ულაფ V
ულაფ V იგივე ოლაფ V (ნორვ. Olav V, დ. 2 ივლისი, 1903, — გ. 17 იანვარი, 1991) — 1957 წლიდან ნორვეგიის მეფე. ჰოკონ VII ვაჟი.
დაიბადა სანდრინჰემში, ნორფოლკის საგრაფო, დიდი ბრიტანეთი. მამის მხრიდან დანიის უფლისწული გლუქსბურგების გვარიდან, კრისტიან IX შვილთაშვილი, დედის მხრიდან (ნორვეგიის მომავალი დედოფალი მოდი) — კრისტიან IX ქალიშვილის ალექსანდრას ქმრის ბრიტანეთის მეფის ედუარდ VII შვილიშვილი. მამამისის შემდეგ ნორვეგიის სამეფო ტახტზე არჩევამდე ალექსანდრე ერქვა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიიღო სამხედრო განათლება. გატაცებული იყო თხილამურებითა და აფროსანი სპორტით, რამდენიმე ოლიმპიური თამაშის მონაწილე, 1928 წლის საზაფხულო ოლიმპიადის გამარჯვებული აფროსან სპორტში.
ნორვეგიის ნაცისტების მიერ ოკუპაციისას 1940-1944 წლებში კრონპრინცი ულაფი დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში იმყოფებოდა, ნორვეგიის ემიგრანტული და მოკავშირე ჯარების ინსპექტირებას ეწეოდა და რუზველტთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა. ჰქონდა არაერთი სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო. მონაწილეობა მიიღო ნორვეგიაში გერმანელთა განიარაღებაში, ომის შემდეგ ქვეყნის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას ედგა სათავეში.
1928 წელს მართა შვედი შეირთო ცოლად, რომელიც 1954 წელს ქმრის გამეფებამდე გარდაიცვალა.
მეფობისას ძალიან პოპულარული იყო. ბევრს დადიოდა ქალაქში მანქანით (საჭესთან თვითონვე იჯდა, დაცვის გარეშე) და აცხადებდა, რომ 4 მილიონი პირადი მცველი ჰყავდა (ყველა ნორვეგიელი). სერიოზულად იყო დაკავებული სამხედრო საქმით, ცნობილი იყო სახელმწიფო ვიზიტებით. ზოგიერთი მონაცემებით, მეფის აღსასრული დააჩქარა ცნობამ 1991 წელს სპარსეთის ყურეში ომის დაწყების შესახებ. ულაფ V მემკვიდრედ მისი ერთადერთი ვაჟი ჰარალდი V დასახელდა.
|