ოლაფ I (დანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლაფ I
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 10 ივლისი, 1086
მმართ. დასასრული: 18 აგვისტო, 1095
წინამორბედი: კნუდ IV
მემკვიდრე: ერიკ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1050
გარდ. თარიღი: 18 აგვისტო, 1095
მეუღლე: ინგეგერდ ნორვეგიელი
შვილები: ულვჰილდა
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: სვენ II
დედა: უცნობი საყვარელი
რელიგია: კათოლიციზმი

ოლაფ I მშიერი (დან. Oluf 1. Hunger; დ. 1050 — გ. 18 აგვისტო, 1095) — ესტრიდსენების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე სვენ II-ის ვაჟი. ცოლად ჰყავდა ნორვეგიის მეფის ასული ინგეგერდი, თუმცა მემკვიდრე არ ჰყოლია. ტახტზე ავიდა თავისი ორი უფროსი ძმის დაღუპვის შემდეგ, მის შემდეგ კი მისი კიდევ ერთი ძმა, ერიკი გამეფდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლაფი დაიბადა 1050 წელს დანიაში. იგი იყო დანიის მეფე სვენ II-ის ერთ-ერთი უკანონო შვილი ცხრამეტიდან, რომლებიც ყველა სხვადასხვა ქალისგან ჰყავდა. 1076 წელს მეფე მისი ძმა ჰარალდი ხდება, მისი უშვილოდ სიკვდილის შემდეგ კი მისი მეორე ძმა — კნუდი, რომელმაც ოლაფს 1080 წელს იუტლანდის ერლის წოდება მიანიჭა. ამავდროულად, ოლაფი 1085 წლიდან ხელმძღვანელობდა ამბოხებას თავისი ძმის წინააღმდეგ.

1086 წლის 10 ივნისს, წმინდა ალბანის ეკლესიაში, ოლაფმა და ამბოხებულებმა ჩახოცეს მეფე კნუდი და მისი ძმა, ბენედიქტე, რის შემდეგაც დანიის მეფე ოლაფ I ხდება. მიუხედავად იმისა, რომ კნუდს ვაჟი ჰყავდა, იგი დედასთან ერთად ფლანდრიაში იყო გაქცეული. წყაროებში ოლაფი აღწერილია, როგორც ხარბი და უსამართლო მმართველი. მისი მეფობის წლებს დაემთხვა საშინელი გვალვის სეზონები და მოსავლის განადგურება, რამაც საყოველთაო არეულობა და გლეხთა შიმშილობა გამოიწვია.

ოლაფ I გარდაიცვალა 1095 წელს, იდუმალ გარემოებებში. მისი სიკვდილის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ზოგი ამბობს, რომ შიმშილმა იმსხვერპლა, სხვა ვერსიით იგი მისმა ძმებმა მოკლეს, კიდევ ერთი ვერსიით შიმშილით დაიღუპა, ხოლო ყველაზე გავრცელებული ვერსიით, იგი ღმერთმა დასაჯა მისი ბოროტებისათვის, ჭკუიდან შეიშალა და თავი მოიკლა, თუმცა აქედან არცერთი დასტურდება. მის შემდეგ ტახტზე მისი ძმა, ერიკ I ავიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Monarkiet i Danmark - Kongerækken Archived 2009-11-18 at the Wayback Machine at The Danish Monarchy
  • Stefan Pajung, Oluf Hunger 1050-1095 Archived 2011-07-19 at the Wayback Machine, Aarhus University, January 22, 2010
  • Bricka, Carl Frederik, Dansk Biografisk Lexikon, vol. XII [Münch - Peirup], 1898, pp.423-425.