ლუი XVII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუი XVII
Louis Charles of France6.jpg
საფრანგეთის დოფინი
მმართ. დასაწყისი: 4 ივნისი, 1789
მმართ. დასასრული: 1 ოქტომბერი, 1791
წინამორბედი: ლუი ჟოზეფი
მემკვიდრე: ლუი ანტუანი
საფრანგეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 21 იანვარი, 1793
მმართ. დასასრული: 8 ივნისი, 1795
წინამორბედი: ლუი XVI
მემკვიდრე: ლუი XVIII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 მარტი, 1785
დაბ. ადგილი: ვერსალი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 8 ივნისი, 1795, (10 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
სრული სახელი: ლუი შარლ დე ბურბონი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი XVI, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ანტუანეტა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ლუი XVII (ფრანგ. Louis XVII; დ. 27 მარტი, 1785 — გ. 8 ივნისი, 1795) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანტუანეტას ვაჟი.

ვინაიდან მას უფროსი ძმა ჰყავდა, დაბადებისას მიანიჭეს ნორმანდიის ჰერცოგის წოდება. მას შემდეგ, რაც 1789 წელს მისი ძმა გარდაიცვალა, ლუი შარლი საფრანგეთის დოფინი ხდება. თუმცა, ამავე წელს დაიწყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რის შემდეგაც 1791 წელს მას დოფინის წოდება ჩამოერთვა.

1793 წლის 21 იანვარს მამამისი, მეფე ლუი XVI სიკვდილით დასაჯეს, რის შემდეგაც ლუი შარლი საფრანგეთის ტიტულარული მეფე ხდება გარდაცვალებამდე. მალევე სიკვდილით დასაჯეს დედამისიც, დედოფალი მარია ანტუანეტა. ამ ამბიდან ორ წელიწადში, 1795 წელს 10 წლის ლუი XVII გარდაიცვალა, რის შემდეგაც საფრანგეთის ტიტულარული მეფე ბიძამისი ლუი XVIII გახდა, რომელმაც 1814 წელს ბურბონთა რესტავრაციით საბოლოოდ დაიბრუნა სამეფო ტახტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადება და აღზრდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი შარლ დე ბურბონი დაიბადა 1785 წლის 27 მარტს ვერსალის სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანტუანეტა ავსტრიელის შუათანა ვაჟი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და დედოფალ მარია ლეშჩინსკას ვაჟი, დოფინი ლუი დე ბურბონი და მისი მეორე ცოლი, საქსონიის კურფიურსტ ავგუსტ III-ისა და დედოფალ მარია იოზეფა ავსტრიელის ასული მარია ჟოზეფა საქსონიელი. დედის მხრიდან კი მას ბებია-ბაბუად ერგებოდნენ ლოთარინგიის ჰერცოგ ლეოპოლდ I-ისა და მისი ცოლის, ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელის ვაჟი, საღვთო რომის იმპერატორი ფრანც I და მისი მეუღლე, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ კარლ VI-ისა და იმპერატრიცა ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგელის ასული მარია ტერეზია ავსტრიელი. დაბადებისთანავე პატარა ლუი შარლი ნორმანდიის ჰერცოგად გამოაცხადეს და სამეფო აღმზრდელს, მადამ იოლანდ დე პოლასტროს, პოლინიაკის ჰერცოგინიას მიაბარეს, რომელიც დედამისის ახლო მეგობარი იყო. ლუი შარლთან ერთად იზრდებოდა მისი უფროსი დაც, პრინცესა მარი ტერეზ შარლოტი. 1789 წელს მისი უფროსი ძმა ლუი ჟოზეფი გარდაიცვალა, რის გამოც ლუი შარლი ახლა უკვე საფრანგეთის დოფინი გახდა.

ისტორიული ცნობების მიხედვით, ჰერცოგინია პოლინიაკი საფრანგეთის დოფინზე მისი დაბადებიდან 1792 წლამდე, ანუ სულ შვიდი წლის მანძილზე ზრუნავდა. როდესაც პოლინიაკი მოვალეობიდან გაანთავისუფლეს და პატარა დოფინი უკვე დედასთან იზრდებოდა, იგი გამუდმებით წუხდა და ტიროდა, ვინაიდან მისთვის დედასთვის არა მარია ანტუანეტა, არამედ ჰერცოგინია პოლინიაკი იყო. საბოლოოდ ისეც კი მოხდა, რომ დედოფალმა დოფინს ნება დართო, როდესაც მოესურვებოდა მაშინ ენახა მისი აღმზრდელი.

პატიმრობა, მმართველობა და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1789 წელს საფრანგეთში სისხლისმღვრელი რევოლუცია დაიწყო. მალევე სამეფო ოჯახის წევრები: ლუი XVI, მარია ანტუანეტა, ლუი შარლი, მისი და მარი ტერეზ შარლოტი და მათი მამიდა, მადამ ელიზაბეტი დააპატიმრეს. ლუი XVI-ის ძმებმა — პროვანსის გრაფმა ლუი სტანისლამ და არტუას გრაფმა შარლმა ცოლებთან ერთად დაუყოვნებლივ დატოვეს საფრანგეთი. ასევე ქვეყნიდან გაიქცა სხვა მრავალი დიდგვაროვანიც. 1791 წლის ივნისში მეფე-დედოფალმა თავიანთ შვილებთან ერთად ინგლისში სცადეს გაქცევა, თუმცა ისინი მესაზღვრეებმა იცნეს და უკან დააბრუნეს. ამის შემდეგ სამეფო ოჯახის წევრები სხვადასხვა ციხეებში გადაანაწილეს, რათა ერთმანეთს ვეღარ დაკონტაქტებოდნენ. ლუი შარლი და მარი ტერეზ შარლოტი მათი მცირეწლოვანების გამო შეიბრალეს და მამიდასთან, მადამ ელიზაბეტთან ერთად გამოკეტეს, თუმცა მალე ისინი მაინც დააცილეს ერთმანეთს.

1793 წლის 21 იანვარს ლუი XVI-ს რევოლუციონერებმა გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს, რის გამოც ოფიციალურად საფრანგეთის ტიტულარული მეფე ლუი შარლი გახდა ლუი XVII-ის სახელით, თუმცა იგი კვლავ საპატიმროში რჩებოდა. ამავე წლის 16 ოქტომბერს თავი მოჰკვეთეს დედოფალ მარია ანტუანეტასაც, რასაც 1794 წელს ლუი XVII-ის მამიდის, მადამ ელიზაბეტის სიკვდილით დასჯაც მოჰყვა. მეფეს მისი ასევე მცირეწლოვანი დის გარდა აღარავინ დარჩა. მისი მცირეწლოვანებიდან გამომდინარე ქვეყანა რეგენტს უნდა ემართა, რეგენტად კი მისი ბიძები გამოცხადდნენ, რომელთაგან ერთი რუსეთში იყო გაქცეული, ხოლო მეორე ვესტფალიაში. მალევე სრულიად რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-მ ფრანგ რევოლუციონერებს მეფისა და ფრანგი დიდგვაროვნებისათვის უფლება მიეცათ, რომ რუსეთში უსაფრთხოდ წასულიყვნენ. დიდგვაროვნების უმეტესობამ მართლაც შეაფარა თავი ეკატერინეს სამეფო კარს, თუმცა მეფე კვლავ პარიზის ციხეში რჩებოდა.

ცნობილია, რომ მცირეწლოვან მეფეს საპატიმროში საშინლად ეპყრობოდნენ მთვრალი დარაჯები, რომლებიც მას გამუდმებით ამცირებდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მას მისი მშობლების მსგავსად გილიოტინაზე თავის მოკვეთით ემუქრებოდნენ. მალევე ლუი XVII ადამიანებისაგან აბსოლუტურად იზოლირებულ და საშინელ ჰიგიენურ პირობებში გადაიყვანეს. საკანში იგი მალევე დაავადდა ტუბერკულიოზით, რის შემდეგაც იგი 1795 წლის 8 ივნისს 10 წლის ლუი XVII გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში, 1804 წელს ტახტზე ნაპოლეონ ბონაპატრე ადის, რომელიც 1814 წელს ლუი XVII-ის ბიძამ, ლუი XVIII-მ დაამხო და მოახდინა ბურბონთა დინასტიის რესტავრაცია.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Madame Campan, La vita segreta di Maria Antonietta (Memorie), Roma, Newton Compton, 2006, ISBN 88-541-0785-9.
  • André Castelot, Maria Antonietta: la vera storia di una regina incompresa, Milano, Fabbri Editori, 2000.
  • Paolo Cortesi, Luigi XVII. Il bambino ucciso dal terrore, Forlì, Foschi, 2008, ISBN 88-89325-45-3.
  • Benedetta Craveri, Maria Antonietta e lo scandalo della collana, Milano, Adelphi, 2006, ISBN 88-459-2105-0.
  • Benedetta Craveri, Amanti e regine. Il potere delle donne, Milano, Adelphi, 2008, ISBN 978-88-459-2302-9.
  • Carolly Erickson, Maria Antonietta, Milano, Mondadori, 1997, ISBN 88-04-43662-X.
  • Antonia Fraser, Maria Antonietta. La solitudine di una regina, Milano, Mondadori, 2003, ISBN 88-04-50677-6.
  • Cesare Giardini, I processi di Luigi XVI e Maria Antonietta (1793), Verona, Mondadori, 1934.
  • Joan Haslip, Maria Antonietta, Milano, Longanesi, 1999, ISBN 88-304-0876-X.
  • Evelyne Lever, Maria Antonietta. L'ultima regina, Milano, BUR Biografie, 2007, ISBN 978-88-17-00940-9.
  • Antonio Spinosa, Luigi XVI. L'ultimo sole di Versailles, Milano, Mondadori, 2008, ISBN 978-88-04-58134-5.
  • Stefan Zweig, Maria Antonietta. Una vita involontariamente eroica, Verona, Mondadori, 1948.