კრისტოფერ I (დანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრისტოფერ I
Christoffer I Ribe.JPG
დანიის მეფე
კორონაცია: 25 დეკემბერი, 1252
მმართ. დასაწყისი: 29 ივნისი, 1252
მმართ. დასასრული: 29 მაისი, 1259
წინამორბედი: აბელი
მემკვიდრე: ერიკ V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1219
გარდ. თარიღი: 29 მაისი, 1259, (39-40 წლის)
მეუღლე: მარგარეტ სამბირია
შვილები: ერიკ V, დანიის მეფე
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: ვალდემარ II, დანიის მეფე
დედა: ბერენგარია პორტუგალიელი
რელიგია: კათოლიციზმი

კრისტოფერ I (დან. Christoffer 1.; დ. 1219 — გ. 29 მაისი, 1259) — ესტრიდსენთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ვალდემარ II-ისა და დედოფალ ბერენგარია პორტუგალიელის ვაჟი. ტახტზე ავიდა თავისი სამი უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ და იყო დანიის მეფე 1252-59 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტოფერი დაიბადა 1219 წელს. იგი იყო დანიის მეფე ვალდემარ II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ბერენგარია პორტუგალიელის ნაბოლარა ვაჟი. 1241 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი ძმა, ერიკ IV ავიდა, რომელმაც კრისტოფერს სამართავად ფალსტერისა და ლოლანდის კუნძულები უბოძა. მიუხედავად ამისა, იგი მხარს უჭერდა თავის მეორე ძმას, შლეზვიგის ჰერცოგ აბელს ერიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1250 წელს აბელმა ერიკი მოკლა და დანიის მეფე გახდა. 1252 წელს აბელი აჯანყებულებმა მოკლეს, რის შემდეგაც ტახტის უზურპაცია კრისტოფერმა მოახდინა. იგი დიდებულებმა მალევე აღიარეს დანიის მეფედ და მისი კორონაციაც შედგა. კრისტოფერმა სასწრაფოდ გააძევა სამეფო კარიდან აბელის ინტრიგების მოყვარული ქვრივი, რომელიც მალევე შვედეთში მეორედ გათხოვდა. მან ასევე აბელის ვაჟს, ვალდემარს უბოძა შლეზვიგის ჰერცოგის წოდება. 1257 წელს, ვალდემარის გარდაცვალების შემდეგ მან ეს წოდება მის უმცროს ძმას გადაულოცა.

1257 წელს იგი დაუზავდა ნორვეგიის მეფე ჰაკონ IV-ს, რომელიც თავისი 375 ხომალდით კოპენჰაგენისა და ლოლანდის გადაწვის იმუქრებოდა. მან ასევე გაატარა ახალი საეკლესიო და საკანონმდებლო რეფორმები. მან ჩამოაყალიბა სკონეს საბჭო, რომელთან ერთადაც 1256 წლის 6 მარტს შემოიღო დანიის ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირებს აღარ ჰქონდათ ფეოდალობისა და გლეხების ჩაგვრის უფლება.

მეფე კრისტოფერ I გარდაიცვალა 1259 წლის 29 მაისს. ცნობილია, რომ იგი თევზით მოიწამლა, თუმცა შემთხვევით მოხდა ეს თუ ვინმემ შეგნებულად მოწამლა უცნობია. მის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი, ერიკ V ავიდა.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1248 წელს კრისტოფერმა ცოლად შეირთო პომერანიის ჰერცოგ შამბორ II-ის ასული მარგარეტ სამბირია, რომელთანაც შეეძინა შვილები:

  1. ერიკ V (1249-1286), დანიის მეფე 1259-1286 წლებში. ცოლად შეირთო აგნესა ბრანდენბურგელი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
  2. ნილსი (1259), დაიღუპა ჩვილი;
  3. ვალდემარი, დაიღუპა ჩვილი;
  4. მატილდა (1250-1300), ცოლად გაჰყვა ბრანდენბურგ-ზალცვედელის მარკგრაფ ალბრეხტ III-ს, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა;
  5. მარგრეტე (1257-1306), ცოლად გაჰყვა ჰოლშტაინ-კიელის გრაფ იოჰან II-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Monarkiet i Danmark – Kongerækken Archived November 18, 2009, at the Wayback Machine at The Danish Monarchy
  • Huitfeldt, Arild. Danmark's Riges Krønike