ლუი ანტუან დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუი ანტუან დე ბურბონი
Louis antoine artois.jpg
საფრანგეთის დოფინი
მმართ. დასაწყისი: 16 სექტემბერი, 1824
მმართ. დასასრული: 2 აგვისტო, 1830
წინამორბედი: ლუი შარლი
მემკვიდრე: წოდება გაუქმდა
საფრანგეთის მეფე
ლუი XIX-ის სახელით
მმართ. დასაწყისი: 2 აგვისტო, 1830
მმართ. დასასრული: 2 აგვისტო, 1830, (20 წუთი)
წინამორბედი: შარლ X
მემკვიდრე: ანრი V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 აგვისტო, 1775
დაბ. ადგილი: ვერსალი, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 3 ივნისი, 1844, (68 წლის)
გარდ. ადგილი: გორიცია, ავსტრიის იმპერია
მეუღლე: მარი ტერეზ ფრანგი
(ქ. 1799)
დინასტია: ბურბონები
მამა: შარლ X, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ტერეზა სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Signature of Louis Antoine d'Artois.svg

ლუი ანტუან დე ბურბონი (ფრანგ. Louis Antoine de Bourbon), ან ლუი XIX (ფრანგ. Louis XIX; დ. 6 აგვისტო, 1775 — გ. 3 ივნისი, 1844) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ X-ისა და მისი მეუღლის, მარია ტერეზა სავოიელის უფროსი ვაჟი. ანგულემის ჰერცოგი 1775-1824 წლებში, საფრანგეთის დოფინი 1824-1830 წლებში და საფრანგეთის მეფე 1830 წლის 2 აგვისტოს, მხოლოდ 20 წუთით. საფრანგეთში არსებული რევოლუციების გამო დევნილობით ცხოვრობდა ჯერ რუსეთში, შემდეგ ბრიტანეთში, საბოლოოდ კი ავსტრიაში. ცოლად ჰყავდა საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ისა და მარია ანტუანეტას უფროსი ასული მარი ტერეზ ფრანგი, თუმცა მათ შვილები არ ჰყოლიათ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი ანტუანი თავის დედასთან და და-ძმასთან ერთად

ლუი ანტუანი დაიბადა 1775 წლის 6 აგვისტოს ვერსალის სამეფო სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ის უმცროსი ძმის, არტუას გრაფ შარლ ფილიპისა და მისი ცოლის, გრაფინია მარია ტერეზა სავოიელის პირველი შვილი. დაბადებისთანავე ლუი ანტუანს მიენიჭა ანგულემის ჰერცოგის წოდება. მამის მხრიდან ბებია-ბაბუად ერგებოდნენ საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის ვაჟი, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი და მისი მეორე ცოლი მარია ჟოზეფა საქსონიელი, ხოლო დედის მხრიდან სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო III და მისი ცოლი, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ნაბოლარა ასული მარია ანტონია ესპანელი.

1780-89 წლებში ლუი ანტუანი და მისი უმცროსი ძმა, ბერის ჰერცოგი შარლ ფერდინანდი ვერსალიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე შატო დე ბერეგარში იზრდებოდნენ მარკიზ არმან ლუი დე სერენის მეთვალყურეობის ქვეშ. 1789 წელს საფრანგეთის რევოლუციის დაწყებასთან ერთად ორი პატარა პრინცი მშობლებთან ერთად ჯერ სავოიაში, შემდეგ ვესტფალიაში, საბოლოოდ კი ინგლისში გაიქცა. რევოლუციის დროს 1792-94 წლებში ფრანგებმა სიკვდილით დასაჯეს ლუი ანტუანის ბიცოლა, ლამბალის პრინცესა მარია ლუიზა სავოიელი, საფრანგეთის მეფე ლუი XVI, საფრანგეთის დედოფალი მარია ანტუანეტა ავსტრიელი და მეფის და და ლუი ანტუანის მამიდა ელიზაბეტი. ასეთ პირობებში 1793-95 წლებში საფრანგეთის მეფე ლუი XVII (ლუი XVI-ის ვაჟი) გახდა, რომელიც 1795 წელს ტუბერკულიოზით დაიღუპა.

1795 წლიდან საფრანგეთის ტიტულარული მეფე ხდება რუსეთში გაქცეული ლუი ანტუანის ბიძა, წარსულში პროვანსის გრაფი ლუი XVIII. 1797 წელს ლუი ანტუანი თავის ბიძას გერმანიაში, უფრო ზუსტად კი ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის საჰერცოგოში შეხვდა, სადაც იგი ავსტრიულ არმიაში გაწევრიანებას იმედოვნებდა, თუმცა ამაოდ. მას შემდეგ რაც ავსტრიელებისაგან არმიაში შეყვანაზე უარი მიიღო, იგი რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის მფარველობით კურლანდიის ქალაქ ელგავაში (თანამედროვე ლატვიის ტერიტორია) გადასახლდა.

სწორედ აქ, ელგავაში, 1799 წლის 10 ივნისს ლუი ანტუანმა ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, მეფე ლუი XVI-ისა და დედოფალ მარია ანტუანეტას უფროსი ასული მარი ტერეზ ფრანგი, რომელიც ძლივს გადაურჩა ცოცხალი ფრანგ რევოლუციონერებს. მიუხედავად ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინებისა, წყვილს შვილები არ ჰყოლია.

დევნილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1800 წლის აპრილში ლუი ანტუანი ბავარიის კავალერიაში გაწევრიანდა, რა დროსაც მან მონაწილეობა მიიღო ფრანგების წინააღმდეგ გამართულ ჰოენლინდენის ბრძოლაში.

1801 წლის დასაწყისში, რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ფრანგი რევოლუციონერების ხელმძღვანელ ბონაპარტესთან (იგი ჯერ იმპერატორი არ იყო) მშვიდობა დაამყარა, რის გამოც საფრანგეთიდან გაქცეულ ფრანგებს რუსეთი დაატოვებინა და პოლონეთში, კერძოდ კი ვარშავაში გადაასახლა, რომელსაც ამ დროისათვის პრუსია აკონტროლებდა. სულ რამდენიმე თვეში იმპერატორი პავლე გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე ადის ფრანგი რევოლუციონერების დიდი მტერი ალექსანდრე I, რომელმაც გაძევებული ფრანგი არისტოკრატები დაუყოვნებლივ დააბრუნა თავის სამეფო კარზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, 1807 წელს საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-თან ალექსანდრე I-მა ტილზიტის ზავი დადო, რის გამოც ბურბონებს მაინც მოუწიათ რუსეთის დატოვება და თავის ინგლისში შეფარება. ისინი გულთბილად შეიფარა დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ III-მ და მისმა ცოლმა, დედოფალ-რეგენტმა შარლოტა მეკლენბურგელმა, რომელიც განსვენებული დედოფლის, მარია ანტუანეტას ახლო მეგობარი იყო. ინგლისელებმა ისინი ბუკინგემშირში მდებარე ჰართველის სასახლეში დააბინავეს და ყოველთვიური პენსიაც დაუნიშნეს. ლუი ანტუანი კიდევ ორჯერ: 1807 და 1813 წლებში დაბრუნდა რუსეთში, სადაც იგი იმპერატორ ალექსანდრეს არმიაში იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ. 1814 წელს იგი თავის ცოლთან ერთად საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ჩავიდა, სადაც 12 მარტს მათ შესძლეს ნაპოლეონის დამხობა და საფრანგეთში ბურბონთა დინასტიის რესტავრაცია. ცნობილია, რომ ამ დროს ველინგტონის ჰერცოგ ართურ უელსლთან ერთად იბრძოდა თავისი ბიძაშვილის, მეფე ფერდინანდ VII-ის წინააღმდეგ, რომელსაც ესპანეთის ტახტზე ეცილებოდა, თუმცა ამაოდ.

ინგლისში ცხოვრება და დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურბონთა რესტავრაციიდან სულ რამდენიმე თვეში ნაპოლეონ ბონაპარტე საფრანგეთში კვლავ დაბრუნდა საკმაოდ დიდი არმიით. მან დაამხო ლუი ანტუანის ბიძა ლუი XVIII და კვლავ თავად გამეფდა. საფრანგეთის ისტორიაში ეს პერიოდი ცნობილია როგორც "ასი დღე", რა დროსაც ლუი ანტუანი ცოლთან ერთად კვლავ ინგლისში გაიქცა. ამ დროს დიდი საფრთხე ემუქრებოდა საფრანგეთის მეზობლებსაც, განსაკუთრებით კი ესპანეთსა და გერმანიას, სადაც კვლავ შეიქმნა ნაპოლეონის შეჭრის საშიშროება. ამის გამო ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII ლუი XVIII-ს დიდი არმიით დაეხმარა 1815 წელს ნაპოლეონის ტახტიდან ჩამოგდებაში. ამის შემდეგ, ნაპოლეონი სამუდამოდ გადაასახლეს ბრიტანეთის კოლონიურ კუნძულზე, აფრიკასთან ახლოს, ატლანტის ოკეანეში მდებარე წმინდა ელენეს კუნძულზე, საიდანაც იგი ვეღარ დაბრუნდა. თუმცა ასეთი გამარჯვების შემდეგ მეფე ფერდინანდმა საფრანგეთის ტახტზე თავისი ძმის, დონ კარლოსის დასმა მოისურვა, რასაც კიდევ ერთი ომი მოჰყვა, რომელიც ლუი XVIII-ის გამარჯვებით დაგვირგვინდა.

1824 წელს ლუი XVIII გარდაიცვალა, საფრანგეთის მეფე კი ლუი ანტუანის მამა შარლ X ხდება, თავად ლუი ანტუანი კი საფრანგეთის დოფინი.

ივლისის რევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1830 წელს საფრანგეთში განხორციელდა ეგრედ წოდებული "ივლისის რევოლუცია", რომლის დროსაც მეფე შარლ X ტახტიდან გადადგა ლუი ანტუანის სასარგებლოდ. სწორედ 1830 წლის 2 აგვისტოს, სულ 20 წუთით გახდა ლუი ანტუანი საფრანგეთის მეფე ლუი XIX-ის სახელით, თუმცა იგი მისმა გარე ბიძაშვილმა ლუი ფილიპ ორლეანელმა დაამხო.

1830 წლის ნოემბერში ლუი ანტუანი მეუღლესთან ერთად შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში გადასახლდა, სადაც იგი ჰოლირუდის სამეფო სასახლესთან ახლოს, რეგენტ ტერასის სასახლეში დაბინავდა.

1832 წლიდან ლუი ანტუანი ცოლთან და მამასთან ერთად პრაღაში გადასახლდა, სადაც იგი ავსტრიის იმპერატორმა ფრანც II-მ მიიწვია. აქ ისინი სამ წელს ცხოვრობდნენ, მანამ სანამ ტახტზე ფრანგების მოძულე იმპერატორი ფერდინანდ I ავიდოდა, რომელმაც მათ დაუყოვნებლივ მოსთხოვა პრაღის რეზიდენციის დატოვება. მალევე ისინი გორიციაში დასახლდნენ, იტალიის საზღვართან ახლოს, სადაც მეფე შარლ X 1836 წელს გარდაიცვალა. სულ რამდენიმე წელიწადში, 1844 წლის 3 ივნისს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ლუი ანტუანიც, რომელიც იქვე დაკრძალეს.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Eugène Guichen (1 January 1909). "Le Duc d'Angoulême (1775-1844)". E. Paul. Retrieved 12 April 2017 – via Internet Archive.
  • Mitchell , Anne (1993), "The People of Calton Hill", Mercat Press, James Thin, Edinburgh, ISBN 1-873644-18-3.
  • Newspaper article on sale of 21 Regent Terrace Diggines, Graham "For sale: tragic royals bolthole", The Scotsman, 2002-02-09 Accessed 2009-08-09
  • Mackenzie-Stuart, A.J., (1995), A French King at Holyrood, John Donald Publishers Ltd., Edinburgh, ISBN 0-85976-413-3