კრისტოფერ III (დანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრისტოფერ III ბავარიელი
Christopher of Bavaria.jpg
დანიის მეფე
კორონაცია: 1 იანვარი, 1443, რიბე, დანია
მმართ. დასაწყისი: 9 აპრილი, 1440
მმართ. დასასრული: 5 იანვარი, 1448
წინამორბედი: ერიკ VII
მემკვიდრე: კრისტიან I
შვედეთის მეფე
კორონაცია: 13 სექტემბერი, 1441, უფსალა, შვედეთი
მმართ. დასაწყისი: 1441
მმართ. დასასრული: 5 იანვარი, 1448
წინამორბედი: ერიკ XIII
მემკვიდრე: კარლ VIII
ნორვეგიის მეფე
კორონაცია: 2 ივლისი, 1442, ოსლო, ნორვეგია
მმართ. დასაწყისი: ივნისი, 1442
მმართ. დასასრული: 5 იანვარი, 1448
წინამორბედი: ერიკ III
მემკვიდრე: კარლ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 თებერვალი, 1416
დაბ. ადგილი: ნოიმარკტი, ბავარია, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 5 იანვარი, 1448, (31 წლის)
გარდ. ადგილი: ჰელსინგბორგი, შვედეთი, კალმარის უნია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, როსკილე, დანია
მეუღლე: დოროთეა ბრანდენბურგელი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: იოჰანი, ნოიმარკტის პფალცგრაფი
დედა: კათარინა პომერანიელი
რელიგია: კათოლიციზმი

კრისტოფერ III ბავარიელი (გერმ. Christoph III. von Bayern, დან. Christoffer 3. af Bayern, ნორვ. Kristoffer III av Bayern, შვედ. Kristofer III av Bayern; დ. 26 თებერვალი, 1416 — გ. 5 იანვარი, 1448) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე 1440-48, შვედეთის მეფე 1441-48 და ნორვეგიის მეფე 1442-48 წლებში როგორც მეფე ერიკ VII-ის დის შვილი.

ადრეული წლები და ხელისუფლებაში მოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტოფერი დაიბადა 1416 წლის 26 თებერვალს ბავარიაში. იგი იყო ნოიმარკტის პფალცგრაფ იოჰანისა და მისი მეუღლის, კათარინა პომერანიელის ერთადერთი შვილი. აღსანიშნავია, რომ დედამისის ძმა, იყო თვით დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე ერიკ VII პომერანიელი, რომელიც თავის მხრივ ტახტზე თავისი უშვილო დეიდის, მარგრეტე I-ის მემკვიდრეობით იჯდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კრისტოფერის მამა თავად გერმანიის მეფე რუპერტ ბავარიელის ვაჟი იყო.

1439 წელს, უშვილო ერიკ VII-მ თავის მემკვიდრედ თავისი დის შვილი, კრისტოფერ ბავარიელი გამოაცხადა, რის შემდეგაც იგი დანიაში გადასახლდა. ამავე წელს ერიკმა იგი ჯერ რეგენტად დაინიშნა, რადგან აინტერესებდა როგორ გაართმევდა თავს სამი სამეფოს მართვას, რის შემდეგაც იგი 1440 წლის 9 აპრილს დანიის ტახტიდან გადადგა კრისტოფერის სასარგებლოდ. ამას მოჰყვა 1441 წელს შვედეთის, ხოლო 1442 წელს ნორვეგიის ტახტებიდან გადადგომა. ამის შემდეგ, კრისტოფერ III კალმარის უნიის ერთპიროვნულ მმართველად გვევლინება. 1445 წელს, ჩრდილო გერმანიასთან ალიანსის შესაქმნელად ცოლად შეირთო ბრანდენბურგის მარკგრაფის 15 წლის ასული — დოროთეა ბრანდენბურგელი.

გლეხთა აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტოფერ III-მ თავისი მმართველობა ფუნენსა და იუტლანდში გლეხთა აჯანყებების ჩახშობით დაიწყო. ფუნენში არსებული ამბოხის ჩახშობის შემდეგ, მან თავისი ყურადღება იუტლანდისკენ გაამახვილა, სადაც ჰენრიკ რევენტლოვის მეთაურობით დაახლოებით 25,000 გლეხი იყო აჯანყებული. ამდენად დიდი რაოდენობით აჯანყებულ გლეხს, თავისუფლად შეეძლო მეფის დამხობა, რის გამოც კრისტოფერს მისი აღმოფხვრისთვის უპირველეს ყოვლისა დიდებულთა მხარდაჭერა სჭირდებოდა. იუტლანდელმა დიდებულებმა მეფეს თავიანთი არმიები აალბორგში გაუგზავნეს და ერთგულებაც აღუთქვეს.

ამასობაში გლეხებს უკვე შეექმნათ სამი გამაგრებული სიმაგრე, სადაც მათ არაერთი გამოცდილი მეომარიც ეხმარებოდათ. კრისტოფერის ბრძანებით იქ მისასვლელი გზები და ტყეები გადაკეტეს, რათა სიმაგრეებში შიმშილობა დაწყებულიყო, რის შემდეგაც 1441 წლის 3 მაისს კრისტოფერის დიდებულთა ჯარები შეესივნენ აჯანყებულებს და ადგილზევე ამოხოცეს უამრავი გლეხი. მეორე ბრძოლა გლეხებსა და მეფეს შორის წმინდა იორგენის მაღლობთან შედგა, სადაც ამჯერად გლეხებმა გაიმარჯვეს და სამეფო არმია გაფანტეს.

გამარჯვებულმა გლეხებმა ტყვეებიც კი წაიყვანეს, რაც კრისტოფერის, როგორც მეფის ავტორიტეტს საშინლად შეარყევდა ევროპელი მონარქების თვალში. რადგანაც მიხვდა, რომ ბრძოლით ვერაფერს გახდებოდა, იგი თავისი ამალით მათი მთავარი ბანაკისკენ გაემართა მოსალაპარაკებლად. კრისტოფერმა მათ განუცხადა, რომ ვინც მეფეს დაემორჩილებოდა და სახლში დაბრუნდებოდა შეიწყალებდა. მეამბოხეთა მხოლოდ მცირე რიცხვმა არჩია უკან დაბრუნება, დანარჩენები კი ადგილზე დარჩნენ. 1441 წლის 8 ივნისს კრისტოფერმა მეამბოხეთა ბანაკზე შეტევის ბრძანება გასცა. ამბოხებულებმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს კბილებამდე შეიარაღებულ სამეფო რაინდებს. ათასობით აჯანყებული მოკლეს, ხოლო ვინც გადარჩა უმძიმესად დასაჯეს. ამის შემდეგ, ამბოხებულ გლეხებს ჩამოერთვათ თავისუფალი ადამიანების სტატუსი და ისინი ფერმერების საკუთრებად იქცნენ.

კორონაციები და ურთიერთობა შვედებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე კრისტოფერის გამოსახულება მონეტაზე

1442 წლის მაისში კრისტოფერი ლოდოსეში ჩავიდა სამივე სამეფოს დიდებულთა შეკრებაზე. იგი აქ ნორვეგიის მეფედ ოფიციალურად აირჩიეს, რასაც მოჰყვა მისი ნორვეგიის მეფედ კურთხევა 1442 წლის 2 ივლისს, ოსლოში. მომდევნო წელს, რიბეში იგი დანიის მეფედაც ეკურთხა. ამ ამბიდან სულ მალე, მისი როსკილეს რეზიდენცია ხანძარმა გაანადგურა, რის გამოც მან თავისი ახალი რეზიდენცია კოპენჰაგენში გადაიტანა. ამის შემდეგ, კოპენჰაგენი უკვე ოფიციალურად გამოცხადდა დანიის დედაქალაქად.

რაც შეეხება შვედურ არისტოკრატიას, მათ არ მოსწონდათ ახალი გერმანელი მეფე, რომელიც არც კი ჩასულა შვედეთში და ამასთან მას სდებდნენ ბრალს შვედური ეკონომიკის დავარდნაში. როგორც მემატიანეები აღნიშნავენ, ამ პერიოდში შვედი ხალხი იმდენად დამშეული იყო, რომ ხის ქერქითა და ფქვილით იკვებებოდნენ. სწორედ ამიტომ, შვედებმა კრისტოფერს „ხის ქერქების მეფე“ შეარქვეს. მიუხედავად ამისა, შვედი ვაჭრები კეთილგანწყობილნი იყვნენ მისდამი, რადგანაც კრისტოფერი ვაჭრობისა და საქალაქო ცხოვრების აღორძინებას უწყობდა ხელს. საბოლოოდ, 1443 წელს გამოცემული მუნიციპალური ქარტიით, რომლითაც კოპენჰაგენი დანიისა და კალმარის უნიის დედაქალაქად ცხადდებოდა, უფრო გაანაწყენა შვედები.

მან არაეფექტური სამხედრო კამპანია განახორციელა ერიკ გოტლანდელის წინააღმდეგ, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა შვედები და უკმაყოფილება გამოიწვია ჰელსინკის ლიგაშიც. საბოლოოდ, კალმარის უნიაში ახალი კონსტიტუცია შემოიღეს, რომლის მიხედვითაც დიდებულთა უფლებების გაზრდის ხარჯზე, უფლებები შეუმცირდა მონარქს.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1448 წლის 5 იანვარს, 31 წლის კრისტოფერ III მოულოდნელად და უშვილოდ გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში. 1449 წლის 28 ოქტომბერს, მისი ქვრივი, დედოფალი დოროთეა ბრანდენბურგელი მეორედ დაქორწინდა დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ახალ მეფე კრისტიან I ოლდენბურგზე. მათი შვილები იყვნენ შემდგომში მეფე ჰანსი და მეფე ფრედერიკ I.

წოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტოფერის სრული წოდება ასე ჟღერდა:„ღვთის ხელით დასმული, უმოწყალესი მეფე დანიისა, შვედეთისა და ნორვეგიისა, ვენედებისა და გოთებისა, პფალცგრაფი რაინისა და ჰერცოგი ბავარიისა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dansk Biografisk Leksikon, vol. 7, Copenhagen 1980.
  • Politikens Danmarkshistorie, vol. 4 by Erik Kjersgaard, Copenhagen 1962.
  • Politikens bog om Danske Monarker by Benito Scocozza, Copenhagen 1998.
  • "Henrik Tagesen Reventlow". Den Store Danske. Retrieved June 1, 2018.
  • Jon Gunnar Arntzen. "Gyldenstierne". Store norske leksikon. Retrieved June 1, 2018.
  • "Eske Brock, d. 1441". Den Store Danske. Retrieved June 1, 2018.
  • "Brock, Eske Jensen". Den Store Danske. Retrieved June 1, 2018.