18 ბრიუმერის გადატრიალება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
18 ბრიუმერის გადატრიალება

18 ბრიუმერის გადატრიალება (ფრანგ. Coup d'État du 18 brumaire) — სახელმწიფო გადატრიალება საფრანგეთში, რომელიც მოხდა 18 ბრიუმერს, რესპუბლიკის მერვე წელს (გრიგორიანული კალენდრით 1799 წლის 9 ნოემბერს). 18 ბრიუმერი ისტორიაში უსისხლო გადატრიალებად არის შესული. ბრიუმერი არის დრო 22 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე, სწორედ ამიტომ ეწოდა 9 ნოემბერს 18 ბრიუმერი.

1799 წლის ოქტომბერში ნაპოლეონმა მოულოდნელად მიატოვა თავისი არმია ეგვიპტეში და დაბრუნდა პარიზში, სადაც ჩაერთო დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების პროცესში.1799 წლის 9 ნოემბერს გეგმა განხორციელდა. ამ დღეს, ნაპოლეონის თანამოაზრე და მეგობარი, იოახიმ მიურატი, გრენადერების ქვედანაყოფთან ერთად „ხუთასთა საბჭოში“ შეიჭრა და დეპუტატები კაბინეტიდან გამოაძევა. ამას მოჰყვა დირექტორიას დამხობა და საკონსულო კომისიის შექმნა, რომელშიც შევიდა სამი კონსული: ნაპოლეონ ბონაპარდი, ემანუელ-ჟოზეფ სიიესი და როჟე დიუკო. ძალაუფლება ფორმალურად სამი კონსულის, ფაქტობრივად კი „პირველი კონსულის“ — ბონაპარტეს ხელში გადავიდა. ახალმა კონსტიტუციამ პირველი კონსული თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლებით აღჭურვა.

ხელისუფლების სათავეში მოსვლისას, ყოფილმა იაკობინელმა, რევოლუციონერმა და რესპუბლიკელმა პირველმა კონსულმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„მოქალაქენო, რევოლუცია დასრულდა!.“

საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქცია მთავრობის კანონპროექტების დამტკიცებით შემოიფარგლა. თვით წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობასაც პრაქტიკულად ნაპოლეონი ადგენდა (ახალი საარჩევნო წესის თანახმად, ხალხის მიერ არჩეულ ამომრჩევლებს მხოლოდ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის უფლება ჰქონდათ. წარდგენილი კანდიდატებიდან დეპუტატებს სენატი ირჩევდა. სენატი, თავის მხრივ, სამუდამოდ დანიშნული პირებისაგან შედგებოდა). მოსამართლეებს, მოხელეებსა და ოფიცრებს ასევე პირადად პირველი კონსული ნიშნავდა. მაგრამ ნაპოლეონისთვის, როგორც ყოფილი იაკობინელისთვის, მაინც მნიშვნელოვანი იყო ხალხის უშუალო მხარდაჭერა. ამიტომ შენარჩუნდა პლებისციტის ინსტიტუტი. სწორედ ამ სახალხო რეფერენდუმმა 1802 წელს თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ნაპოლეონის „სამუდამო პირველ კონსულად“ დანიშვნას, ორი წლის შემდეგ კი „ფრანგების იმპერატორად“ კურთხევას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Doyle, William (1990) The Oxford History of the French Revolution, 2, Oxford; New York: Oxford University Press. ISBN 9780199252985. 
  • Lefebvre, Georges. The Directory. London: Routledge and Kegan Paul. OCLC 668426465. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]