ფრედერიკ VIII
ფრედერიკ VIII | |
---|---|
მეფე ფრედერიკი 1910 წელს, შესრულებულია ოტო ბახის მიერ | |
დანიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 29 იანვარი, 1906 |
მმართ. დასასრული: | 14 მაისი, 1912 |
წინამორბედი: | კრისტიან IX |
მემკვიდრე: | კრისტიან X |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 3 ივნისი, 1843 |
დაბ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
გარდ. თარიღი: | 14 მაისი, 1912, (68 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჰამბურგი, გერმანია |
დაკრძ. ადგილი: | როსკილეს კათედრალი, დანია |
მეუღლე: | ლუიზა შვედი |
შვილები: |
კრისტიან X, დანიის მეფე ჰოკონ VII, ნორვეგიის მეფე ლუიზა, შომბურგ-ლიპეს პრინცესა ჰარალდი ინგებორგი, ვაასტერგოტლანდის ჰერცოგინია ტირა გუსტავი დაგმარი |
სრული სახელი: | კრისტიან ფრედერიკ ვილჰელმ კარლი |
დინასტია: | გლიუქსბურგები |
მამა: | კრისტიან IX, დანიის მეფე |
დედა: | ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ფრედერიკ VIII (დან. Christian Frederik Vilhelm Carl; დ. 3 ივნისი, 1843 — გ. 14 მაისი, 1912) — გლიუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე კრისტიან IX-ისა და დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელის უფროსი ვაჟი. დანიის მეფე 1906–1912 წლებში. დანიის მეფე კრისტიან X-ისა და ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII-ის მამა.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედერიკი დაიბადა 1843 წლის 3 ივნისს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიის ტახტის მემკვიდრე კრისტიან გლიუქსბურგისა და მისი ცოლის, ლუიზა ფონ ჰესენ-კასელის პირველი შვილი. მას სახელი დანიის მეფე ფრედერიკ VII-ის პატივსაცემად დაარქვეს, რომელმაც 1853 წელს მისი მშობლები თავის პირველ მემკვიდრეებად, ანუ კრონპრინცად და კრონპრინცესად გამოაცხადა, ვინაიდან თავად უშვილო იყო და ოლდენბურგების დინასტიის სხვა წარმომადგენლები ცოცხლები აღარ იყვნენ, შესაბამისად, ამავე წელს ფრედერიკი დანიის პრინცი გახდა.
1860 წლიდან იგი სამხედრო განათლებას იღებდა. 1863 წელს ფრედერიკი ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა, მაგრამ ამავე წელს მამამისი დანიის მეფე კრისტიან IX გახდა, ფრედერიკი კი ტახტის პირველი მემკვიდრე, რის გამოც საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა აეკრძალა.
როგორც დანიის კრონპრინცი, მან სამეფო საბჭოში თანამდებობა მიიღო და შემდგომში მამას მოვალეობების შესრულებაშიც ეხმარებოდა. 1864 წელს, მან მონაწილეობა მიიღო დანიასა და პრუსიას შორის გამართულ შლეზვიგის მეორე ომში.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედამისს, დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელს, ფრედერიკის დაქორწინება ისევე სარფიანად სურდა, როგორც თავისი ორი უფროსი ქალიშვილი — ალექსანდრა და დაგმარი დააქორწინა (ისინი დიდი ბრიტანეთის მეფესა და რუსეთის იმპერატორზე გაათხოვა). დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას, ამ დროისათვის ორი გაუთხოვარი ქალიშვილი ჰყავდა: ელენა და ლუიზა, დედოფალი ლუიზა კი ფრედერიკის ერთ-ერთზე დაქორწინებას ცდილობდა. თუმცა, თავად ვიქტორიას არ სურდა თავისი ქალიშვილების უცხო სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრეზე დაქორწინება, რადგანაც ამის შემდეგ მათ საზღვარგარეთ გადასახლება მოუწევდათ. ამის გამო, ვიქტორიამ თავისი ქალიშვილები პატარა გერმანელ მთავრებზე დააქორწინა, რომლებიც ქორწილის შემდეგ ინგლისში გადასახლდნენ. გარდა ამისა, ვიქტორია პრო-გერმანული პოლიტიკის გამტარებელი იყო და კიდევ ერთი ალიანსი დანიასთან (ვინაიდან მისი უფროსი ვაჟი, ედუარდ VII უკვე იყო დაქორწინებული ალექსანდრა დანიელზე) აღარ სურდა.
ყოველივე ამის გამო, 1868 წლის ივლისში, ფრედერიკი დაინიშნა შვედეთისა და ნორვეგიის მეფე კარლ XV-ის 17 წლის ქალიშვილ ლუიზა შვედზე. პრინცესა ლუიზას ოჯახი ძალიან ახლოს იყო ბონაპარტებთან. იგი ბერნადოტების დინასტიის წარმომადგენელი იყო, რომელიც 1818 წლიდან გამეფდა შვედეთ-ნორვეგიაში. ამ დინასტიის დამაარსებელი კარლ XIV-ის ცოლი იყო ნაპოლეონ ბონაპარტის რძლის და, დეზიდერია კლარი, რომელთა შვილიც იყო მეფე ოსკარ I რომლის მეუღლეც ასევე ნაპოლეონის მეუღლის, იმპერატრიცა ჟოზეფინას ძმისწული, ჟოზეფინ დე ბოარნე იყო, რომლებიც ლუიზას ბებია-ბაბუად ერგებოდნენ.
ეს ქორწინება მიზნად ისახავდა დანია-შვედეთის დაახლოებას. მას შემდეგ, რაც 1864 წელს პრუსიასთან ომში შვედეთი დანიას არ დაეხმარა, ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა სუფევდა. ფრედერიკი და ლუიზა ერთმანეთს პირველად ჯერ კიდევ 1862 წელს შეხვდნენ, თუმცა ოფიციალურად 1868 წელს მიიწვიეს შვედებმა ლუიზას გასაცნობად. ამავე წელს შედგა მათი ნიშნობა. იგი ინგებორგ შვედის შემდეგ პირველი შვედი პრინცესა იყო, რომელიც დანიის სამეფო ოჯახის წევრზე დაქორწინდა, რითაც სკანდინავიის ყველა ქვეყანა გაერთიანდა.
1869 წლის 28 ივლისს, სტოკჰოლმში შედგა ფრედერიკისა და ლუიზას ქორწინება. ამის შემდეგ წყვილი კოპენჰაგენში, ამალიენბორგის სასახლეში ცხოვრობდა. მათ ქორწინებაში სულ ოთხი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი შეეძინათ. თუმცა, ქორწინება არც ბედნიერი ყოფილა და არც გავლენა მოუხდენია ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.
მეფობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედერიკის მამა, მეფე კრისტიან IX 1906 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მეფე ფრედერიკ VIII გახდა. ტახტზე ასვლისას იგი უკვე 62 წლის იყო და მხოლოდ კრონპრინცობაში გაატარა თავისი ცხოვრების 43 წელი.
უმეტეს შემთხვევაში, ფრედერიკ VIII ცნობილია როგორც ლიბერალი მმართველი, რომელიც ბევრად უფრო ხელსაყრელი იყო ახალი საპარლამენტო სისტემისთვის, ვიდრე მამამისი. იმის გამო, რომ იგი ტახტზე ღრმა ასაკში შევიდა, დიდი დრო არ ჰქონია სამართავად და იმ დროსაც ძირითადად ავადმყოფობაში ატარებდა. ამის გამო, დანიაში კონსტიტუციურმა მონარქიამ კიდევ უფრო გაიდგა ფესვები.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1911–12 წლებში იგი ევროპის მასშტაბით მოგზაურობდა. ნიციდან მომავალ გზაზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და 1912 წლის 14 მაისს, ჰამბურგში გარდაიცვალა, 68 წლის ასაკში. იგი მალევე გადაასვენეს და დაკრძალეს დანიაში, როსკილეს სამეფო კათედრალში. მისი მეუღლე, დედოფალი ლუიზა შვედი 1926 წელს გარდაიცვალა 74 წლის ასაკში, რის შემდეგაც იგი ფრედერიკის გვერდით დაკრძალეს.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კრისტიან X (1870-1947), დანიის მეფე 1912-47 წლებში, გადაიტანა ორივე მსოფლიო ომი, დაკარგა ისლანდია. ცოლად შეირთო ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა;
- ჰოკონ VII (1872-1957), ნორვეგიის მეფე 1905-57 წლებში, გადაიტანა ორივე მსოფლიო ომი. ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი მაუდ უელსელი, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა, მომავალი მეფე ულაფ V;
- ლუიზა (1875-1906), ცოლად გაჰყვა შომბურგ-ლიპეს პრინც ფრიდრიხს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
- ჰარალდი (1876-1949), ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი ელენა შლეზვიგ-ჰოლშტაინელი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;
- ინგებორგი (1878-1958), ცოლად გაჰყვა ვაასტერგოტლანდის ჰერცოგ კარლს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის ბელგიის დედოფალი ასტრიდ შვედი;
- ტირა (1880-1945), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- გუსტავი (1887-1944), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
- დაგმარი (1890-1961), ცოლად გაჰყვა იერგენ კასტენსკიოლდს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dietmar Bittrich: Der König im Bordell. In: ders.: Hamburger Liebschaften. Drei Erzählungen. Svato, Hamburg, 2000, ISBN 3-924283-56-7.
- tto Andrup, Hans Bølling: Danmarks Konger fra Christian I til Christian X. Udsendt af Nationaltidende 1944–45: S. 36 f.
- Erik Kjersgaard: Eine Geschichte Dänemarks. Herausgegeben vom Königlich Dänischen Ministerium des Äußern: Kopenhagen 1974; S. 60 ff.
- Ludwig Schubert, Rolf Seelmann-Eggebert: Europas Königshäuser, 5. Auflage, Vgs, Köln 1997, ISBN 3-8025-2546-9.
|