ფრედერიკ V
ფრედერიკ V | |
---|---|
დანიისა და ნორვეგიის მეფე | |
კორონაცია: | 4 სექტემბერი, 1747, კოპენჰაგენი |
მმართ. დასაწყისი: | 6 აგვისტო, 1746 |
მმართ. დასასრული: | 14 იანვარი, 1766 |
წინამორბედი: | კრისტიან VI |
მემკვიდრე: | კრისტიან VII |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 მარტი, 1723 |
დაბ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
გარდ. თარიღი: | 14 იანვარი, 1766, (42 წლის) |
გარდ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
დაკრძ. ადგილი: | როსკილეს კათედრალი, დანია |
მეუღლე: |
ლუიზა ბრიტანელი (ქ. 1743 - გარდ. 1751) იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი (ქ. 1752) |
შვილები: |
სოფია მაგდალენა, შვედეთის დედოფალი ვილჰელმინა კაროლინა, ჰესენის კურფიურსტი კრისტიან VII, დანიისა და ნორვეგიის მეფე ლუიზა, ჰესენ-კასელის ლანდგრაფინია ფრედერიკი, დანიისა და ნორვეგიის რეგენტი |
დინასტია: | ოლდენბურგები |
მამა: | კრისტიან VI, დანიისა და ნორვეგიის მეფე |
დედა: | სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ფრედერიკ V (დან. Frederik 5., ნორვ. Frederik V; დ. 31 მარტი, 1723 — გ. 14 იანვარი, 1766) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VI-ისა და დედოფალ სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელის ვაჟი. დანიისა და ნორვეგიის მეფე 1746-66 წლებში.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედერიკი დაიბადა 1723 წლის 31 მარტს, კოპენჰაგენის სასახლეში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VI-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელის უფროსი ვაჟი. მისი დაბადებისას მამამისი ჯერ კიდევ კრონპრინცი იყო და ბაბუამისი, ფრედერიკ IV მეფობდა, ვის პატივსაცემადაც დაარქვეს მას სახელი. 1730 წლის 12 ოქტომბერს მეფე ფრედერიკი გარდაიცვალა და ტახტზე მამამისი ავიდა, რის შემდეგაც პატარა ფრედერიკი დანიისა და ნორვეგიის ტახტის მემკვიდრე, ანუ კრონპრინცი გახდა.
ფრედერიკის მშობლები ძლიერად იყვნენ შეპყრობილნი პიეტიზმით, რის გამოც მან მკაცრი რელიგიური აღზრდა მიიღო. მართალია იგი ასე იზრდებოდა, თუმცა საბოლოოდ ფრედერიკი უფრო ჰედონიზმისკენ გადაიხარა, რაც ცხოვრებით ტკბობას, ღვინისა და ქალების სიყვარულს ნიშნავდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდისათვის დანიაში დიდი გავლენა ჰქონდა დანიურ კულტურასა და ენას, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დანიის მეფეები ყოველთვის გერმანელ ქალებზე ქორწინდებოდნენ, რომლებიც აქ თავიანთ კულტურას ამკვიდრებდნენ. დედამისი ფრედერიკს ხშირად ირონიულად „Der Dänische Prinz“-ს, ანუ „დანიის გერმანელ პრინცს“ ეძახდა, რადგან იგი ყოველთვის გერმანულად საუბრობდა და მხოლოდ მეორე ხარისხოვან ენად სწავლობდა დანიურს.
პირველი ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედერიკის დისკრედიტაციამ, დააჩქარა მისი საქორწინო მოლაპარაკებები. როგორც წესი, დანიის მონარქები თავიანთ ვაჟებს ევროპაში სამოგზაუროდ უშვებდნენ, რათა საცოლე თავად აერჩიათ, მაგრამ ამჯერად ასე არ მომხდარა. მეფე კრისტიან VI-მ ფრედერიკი დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II-ისა და დედოფალ კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის ნაბოლარა ასულ ლუიზა ბრიტანელზე დანიშნა. პრინცესა ლუიზა 1743 წელს თავისი ამალით ჩავიდა ალტონაში, სადაც მას ფრედერიკი დახვდა. ლუიზასა და ფრედერიკის ქორწინება 1743 წლის 11 დეკემბერს, კოპენჰაგენში შედგა. მათ მალევე ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი და ექვსი შვილიც გააჩინეს, მაგრამ მათი პირველი შვილი ჩვილობაში დაიღუპა. ლუიზამ ეს ფაქტი თითქოს ვერც შეამჩნია. 1746-51 წლებში ფრედერიკმა რომანი გააბა ელზა ჰანსენთან (აგრეთვე ცნობილი როგორც მადამ ჰანსენი), რომელთანაც ხუთი არალეგიტიმური შვილი შეეძინა.
მასონობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მასონთა ნორვეგიელი ისტორიკოსი კარლ ლუდვიგ თერიზენი ამტკიცებდა, რომ ფრედერიკი, თავისი კრონპრინცობის პერიოდში კოპენჰაგენის წმ. მარტინის სახელობის მასონთა დაჯგუფებაში იყო გაწევრიანებული. ყოველივე ეს შთაგონებული იყო 1744 წელს პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდის მიერ, რომელიც თავის ახალგაზრდობაში ასევე შედიოდა მასონურ დაჯგუფებაში. ორივე ამ მეფეს ჰყავდა მამები, რომლებიც მასონებს სასტიკად დევნიდნენ, მაგრამ ფრიდრიხისგან განსხვავებით, ფრედერიკს არასდროს უღიარებია მისი წევრობა.
თერიზენის მტკიცებით, სწორედ ფრედერიკის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა 1749 წელს პირველი ნორვეგიული მასონური დაჯგუფება.
მეფობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1746 წლის 6 აგვისტოს, ვერცხლის ქორწინების თარიღის შესრულებამდე ერთი დღით ადრე, გარდაიცვალა მამამისი, მეფე კრისტიან VI, რის გამოც მეფე ფრედერიკ V გახდა. ამ დროს სამეფო ოჯახი საზაფხულო რეზიდენციაში იყო გადასული დასასვენებლად. ფრედერიკმა მამამისი სასწრაფოდ დაკრძალა როსკილეს კათედრალში და თავის ცოლთან, ლუიზა ბრიტანელთან ერთად კოპენჰაგენისაკენ გაემართა, სადაც დაიკავა დანიისა და ნორვეგიის ტახტი. ერთ წელიწადში, ფრედერიკსბორგის სასახლეში იგი მეფედ ეკურთხა. მიუხედავად იმისა, რომ მას აბსოლუტურ მმართველობაზე ჰქონდა პრეტენზია, მისი ხელისუფლება სუსტი იყო. ქვეყანას დიდებულებისაგან დაკომპლექტებული საბჭო განაგებდა, რომლის სათავეშიც იყო მეფე. მართალია ფრედერიკი ყველა სხდომას ესწრებოდა, მაგრამ იგი ხშირად ნასვამი იყო, რაც მინისტრებს თვალში ცუდად ხვდებოდათ. მისი მმართველობა გამოირჩევა ვაჭრობისა და ინდუსტრიის განვითარებით. მამის მსგავსად, ფრედერიკ V ყოველთვის თავს არიდებდა ევროპულ ომებში ჩაბმას. დანიამ ასევე ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა შვიდწლიან ომში (1756-1763), რომელშიც ევროპის ყველა ქვეყანა იქნა ჩათრეული. მიუხედავად ამ ომის ხანგრძლივობისა და დანიის სიახლოვისა რუსეთსა და შვედეთთან, მან მაინც მოახერხა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება.
1753 წლის 1 ოქტომბერს, მან კოპენჰაგენში დააარსა ფრედერიკის სამეფო ჰოსპიტალი, რომელიც დღესაც არსებობს. 1753 წლის 29 ივნისს, ფრედერიკმა დააარსა დანიის პირველი ლატარია, რომელიც ასევე დღემდე არსებობს.
ფრედრიკ V ასევე ხელს უწყობდა ხელოვნებისა და მეცნიერების აღორძინებას. მიუხედავად ამისა, რომ იგი თვითონ დიდად დაინტერესებული არ ყოფილა არც ხელოვნებით და არც მეცნიერებით, ცოლის გავლენით ყოველთვის ცდილობდა მისი განვითარებისთვის ხელის შეწყობას. 1748 წელს, მან დედოფალ ლუიზა ბრიტანელის ზეგავლენით გახსნა კოპენჰაგენის სამხატვრო აკადემია, რომელიც ოფიციალურად ამავე წლის 31 მარტს, ფრედერიკის დაბადების დღეზე გაიხსნა. 1754 წელს, ფრედერიკ V-მ სცადა დანიის კოლონიურ იმპერიად ქცევა, რა მიზნითაც ინდოეთში დააარსა დანიის ოსტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანია, რომელიც მალევე გაკოტრდა და ფრედერიკიც შეეშვა ინდოეთის ათვისების მცდელობას.
მეორე ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედერიკის საყვარელი მეუღლე, დედოფალი ლუიზა ბრიტანელი, 1751 წლის 19 დეკემბერს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფლის ნაადრევი დაღუპვის მიზეზი მოშლილი ფეხმძიმობა გახდა, რა დროსაც მას შინაგანი სისხლდენა დაეწყო, რომელიც ვერაფრით შეუჩერეს. მისმა გარდაცვალებამ დიდი გავლენა მოახდინა ფრედერიკისა და სრულიად დანიის სამეფო კარის ცხოვრებაზე, სადაც ლუიზას თაყვანს სცემდნენ. მას საოცრად პომპეზური დაკრძალვის ცერემონიალი მოუწყვეს როსკილეს კათედრალში.
მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ფრედერიკს ლუიზასაგან მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც ფსიქიკურად არასტაბილური იყო, ამიტომაც სხვა მემკვიდრის გაჩენის მიზნით მან მეორე ცოლის ძიება დაიწყო. ფრედერიკმა თავისი არჩევანი გერმანელ პრინცესაზე შეაჩერა. იგი 1752 წლის 8 ივლისს, ფრედერიკსბორგის სასახლეში მეორედ დაქორწინდა იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელზე. დანიელი ხალხის თვალში, ახალმა დედოფალმა ვერ შეძლო წინამორბედის ჩანაცვლება. იულიანა მარია ლუიზას მსგავსად მეგობრული და ხალისიანი არ იყო, პირიქით, მეტად მკაცრი, რელიგიური და ნაკლებად მომხიბვლელი იყო, რის გამოც ხალხში არასდროს ყოფილა პოპულარული. ამის გამო, მეორე ქორწინების პერიოდში მეფემ რომანი გააბა შარლოტა ამალია ვინგესთან.
ფრედერიკ V-სა და იულიანა მარიას მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ფრედერიკი დაარქვეს. შემდგომში იგი დანიის მომავალი მეფე კრისტიან VIII-ის მამა და ასევე დანიის დედოფალ ლუიზა ჰესენელის პაპა გახდა.
გარდაცვალება და დაკრძალვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1760 წელს, უგონოდ მთვრალმა ფრედერიკ V-მ ფეხი მოიტეხა, რის შემდეგაც დაიწყო მისი დასუსტება. კარის მემატიანეს ცნობით, მეფე იმდენად დასუსტდა, რომ დახმარების გარეშე ქუდსაც კი ვეღარ იხურავდა. ოცწლიანი მეფობის შემდეგ, 1766 წლის 14 იანვარს, 42 წლის ფრედერიკ V გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას დიდი გლოვა მოჰყვა, რადგანაც მის დროს დანიელმა ხალხმა გაუთავებელი ომებისა და აბსოლუტიზმისგან ამოისუნთქა. მისი ბოლო სიტყვები იყო:
„ჩემთვის დიდი ნუგეშია, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე, არასდროს დავმცირებულვარ ისე, რომ ვინმეს სისხლში გამესვაროს ხელები.“
|
ფრედერიკ V მალევე როსკილეს კათედრალში, დედოფალ ლუიზას გვერდით დაკრძალეს. მის შემდეგ ტახტზე მისი და ლუიზას ვაჟი, ჭკუიდან შეშლილი კრისტიან VII ავიდა, რომლის ნაცვლადაც ქვეყანას მისი დედინაცვალი და ნახევარ-ძმა მართავდნენ. ფრედერიკის მეორე ცოლი, დედოფალი იულიანა ჯულია ამ ამბიდან ოცდაათ წელიწადში, 1796 წელს გარდაიცვალა.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1771 წლის 1 აგვისტოს, მისი გარდაცვალებიდან ხუთ წელიწადში, მისმა ვაჟმა კრისტიან VII-მ, კოპენჰაგენის ცენტრში, ამალიენბორგის მოედანზე ფრედერიკის ქანდაკება დადგა, სადაც იგი ცხენზეა ამხედრებული რომაელი იმპერატორის კოსტიუმში. ეს ქანდაკება ფრანგმა სკულპტურისტმა ჟაკ ფრანსუა ჟოზეფ სალიმ დაამზადა.
მის პატივსაცემად და ხსოვნის უკვდავსაყოფად, კ. ზელანდიაზე ქალაქ ფრედერიკსვერკს, ხოლო აშშ-ს ვირჯინის კუნძულებზე, ქ. ფრედერიკსტედს ეწოდა სახელები. მის მიერ დაარსებულმა დანიურმა ინდოეთმა რამდენიმე საუკუნეს იარსება და 1855 წელს ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში შევიდა. ასევე მის პატივსაცემად ეწოდა სახელი გრენლანდიის ქალაქ ფრედერიკსჰააბს.
მემკვიდრის კრიზისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ, დანიის სამეფო ტახტზე შეიქმნა მამრობითი სქესის მემკვიდრის კრიზისი, რადგან მისი ვაჟები და მათი ვაჟებიც უკვე გარდაცვლილნი იყვნენ, ამიტომაც ტახტი ფრედერიკ II-ის შთამომავალმა კრისტიან IX-მ დაიკავა გლუქსბურგთა დინასტიიდან, რომელმაც ცოლად ფრედერიკ V-ის შვილთაშვილი, ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი შეირთო.
კულტურული ასახვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელოვნებასა და კინემატოგრაფიაში იგი დიდწლიად თავისი შეშლილი შვილის, კრისტიან VII-ის გამოა ცნობილი. 1999 წელს შვედებმა გადაიღეს დოკუმენტურ-ისტორიული ჟანრის ფილმი, სახელად „ვიზიტი სამეფო ექიმთან“, სადაც ფრედერიკიც ჩანს. ამას მოჰყვა კიდევ ერთი დოკუმენტური წიგნი, რომელშიც აღწერილი მოვლენების მიხედვით, კრისტიან VII-ის ჭკუიდან შერყევა ფრედერიკ V-ის მისდამი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ბრალი იყო.
სრული წოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედერიკ V-ის სრული და ოფიციალური წოდება ასე ჟღერდა: „ღვთის ხელით დასმული, მეფე დანიისა და ნორვეგიისა, ვენედებისა და გოთებისა, ჰერცოგი შლეზვიგისა, ჰოლშტაინისა, სტორმარნისა და დითმარშენისა, გრაფი ოლდენბურგისა და დელმენჰორსტისა.“
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეგიტიმური შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ქორწინებიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე ქორწინებიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არალეგიტიმური შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედერიკს არალეგიტიმური შვილები მხოლოდ თავისი ოფიციალური სამეფო საყვარლის, ელზა ჰანსენისაგან ჰყავდა:
- ფრედერიკა მარგრეტე (1747-1802), დესტინონის გრაფინია;
- ფრედერიკა კატარინა (1748-1822), ლიუცოს გრაფინია;
- ანა მარია (1749-1812), მელენგატის გრაფინია;
- სოფია შარლოტა (1750-1779), ორინის გრაფინია;
- ულრიკ ფრედერიკი (1751-1752);
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Otto Andrup, Hans Bølling: Danmarks Konger fra Christian I til Christian X. Udsendt af Nationaltidende, Kopenhagen 1944–1945, S. 24.
- Jan E. Janssen, Erik Thorud: Deutsche Spuren in Kopenhagen. Tyskforlaget, Greve 2000, ISBN 87-90755-08-1, S. 15.
- Olaf Klose: Friedrich V.. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 5, Duncker & Humblot, Berlin 1961, ISBN 3-428-00186-9, S. 582 f.
- Thea Leitner: Skandal bei Hof, Ueberreuter, 1993, ISBN 3-8000-3492-1.
- K.L. Bugge, Det danske frimureries historie, bind 1, 1910, s. 191-194.
- Frederik den Femtes Hof, Charlotte Dorothea Biehls Breve og Selvbiografi.
|
|