კრისტიან VII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრისტიან VII
Christian VII 1772 by Roslin.jpg
დანიისა და ნორვეგიის მეფე
კორონაცია: 1 მაისი, 1767, კოპენჰაგენი
მმართ. დასაწყისი: 14 იანვარი, 1766
მმართ. დასასრული: 13 მარტი, 1808
წინამორბედი: ფრედერიკ V
მემკვიდრე: ფრედერიკ VI
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 იანვარი, 1749
დაბ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
გარდ. თარიღი: 13 მარტი, 1808, (59 წლის)
გარდ. ადგილი: რენდსბურგი, დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: კაროლინა მატილდა ბრიტანელი
(ქ. 1766 - განქ. 1772)
შვილები: ფრედერიკ VI, დანიისა და ნორვეგიის მეფე
ლუიზა ავგუსტა, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგინია
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: ფრედერიკ V, დანიისა და ნორვეგიის მეფე
დედა: ლუიზა ბრიტანელი
რელიგია: ლუთერანიზმი

კრისტიან VII (დან. Christian 7., ნორვ. Christian VII; დ. 29 იანვარი, 1749 — გ. 13 მარტი, 1808) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და დედოფალ ლუიზა ბრიტანელის ვაჟი. დანიისა და ნორვეგიის მეფე 1766-1808 წლებში.

მისი მმართველობა დანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო. იგი ფსიქიკურად არასტაბილური იყო და ხშირად დგამდა სცენებს. 1772 წელს გამოაშკარავდა მისი ცოლის, დედოფალ კაროლინა მატილდას რომანი მის ექიმთან, რითიც ისარგებლა კრისტიანის დედინაცვალმა, იულიანა მარია ბრაუნშვაიგელმა და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, რომლის შედეგადაც დანიის მართვა თავად და მისმა ვაჟმა აიღეს ხელში, როგორც რეგენტებმა. დედოფალი კაროლინა მატილდა მალევე გააძევეს და გადაასახლეს დანიიდან. ამის შემდეგ, 1784 წლამდე ქვეყანას იულიანა მარია მართავდა, რის შემდეგაც იგი კრისტიანის ვაჟმა, ფრედერიკმა ჩამოაგდო და რეგენტი თავად გახდა. ამის შემდეგ, კრისტიანის გარდაცვალებამდე სწორედ ფრედერიკი მართავდა ქვეყანას, რომელიც საბოლოოდ მეფე ფრედერიკ VI გახდა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრონპრინცი კრისტიანი

კრისტიანი დაიბადა 1749 წლის 29 იანვარს კრისტიანსბორგის სასახლეში, კოპენჰაგენში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და მისი მეუღლის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ II-ის ასულ ლუიზა ბრიტანელის ვაჟი. მშობლებს მის გარდა ვაჟი არ ჰყავდათ, ამიტომაც იგი დაბადებიდანვე კრონპრინცი, ანუ ტახტის მემკვიდრე იყო. დაბადებიდან სულ ოთხ საათში იგი ლუთერანად მონათლეს, რა დროსაც მას ბაბუის, განსვენებული მეფე კრისტიან VI-ის პატივსაცემად დაარქვეს სახელი. მისი ნათლიები იყვნენ დედა-დედოფალი სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელი (მისი ბებია), საქსენ-ჰაიდელბურგჰაუზენის ჰერცოგინია ლუიზა დანიელი (მისი მამიდა) და პრინცესა შარლოტა ამალია დანიელი (მისი პაპიდა).

კრისტიანის დედა, დედოფალი ლუიზა ბრიტანელი მისი დაბადებიდან ორ წელიწადში, 1751 წელს ნაადრევად გარდაიცვალა, რის გამოც მალევე, 1752 წელს ფრედერიკ V მეორედ დაქორწინდა იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელზე.

როგორც მისი დროის სამეფო კარის ბიოგრაფები აღნიშნავენ, კრისტიანი მეტად წმინდა სულისა და დიდი ნიჭის პატრონი ბიჭი იყო, თუმცა მისი ფსიქიკა მისმა მასწავლებელმა, რევენტლოვის გრაფმა კრისტიან ფრედერიკ რევენტლოვმა შეარყია, რომელიც გამუდმებით ამცირებდა მას. ამას დაერთო საყვარელი დედის გარდაცვალებაც, რის გამოც, მიუხედავად მისი თანდაყოლილი გონიერებისა, კრისტიანს ჯერ კიდევ ბავშვობაში შეერყა ფსიქიკა და შიზოფრენია განუვითარდა, რასაც თანდათან სხვა ფსიქიკური დაავადებებიც დაერთო.

მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტიან VII 1768 წელს

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1766 წლის 14 იანვარს, 42 წლის ფრედერიკ V გარდაიცვალა, რის გამოც 17 წლის კრისტიან VII დანიისა და ნორვეგიის მეფე გახდა. თავისი ფსიქიკური დაავადებების გამო, დანიის მართვა დიდებული მინისტრებისაგან დაკომპექტებულმა სამეფო საბჭომ დაიწყო, სადაც მას მხოლოდ საბუთებზე ხელის მოწერა ევალებოდა. ამის გამო, მთელი სიცოცხლე იგი ნომინალური მეფე იყო. 1770-იანი წლებიდან კრისტიანზე გავლენა მისმა ექიმმა, იოჰან ფრიდრიხ სტრუენზემ მოახდინა და ქვეყნის მართვაც სტრუენზემ დაიწყო. 1772 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, სტრუენზე მოიშორეს და მმართველი კრისტიანის დედინაცვალი გახდა, რომელიც შემდგომში ასევე გადატრიალების გზით მოიშორეს თავიდან.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი კაროლინა მატილდა ბრიტანელი, კრისტიანის ერთადერთი მეუღლე

ჯერ კიდევ ფრედერიკ V-ის სიცოცხლეში, იგეგმებოდა კრისტიანის დაქორწინება მის ღვიძლ ბიძაშვილზე, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ III-ის უმცროს დაზე, პრინცესა კაროლინა მატილდა ბრიტანელზე. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელებმა არც კი იცოდნენ კრისტიანის ფსიქიკური დაავადებისა და მეძავებისადმი სიყვარულის შესახებ, ხოლო როცა კაროლინასგან ეს შეიტყვეს დიდად გაოცდნენ. 1766 წლის 8 ნოემბერს, კრისტიანსბორგის სასახლეში შედგა კაროლინა მატილდა ბრიტანელისა და კრისტიან VII-ის დინასტიური ქორწინება. კაროლინა მალევე მიხვდა, რომ კრისტიანი დაავადებული იყო, ამიტომაც თავიდანვე უარი განაცხადა მასთან სარეცელის გაყოფაზე და ყველანაირი სახის ურთიერთობაზე. ამასობაში კრისტიანი ხშირად, სრულიად ღიად დადიოდა დაბალი დონის ბორდელებში და სასახლეში მეძავებთან ერთად, ნასვამ მდგომარეობაში გამოჩენასაც არ თაკილობდა. 1767 წლიდან, კრისტიანმა კურტიზან სტევლეტ-კატრინასთან სერიოზული რომანი გააბა. სწორედ მასთან ურთიერთობისას დამძიმდა მეფის მდგომარეობა, რომელსაც უკვე პარანოია და ჰალუცინაციები დაეწყო.

ამის გამო, კატრინა სამეფო კარიდან მალე გააძევეს და დედოფალი აიძულეს მეფეს დაახლოვებოდა. ამას მათი ქორწინების კონსუმირება, ხოლო 1768 წელს კრონპრინც ფრედერიკის დაბადება მოჰყვა. ვაჟის გაჩენასთან ერთად კაროლინა მატილდა უფრო ჩამოსცილდა თავის ქმარს, რომელსაც აღარც კი ესაუბრებოდა. ამის გამო კრისტიანი კვლავ მეძავებს დაუბრუნდა.

სტრუენზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიის სამეფო ოჯახი, მარცხნიდან მარჯვნივ: კრისტიან VII, კაროლინა მატილდა, იულიანა მარია ბრაუნშვაიგელი და უცნობი მამაკაცი, სავარაუდოდ იოჰან ფრიდრიხ სტუენზე, ან კრისტიანის ნახევარ-ძმა, პრინცი ფრედერიკი

1768 წელს, ვაჟის გაჩენიდან მალევე, კრისტიან VII-მ ევროპაში მოგზაურობა გადაწყვიტა და მმართველობა მთლიანად სამეფო საბჭოს გადააბარა. მასთან ერთად მოგზაურობაზე დედოფალმა კატეგორიული უარი განაცხადა, ამიტომაც კრისტიანი მარტო გაუდგა გზას. 1768 წლის 5 აპრილს, გერმანიაში ჩასვლისთანავე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ამის გამო, სამეფო ოჯახმა მას ექიმი, გამოცდილი, არისტოკრატიული წარმოშობის იოჰან ფრიდრიხ სტრუენზე დაუქორავა, რომელმაც მალე გააუმჯობესა მისი მდგომარეობა. კრისტიანი ახალ ექიმს მალე ძალიან დაუახლოვდა და თავისთან ერთად წაიყვანა მოგზაურობაში. ისინი ესტუმრნენ ჰანოვერს, პარიზს, ლონდონს, და 1768 წლის ბოლოსთვის უკვე დანიის ქალაქ ალტონაში იყვნენ. სამეფო ოჯახი მალე მიხვდა, რომ სტრუენზეს დიდი გავლენა ჰქონდა მეფეზე, ამიტომაც მისი გარიყვა დაიწყეს. 1769 წლის 12 იანვარს, კრისტიანმა სტრუენზე თავის პირველ მრჩევლად დანიშნა. ამავე პერიოდში, მეფემ სტრუენზეს თავისი „უხასიათო დედოფლის“ მკურნალობა დაავალა, რადგან მიიჩნევდა, რომ მისი უხასიათობის მიზეზი ავადმყოფობა იყო. სწორედ აქედან დაიწყო სტუენზესა და მარტოსული კაროლინა მატილდას საიდუმლო რომანი. დედოფლისა და სამეფო ექიმის რომანი წლების მანძილზე გრძელდებოდა. ამავდროულად, სტრუენზეს გავლენით კრისტიანმა სამეფო საბჭო დაშალა და მთელი ძალაუფლება სტრუენზეს მისცა, რომელმაც დედოფალთან ერთად უამრავი დემოკრატიული რეფორმა გაატარა ქვეყანაში.

განქორწინება და გადატრიალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტიან VII 1789 წელს

1772 წელს, კაროლინა მატილდასა და სტრუენზეს რომანის შესახებ კრისტიანის დედინაცვალმა, დედოფალმა იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელმა შეიტყო. მან ეს ამბავი სასწრაფოდ კრისტიანს აცნობა, რომელიც მალევე გაეყარა კაროლინა მატილდას და იგი ცელიეში გადაასახლა, სადაც 1775 წელს, 23 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილით დასაჯეს იოჰან ფრიდრიხ სტრუენზეც, თუმცა საქმე ის იყო, რომ ეჭვ ქვეშ დადგა 1771 წელს დაბადებული პრინცესა ლუიზა ავგუსტას მამის ვინაობის საკითხი, ვინაიდან იგი დედოფლის რომანის დროს იყო გაჩენილი. მთელი ამ არეულობით კარგად ისარგებლა იულიანა მარიამ, რომელმაც მოკავშირე გრაფების დახმარებით 1772 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი გახდა, როგორც რეგენტი. აღსანიშნავია, რომ იგი რეგენტობას თავის ვაჟთან, პრინც ფრედერიკთან ერთად ინაწილებდა. მათი რეგენტობის დროს, კრისტიანის ძალაუფლება მინიმუმამდე დავიდა და მას მხოლოდ სახელადღა შერჩა „მეფე“.

დარჩენილი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1772 წლის გადატრიალების შემდეგ, 1784 წლამდე დანიას კრისტიანის დედინაცვალი, იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი, მისი ვაჟი, პრინცი ფრედერიკი და მათი მთავარი მოკავშირე, გრაფი ჰეგ-გულდბერგი მართავდნენ. 1784 წელს, კრისტიანის ვაჟმა, კრონპრინცმა კრისტიანმა თავის დასთან ერთად მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება და ისინი ქვეყნის მართვის სადავეებს ჩამოაცილა. ამ პერიოდიდან ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი კრონპრინცი გახდა. მისი რეგენტობა ცნობილია ლიბერალური და სასოფლო-სამეურნეო რეფორმებით. ასევე ამ პერიოდში დაიწყო ნაპოლეონის ომები.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტიან VII 1808 წლის 13 მარტს გარდაიცვალა, 59 წლის ასაკში. როგორც მემატიანეები გადმოგვცემენ, როცა მას ნაპოლეონის მიერ ესპანეთის დაპყრობისა და სამეფო ოჯახის გადასახლების შესახებ აცნობეს, იფიქრა რომ მასაც იგივე ელოდა და შიშისაგან ინსულტი განუვითარდა, რამაც შეიწირა მისი სიცოცხლე. იგი დაკრძალეს როსკილეს სამეფო კათედრალში, რის შემდეგაც მეფე მისი ვაჟი ფრედერიკ VI გახდა.

კულტურული ასახვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტიან VII-ის, კაროლინა მატილდასა და სტრუენზეს სასიყვარულო სამკუთხედმა და სკანდალმა ფართო ასახვა ჰპოვა ხელოვნებაში:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელზა ფონ ჰოლანდერ-ლოსოვომ, 1935 წელს დაწერა წიგნი სახელწოდებით „ცელიეს პატიმარი“;
  • რობერტ ნუმანმა 1935 წელს დაწერა წიგნი „დედოფლის საყვარელი“;
  • ედგარ მასმა, 1948 წელს დაწერა თავისი ცნობილი რომანი „დედოფლის ექიმი“;
  • დანიელმა მწერალმა კარენ ბილქსენმა დაწერა წიგნი, სახელად „საუბრები ღამის კოპენჰაგენში“;
  • 1969 წელს გამოიცა ნორა ლოფტის წიგნი „დაკარგული დედოფალი“;
  • 1999 წელს შვედმა მწერალმა ოლაფ ენკისტმა დაწერა წიგნი „ვიზიტი სამეფო ექიმთან“;
  • 2000 წელს ბოდილ სტენსენ-ლეთმა დაწერა ნოველა, სახელწოდებით „სისხლის პრინცესა — კაროლინა მატილდას რომანი“;
  • დარიო ფომ 2015 წელს დაწერა წიგნი, სახელად „დანიის სასახლეში შეშლილი მეფეა“;

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1923 წელს, გერმანელმა რეჟისორმა მიქაელ ბერმა გადაიღო დრამა, სახელად „დედოფლის საყვარელი“, სადაც კრისტიან VII-ის როლი უოლტერ ჯენსენმა მოირგო;
  • 1935 წელს, ბრიტანელმა რეჟისორმა ვიქტორ სავილმა გადაიღო ფილმი, სახელად „დიქტატორი“, სადაც კრისტიანის როლი ემლინ უილიამსმა შეასრულა;
  • 1957 წელს, გერმანელებმა გადაიღეს ფილმი, სახელწოდებით „მეფე ჩრდილში“, სადაც კრისტიანი ჰორსტ ბუხჰოლცმა განასახიერა;
  • 2010 წელს გამოვიდა დანიური ფილმი, სახელად „კაროლინა — ბოლო მოგზაურობა“;
  • 2012 წელს გამოვიდა დანიური ფილმი, სახელად „სამეფო რომანი“, სადაც კრისტიან VII-ის როლს მიკელ ფელსგაარდი თამაშობდა, ფილმი ოსკარის 85-ე დაჯილდოვებაზე იყო ნომინირებული;

თეატრი, ბალეტი და ოპერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1827 წელს დაიწერა ისტორიული დრამა, სახელად „სტრუენზე“, რომელიც პირველად იტალიის სახელმწიფო თეატრში დადგა ჯუზეპე მეირბერმა;
  • 1991 წელს დაიდგა ორ აქტიანი ბალეტი, სახელად „კაროლინა მატილდა“, რომელიც დღემდე წარმატებით იდგმევა დანიის სამეფო ბალერინების მიერ;
  • 2008 წელს გამოვიდა ოპერა, სახელად „ვიზიტი სამეფო ექიმთან“, რომელიც პირველად დანიის სამეფო ოპერაში დაიდგა და დაფუძნებული იყო ამავე სახელწოდების რომანზე;

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა მოკლე ბიოგრაფია
ფრედერიკ VI Christoph Wilhelm Wohlien - Portræt af Frederik VI.jpg 28 იანვარი, 1768,

კოპენჰაგენი, დანია

3 დეკემბერი, 1839,

კოპენჰაგენი, დანია

(71 წლის)

მამის რეგენტი 1784 წლიდან, დანიისა და ნორვეგიის მეფე 1808-39 წლებში. 1814 წელს

შვედეთს სამუდამოდ დაუთმო ნორვეგიის სამეფო. გააუქმა ბატონ-ყმური სისტემა.

ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი, მარია ფონ ჰესენ-კასელი, რომელთანაც მხოლოდ

ორი გოგონა შეეძინა, რის გამოც ტახტი მისმა ბიძაშვილმა კრისტიან VIII-მ დაიკავა.

ლუიზა ავგუსტა Louise Augusta.jpg 7 ივლისი, 1771,

ჰერსჰოლმი, დანია

13 იანვარი, 1843,

ავგუსტენბორგი,

დანია

(71 წლის)

მის სავარაუდო მამად იოჰან ფრიდრიხ სტრუენზეც მიიჩნეოდა. იგი ცოლად გაჰყვა

შლეზვიგ-ჰოლშტაინ-სონდენბურგ-ავგუსტენბორგის ჰერცოგ ფრედერიკ კრისტიან II-ს,

რომელთანაც სამი შვილი შეეძინა, მათ შორის დანიის მომავალი დედოფალი კაროლინა

ამალია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი.

ტიტულატურა და წოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 29 იანვარი, 1749 - 14 იანვარი, 1766: მისი სამეფო უდიდებულესობა კრონპრინცი;
  • 14 იანვარი, 1766 - 13 მარტი, 1808: მისი სამეფო აღმატებულება მეფე;

კრისტიან VII-ის ოფიციალური, სრული წოდება ასე ჟღერდა: „ღვთის ხელით დასმული მეფე, დანიისა და ნორვეგიისა, ვენედებისა და გოთებისა, ჰერცოგი შლეზვიგისა, ჰოლშტაინისა, სტორმარნისა და დიტმარშენისა, გრაფი ოლდენბურგისა და დელმენჰორსტისა.“

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისურენოვანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Reddaway, W. F. "King Christian VII," English Historical Review (1916) 31#121 pp. 59–84 IN jstor
  • Sjåvik, Jan (2010) The A to Z of Norway (Scarecrow Press) ISBN 978-0810872134
  • Jacek Juliusz Jadacki, Witold Strawiński, Jerzy Pelc. In the World of Signs: Essays in Honour of Professor Jerzy Pelc, Rodopi: 1998, p. 459. ISBN 90-420-0389-8, ISBN 978-90-420-0389-7.
  • Mikko Korhonen. Finno-Ugrian Language Studies in Finland, 1828–1918, Societas Scientiarum Fennica, 1986. p. 226. ISBN 951-653-135-0, ISBN 978-951-653-135-2.
  • Ihalainen, Pasi (2011). Scandinavia in the age of revolution Nordic political cultures, 1740-1820. Farnham, Surrey, England Burlington, Vt: Ashgate. pp. 73, 74. ISBN 0754698661.

დანიურენოვანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alenius, Marianne (ed.) Mit ubetydelige Levnets Løb. Efter Charlotte Dorothea Biehls breve. Museum Tusculanums Forlag, Copenhagen 1986
  • Barz, Paul. Doktor Struensee. Bogans Forlag, Lynge, 1986
  • Bech, Svend Cedergreen. Brev fra Dorothea. Politikens Forlag, Copenhagen 1975
  • Christiansen, Viggo. Christian den VII's sindssygdom. Odense Universitetsforlag, 1978
  • Dehn-Nielsen, Henning. Christian 7. Den gale konge. Sesam, Copenhagen, 2000
  • Den Store Danske encyclopedia. Danmarks Nationalleksikon/Gyldendal, Copenhagen, 1996
  • Enquist, Per Olov. Livläkarens besök. Norstedts Förlag, Stockholm, 1999
  • Fjelstrup, August. Skilsmisseprocessen imellem Kong Kristian den syvende og Dronning Karoline Matilde.' Strubes Forlag, 1968.
  • Hansen, Norman Hall. Caroline Mathilde. Ejnar Munksgaards Forlag, Copenhagen 1947
  • Holm, Sven. Struensee var her. Danmarks Radio, Copenhagen, 1981
  • Laing R. D. og Esterson A.:]z; Familieliv. Rhodos, Copenhagen 1974
  • Lauring, Palle. Historiske Portrætter. Aschehoug Dansk Forlag, Copenhagen 1960
  • Reverdil, Elie Salomon François. Struensee og det danske hof 1760-1772. A. F. Høst & Søn Forlag, Copenhagen 1917
  • Salmonsens Konversations Leksikon, Schultz, Copenhagen, 1926
  • Steenstrup, Joh. et al. (Ed). Danmarks Riges historie. Det Nordiske Forlag, Copenhagen