებენ როზეტის ქვას აღმოსავლეთმცოდნეთა მეორე საერთაშორისო კონგრესზე, 1874 წ.

1802 წლის კურსის მსვლელობისას, საზოგადოებამ თაბაშირისაგან ქვის 4 ყალიბი დაამზადა და ისინი ოქსფორდის, კემბრიჯისა და ედინბურგის უნივერსიტეტებსა და დუბლინის ტრინიტის კოლეჯს გაუგზავნა. ცოტა ხნის შემდეგ, შეიქმნა წარწერათა ასლები, რომლებიც ევროპელ მეცნიერთა შორის გავრცელდა.[წყ. 4] 1802 წლის დასასრულამდე როზეტის ქვა მის ამჟამინდელ ადგილსამყოფელში, ბრიტანეთის მუზეუმში გადაიტანეს.[46] ქვის მარცხენა და მარჯვენა გვერდებზე შესრულდა თეთრი ფერის ახალი წარწერები, რომლებიც აცხადებენ, რომ იგი „ბრიტანულმა არმიამ 1801 წელს ეგვიპტეში ჩაიგდო ხელში“ და რომ ის „მეფე ჯორჯ III-ის საჩუქარია“.[2]

1802 წლის ივნისიდან მოყოლებული, ქვა თითქმის მუდმივადაა გამოფენილი ბრიტანეთის მუზეუმში. XIX საუკუნის შუა ხანებში მას მიენიჭა ინვენტარის ნომერი „EA 24“, საიდანაც „EA“ აღნიშნავდა „ეგვიპტურ სიძველეებს“ („Egyptian Antiquities“). ქვა ფრანგული ექსპედიციისათვის ჩამორთმეული ძველეგვიპტური ძეგლების კოლექციაში შედიოდა ფარაონ ნექტანებ II-ის სარკოფაგთან (EA 10), ამონის უმაღლესი ქურუმის ქანდაკებასა (EA 81) და დიდ გრანიტის მუშტთან (EA 9) ერთად.[47] მალე აღმოჩნდა, რომ ეს ექსპონატები მონტაგუს სახლის (ბრიტანეთის მუზეუმის თავდაპირველი შენობა) სართულებისათვის ზედმეტად მძიმეები იყო, ამიტომაც ისინი ძირითადი შენობის ახალ მიშენებაში გადაიტანეს. მონტაგუს სახლის დემონტაჟისა და მის ადგილას მუზეუმის ამჟამინდელი შენობის აგებიდან მცირე ხნის შემდეგ, 1834 წელს ქვა სკულპტურათა გალერეაში გადაიტანეს.[48] მუზეუმის ჩანაწერების მიხედვით, როზეტის ქვა ყველაზე მეტად მონახულებადი ცალკეული ექსპონატია,[49] ხოლო მისი სურათი უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც მუზეუმის ყველაზე გაყიდვად საფოსტო ბარათს წარმოადგენს.[50]

როზეტის ქვის ასლი ბრიტანეთის მუზეუმის მეფის ბიბლიოთეკაში, რომელიც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც თავდაპირველად იყო გამოფენილი.

როზეტის ქვა, თავდაპირველად, ჰორიზონტიდან მცირედ გადახრილი კუთხით იყო წარმოდგენილი და მისთვის დამზადებულ მეტალის ყუთში იყო მოთავსებული, რომლის სრულყოფილად მოსარგებადაც ქვის გვერდებისათვის მცირე ნაწილების ჩამოთლა გახდა საჭირო.[48] ქვას, თავდაპირველად, დამცავი საფარი არ ჰქონდა და მიუხედავად თანმხლების ძალისხმევისა, რომ იგი მნახველთა შეხებისაგან დაეცვა, 1847 წლისათვის მაინც საჭირო გახდა მისი სპეციალურ დამცავ ჩარჩოში მოთავსება.[51] 2004 წლიდან ქვა მოთავსებულია სპეციალურად დამზადებულ ბუდეში და გამოფენილია ეგვიპტურ სკულპტურათა გალერეის ცენტრში. როზეტის ქვის ასლი, ამჟამად, ბრიტანეთის მუზეუმის მეფის ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი, სადაც ის დამცავი ჩარჩოს გარეშეა და შეხებაც ნებადართულია, ისევე, როგორც XIX საუკუნის დასაწყისისათვის იყო წარდგენილი დამთვალიერებელთათვის.

1917 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, ლონდონის დაბომბვების გამო, მუზეუმმა როზეტის ქვა სხვა პორტატულ და ძვირფას ობიექტებთან ერთად უსაფრთხო ადგილზე გადაიტანა. ქვამ მომდევნო ორი წელი ჰოლბორნის მახლობლად, მიწის ქვეშ 15,24 მეტრის სიღრმეზე, საფოსტო მეტროსადგურზე გაატარა.[6] ომის პერიოდის გარდა, როზეტის ქვამ ბრიტანეთის მუზეუმი მხოლოდ ერთხელ, 1972 წელს დატოვა, როდესაც შამპოლიონის წერილთან ერთად, მისი გამოქვეყნების 150 წლისთავთან დაკავშირებით, პარიზში, ლუვრში გამოიფინა.[50] მაშინაც კი, როდესაც 1999 წელს მასზე საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, ქვა გალერეაში რჩებოდა და დამთვალიერებელთათვის კვლავ ხელმისაწვდომი იყო.[52]

წაკითხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის იმპერიის დაცემის წინა პერიოდიდან როზეტის ქვის აღმოჩენამდე და მის საბოლოო გაშიფვრამდე ეგვიპტური ენა და დამწერლობა სრულიად გაუგებარი იყო. იეროგლიფური დამწერლობის გამოყენება ამ კუთხით უფრო და უფრო მეტად სპეციალიზებას საჭიროებდა ჯერ კიდევ გვიანდელ ფარაონების ეპოქაში. IV საუკუნისათვის მხოლოდ ზოგიერთ ეგვიპტელს შეეძლო იეროგლიფების წაკითხვა. მათი მასიური გამოყენება მას შემდეგ შეწყდა, რაც 391 წელს იმპერატორ თეოდოსიუს I-ის ბრძანებით ყველა არაქრისტიანული ტაძარი დაიხურა. უკანასკნელი ცნობილი იეროგლიფური წარწერა, რომელიც ფილესთანაა ნაპოვნი, 396 წლის 24 აგვისტოთი თარიღდება და ესმეტ-ახომის წარწერის სახელითაა ცნობილი.[53]

იეროგლიფებმა, ბერძნული და რომაული ანბანებისაგან მკვეთრად განსხვავებით, შეინარჩუნეს თავიანთი მხატვრული იერსახე, რასაც ანტიკური ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ. V საუკუნეში ეგვიპტელმა ქურუმმა ჰორაპოლონმა დაწერა იეროგლაფიკა — 200-მდე იეროგლიფის განმარტება. ეს ნაშრომი სანდო წყაროდ იყო მიჩნეული, თუმცა ის, მრავალი თვალსაზრისით, შემაცდენელი აღმოჩნდა და სხვა ნამუშევრებთან ერთად, ეგვიპტური დამწერლობის გაგების საქმეში ხანგრძლივ დაბრკოლებად იქცა.[54] იეროგლიფების გაშიფვრის შემდეგი მცდელობები შუა საუკუნეების ეგვიპტის არაბ ისტორიკოსებს უკავშირდებათ IX-X საუკუნეებში. ზუნ-ნუნ ალ-მისრი და იბნ ვაჰშიია პირველი ისტორიკოსები იყვნენ, რომლებმაც ეს უძველესი დამწერლობა შეისწავლეს მისი კოპტურ ენასთან დაკავშირების გზით, რომელზეც იმ პერიოდში კოპტი მღვდლები ლაპარაკობდნენ.[55][56] იეროგლიფების შესწავლის შემდეგ ეტაპს წარმოადგენდა მათი გაშიფვრის წარუმატებელი მცდელობები ევროპელი მეცნიერების მიერ, რომელთაგან აღსანიშნავია იოჰანეს გოროპიუს ბეკანუსი (XVI ს.), ათანასიუს კირხერი (XVII ს.) და იორგან ზოეგა (XVIII ს.).[57] 1799 წელს როზეტის ქვის აღმოჩენით მკვლევარებმა ის აუცილებლად საჭირო ინფორმაცია მიიღეს, რამაც, მეცნიერების მიერ მისი თანდათანობით შევსების შემდეგ, საბოლოო ჯამში, ჟან-ფრანსუა შამპოლიონს ამ საიდუმლოებით მოცული დამწერლობის ბუნება ამოაცნობინა.

ბერძნული ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"Illustration depicting the rounded-off lower-right edge of the Rosetta Stone, showing Richard Porson's suggested reconstruction of the missing Greek text"
დაკარგული ბერძნული ტექსტის რიჩარდ პორსონის მიერ შემოთავაზებული რეკონსტრუქცია (1803 წ.)

როზეტის ქვის ბერძნული ტექსტი ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა. ძველი ბერძნული ენა ფართოდ იყო ცნობილი მეცნიერთათვის, თუმცა ისინი კარგად ვერ ერკვეოდნენ ელინისტურ პერიოდში მისი პტოლემეების ეგვიპტის მთავრობის ენად გამოყენების დეტალებში.[25] ბერძნული პაპირუსების მრავალრიცხოვანი აღმოჩენებიც შორეული მომავლის საქმეს წარმოადგენდა. ამგვარად, ქვის ბერძნული ტექსტის ყველაზე ადრეული თარგმანები აჩვენებენ, რომ მთარგმნელები კვლავ ებრძოდნენ ისტორიულ კონტექსტსა და ადმინისტრაციულ და რელიგიურ ჟარგონს. ბერძნული ტექსტის ინგლისური თარგმანი სტივენ ვესტონმა 1802 წლის აპრილში ანტიკვართა საზოგადოების შეკრებაზე სიტყვიერად წარადგინა.[58]

ამასობაში, 1801 წელს ეგვიპტეში ორი ლითოგრაფიული ასლი გადაიღეს და პარიზში, საფრანგეთის ინსტიტუტში ჩაიტანეს, სადაც ბიბლიოთეკარი და ანტიკვარი გაბრიელ დე ლა პორტი დიუ ტეილმა ბერძნული ტექსტის თარგმანზე დაიწყო მუშაობა, თუმცა იგი, ნაპოლეონის ბრძანებით, თითქმის მაშინვე სხვაგან გაგზავნეს და თავისი დაუმთავრებელი ნაშრომი კოლეგის, ჰუბერტ-პასკალ ამეილონის ხელში დატოვა. 1803 წელს ამეილონმა პირველად გამოაქვეყნა ბერძნული ტექსტის თარგმანი საჯაროდ ფრანგულ და ლათინურ ენებზე, რაც მის ფართოდ გავრცელებას უზრუნველყოფდა.[წყ. 5] კემბრიჯში, ქვის დაკარგულ ქვედა მარჯვენა კუთხეზე რიჩარდ პორსონი მუშაობდა. მან წარწერის კვალიფიციურად შედგენილი რეკონსტრუქცია გამოაქვეყნა, რომელიც მალევე გავრცელდა ანტიკვართა საზოგადოების მიერ მის მიერვე დაბეჭდილ წარწერის ასლებთან ერთად. თითქმის ამავე მომენტში კლასიკური ეპოქის ისტორიკოსი ქრისტიან გოტლობ ჰაინე გეტინგენში ერთ-ერთი ამ ნაბეჭდზე მუშაობდა და მან ბერძნული ტექსტის ახალი ლათინური თარგმანი შეიმუშავა, რომელიც 1803 წელს ამეილონის მიერ გამოქვეყნებულ თარგმანზე უფრო ღირებული იყო.[წყ. 6] ეს თარგმანი ხელახლა დაიბეჭდა ანტიკვართა საზოგადოების მიერ 1811 წელს მისივე ჟურნალის, არქეოლოგიის სპეციალურ გამოცემაში ვესტონის წინა, გამოუქვეყნებელ ინგლისურ თარგმათან, პოლკოვნიკ ტერნერის გადმოცემებსა და სხვა დოკუმენტებთან ერთად.[59][60]

დემოტური ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"Illustration depicting two columns of demotic text and their Greek equivalent, as devised by Johan David Åkerblad in 1802"
იოჰან დავიდ ოკერბლადის მიერ 1802 წელს გამოქვეყნებული დემოტური ფონეტიკური სიმბოლოებისა და მათი კოპტური შესატყვისების ცხრილი.

ქვის აღმოჩენის პერიოდში, შვედი დიპლომატი და მეცნიერი იოჰან დავიდ ოკერბლადი მუშაობდა ნაკლებად ცნობილ დამწერლობაზე, რომლის ნიმუშებიც ახალი აღმოჩენილი იყო ეგვიპტეში და დემოტურის სახელით იყო ცნობილი. ოკერბლადმა მას „ხელნაწერი კოპტური“ უწოდა, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ იგი კოპტური ენის (ძველეგვიპტურის პირდაპირი შთამომავალი) ზოგიერთი ფორმის ჩასაწერად გამოიყენებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დემოტურს მხოლოდ მცირე მსგავსება აკავშირებდა გვიანდელ კოპტურ დამწერლობასთან. ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე ანტუან ისააკ სილვესტერ დე სასი ოკერბლადთან ერთად განიხილავდა ამ ნამუშევარს, როდესაც 1801 წელს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟან-ანტუან შაპტალისაგან როზეტის ქვის ერთ-ერთი ადრეული ლითოგრაფიული ასლი მიიღო. იგი მიხვდა, რომ ქვის შუა ტექსტი იგივე დამწერლობით იყო შესრულებული. დე სასი და ოკერბლადი მუშაობას შეუდგნენ. ორივე მათგანი შუა ტექსტზე ამახვილებდა ყურადღებას იმ ჰიპოთეზით, რომ ეს უკანასკნელი ანბანური დამწერლობით იყო შესრულებული. ბერძნულ ტექსტთან შედარების გზით, ისინი ცდილობდნენ უცნობ ტექსტში ის ადგილები დაედგინათ, სადაც ბერძნული სახელები უნდა ყოფილიყო. 1802 წელს დე სასიმ შაპტალს შეატყობინა, რომ მან წარმატებით დაადგინა ხუთი სახელი („ალექსანდროსი“, „ალექსანდრეია“, „პტოლემაიოსი“, „არსინოე“ და პტოლემაიოსის ტიტული — ეპიფანესი),[წყ. 7] ხოლო ოკერბლადმა 29 სიმბოლოსაგან შემდგარი ანბანი გამოაქვეყნა (რომელთაგან ნახევარზე მეტიც სწორი იყო[61]), რომლებიც მან დემოტურ ტექსტში ბერძნული სახელების საშუალებით დაადგინა.[წყ. 8][36] მიუხედავად ამ წარმატებებისა, მათ დემოტური ტექსტის დანარჩენი სიმბოლოების ამოცნობა არ შეეძლოთ, რომელიც, როგორც დღესაა ცნობილი, ფონეტიკურთან ერთად იდეოგრაფიულსა და სხვა სიმბოლოებსაც შეიცავდა.[62]

იეროგლიფური ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილვესტერ დე სასი საბოლოოდ შეეშვა როზეტის ქვაზე მუშაობას, თუმცა მან მისი კვლევის საქმეში დამატებითი წვლილის შეტანა კვლავ შეძლო. 1811 წელს ჩინელი სტუდენტის მიერ დაწყებული განხილვის შემდეგ, რომელიც ჩინურ დამწერლობას შეეხებოდა, დე სასიმ მართებულად მიიჩნია 1797 წელს იიორგენ ზოეგას მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ უცხოური სახელები ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობით ფონეტიკურად უნდა ყოფილიყო ჩაწერილი. მან, ასევე, გაიხსენა ჯერ კიდევ 1761 წელს ჟან-ჟაკ ბარტელემის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ კარტუშებით შემოსაზღვრული იეროგლიფთა ჯგუფები საკუთარი სახელები უნდა ყოფილიყო. ამგვარად, როდესაც 1814 წელს ლონდონის სამეფო საზოგადოების საგარეო საქმეთა მდივანმა, ტომას იუნგმა, მას ქვის შესახებ მისწერა, დე სასიმ პასუხად თავისი მოსაზრება გაუგზავნა, რომ თუ იუნგი იეროგლიფების წაკითხვას შეეცდებოდა, მას განსაკუთრებული ყურადღება კარტუშებისათვის უნდა მიექცია, რომლებიც, სავარაუდოდ, ბერძნულ სახელებს შეიცავდნენ და შემდეგ უკვე მათში ეცადა ფონეტიკური სიმბოლოების იდენტიფიცირება.[63]

"A page containing three columns of characters, the first column depicting characters in Greek and the second and third columns showing their equivalents in demotic and in hieroglyphs respectively"
1822 წელს შამპოლიონის მიერ შედგენილი იეროგლიფების ფონეტიკური ნიშნებისა და მათი დემოტური და კოპტური შესატყვისების ცხრილი

იუნგი ასეც მოიქცა და შეძლო ისეთი შედეგებისათვის მიეღწია, რომ ისინი იეროგლიფების საბოლოო გაშიფვრის საქმეში გზამკვლევებად ქცეულიყვნენ. ქვის იეროგლიფურ ტექსტში მან აღმოაჩინა ფონეტიკური ნიშნები „პ ტ ო ლ მ ე ს“, რომლებიც ბერძნული სახელის, „პტოლემაიოსის“ ჩასაწერად იყო გამოყენებული. მან, ასევე, შენიშნა, რომ ეს ნიშნები საკმაოდ ჰგავდნენ შესაბამის დემოტურ სიმბოლოებს და შეძლო 80-მდე მსგავსების აღნიშვნა ქვის იეროგლიფურ და დემოტურ ტექსტებს შორის. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო, რადგანაც მანამდე ფიქრობდნენ, რომ ეს ორი დამწერლობა სრულებით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. იუნგმა დაასკვნა, რომ დემოტური მხოლოდ ნაწილობრივ იყო ფონეტიკური და რომ ის, იეროგლიფური დამწერლობის მსგავსად, იდეოგრაფიულ სიმბოლოებსაც შეიცავდა.[წყ. 9] იუნგის ეს ახალი ნააზრევი აისახა მოცულობით სტატიაში „ეგვიპტე“, რომელიც მან ენციკლოპედია ბრიტანიკისათვის შექმნა 1819 წელს.[წყ. 10] მიუხედავად ყველაფრისა, იუნგმა კვლევაში წინ ვეღარ წაიწია.[64]

იუნგსა და გრენობლელ მასწავლებელ ჟან-ფრანსუა შამპოლიონს შორის, რომელიც ძველი ეგვიპტის შესახებ სამეცნიერო სამუშაოებს აწარმოებდა, 1814 წელს პირველი მიმოწერა შედგა. 1822 წელს შამპოლიონმა ნახა ფილეს ობელისკის იეროგლიფური და ბერძნული წარწერების ასლები, რომლებზეც უილიამ ჯონ ბანკესს ვარაუდით აღნიშნული ჰქონდა სახელები „პტოლემაიოსი“ და „კლეოპატრა“ ორივე ენაზე.[65] აქედან გამომდინარე, შამპოლიონმა დაადგინა ფონეტიკური ნიშნები კ ლ ე ო პ ა ტ რ ა.[66] ამ აღმოჩენიდან და ასევე, უცხოურ სახელებზე დაყრდნობით, მან მალევე შეადგინა ფონეტიკური იეროგლიფური ნიშნების ანბანი, რომელიც გამოჩნდა მის „Lettre à M. Dacier“-ში. ეს უკანასკნელი კი 1822 წლის ბოლოს მან ბონ-ჟოზეფ დასეს, პარიზის წარწერებისა და ბელეტრისტიკის აკადემიის მდივანს გაუგზავნა. აკადემიამ დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა წერილი.[წყ. 11] ეს „წერილი“ ეგვიპტური იეროგლიფების კვლევის საქმეში ნამდვილ გარღვევას წარმოადგენდა როგორც მისი ანბანური ცხრილისა და ძირითადი ტექსტის, ასევე, მინაწერის გამოც, რომელშიც შამპოლიონი აღნიშნავს იმ მსგავს ნიშნებს, რომლებიც იხმარებოდა როგორც ბერძნულ, ასევე საკუთრივ ეგვიპტურ სახელებში. 1823 წელს, მკვლევარმა შეძლო მისი მოსაზრებების დამტკიცება, როდესაც აბუ-სიმბელის ტაძრის ბევრად ძველი იეროგლიფური წარწერების ასლები მიიღო, სადაც მისი ყურადღება კარტუშში ჩასმულმა სახელმა მიიპყრო, რომელიც შეიცავდა „მზის“ სიმბოლოს და სრულდებოდა უკვე ცნობილი, „ს“-ს აღმნიშვნელი ნიშნით, მათ შორის კი სხვა, უცნობი სიმბოლო იყო გამოსახული.[67] კოპტურად მზე, დაახლოებით, ჟღერდა, როგორც „რა“ და იმ გენიალური მიხვედრით, რომელიც, ჩვეულებრივ, მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგს წარმოადგენს, შამპოლიონმა დაასკვნა, რომ უცნობი ნიშანი, დაახლოებით, ისევე იკითხებოდა, როგორც კოპტური „დაბადების“ აღმნიშვნელი სიტყვა და მან ეგვიპტური სახელი „რამსესი“ ამოიკითხა. მის ამ მიგნებას ისიც ამყარებდა, რომ როზეტის ქვის ტექსტში იგივე იეროგლიფი, დაახლოებით, იგივე კონტექსტში იყო გამოყენებული.[68] ამავე წარწერებიდან შამპოლიონმა „თუტმოსის“ ამოკითხვაც მოახერხა. ძველეგვიპტური გრამატიკის საკვლევად შამპოლიონის მიერ შექმნილი მრავალი სხვა ნაშრომი და იეროგლიფთა ლექსიკონი მეცნიერის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.[69]

გვიანდელი ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად, ქვაზე მიმდინარე სამუშაოები ფოკუსირებულია ქვის სამივე ტექსტისა და მათი კონტექსტების სრულად გაგებაზე სამივე მათგანის ერთმანეთთან შედარების გზით. 1824 წელს, ფრანგმა მეცნიერმა ჟან-ანტუან ლეტრონმა პირობა დადო, რომ შამპოლიონისათვის ბერძნული ტექსტის ახალ ლიტერატურულ თარგმანს მოამზადებდა. შამპოლიონი კი, საპასუხოდ, შეჰპირდა, რომ იგი ყველა იმ საკითხს გააანალიზებდა, რომელთა მიხედვითაც ქვის სამი ტექსტი განსხვავებული ჩანდა, თუმცა 1832 წელს მისი უეცარი გარდაცვალების შემდეგ, ამ ანალიზის ჩანაწერები ვერ იპოვეს და ლეტრონის მუშაობაც შეფერხდა. 1838 წელს გარდაიცვალა შამპოლიონის ყოფილი მოსწავლე და თანაშემწე ფრანჩესკო სალვოლინი და აღნიშნული ანალიზი და სხვა დაკარგული ჩანაწერები მის ქაღალდებში იპოვეს. ამ შემთხვევითმა აღმოჩენამ ნათელი გახადა, რომ 1837 წელს სალვოლინის მიერ გამოქვეყნებული მისი საკუთარი ნაშრომი ქვის შესახებ პლაგიატიზმი იყო.[წყ. 12] ლეტრონმა, საბოლოოდ, შეძლო დაესრულებინა ბერძნული ტექსტის კომენტარი და მისი ახალი ფრანგული თარგმანი, რომლებიც 1841 წელს გამოქვეყნდა.[წყ. 13] ადრეულ 1850-იან წლებში, გერმანელმა ეგვიპტოლოგებმა ჰაინრიხ კარლ ბრუგშმა და მაქს ულემანმა გამოსცეს დემოტურ და იეროგლიფურ ტექსტებზე დაყრდნობით შექმნილი გადახედილი ლათინური თარგმანები.[წყ. 14][წყ. 15] ამას მოჰყვა 1858 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტის ფილომატური საზოგადოების სამი წევრის მიერ შექმნილი პირველი ინგლისური თარგმანი.[წყ. 16]

მიუხედავად იმისა, რომ ქვის ერთ-ერთი წარწერა სტანდარტული ვერსია იყო, რომლიდანაც დანარჩენი ორი ითარგმნა, კვლავ კამათის საგანს წარმოადგენს თუ რომელი მათგანი იყო ორიგინალი. 1841 წელს ლეტრონი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ორიგინალი ტექსტი ბერძნული იყო, რადგანაც ის ეგვიპტის პტოლემეების დინასტიის მთავრობის მიერ იყო გამოცემული. უკანასკნელ ავტორთა შორის, ჯონ რეიმ განაცხადა, რომ „ქვის წარწერებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იეროგლიფები იყო: ისინი იმისათვის არსებობდნენ, რომ ღმერთებს წაეკითხათ და მათი ქურუმებიც უკეთ იცნობდნენ მათ“.[7] ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა დღემდე არსებობს. ფაქტი, რომ ქვის სამი ტექსტი სიტყვა-სიტყვით არ ემთხვევა ერთმანეთს, ხსნის იმას თუ რატომ აღმოჩნდა მათი გაშიფვრა იმაზე ბევრად უფრო რთული, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ, განსაკუთრებით კი პირველი მეცნიერებისთვის, რომლებიც ეგვიპტური იეროგლიფებისათვის ზუსტ ბილინგვურ გასაღებს ელოდნენ.[70]

დავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟოზეფ კოშუტის მიერ შექმნილი როზეტის ქვის გიგანტური ასლი ფიჟაკში, ჟან-ფრანსუა შამპოლიონის დაბადების ადგილას.

ჯერ კიდევ სალვოლინის აფიორამდე, დავები ქვის წაკითხვის საქმეში შეტანილი წვლილის უპირატესობისა და პლაგიატის შესახებ, გაშიფვრის თანმდევ პროცესს წარმოადგენდა. ტომას იუნგის შრომა აღიარებულია შამპოლიონის 1822 წლის Lettre à M. Dacier-ში, თუმცა, ინგლისელი კრიტიკოსების მიხედვით, არასრულყოფილად. მაგალითად, ჯეიმს ბრაუნი, ენციკლოპედია ბრიტანიკის (სადაც გამოქვეყნდა იუნგის 1819 სტატია) ქვე-რედაქტორი, მაღალ შეფასებას აძლევს იუნგის ნამუშევარს და აცხადებს, რომ „არაკეთილსინდისიერმა“ შამპოლიონმა მიითვისა ის.[71][72] ეს სტატიები იულიუს კლაპროტმა ფრანგულად თარგმნა და 1827 წელს წიგნის სახით გამოსცა.[წყ. 17] 1823 წლის იუნგის საკუთარმა პუბლიკაციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი წვლილი.[წყ. 18] იუნგისა (1829 წ.) და შამპოლიონის (1832 წ.) ადრეულმა გარდაცვალებებმა ამ დავებს წერტილი ვერ დაუსვა. ბრიტანეთის მუზეუმის კურატორის, ე. ა. ვოლისის ავტორიტეტული ნაშრომი ქვის შესახებ (1904 წ.) შამპოლიონის დაჩრდილვის ფონზე სწორედ იუნგის წვლილზე აკეთებს აქცენტს.[73] 1970-იანი წლების დასაწყისში, ფრანგი ვიზიტორები აპროტესტებდნენ, რომ შამპოლიონის პორტრეტი მეზობელ საინფორმაციო პანელზე განთავსებულ იუნგის პორტრეტზე პატარა იყო, ინგლისელები საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ, რეალურად კი, ორივე პორტრეტი ერთი და იგივე ზომის იყო.[50]

ქვის ეგვიპტეში დაბრუნების მოთხოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზეტის ქვის დაბრუნება ეგვიპტემ პირველად 2003 წლის ივლისში, ბრიტანეთის მუზეუმის 250 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მოითხოვა. ზაჰი ჰავასმა, ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, სტელის ეგვიპტეში რეპატრიაცია ითხოვა და ჟურნალისტებისათვის მიცემულ კომენტარში განაცხადა: „თუ ბრიტანელებს სურთ იყვნენ დასამახსოვრებელნი, თუ მათ სურთ აღიდგინონ რეპუტაცია, ისინი მოხარულნი უნდა იყვნენ რომ ქვა ეგვიპტეში დაბრუნდეს, რადაგან ის ჩვენი ეგვიპტური იდენტობის ხატია“.[74] მან ეს წინადადება ორი წლის შემდეგ პარიზშიც გაიმეორა, სადაც ქვა იმ რამდენიმე საკვანძო ნივთს შორის დასახელდა, რომლებიც ეგვიპტურ კულტურულ მემკვიდრეობას ეკუთვნის. ეს სია, ასევე, შეიცავს: ბერლინის ეგვიპტურ მუზეუმში დაცულ ნეფერტიტის ბიუსტს, ჰილდესჰაიმის როემერ-პელიცეუსის მუზეუმში (გერმანია) დაცულ გიზის დიდი პირამიდის არქიტექტორის, ჰემიუნუს ქანდაკებას, პარიზში, ლუვრში დაცულ დენდერას ზოდიაქოსა და ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში დაცულ ანხჰაფის ბიუსტს.[75]

"Photo of a public square in Rashid (Rosetta) in Egypt featuring a replica of the Rosetta Stone"
როზეტის ქვის ასლი რაშიდში (როზეტა), ეგვიპტე

2005 წელს ბრიტანეთის მუზეუმმა ეგვიპტეს სტელის სრული ზომის ასლი აჩუქა, რომელიც, თავდაპირველად, ქვის აღმოჩენის ადგილთან ახლოს მდებარე აღდგენილ რაშიდის ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა.[76] 2005 წლის ნოემბერში ჰავასმა წამოაყენა შეთავაზება ქვის ეგვიპტეში სამი თვით დაბრუნების თაობაზე, თუმცა კვლავ იმეორებდა, რომ საბოლოო მიზანი როზეტის ქვის სამუდამოდ ეგვიპტეში დაბრუნება იყო.[77] 2009 წლის დეკემბერში კი განაცხადა, რომ უარს იტყოდა ქვის საბოლოოდ დაბრუნების მოთხოვნაზე თუ ბრიტანეთის მუზეუმი ქვას სამი თვით გადასცემდა ეგვიპტეს გიზაში დიდი ეგვიპტური მიზეუმის გახსნასთან დაკავშირებით 2013 წელს.[78]

როგორც ბრიტანელმა ეგვიპტოლოგმა და აკადემიკოსმა ჯონ რეიმ აღნიშნა, „შესაძლოა დადგეს დღე, როდესაც როზეტის ქვას ბრიტანეთის მუზეუმში უფრო მეტი დრო ექნება გატარებული, ვიდრე როზეტაში“.[79] ისეთი საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლების რეპატრიაციასთან დაკავშირებით, როგორიცაა როზეტის ქვა, ეროვნულ მუზეუმებს შორის მკვეთრი დაპირისპირება არსებობს. საბერძნეთის მიერ პართენონიდან წამოღებული ელგინის მარმარილოების დაბრუნების განმეორებითი მოთხოვნებისა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმის სხვა მსგავსი მოთხოვნების საპასუხოდ, 2002 წელს მსოფლიოს 30-ზე მეტმა წამყვანმა მუზეუმმა, ბრიტანეთის მუზეუმის, ლუვრის, ბერლინის პერგამონის მუზეუმისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ჩათვლით, გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომ „ადრეულ პერიოდებში შეძენილი ობიექტები ნაჩვენები უნდა იყოს განსხვავებული მგრძნობელობისა და ადრეული პერიოდების ღირებულებათა ანარეკლის შუქზე“ და რომ „მუზეუმები ემსახურებიან არა რომელიმე ერთი ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ მსოფლიოს ყველა ერს“.[80]

იდიომური გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი „როზეტის ქვა“ გამოიყენება როგორც ფრაზეოლოგიზმი და აღნიშნავს გადამწყვეტი მნიშვნელობის გასაღებს კოდირებული ინფორმაციის გაშიფვრის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მცირე, თუმცა მოცულობითი და უფრო დიდი მთლიანის გასაგებად საჭირო ნაწილი უკვე ამოცნობილია.[81] ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის მიხედვით, ტერმინის პირველი გადატანითი მნიშვნელობით გამოყენება ენციკლოპედია ბრიტანიკის 1902 წლის გამოცემაში დაფიქსირდა და გლუკოზის ქიმიური ანალიზის დასაწყისს შეეხებოდა.[81] ფრაზის თითქმის ლიტერატურული გამოყენება გვხვდება ჰერბერტ უელსის პოპულარულ ფანტასტიკური ჟანრის ნოველაში მომავალთა ფორმა, სადაც მთავარი მოქმედი გმირი პოულობს სტენოგრამის სახით დაწერილ მანუსკრიპტს, რომელიც წარმოადგენს გაფანტული დამატებითი ბეჭდური და ხელნაწერი ინფორმაციის გაგებისათვის საჭირო გასაღებს.[81] შესაძლოა, სამეცნიერო ლიტერატურაში მის ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ გამოყენებას წარმოადგენდეს ნობელიანტ თეოდორ ჰენშის კომენტარი Scientific American-ის 1979 წლის სტატიაში სპექტროსკოპიაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ „წყალბადის ატომების სპექტრმა დაამტკიცა, რომ ის თანამედროვე ფიზიკის როზეტის ქვაა: როგორც კი ხაზების ნიმუში გაიშიფრება, ბევრი სხვა რამეც გასაგები გახდება“.[81]

მას შემდეგ, ტერმინი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა კონტექსტში. მაგალითად, ადამიანის ლეიკოციტის ანტიგენს, რომელიც გენების სრულად გაანალიზების საქმეში გასაღებს წარმოადგენს, „იმუნოლოგიის როზეტის ქვას უწოდებენ“.[82] ყვავილოვან მცენარე Arabidopsis thaliana-ს კი „ყვავილობის დროის როზეტის ქვის“ სახელით მოიხსენიებენ.[83] გამა გამოსხივების აფეთქებას (GRB), რომელიც ზეახალ ვარსკვლავთან ერთადაა აღმოჩენილი, ასევე, როზეტის ქვას უწოდებენ GRB-ების წარმოშობის გარკვევაში მისი მნიშვნელობისათვის.[84] როზეტის ქვას უწოდებენ დოპლერის ექოკარდიოგრაფიის ტექნიკასაც, რომლის გამოყენებითაც ექიმები ცდილობენ გაერკვნენ კომპლექსურ პროცესში, რომლის შედეგადაც, დიასტოლის დისფუნქციის სხვადასხვა შემთხვევის დროს, შესაძლოა, ადამიანის გულის მარცხენა პარკუჭი ამოივსოს.[85]

დღესდღეისობით, ქვის სახელს ატარებს რამდენიმე მთარგმნელი აპლიკაცია, სამეცნიერო და ლინგვისტური პროგრამები და კოსმოსური ხომალდი, რომელიც კომეტა 67P/ჩურიუმოვა-გერასიმენკოს შესასწავლადაა შექმნილი.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2009 წელს იაპონიაში შეიქმნა ინფორმაციის შენახვის ციფრული სისტემა, რომელსაც შეუძლია დიდი მოცულობის ინფორმაციის შენახვა ასწლეულების განმავლობაში. მისი სახელწოდებაა DRS, რომელიც იშიფრება, როგორც Digital Rosetta Stone („ციფრული როზეტის ქვა“).[86]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზეტის ქვის შესახებ გამოქვეყნებული ადრეული პუბლიკაციების ქრონოლოგია

  1. 1799: Courrier de l'Égypte no. 37 (2 Fructidor year 7, i.e. 1799) გვ. 3 Retrieved July 14, 2010 (იხ. გვ. 7)
  2. 1802: "Domestic Occurrences: March 31st, 1802" in The Gentleman's Magazine vol. 72 part 1 p. 270 Retrieved July 14, 2010
  3. 1811: Matthew Raper, S. Weston et al., "Rosetta stone, brought to England in 1802: Account of, by Matt. Raper; with three versions: Greek, English translation by S. Weston, Latin translation by Prof. Heyne; with notes by Porson, Taylor, Combe, Weston and Heyne" in Archaeologia vol. 16 (1810–1812) pp. 208–263
  4. 1803: "Has tabulas inscriptionem ... ad formam et modulum exemplaris inter spolia ex bello Aegyptiaco nuper reportati et in Museo Britannico asservati suo sumptu incidendas curavit Soc. Antiquar. Londin. A.D. MDCCCIII" in Vetusta Monumenta vol. 4 plates 5–7
  5. 1803: Hubert-Pascal Ameilhon, Éclaircissemens sur l'inscription grecque du monument trouvé à Rosette, contenant un décret des prêtres de l'Égypte en l'honneur de Ptolémée Épiphane, le cinquième des rois Ptolémées. Paris: Institut National, 1803 Retrieved July 14, 2010
  6. 1803: Chr. G. Heyne, "Commentatio in inscriptionem Graecam monumenti trinis insigniti titulis ex Aegypto Londinum apportati" in Commentationes Societatis Regiae Gottingensis vol. 15 (1800–1803) გვ. 260 ff.
  7. 1802: Silvestre de Sacy, Lettre au Citoyen Chaptal, Ministre de l'intérieur, Membre de l'Institut national des sciences et arts, etc: au sujet de l'inscription Égyptienne du monument trouvé à Rosette. Paris, 1802 Retrieved July 14, 2010
  8. 1802: Johan David Åkerblad, Lettre sur l'inscription Égyptienne de Rosette: adressée au citoyen Silvestre de Sacy, Professeur de langue arabe à l'École spéciale des langues orientales vivantes, etc.; Réponse du citoyen Silvestre de Sacy. Paris: L'imprimerie de la République, 1802
  9. 1817: Thomas Young, "Remarks on the Ancient Egyptian Manuscripts with Translation of the Rosetta Inscription" in Archaeologia vol. 18 (1817) Retrieved July 14, 2010 (see pp. 1–15)
  10. 1819: Thomas Young, "Egypt" in Encyclopædia Britannica, supplement vol. 4 part 1 (Edinburgh: Chambers, 1819) Retrieved July 14, 2010 (see pp. 86–195)
  11. 1822: J.-F. Champollion, Lettre à M. Dacier relative à l'alphabet des hiéroglyphes phonétiques (Paris, 1822) At Gallica: Retrieved July 14, 2010 at French Wikisource
  12. 1837: François Salvolini, "Interprétation des hiéroglyphes: analyse de l'inscription de Rosette" in Revue des deux mondes vol. 10 (1937) At French Wikisource
  13. 1841: Antoine-Jean Letronne, Inscription grecque de Rosette. Texte et traduction littérale, accompagnée d'un commentaire critique, historique et archéologique. Paris, 1840 (issued in Carolus Müllerus, ed., Fragmenta historicorum Graecorum vol. 1 (Paris: Didot, 1841)) Retrieved July 14, 2010 (see end of volume)
  14. 1851: H. Brugsch, Inscriptio Rosettana hieroglyphica, vel, Interpretatio decreti Rosettani sacra lingua litterisque sacris veterum Aegyptiorum redactae partis ... accedunt glossarium Aegyptiaco-Coptico-Latinum atque IX tabulae lithographicae textum hieroglyphicum atque signa phonetica scripturae hieroglyphicae exhibentes. Berlin: Dümmler, 1851 Retrieved July 14, 2010
  15. 1853: Max Uhlemann, Inscriptionis Rosettanae hieroglyphicae decretum sacerdotale. Leipzig: Libraria Dykiana, 1853 Retrieved July 14, 2010
  16. 1858: Report of the committee appointed by the Philomathean Society of the University of Pennsylvania to translate the inscription on the Rosetta stone. Philadelphia, 1858
  17. 1827: James Browne, Aperçu sur les hiéroglyphes d'Égypte et les progrès faits jusqu'à présent dans leur déchiffrement (Paris, 1827; based on a series of articles in Edinburgh Review beginning with no. 55 (February 1823) pp. 188–197) Retrieved July 14, 2010
  18. 1823: Thomas Young, An account of some recent discoveries in hieroglyphical literature and Egyptian antiquities: including the author's original alphabet, as extended by Mr. Champollion, with a translation of five unpublished Greek and Egyptian manuscripts (London: John Murray, 1823) Retrieved July 14, 2010

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bierbrier (1999) გვ. 111–113
  2. 2.0 2.1 Parkinson et al. (1999) გვ. 23
  3. Synopsis (1847) pp. 113–114
  4. Miller et al. (2000) გვ. 128–132
  5. 5.0 5.1 Middleton and Klemm (2003) გვ. 207–208
  6. 6.0 6.1 The Rosetta Stone
  7. 7.0 7.1 7.2 Ray (2007) გვ. 3
  8. Parkinson et al. (1999) გვ. 28
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Parkinson et al. (1999) გვ. 20
  10. Budge (1913) გვ. 2–3
  11. Budge (1894) გვ. 106
  12. Budge (1894) გვ. 109
  13. 13.0 13.1 Parkinson et al. (1999) გვ. 26
  14. Parkinson et al. (1999) გვ. 25
  15. Clarysse and Van der Veken (1983) გვ. 20–21
  16. 16.0 16.1 16.2 Parkinson et al. (1999) გვ. 29
  17. Shaw & Nicholson (1995) გვ. 247
  18. Tyldesley (2006) გვ. 194
  19. 19.0 19.1 Clayton (2006) გვ. 211
  20. Bevan (1927) pp. 252–262
  21. Assmann (2003) გვ. 376
  22. Kitchen (1970) გვ. 59
  23. Parkinson (2005) გვ. 13
  24. 24.0 24.1 Bevan (1927) გვ. 264–265
  25. 25.0 25.1 ხვედელიძე, (2013), გვ. 379
  26. Ray (2007) გვ. 136
  27. Parkinson et al. (1999) გვ. 30
  28. Shaw (2000) გვ. 407
  29. Walker and Higgs (editors, 2001) გვ. 19
  30. Bagnall and Derow (2004) (no. 137 in online version)
  31. Simpson (n. d.); revised version of Simpson (1996) გვ. 258–271
  32. Bevan (1927) გვ. 263–268
  33. Parkinson (2005) გვ. 14
  34. Parkinson (2005) გვ. 17
  35. 35.0 35.1 35.2 Parkinson (2005) გვ. 20
  36. 36.0 36.1 Budge (1913) გვ. 1
  37. Benjamin, Don C. (March 2009). Stones and stories: an introduction to archaeology and the Bible. Fortress Press, გვ. 33. ISBN 978-0-8006-2357-9. წაკითხვის თარიღი: 14 July 2011. 
  38. Adkins (2000) გვ. 38
  39. Gillispie (1987) გვ. 1–38
  40. Wilson (1803) vol. 2 გვ. 274–284
  41. 41.0 41.1 41.2 Parkinson et al. (1999) გვ. 21
  42. Burleigh (2007) გვ. 212
  43. Burleigh (2007) გვ. 214
  44. Budge (1913) გვ. 2
  45. Parkinson et al. (1999) გვ. 21–22
  46. 46.0 46.1 Andrews (1985) გვ. 12
  47. Parkinson (2005) გვ. 30–31
  48. 48.0 48.1 Parkinson (2005) გვ. 31
  49. Parkinson (2005) გვ. 7
  50. 50.0 50.1 50.2 Parkinson (2005) გვ. 47
  51. Parkinson (2005) გვ. 32
  52. Parkinson (2005) გვ. 50–51
  53. Ray (2007) გვ. 11
  54. Parkinson et al. (1999) გვ. 15–16
  55. El Daly (2005) გვ. 65–75
  56. Ray (2007) გვ. 15–18
  57. Ray (2007) გვ. 20–24
  58. Andrews (1985) გვ. 13
  59. Budge (1904) გვ. 27–28
  60. Parkinson et al. (1999) გვ. 22
  61. ხვედელიძე, (2013), გვ. 380
  62. Robinson (2009) გვ. 59–61
  63. Robinson (2009) გვ. 61
  64. Robinson (2009) გვ. 61–64
  65. Parkinson et al. (1999) გვ. 32
  66. Budge (1913) გვ. 3–6
  67. ხვედელიძე, (2013), გვ. 381
  68. ხვედელიძე, (2013), გვ. 382
  69. Dewachter (1990) გვ. 45
  70. Parkinson et al. (1999) გვ. 30–31
  71. Parkinson et al. (1999) pp. 35–38
  72. Robinson (2009) გვ. 65–68
  73. Budge (1904) vol. 1 გვ. 59–134
  74. Edwardes and Milner (2003)
  75. "Antiquities wish list" (2005)
  76. "Rose of the Nile" (2005)
  77. Huttinger (2005)
  78. "Rosetta Stone row" (2009)
  79. Ray (2007) გვ. 4
  80. Bailey (2003)
  81. 81.0 81.1 81.2 81.3 Oxford English dictionary (1989) s.v. "Rosetta stone"
  82. "International Team"
  83. Simpson and Dean (2002)
  84. Cooper (2010)
  85. Nishimura and Tajik (1998)
  86. Digital Rosetta Stone (2009-06-29). წაკითხვის თარიღი: 2015-12-29.